ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2020


გასწრება

როგორც არ უნდა გამეფიქრა, გამომეჩინა
სურვილი და გადამეყვლიფა მთელი სხეული,
გადამდებოდა სიხარულის ყველა ნარჩენი,
ასე მწყობრად შორს გაფანტული თითო სხივიდან,
სიმაღლის შიშით ამბოხებას რომ აპირებდნენ
ცივი სიზმრიდან გაფრენილი ნორჩი პეპლები,
ერთი სიცოცხლის განაჩენით გაბრუებულებს,
ხშირად ეგონათ სურვილებიც ისე ლბებოდნენ,
როგორც ალბომში ფოტოებზე სიბრალულისგან,
დროსთან მარცხისთვის განწირული გამოხედვები,
რომელშიც ვეღარ თავსდებიან - ძმები, მშობლები,
დები, შვილები, სხვა შვილები და ასე შემდეგ,
ან ამის მეტი თუ არ იცის ყველა ბალიშმა,
რომლის სახესთან შეხორცებით მხოლოდ ვდედდებით
და ვიკრებთ ძალას, ვიგერიებთ უსუსურობას,
თუ  ბალიშისგან ამის მეტი იმედი არ გვაქვს,
როგორ ვწვებით და უძილობას როგორ ვიშუშებთ,
როგორ ვეცნობით ისევ ახალ ადამიანებს
და მოლიდინის წახემსებით ვიკვლევთ გასწრებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები