ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 სექტემბერი, 2020


ვინ უპასუხა ირაკლის

სრული, ბეჭდურად გამოსაქვეყნებელი ვერსია

ნინო დარბაისელი

ვინ უპასუხა ირაკლის
(ვ. გულეურის ერთი ლექსის გამო)
- - - -

    არა, ძვირფასო მკითხველო, არ შემშლია ლექსის სათაური, არც კორექტურაა გაპარული, “უპასუხა” რომ მიწერია აქ, (ნაცვლად ვ. გულეურის ლექსის სათაურში გამოყენებული ფორმისა - ”უპასუხებს”)
დიახ, ირაკლიმაც და ლექსის ავტორმაც ინტერნეტით, “ფეისბუქზე” ახლახანს ისეთი ”პასუხი” მიიღო თავის კითხვებზე - ქართველი “ზეპური დედებისაგან”, აქ გამეორება ძალიან მრცხვენია...
თავად წარმოიდგინეთ ყველაზე დიდი უწმაწურობა, რაც კი გსმენიათ!
მშობლის “როლური მოდელის” დღესდღეობით ძალზე პოპულარული აღმზრდელობითი მეთოდის შუქზე თუ შევაფასებთ მათ საქციელს, უნდა ითქვას, რომ საკუთარ აღსაზრდელებსა თუ შვილებს, მთელს ქართულ ინტერნეტ- საზოგადოებას იმდენსართულიანი პირადი მაგალითი მისცეს საქვეყნოდ, ვასო გულეური ერთი კი არა, მისებრი ასი რომ გვყავდეს, მთელი თავისი შემოქმედებით, ცოტას თუ რასმე უშველის...

***
მაგრამ “ასი ცხვრისა და ერთიც მგლისაო”, ნათქვამია.
ეს ლექსიც ვნახოთ, იქნებ რაღაცაში არც ისინი ტყუიან.
დარწმუნებული არა ვარ, სად გადააწყდნენ ამ ლექსს. არ მგონია, პოეზიის და მით უმეტეს, საბავშვოს კითხვაში ათენ-აღამებდნენ, თორემ ელემენტარული რამეები ხომ მაინც ეცოდინებოდათ ამ სფეროსი...
არ მითხრათ, ასე რატომ ენამწარეობ, მათგან არაერთი ლექსებსაც წერს, აქვეყნებს კიდეცო...
ჩვენი უბედურებაც სწორედ ეგაა!
საქართველოში, მით უმეტეს ახლა, რაც ხალხმა ინტერნეტის მოხმარება ისწავლა, ყველა წერს და არათუ სხვების, თუნდაც ახლობლების, საკუთარ ნაწერებსაც კი არ კითხულობს გამოქვეყნებამდე, რომ ელემენტარული რამეები ჩაასწოროს; დარწმუნებულია, ფრთაფარფატა მუზა აზის მხარზე და თავანკარა, ზეციური ინსპირაციის შედეგია მთელი მისი ლექსები.
ესეც ასე, პირველმა ბრაზმა გადამიარა. (განა მე კი არა ვარ ბრაზიანი?! „ცხვარი - ცხვარიაო”) ახლა შეგვიძლია , მშვიდად, ორიოდე სიტყვა ვთქვათ ამ ლექსზე:

ვ. გულეური
ვინ უპასუხებს ირაკლის


ჩვენი პატარა ირაკლი,
ჩემი უმცროსი ძამიკო,
უცნაურ კითხვებს გვისვამს და
სურს, ყველაფერი გაიგოს.

- მზე როცა ჩადის, სად ჩადის,
ან დილით როგორ ამოდის?
ღრუბელი წვიმას რომ გზავნის,
მერე იმ ღრუბელს რა მოსდის?

წრუწუნას თხილი რად უყვარს?
მელას რად უყვარს ჩიჩია?
ვინც ყოველ დილით რძეს დალევს,
მართლა მაგარი ბიჭია?

ღამურა ღამით ხომ ფრინავს?
დღისით რომ ფრინავს ბეღურა,
ბეღურას რატომ ვეძახით,
რატომ არ ჰქვია დღემურა?

გაზაფხული რომ მთავრდება,
ზაფხული თუკი იწყება,
შემოდგომას რომ მოჰყვება,
მოდგომა ერქვას, იქნება?

კითხვებს იგონებს უცნაურს,
თუმცა სულ ამას ვარიგებ:
- ბიჭო, ირაკლი, გეყოფა,
გაიზრდები და გაიგებ!

მაგრამ მაინც არ ჩუმდება,
მთელი დღე კამათს ვუნდებით:
- შენ რომ დიდი ხარ, თუ იცი,
მე რატომ არ მეუბნები?

ჯერ ფორმა მოვილიოთ:
ავტორს უმარტივესი, დაბალშაირის გახალხურებული (5/3) რიტმი შეურჩევია, თავისი შვიდკატრენიანი ლექსისთვის, ”ადვილი” სარითმო წყვილებით (0a0a 0b0b) - ქართველი ბავშვის ასაკისათვის ზედმიწევნით ადვილად აღსაქმელი ფორმაა.
      ძირითადი ლექსიკური არსენალიც (‘შემოთავაზებული’, აქცენტირებული  ნეოლოგიზმების გამოკლებით, თუმცა ისინიც არსით,  იმავე  ფაზას მიეკუთვნება. ამაზე - ქვემოთ.) სავსებით შეესაბამება იმ ასაკობრივ არეალს, რომელიც ტექსტშია წარმოდგენილი. იქნებ ავცდე კიდეც ავტორის ჩანაფიქრს, მაგრამ,  როგორც მე  ვგრძნობ და მესახება, პატარა ძმა, ირაკლი ასე, ოთხი-ხუთი წლისა უნდა იყოს, რადგან ეს ასაკი გამოირჩევა სწორედ  ინტენსიური  სიტყვათწარმოებითი აქტივობითა და  ჩვენთვის, უფროსთათვის გაცვეთილ სიტყვათა და ფრაზათა ,,ახლებური’ სემანტიზაციით, რისი არაერთი ნიმუშიცაა დაფიქსირებული ამ ლექსში..  ამ საკითხით დაინტერესებულ მოყვარულ მკითხველს ვურჩევ  კ. ჩუკოვსკის სახალისო წიგნს ,, ორიდან ხუთამდე“.
    ახლა  გარე კომპოზიციას შევხედოთ,  მანამდე  კი ამბის  ჩარჩო შემოვწეროთ:
    ლექსის მიხედვით, არსებობს ორი ძმა. ერთი - უკვე სკოლაში დადის, ‘’დიდი ბიჭია“ და მეორე - პატარაა, რომელიც  ასაკობრივად იმყოფება საგნებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დაფიქსირების ქვედა ფაზაში.    ფაზაში, როცა ენის  შიდა  სტრუქტურას  კი გრძნობს ბუნებრივად,  გაუცნობიერებლად, მაგრამ, ლექსიკური სალარო ჯერ კიდევ არა აქვს იმდენად მდიდარი, რომ მოიმარჯვოს.
      გარეკომპოზიციურად ლექსის შინაარსი  ორი    ნაკადის  ურთიერთმონაცვლეობითაა აგებული. ერთ მოდურ ლიტმცოდნეობით თეორიას თუ მოვიშველიებთ, მასში ერთი აქტორისგან მომდინარე, ორი  ძირითადი ხმა ისმის:
1. საკუთრივი,  ,,დიდური“ რომლითაც იწყება ლექსი
და
      2. ორხმოვანი -  აქტორის მიერ გახმოვანებული სხვისი სიტყვები. (დიდი ძმა იმეორებს პატარას ნათქვამს, როგორც  ‘’უცნაურს’’(სტრ. 2,3,4,5)  და ეს ორხმოვანება ფინალშიც ჟღერს  (სტრ. 7).
        არის თუ არა სინამდვილეში  უცნაური, ის  კითხვები, რომელსაც პატარა ძამიკო სვამს?
იქნებ ზემოთა ტექსტს თავად ახედო, ძვირფასო მკითხველო, პასუხი  ხელისგულზე დევს და აღარ  მინდა, ზედმეტი ციტატებით გადავტვირთო ნაწერი.
        დიდი ადამიანის თვალით, დიაღაც უცნაურია და  არ მგონია, ამაზე თუნდაც  ყველაზე ორთოდოქს ოპონენტებს განსხვავებული აზრი ჰქონდეთ.
      ‘’დიდი ძმა’, რომლის სახელიც არ ვიცით, დაწყებითი კლასების მოწაფე ჩანს, ასაკობრივად და განვითარების მხრივ იმ ფაზაში, როცა კითხვის უცნაურობას კი უკვე ხვდება, მაგრამ ჯერ კიდევ პატარაა იმისთვის, უცნაურის საცნაურად ქცევა რომ შეეძლოს და მით უმეტეს, პატარა ძმისთვის გასაგებ ენაზე ახსნა.  კონფლიქტის ეს მომენტი კარგად არის ჩავლებული ფინალში, სადაც პატარა ძამიკო ეუბნება :
- შენ რომ დიდი ხარ, თუ იცი, 
მე რატომ არ მეუბნები?
(ფინალური ორხმოვანება)
***
ლიტერატურის ყველა კარგმა მკითხველმა იცის ლამის აქსიომა:
ყველა ჟანრს თავისი სპეციფიკა აქვს და ერთი ჟანრის მახასიათებლები მეორისათვის კრიტერიუმად რომ გამოვიყენოთ, ტრაგი-კომიკურ შედეგამდე მივალთ.
კლასიკის მოყვარულებს მარტივად შევახსენებ შექსპირის ტრაგედიებსა და კომედიებს, რომელნიც ერთი მხრით თანაბრად ემორჩილებიან დრამის ზოგად კანონებს, მაგრამ ჟანრობრივად - პრინციპულად სხვადასხვა კანონებს მისდევენ (და ქმნიან).
თუმცა ქართველ მკითხველს, ალბათ, მშობლიური ლიტერატურის მაგალითი უჯობს:
მაგალითად, შეიძლება ბარათაშვილის ფილოსოფიური ,,ფიქრნი მტკვრის პირად” და გურამიშვილის ბუკოლიკური, დაუსრულებელი პოემა ,,ქაცვია მწყემსი”, რომლის ცენტრალურ მომენტშიც ვნებამორეულ ახალგაზრდებს ნაცში ეკლები ესობათ, ერთი სამზერიდან განიჩხრიკოს? არადა, ხომ ორივე ქართული პოეზიის საგანძურშია?
ან რად გვინდა ბარათაშვილის შეწუხება,
თავად “ დავითიანის” დიდ ნაწილს შევუდაროთ ,ქაცვია მწყემსი”, თუნდაც იმ ფრაგმენტებს, ძველებს სკოლაში საზეპიროდ რომ გვეძლეოდა.
ვიცი, საბავშვო პოეზიასთან უფრო ახლო მდგომი მაგალითის მოხმობა სჯობდა აქ, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის - ეს ვარჩიე.
თუმცა კლასიკას რატომ, შედარებით გვიანდელ მაგალითს მოვუხმოთ!
შეიძლება, თუნდაც არა ადამიანზე, არამედ ერთ ცხოველზე, დათვზე დაწერილი დრამატული ლირიკის ნიმუში და საბავშვო ლექსი განვიხილოთ ერთი და იმავე კრიტერიუმით?
მაგალითად, ავიღოთ მურმან ლებანიძის “დათვები”:

მთელი ზამთარი ხუდადოვის ტყეში მეძინა,
იქ ცხოვრობს ჩემი წყეული კასტა.
...
.... და ჰა, ბუნაგიდან გამოვდივარ დაჭრილი დათვი!

      ახლა შევადაროთ გივი ჭიჭინაძის ამ ლექსს:

“დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!”
        “რთულად მისაღწევი სიმარტივე” - აი, რა მოეთხოვება საბავშვო პოეზიას ლექსის მწერალთა სამზერიდან.
უთუოდ ამითაა განპირობებული, რომ არაერთ დიდსა და “სადიდო” პოეტს უცდია ხილად ამ ჟანრის ნიმუშის შექმნა, მაგრამ არ მაგონდება ერთი მაგალითიც კი, შედეგი მათსავე კარგ ლექსებს გატოლებოდეს, არათუ საუკეთესოებს.
თუ მე არ მახსოვს, ან აქ რამე მეშლება, მადლიერებით მივიღებ მართებულ შენიშვნას.

***
მარტივად: რა მოეთხოვება საბავშვო ლექსს?
იგი, როგორც ეს განსახილველი ლექსი, აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს თამაშურ საფუძველს.
თამაში - უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ბავშვის, არამედ პიროვნებისა და მეტიც, საზოგადოების ფორმირებისთვის. (ვისაც წაკითხული არა აქვს, მოიძიოს თუნდაც ჰოეზინგა).
როგორც ამ ლექსში, საბავშვო პოეზიის თამაში უნდა იყოს კეთილი და სწორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის ნაზ ფსიქიკაში პოზიტიური მოტივები უნდა შეჰქონდეს შეუმჩნევლად , რათა ეს ბავშვი არ დაემსგავსოს იმ აგრესიულ, უზრდელ “ზეპურ დედებს”, რომელიც ზემოთ მოვიხსენიე.
საბავშვო პოეზიას, როგორც ამ ლექსს, უნდა ახასიათებდეს საღი იუმორი - პოზიტიურ განწყობას უზრუნველყოფდეს, რაც ბავშვის შემეცნებით არხებს ხსნის. (ეს რომ თვალნათლივი იყოს, წარმოიდგინეთ აქ მისი ანტითეზა - უფროსების მხრიდან არაჯანსაღი, ნეგატიური ხუმრობა, შემაშინებელი ან დამამცირებელი, თუნდაც გაუგებარი, რასაც შედეგად ბავშვის მრავალმხრივი ,,ჩაკეტვა” მოსდევს.)
როგორც ამ ლექსში, ავტორი კარგად უნდა იცნობდეს იმ ასაკობრივ ფსიქოლოგიას, რომლისათვისაც ტექსტია განკუთვნილი;
იცოდეს ბავშვის აზროვნების სპეციფიკა.
ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში - სახეზეა სამყაროს, საგანთა და მოვლენათა მიმართ გამოვლენილი ინტენსიური, თუმცა ასაკით განპირობებული ნაივური ყურადღება; გამოცდილების ჯერაც მწირ, საკუთარ ენობრივ ველში მოქცევის მცდელობა.
საბავშვო პოეტმა ამ ავტორივით უნდა იცოდეს, რომ არსებობს ენის, სიტყვათწარმოების წესის შინაგანი, თანდაყოლილი გრძნობა ბავშვში - გრძნობა, რომელიც მას უბიძგებს, სიტყვათწარმოების წესი განავრცოს და ე.წ. “ანალოგური მოდელირების” შედეგად საკუთარი ნეოლოგიზმები შექმნას.
დარწმუნებული ვარ, ამ “ზეპურთაგან” არაერთი დარჩებოდა აღტაცებული, მათ პატარა შვილს ან შვილიშვილს რომ ეკითხა, ღამურას თუ ღამურა ჰქვია, იმიტომ რომ ღამე დაფრინავს, ბეღურას დღემურა რატომ არ ჰქვიაო: ყველას მოუყვებოდნენ, ენაცვალოს დედა/ბებია/ მამიდა! ვიღაც სასწაული გვეზრდებაო.

***
ახლა რა ლექსის გახსენებასაც ვაპირებ, ის რომ ვ. გულეურს ან რომელიმე მის  ქართველ კოლეგას გამოექვეყნებინა,  ალბათ სადარბაზოს წინ  დაუხვდებოდა გავეშებულ ‘’ ზეპურ დედათა’ სიმრავლე , ხელში ტრანსპარანტებით: ,,შორს ანტისანიტარია - ჩვენი შვილებისაგან“. ,,ბუზი - შენს ჯიშსა და შთამომავლობას!“  . მის 17 საბავშვო და 7 ‘სადიდო“ წიგნს აუტოდაფეს შესწირავდნენ და ზედ ხელებს  გაითბობდნენ თუ მოითბობდნენ  (სეზონსა და ვითარებას  გააჩნია)  და  ა.შ., ხოლო  თუ გავიხსენებთ, თუ  რა  ღიად, გამწარებით  იწყევლებიან და იმუქრებიან  ისინი  ფეისბუქსა და ზოგადად,  ვირტუალში ვასო გულეურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფით, რიყის ქვები და დანა-ხანჯალიც რომ მოიმარჯვებინათ, გასაკვირი არც  ის იქნებოდა.
ბუზი, ბუზი ბუზანკალი,
ოქროსმუცლიანი ქალი!

ბუზმა მინდვრად იქროლა.
ბუზმა ფული იპოვა.

მოიარა მან ბაზარი
და იყიდა სამოვარი.

“მოდით, ტარაკანებო,
ჩაის დავაყენებო”

და სტუმრებიც გაჩდნენ იქა,
გამოცალეს ყველა ჭიქა.

სამწერეთი მოიკრიბა,
თითომ შესვა სამი ჭიქა.
უხდებაო რძე დილით,
უყვართ ჩაი კრენდელით.
დღეს ხომ ბუზი ბუზანკალის
დაბადების დღეა!
 
        ცხადია, იცანით, ეს ხომ რუსულენოვანი  საბავშვო პოეზიის  ერთ-ერთი მწვერვალის  - კორნეი ჩუკოვსკის ,,მუხა ცაკატუხა“-ს დასაწყისია. (მაპატიეთ, ქართულ შრიფტს რომ ვიყენებ. რუსული არ მიყენია)
თუმცა რუსული რაღად გვინდა! რამე, საბავშვო პოეზიის მსოფლიო კლასიკის საგანძურიდან არ გვირჩევნია?!მაგალითად, ეს:

მე ვარ სემი. მე ვარ სემი.
ეს სახელი არის ჩემი.

-მე სემი ვარ,
მოვალ-მივალ.
მე არ მომწონს, რომ სემი ვარ!

-მიპასუხეთ, გიყვართ ლორი, მწვანე კვერცხი ერთი-ორი?

-არა, ყელში არ ჩამივა. მე სემი ვარ!
მე სემი ვარ!
მე არ მიყვარს თქვენი ლორი. მწვანე კვერცხი ერთი-ორი.

-ხომ არ გინდათ, შინ ან გარეთ?

მე არ მინდა შინ ან გარეთ! მაგას ვერსად დამაძალებთ!
მე არ მიყვარს თქვენი ლორი, მწვანე კვერცხი ერთი-ორი.
მე არ მიყვარს. მე ვარ სემი!
ეს სახელი არის ჩემი!

„მწვანე კვერცხიო“, არა?!  ხედავთ, როგორ ატყუებენ ბავშვებს?! ამის წამკითხავი ‘ზეპური დედები’ ხომ არაფრით დაიჯერებდნენ, რომ გაეგოთ,  რომ  ,,მწვანე კვერცხები და ლორი’, რომლის  დასაწყისის თარგმანიც  ახლა  გაგაცანით,  დოქტორ სუსის საუკეთესო ლექსია;  რომ ყოველწლიურად მისი ავტორის დაბადების დღეზე, 2 მარტს, მთელი ინგლისურენოვანი სამყაროს ბაღებში, სკოლებსა თუ რესტორან-სასადილოებში მწვანე ერბო-კვერცხით უმასპინძლდებიან ბავშვებს, ხოლო სკოლებსა და  ბავშვთა  სხვა სასწავლო დაწესებულებეში, გასართობ ადგილებსა თუ მაღაზიებში წითელზოლიანი წინდებით, უცნაური ქუდებით და დოქტორ სუსის პერსონაჟთა  ტანსაცმლით იმოსება დიდი თუ პატარა. ... კიდევ უარესი, თითქოს ის არ კმაროდეს, ყველამ ზეპირად რომ იცის, ანიმაციური ფილმიცაა გადაღებული; მისი  პირველი სტრიქონი .. მე ვარ სემი’ ხომ  არაერთი აკადემიური პრიზის მფლობელი ფილმის სათაურადაც იქცა.(ვისაც ნანახი აქვს და  ახლა მე გავახსენე, მჯერა, გახსენებაზე  ცრემლი თუ არ მოერეოდა, ყელი მაინც  ჩაეკეტებოდა,  ვისაც ჯერ არ უნახავს, ვურჩევ, მოიძიოს, რადგან სწორედ იმაზეა ეს ფილმი, თუ რა სჭირდება სინამდვილეში  ბავშვს უფროსებისგან  ანუ იმაზე,  რასაც ვერ ხედავენ და  ვერ გრძნობენ ჩვენი ნეტარი ‘ზეპურები“.
  ასე მგონია, კორნეი ჩუკოვსკი - რუსული საბავშვო პოეზიის მწვერვალი, დოქტორ სუსი - ამერიკულისა - დღევანდელ საქართველოს რომ ჰყოლოდა, ამ’ ზეპურ დედათაგან’  ყველაზე  ჰუმანურთა  წყალობით,  ალბათ კარგა ხნის დაქვემდებარებულნი იქნებოდნენ ე. წ. იძულებით მკურნალობას, რედიარდ კიპლინგის გვერდითა პალატაში.
რედიარდ კიპლინგი ტყუილად როდი ვახსენე აქ. გულეურის ეს ლექსი მე მისი შემოქმედებით ინსპირირებულად მიმაჩნია. ოღონდ არა - უშუალო  გზით, მისი შორეული პირველწყარო უნდა იყოს ერთი ლექსი კრებულიდან ,,უბრალოდ ზღაპრები”, კერძოდ, ლექსი ,რომლითაც მთავრდება ,,პატარა სპილოს ამბავი. აი, ისიც:

მე მყავს ექვსი მსახური
(ზღაპრიდან ,,პატარა სპილოს ამბავი”)
- - -
მე მყავს ექვსი მსახური. ყველა ერთად მოდის,
რომ დამიდგეს წინ.
მათი სახელებია: რა, რატომ და როდის,
როგორ, სად და ვინ.
ვგზავნი ყველგან: ზღვა არის, მთებია თუ ბარი,
ოთხივ მხარეს და
შრომით დაღლილს ვასვენებ, როგორც მეგობარი, -
მოსულს შორიდან.

დილის ცხრიდან ხუთამდე ვსაქმიანობ რაკი,
არ ვაწუხებ სულ,
არც საუზმე-სადილის დროს ღირს ლაპარაკი,
რადგან ჭამა სურთ.
მაგრამ ადამიანი არის მრავალგვარი.
ერთ პატარა ქალს
ათი მილიონი ჰყავს მსახურ -მეგობარი,
შრომით აცლის ძალს.

ფხიზლობს, რათა გაგზავნოს საზღვრებს იქით მარტო,
მიწად, ზღვად თუ ცად,
მილიონი “როგორ?” და ორჯერ მეტი “რატომ?”
შვიდჯერ მეტი “სად?”

(ეს და სხვა ლექსები და ტექსტები საგანგებოდ “ზეპური დედებისთვის” , ინგლისურიდან და რუსულიდან თარგმნა ნინო დარბაისელმა)




    კიპლინგის ეს ლექსი იმის დასტურად როდი მოვიყვანე, რომ  თითქოს იგი ვასო გულეურის ლექსის უშუალო წინამორბედად მიმაჩნდეს.  სიცხადისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კიპლინგის  ლექსი,  ქრონოლოგიურად პირველი იყო,  იმ ლექსთა შორის, რომელიც  ბავშვის ამ ასაკობრივ თავისებურებას  - ინტენსიურ ცნობისმოყვარეობას შეეხო.  პატარა სპილოს ამბავიც ხომ იმას ეხება,  ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო,  ამ უკანასკნელს ცხვირი ხორთუმად როგორ გადაექცა. მას შემდეგ არაერთმა  საბავშვო პოეტმა დაამუშავა იგივე თემა, არაერთ ნაციონალურ ლიტერატურაში გადავიდა  და  ინტერტექსტუალურობის  მთელი ბადე გაიბა.  კიპლინგთან ინტერტექსტუალური კავშირი ჩვენს განსახილველ ლექსს ინდირექტული ანუ არაპირდაპირი აქვს, მათ შუა, მინიმუმ, კიდევ ერთი ქართული პოეტური ტექსტია, რომელიც ჩემი ვარაუდით, რუსული წყაროდან უნდა იღებდეს სათავეს.
  კიპლინგის ის ლექსი ადრევე, არაერთხელ ითარგმნა რუსულად, ქართულადაც, ანუ, ვ. გულეურს არაფერი შეუშლიდა ხელს, ისიც სცოდნოდა, მაგრამ  ამ შემთხვევაში კიპლინგი მისი უშუალო წინამორბედი ვერ იქნება.  ვ. გულეურის  ლექსის თემის წინარე  დამუშავება უკვე სხვა საფეხურზე ასული ჩანს.
      ვინც მორის ფოცხიშვილის შემოქმედებას იცნობს, ეცოდინება, რომ იგი ბევრს მუშაობდა ქართული სასიმღერო რეპერტუარის ტექსტებზე. პირადად მე ვაჟა აზარაშვილისგან არაერთგზის  ნათქვამი მახსოვს, რომ მორის ფოცხიშვილისთანა  ადამიანის წასვლა  დიდი დანაკლისი იყო იყო ქართველი კომპოზიტორებისთვის, რადგან მას  გააჩნდა უნიკალური უნარი  - მზა სასიმღერო მელოდიაზე ტექსტის დადებისა. ეს იქნებ არც მომგონებოდა ახლა, რომ არა  ტექსტი, რომელიც მინდა ჩემი თაობის  ადამიანებს გავახსენო. თქმა მიჭირს, ამ შესანიშნავ სიმღერაში რომელი იყო პირველადი, ლექსი  თუ მუსიკა, რომელსაც ფოცხიშვილმა პოეტური ტექსტი „დაადო’.
    ვგულისხმობ სიმღერას  „მზიურის“ პირველი თაობის რეპერტუარიდან .’რატომ. საიდან . რისთვის’  - ვეკითხებოდი ყველას.( როგორც ჩემთვის ცნობილია,  - თავდაპირველი, ვრცელი  ვერსიის მიხედვით, ხოლო „მზიური“ უკვე შემოკლებულ-შეცვლილ ვერსიას ასრულებს, თუმცა არც ეს ვერსია ეწინააღმდეგება ჩემს მოსაზრებას). იმ ლექსის მიხედვით,  ბავშვი უკვე  სკოლის მოსწავლეა, წიგნებს კითხულობს, ცოდნას ეწაფება  და  იცის პასუხები კითხვებზე, რომელიც სკოლაში წასვლამდე აინტერესებდა: რატომ ვარდება მეხი,  რატომ არის ყინული ცივი,  რად არ დაფრინავს თევზი და ა. შ
    კონფლიქტი -  იმ სიმღერაში  არ არსებობს.  (მოკლე, ‘’მზიურისეულ’ ვერსიაშიც კი ფინალი - ღიაა, -  ე.წ.  რკალურ რეფრენად მეორდება  თავში დასმული კითხვა). უკონფლიქტობის იდეოლოგიის  გარკვეული  ექო  ხომ კვლავაც მოქმედი იყო მაშინ! ( გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებს შუა).  ბავშვი გაიზრდება და  სკოლაში ყველაფერს ისწავლის. დროის ამბავია. დასკვნა - ‘ცოდნა -სამყაროს შეცნობისას - ლამპარია’.
      რა შემდეგ ნაბიჯს დგამს  ინტერტექსტუალურ კიბეზე  ვ. გულეური?  გარდა იმისა, რომ შემოაქვს კონფლიქტი ფინალში? 
      უფროსი ძმის სახით გვიხატავს ადამიანს, რომელიც ზემოდან უყურებს  სხვას,  - მას, ვისაც  უპასუხო კითხვები აწუხებს, ხოლო თავად ამ კითხვებზე საპასუხოდ მზად არაა. (სოციალური პლანი);  გარდა ამისა,  ვ. გულეურს  შემოაქვს ახალი - ენასთან,  მისი სიტყვათწარმოების წესთან  ადამიანის ასაკობრივი მიმართების  პრობლემა.  ეს  კი კროსდისციპლინარული    პრობლემაა  ენათმეცნიერებას,  ასაკობრივ ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიას  შორის. საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის, ორთოდოქსი ოპონენტის,  ‘’ზეპური დედისთვის’  იქნებ ხმამაღლადაც ჟღერდეს, მაგრამ აგერ, ზემოთ დევს ტექსტი, პრობლემა აშკარაა და მასზე პასუხს ვერც მარტო ენათმეცნიერება ფარავს,  ვერც ასაკობრივი ფსიქოლოგია და  ვერც მარტო სოციოლოგია.  .. და კვლავ ჩემი საყვარელი ფრაზა: თუ მე არასწორად მესმის, მადლიერად მივიღებ ყველა დასაბუთებულ განმარტებას!
    იქნებ ვინმეს ფიქრით, ერთ საბავშვო, შვიდსტროფიან ლექსს კიდევ მეტი მოეთხოვება? მე ვფიქრობ, არა!
   
***
    საკვირველზე საკვირველია ერთი ამბავი. საქართველოში, რომელსაც რიტორიკულად  თუ გულწრფელად  ‘პოეტების ქვეყანას’  უწოდებენ, -  დღეს  მაინც, როცა მთელი საქართველო წერს, ჯერაც არ არსებობს ლექსის წერის სასწავლი რაიმე სახელმძღვანელო. არადა,  სხვადასხვა ენაზე გამოცემული ასეთი წიგნებით  სავსეა უცხოეთის მაღაზიები.  ბევრგან შეხვდებით  თავს  ,,როგორ დავწეროთ ლექსი ბავშვებისათვის“  ამ თემისადმი მიძღვნილი სტატიების სიმცირეც ნამდვილად არ იგრძნობა. „გუგლით“ ძებნა ვისაც არ ეზარება, ინტერნეტშიც ბევრს იპოვის.
დამაინტერესა და ერთგან მოცემულ, ექვსპუნქტიან  მეთოდურ რჩევებს შევუდარე ვ. გულეურის ეს  ერთი ლექსი.  წერისას ძალიან ვეცადე, მთავარ დინებას არ ავცდენოდი და მის სხვა ლექსებზე არ მელაპარაკა.
        შევუდარე ეს ლექსი და  გინდ დამიჯერეთ, გინდ არა! - ხურდაც კი დამრჩა.
      ჯერ ვიფიქრე,  შევიტან ამ ჩემს წერილში  მეტი თვალსაჩინოებისთვის-მეთქი ...  ახალგაზრდა ლიტერატორი რომ ვყოფილიყავი, დაუყოვნებლივ ასეც მოვიქცეოდი,  გადმოკოპირებას რაღა უნდა! ...მაგრამ  ასაკში რომ შედიხარ ადამიანი, გამოცდილებით რაღაცეებს სწავლობ.
        არსებით სადაოს რომ ვერ მოერეოდნენ  ოპონენტები, დაიწყებდნენ რამე ასეთს:
- ხედავთ,  დარბაისელს უნდა,  ქართული, მშობლიური ლიტერატურა უცხო არშინით გაგვიზომოსო;  მაგათგან რა გვესწავლება,  კოლუმბი რომ ჯერ  მაგათ ქვეყანას დაეძებდა, ვახტანგ მეფე კანონებს გვიწერდაო.
-  ეგ რა ავტორია, ვისაც ეს  იმოწმებს, მაგაზე დიდი საბავშვო პოეტები სხვები არიან.  ისინი უფრო მეტ ან ნაკლებ კრიტერიუმებს ასახელებენო! 
- ეგრე ხომ სხვათა  ლექსებიც შეიძლება მაგ პუნქტებს მოერგოს,
ნეტა თავის ინგლისურის ცოდნას რას გვახარბებსო. დაიწყებოდა ჩემთვის უცნობი ავტორების დასახელება.
- და ასე შემდეგ.
და მართლებიც იქნებოდნენ, გარკვეული გაგებით.
როგორც მე ინტერნეტიდან ვხედავ, ვასო გულეური  საქართველოში არაერთ საინტერესო საქმეს უძღვება საბავშვო  პოეზიის, ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით.  აი ძირითადად ის მიმართულებანი, რაც ინტერნეტში  მიპოვია:
    შაბათის შეხვედრები „ბავშვები მწერალთა სახლში“;
    სისტემატური შეხვედრები ბავშვებთან სკოლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში;
    პანდემიის პერიოდში - ონლაინ-ჩართვები სკოლებში, პირდაპირი ჩართვები და საბავშვო ლიტერატურაზე საუბრები;
        „იუთუბის’ არხზე საკუთარი შემოქმედების აუდიოჩანაწერები. (კარანტინის პერიოდში ამ ვიდეოებს რამდენიმე ათასი ნახვა ჰქონდა დღეში);
      საბავშვო ლიტერატურის თარგმნა ...
        იქნებ რაიმე კიდეც გამომრჩა  -  ყველაფრისთვის ამსიშორიდან თვალის დევნება ძნელია, თუმცა ადვილია იმის დანახვა, რომ ვ. გულეური საკუთარი პრაქტიკული მაგალითითაც გვიჩვენებს, როგორი უნდა იყოს საბავშვო  პოეტი,  საბავშვო ლექსი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი... ზოგადად,  ეს არის ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა მოახმარო შენი ნიჭი და ცოდნა შენს ქვეყანას...  მაგრამ ეს მაინც ცოტაა.
    მასზე კარგად დღეს საქართველოში ვერავინ შექმნის  თუნდაც პატარა  წიგნს  -,,როგორ დავწეროთ  საბავშვო ლექსი“. (სახელმძღვანელო დამწყებთათვის), უცხოური მასალებით, - აგერ, მე მოვამარაგებდი...
    წავიოცნებოთ:
    ეს უნდა იყოს ერთდროულად პრაქტიკული სახელმძღვანელოც, საუკეთესო თვალსაჩინოებებით,  ფერადი ნახატებით,  სახალისო დავალებებით და ზოგადად  - მსოფლიო და ასევე,  ქართული საბავშვო პოეზიის ისტორიაც.
    თუ  ვ. გულეური იტყვის, მარტო ამხელა სამუშაოს ვერ შევეჭიდებიო,  საბედნიეროდ, გვყავს დღეს  მთელი წყება  საბავშვო პოეზიის შესანიშნავი ავტორებისა,  კალამიც რომ კარგად  უჭრით,  გონებაც, ილუსტრირებაც რომ  შთამბეჭდავად შეუძლიათ,  კარგი  საქმის საკეთებლად საერთო პროექტში გაერთიანება, კარგი  წინამძღოლი  და  გუნდად ქცევა აკლიათ.
    იმედი მაქვს, მათზე საუბრის საშუალებაც გვექნება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები