ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2020


"თეთრი მარმარილო" (ნაწილი |)

-ელამი მაშო მოდის!-დაიძახა ერთმა და ბირჟაზე შეკრებილმა ყმაწვილებმა ფხუკუნი ატეხეს.
-ჩუმად,არ გაგიგოს,-ვანომ მუჯლუგუნი წაჰკრა თედოს.თედომ საპასუხოდ თვალები დააელმა,რამაც ბიჭები უარესად ააფხუკუნა.
-გეყოფა!-ხეზე,ცალი ფეხით მიყუდებულმა სანდრომ შუბლი შეკრა.
-ნახე,ნახე,ერთი თვალი პავაროტში აქვს,-თედო სიცილისგან გაიჭაჭა.
-რა გითხარი?!-წამოენთო სანდრო და თედოს წინ მამალივით, მკერდგამოწეული გაიჯგიმა.
-შენ რა გაწუხებს?-ვანო გამოესარჩლა თედოს.
-რატომ დასცინით?!-მუშტები შეკრა ყოველ შემთხვევისთვის.
-სასაცილოა და იმიტომ!-თედოს გული მიეცა.
-შენ თვითონ რას გავხარ.დაწელილი ყურებით,-წკიპურტი წაჰკრა ზომაზე მეტად გადმოწეულ ყურზე.
-ე,რა ბზიკმა გიკბინა?-ვანომ მკერდზე ხელი მიჰკრა.
-ბზიკმა არა, ტოროლამ,-სხვა ვერაფერი თქვა,გული ყელში მიებჯინა.
-შენ რა,ელამი მაშო ხომ არ გიყვარს?-ისე ხმამაღლა დაიძახა ვანომ,რომ მაშოს ყურსაც მისწვდა.ბიჭებმა სიცილი დააყარეს სანდროს.
-მიყვარს არა,ისა,-დანაშაულზე წასწრებულივით შეცბა და გაწითლდა.
-ოეე,ელამი უყვარს,-ატყდა ჟრიამული.
-ვის უყვარს,ბიჭო?!-უარესად აილეწა და თედოს სახეში მუშტი უთავაზა.არც თედომ დახია უკან,ატყდა ჩხუბი.ყმაწვილები გარს შემოერტყნენ ყიჟინით.მტვერში გაგორდნენ მოჩხუბრები,ხან ერთი მოექცეოდა ზევიდან,ხან მეორე.ბიჭები კი უარესად აქეზებდნენ შეძახილებით.
-მიდი თედო,მიდი!
***
-რას გიგავს ბიჭო,თავ-პირი?-ჭიშკარში ქურდულად შეპარულ სანდროს ქეჩოში სწვდა გიგო პაპა.
-ცხენიდან გადმოვვარდი,-ჩაიდუდღუნა და თავის განთავისუფლება სცადა.
-ცხენიდან არა?!-საეჭვოდ შეათვალიერა შვილიშვილი.
-ჰო,-თავჩახრილმა თქვა.
-წადი პირი დაიბანე,-ხელი გაუშვა.
"ვანო,რომ არ მიხმარებოდა,მოვერეოდი"-სარკეში გახეთქილი წარბი შეათვალიერა."მაშომაც გაიგონა ყველაფერი"-უკმაყოფილოდ გააქნია თავი.ძალიან უყვარდა მაშო,თავისთვის,ჩუმად..დღეს კი,ყველა მიუხვდა,თითქოს გული საჯაროდ აუკენწლეს.მალულად უთვალთვალებდა ხოლმე მაშოს,მის ეზოს გალავანზე აძვრებოდა და სულგანაბული ხეებს ეფარებოდა.ზედმეტად არ ირხეოდა,ემანდ არავინ დამინახოს და არ შევრცხვეო.ის კი არ იცოდა,რომ მაშოს შემჩნეული ჰყავდა. ჩუმად აკვირდებოდა ყმაწვილ ქალს.ხან რას ადარებდა,ხან რას,იქამდე ვერ მოუძებნა სახელი,სანამ წიგნში არ ამოიკითხა ერთი შედარება."თეთრ მარმარილოს ქმნილებას ჰგავდა ევა,ქათქათა კანი მზის შუქზე მაცდურად ულაპლაპებდა.."ეს ფრაზა ჩაებეჭდა ტვინში.-მაშო თეთრი მარმარილოა!-დაიძახა და ამ აღმოჩენით კმაყოფილი სიხარულისგან ათრთოლდა.
ამ ჩხუბის შემდეგ,ერთი კვირაც არ იყო გასული,ეზოს თედო და ვანო ,რომ მოადგნენ.მის შემდეგ არ ენახა ბიჭები.ყველას გაურბოდა.ორივე თავდახრილი იდგა სანდროს წინ და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.
-მაშოს დედა მოუკვდა,-დამნაშავესავით დაილაპარაკა ვანომ.
თითქოს გულზე მარწუხები შემოუჭირესო,ტკივილი იგრძნო სანდრომ.მდუმარედ დაადგა მასოს სახლის გზას.კარგად იცოდა რა იყო დედის სიკვდილი.უხმოდ მიუჯდა გოგოს გვერდით და ასევე უხმოდ უთანაგრძნო.თვალებდაწითლებულიც კი ლამაზი ეჩვენა.დღე და ღამე არ მოშორებია მის სახლს.მხოლოდ დაკრძალვაზე გაბედა და მაშოს თითებზე ხელი მოუჭირა.-ჩემი იმედი გქონდეს,-უჩურჩულა და სწრაფად გაერიდა.
-სანდრო!-პირველად დაუძახა ბიჭს.გაოგნებული შეტრიალდა სანდრო,მაშომ სევდიანად გაუღიმა.ამ ღიმილში,ნდობა იკითხებოდა.
მეორე დღეს გაიგო,მაშო ქალაქში საცხოვრებლად მიჰყავს დეიდას,აქ კი რაც აბადიათ,ყიდიანო.ყველაფერი ჩასწყდა სხეულში,აირ-დაირია,გულის რევაც იგრძნო.შურდულივით დაეშვა მაშოს სახლისკენ,გალავანს ერთი ნახტომით გადაევლო ზედ და ეზოში ბარგით ხელში მდგარ მაშოს ცხვირწინ გამოეცხადა.გოგო თითქოს ელოდა,არ გაკვირვებია.ცოტა ხანს უყურა მაშოს,თითქოს ენა წაერთვა,რამოდენიმეჯერ გადაყლაპა ნერწყვი.
-როდის ჩამოხვალ?-ძლივს ამოღერღა.
-არ ვიცი,სკოლაში იქ უნდა ვიარო,-მოწყენილი ხმა ჰქონდა.
-არ წახვიდე,მაშო,-მუდარა გაისმა სანდროს ხმაში.
-აქ ვისთან დავრჩე,მარტოს არ დამტოვებენ,-წამოწითლდა.
-ჩემთან დარჩი!-ამ ორი სიტყვით,ყველაფერი იყო ნათქვამი.
მერე, იქამდე სდია მიმავალ ავტობუსს,სანამ დაღლილობისგან გზაზე არ წაიქცა და მიწას მუშტები დაუშინა.მაშო კი ფანჯარასთან მჯდარი,ჩუმად იწმენდდა ცრემლებს.
***

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები