ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
4 ოქტომბერი, 2020


"თეთრი მარმარილო" (ნაწილი ||)

ოცი წლის მანძილზე უვლიდა სანდრო ,თავის და მაშოს მშობლების საფლავებს.ერთი დღეც არ გასულა,მაშოზე რომ არ ეფიქრა.ხშირად ჩადიოდა ქალაქში თედოსთან.ქუჩებში უმისამართოდ დაეხეტებოდა,იქნებ სადმე წავაწყდე მაშოსო,ფიქრობდა.მაშო კი,ჯიუტად არსად ჩანდა.ბოლოს კი იმედგადაწურული მიუჯდებოდა მაგიდას და თედოსთან ერთად ღვინით იქარვებდა დარდებს.
-ისევ გიყვარს,-გაბედა და შეაპარა თედომ.
-ვინ?-ისევ ისე შეცბა,როგორც მაშინ,ბავშვობაში.
-ვინ და ელამი მაშო,-თბილად გაუღიმა სანდროს და მხარზე ხელი მოუთათუნა.-ლამაზი იყო მაშო,ის თვალებიც უხდებოდა,ვიცოდი,რომ გიყვარდა,ყველამ ვიცოდით,რატომ გაბრაზებდით,არ ვიცი,სულელი ბავშვები ვიყავით,-სინანული იგრძნობოდა თედოს ხმაში.
უარესად მოეწურა გული სანდროს,რას არ მისცემდა,ოღონდ,ერთხელ მაინც ენახა მაშო,თუნდაც შორიდან,თვალი შეევლო თავის"თეთრ მარმარილოსთვის".
***
ახალი წლის დადგომას წუთები აკლდა.აჭრელებულ ნაძვის ხეს ბავშვები ჟრიამულით ეხვეოდნენ.სანდრო აივანზე ფიქრებში ჩაძირული იდგა და პაპიროსის კვამლს ჰაერს ატანდა.
-თუ ამაღამ გადავრჩი,აღარაფერი მომკლავს,-ნასვამი თედო ამოუდგა მხარში.
-სამი დღეა ძველ წელს აცილებ,-გაეცინა სანდროს.
-კარგად უნდა გავაცილო,ემანდ არ მობრუნდეს,-თეატრალურად აღმართა საჩვენებელი თითი ჰაერში.
-სასწაულების გჯერა?-მოულოდნელად ჰკითხა სანდრომ.
-სიზმარი ხომ არ ნახე რამე?
-რა შუაშია სიზმარი,გჯერა,თუ არა?
-რა ვიცი,აბა..-თავი მოიქექა თედომ.-შენ?-კითხვა შეუტრიალა.
-აღარ!
***
ღამის თორმეტ საათზე,ისეთი ბათქა-ბუთქი ატყდა,რომ ქალაქის ცა დღესავით განათდა.
-მამა,მეც გავისვრი რა?!-თედოს მკლავზე პატარა ბიჭუნა ჩამოეკიდა და აივნის მოაჯირზე მიმაგრებულ სასროლ შუშხუნას ხელი წაატანა.თედომ ვერ მოასწრო ბავშვის გაწევა,ისე იბუთქა და იქ მყოფთ თვალში დაუბნელდათ.ხმაური ქალის განწირული კივილის ხმამ ჩაახშო.
***
საავადმყოფოს მიმღებში ,ხელში ატატებული ბავშვით ,შეშლილივით შევარდა სანდრო.მორიგე ექიმს დაუწყობელი სიტყვებით აუხსნა მომხდარი.ბავშვი გამოართვეს თუ არა,თედოც გამოჩნდა,დამწვარი ხელები გადატყავებოდა,სახეზე ამოკენკილ კანიდან სისხლი მოუჟონავდა.
-დავიღუპე!-გულმოსაკლავად დაიყვირა და კედელთან ჩაცურდა.უარესად გახდა,როდესაც ექიმმა აუწყა,ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროვება თვალებზე,სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ სხვა კლინიკაში,აქ მაგის სპეციალისტები არ მოგვეპოვებაო.სანდრო საჭეს ჩაფრენილი მისდევდა სასწრაფო დახმარების მანქანას .თედო სიმწრისგან არა ადამიანურ ხმებს გამოსცემდა.მიმღებში აცნობეს,ქირურგი გზაშია და წუთი-წუთზე აქ იქნება,იქამდე ბავშვს მოვამზადებთო.ლოდინში დრო უსასრულოდ გაიწელა.
-სად არის ექიმი?-მოთმინება დალეულმა შეხსნა კარი.
-დამშვიდდით,ექიმი ადგილზეა და ოპერაციისთვის ემზადება,-სათვალის ზემოდან გადმოხედა მორიგემ.
-უნდა ვნახო,დაუძახეთ,უნდა ვიცოდე,ვის ხელშია ჩემი შვილი!-იმის მიუხედავად,რომ მეათედ აუხსნეს,აქ შემოსვლა აკრძალულიაო,ვერაფერი შეასმინეს გამწარებულ კაცს.ვერც სანდრო გახდა ვერაფერს,ამაოდ ექაჩებოდა ქურთუკზე.-ექიმს დაუძახეთ!-ჯიუტად იმეორებდა იქამდე,სანამ თეთრი კარი არ გაიღო და ახალგაზრდა ქალი არ გამოვიდა.
-დამშვიდდით ბატონო,მე გახლავართ ქირურგი მაშო წიკლაური,ყოველი წამი ძვირფასია ახლა,თქვენს შვილს სერიოზული დაზიანება აქვს!ოპერაციის შემდეგ შევხვდებით,დროს ნუ მაკარგვინებთ!-მკაცრად უთხრა თედოს და კარში გაუჩინარდა.თედოს სიტყვების ნახევარი არ გაუგია,მაინც ოთახში იწევდა.
სანდრო კი იდგა გაქვავებული,მზერა თეთრ კარზე შეყინვოდა.-მაშო?-მოულოდნელობისგან გაშეშებული ენა ძლივს აამოძრავა."მაშო,ჩემი მაშო,ჩემი თეთრი მარმარილო,ღმერთო,ნუთუ მართლა ის არის?"-გულმა სხეულის ყველა კუთხეში დაუწყო ფეთქვა."თვალის ექიმი მაშო"-ჩაიბუტბუტა.უცებ დიდი ტკივილი იგრძნო,ეტკინა მაშოს ბავშვობა,ეტკინა თავისი უსუსურობა,რომ ყველას ვერ მიუჩინა მაშინ ადგილი.თავჩახრილი,არეული ნაბიჯით გაუყვა დერეფანს,გარეთ,კიბეზე ჩამოჯდა და ცრემლები წასკდა.ყველაფერს ერთად ტიროდა,სიხარულსაც,სინანულსაც..
თედოს ცოლიც ტაქსით მოქანდა,ატირებული. ნიაკო ძლივს დავაძინე,მეზობელთან დავტოვეო მიაყარა სანდროს და შენობაში შევარდა.სანდროს ტვინს კი,მხოლოდ ორი სიტყვა ჩაეხვია,"ჩემი მაშო".მთელი ოცი წელიწადი იმის ფიქრსა და მოლოდინში გაატარა,თუ როგორ შეხვდებოდა ერთ მშვენიერ დღეს "თეთრ მარმარილოს".ყველანაირი შეხვერდა ჰქონდა წარმოდგინილი,მაგრამ ასეთი არა."ელამი მაშო მოდის" უცებ ამოუტივტივდა თედოს სიტყვები და გულში უსიამოვნოდ გაკენწლა.-ყველა გასროლილი სიტყვა უკან ბრუნდება,ბუმერანგივით,-დანანებით ჩაილაპარაკა და საოპერაციოს ფანჯრებს გახედა.
სანდრო აღარც შესულა შენობაში,ამღვრეული იჯდა გარეთ თედოს გამოსვლამდე.
-ოპერაციამ ასე თუ ისე,კარგად ჩაიარა,ექვს თვეში კიდევ დასჭირდება,თვალი კი შეუნარჩუნეს,მაგრამ ცოტა დეფექტი ექნებაო,-დამდუღრულივით მიუჯდა გვერდში სანდროს.
-მთავარია გადარჩა,ყველაფერი კარგად იქნება,-მეგობარს ხელი მოხვია.
-იცი,ვინ არის ექიმი?-ენის ბორძიკით დაიწყო თედომ.
-ვიცი,-სანდრომ ამოიოხრა.
-ჩვენი მაშო,სანდრო,ჩვენი ელამი მაშო,-თქვა და პატარა ბავშვივით ატირდა.
სანდროს უარესად ასტკივდა,ზუსტად მიხვდა ,რამაც აატირა თედო.
-არ შეხვალ?-ცოტა,რომ დამშვიდდა ,სანდროს ჰკითხა.
-ვერა.
-ამდენ ხანს ეძებდი და არ უნდა ნახო?იცი?გიცნო.
ამ ერთმა სიტყვამ,გული ნაღმივით აუფეთქა და ნაწილები მთელ ტანზე მოედო.
-იცი,რა შევამჩნიე?აღარ არის მაშო ელამი,ძალიან ლამაზია,თუმცა,ელამიც ლამაზი იყო,-გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა თედომ.სანდროს ხმა არ ამოუღია,ფეხზე წამოდგა,ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და გზას მთვარეულივით გაუყვა.
***
უთენია დაადგა სოფლის გზას სანდრო.თითქოს რაღაცას გაურბოდა."იქნებ ოჯახი ჰყავს?"-აქამდე ეს კითხვა არასდროს გაჩენია. მაშო ისევ იმ პატარა გოგონად იყო ჩარჩენილი მის მეხსიერებაში. ფიქრებში,სადაც კი შეხვდებოდა,იქვე ჩაიკრავდა გულში და არასდროს გაუშვებდა ხელს.ახლა კი,საპირისპიროდ იქცევა.არც ისე მარტივი აღმოჩნდა შეხვედრა.თითქოს დროის მოგება სურდა,რატომ და რისთვის,ვერ ხსნიდა.მთელი ორი კვირა საწოლში ბორგავდა და სიცხიანივით ბუტბუტებდა.ასეთი სუსტი და უძლური თუ აღმოჩნდებოდა,არ ეგონა.
ქვეყანა ძველით ახალ წელს ზეიმობდა.
-სანდრო!-ვანოს ხმამ ცოტა შეაფხიზლა და თვალი მძიმედ გაახილა.-სანდრო,ბიჯო!-უფრო ახლოდან გაისმა ხმა.
-მოდი,-ყრუდ თქვა და საწოლზე წამოჯდა.ტალახიანი ჩექმებით შეაბოტა ვანომ ოთახში.
-ვაა,შენ რა მშობიარე ქალივით,სულ ლოგინში უნდა იწვე?-ახორხოცდა.
-რა გინდა,ძილს არ აცდი ადამიანს,რაა,-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და შარვალში ორივე ფეხით ჩახტა.
-რა მინდა კი არა,დროზე გაემზადე,თედოსთან უნდა ჩავიდეთ,ბავშვი გამოწერეს,სუფრა აქვს და ასე თქვა,თუ არ ჩამოხვალთ,ჩვენი ძმობა მორჩაოო,-ბოლო სიტყვა დააგრძელა.
-მე არ მცალია,შენ წადი,-თავიდან მოშორება სცადა.
-აპ,აპ,აპ,ეხლა მაგეთები არ იყოს,დროზე,დროზე,მანქანა დაქოქილი დავტოვე,-ხელები გაასავსავა და იქვე მიგდებული ნაქსოვი ზედატანი თავზე ჩამოაცვა.ვანომ დიდი ჯაჯგურის შემდეგ,ძლივს დაითანხმა სანდრო და მანქანაში ჩაჯდომისთანავე უსაფრთხოების ღვედიც თავისი ხელით გადაუჭირა.სანდროს ამ ქმედებაზე სიცილი აუტყდა.
-რას დამაბი კაცო ავი ძაღლივით,კი არ გიკბენ.
-არ ხარ სანდო,-თვალი ჩაუკრა ვანომ და გაზს ისე მიაჭირა,საბურავებმა ქვები აქეთ-იქით გაყარეს.
-თქვენ ხომ ადამიანს არ დაასვენებთ,-მოჩვენებითი სიბრაზით წაჰკრა ხელი თავზე.გული კი უცნაურად აუჩქროლდა.მაშომ დაუარა სხეულში.
***
ამდენი ხნით მარტოდ ყოფნისგან ხმაურს გადაჩვეულს,თედოსთან ისეთი ჟრიამული დახვდა,ლამის უკან გამოექცა ვანოს.
-დაეტიე აქა!-ისე დატუქსა ვანომ,მორჩილად შეუერთდა საერთო მხიარულებას.
სიგრძეზე გაშლილი სუფრა სანოვაგით დატვირთული იდგა.თედო ისეთი გახარებული იყო,ხან სანდროს კოცნიდა,ხან ვანოს.
-რომ არ ჩამოსულიყავით,გეფიცები ხმას აღარ გაგცემდით,ძმები ხართ!
სტუმარს სტუმარი ემატებოდა.ვანო და თედო ისე საეჭვოდ იქცეოდნენ,სანდროს გულში კი გაჰკრა,რამეს ხომ არ მიმზადებენ ესენიო,ფიქრი ეგრევე მაშოზე წაუვიდა.არც შემცდარა, სახლის კარი გაიღო და მომღიმარი მაშო გამოჩნდა ვიღაც მამაკაცთან ერთად,ბიჭებს ისე დაუბრიალა თვალები სანდრომ,ორივე ადგილზე დალურსმა.მაშომ ყველა სათითაოდ გადაკოცნა და მოიკითხა,სანდროსთან,რომ შეჩერდა,ზუსტად ისე გაუღიმა,როგორც დედის დაკრძალვის დღეს.
-როგორ ხარ,სანდრო?-სევდიანი ხმა ჰქონდა.ახლოს მიიწია და ოდნავ შეეხო ლოყაზე.უცებ აეწვა ის ადგილი სანდროს.-გაიცანი,ეს ჩემი მეუღლეა..
-გიორგი,-ხელი გაუწოდა მამაკაცმა.სანდრომ ძლივს შეაგება თავისი ხელი.ისეთი სპაზმი მოაწვა ყელში,ლამის გაიგუდა.ციებანივით აუტყდა კანკალი.
-არ ვიცოდი,გათხოვილი თუ იყო,ძმობას გეფიცები,-თედოს მომაკვდავის ხმა ჰქონდა.არც ვანო იყო უკეთეს დღეში.ახლა მიხვდა სანდრო,თუ რატომ გაურბოდა მაშოს,ქვეცნობიერად გრძნობდა,რომ მისი არ იყო,დაიმსხვრა ის ოცი წლის ნაშენები ოცნებები,"ჩემი მაშო" გახდა სხვისი მაშო."ჩემი თეთრი მარმარილო"სხვის საკუთრება გახდა.მორჩა და დამთავრდა ყველაფერი!-ტოტმანით გასწია აივნისკენ,ხარბად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი.სიგარეტს გაუკიდა და ისევ ისე გაატანა ჰაერს კვამლი,როგორც ორი კვირის წინ. ისეთი სიცარიელე და მარტოობა იგრძნო,რაღაც წამში სიკვდილზეც კი გაეფიქრა.
-როგორ ხარ,სანდრო?-რა ახლობელი და ამავ დროულად რა შორეული იყო ეს ხმა.მაშო იდგა მის ზურგსუკან.
-კარგად ვარ,-ხმა ჩაეხლიჩა.
-ასე ცივად?-შეკრთა მაშო.
-დაოჯახებულხარ,-შეახსენა და თავისი ტკივილიც გაყიდა.
-ჰო,ორი დღეა რაც ხელი მოვაწერეთ.
-ბედნიერებას გისურვებთ,-ყრუდ გაისმა მილოცვა.
-მადლობა..შენ?
-რა მე?-მთელი ტანით შემოტრიალდა და მაშოს შეხედა.
-შენ არ დაოჯახებულხარ-თქო?
-ძალიან საინტერესოა?-ცოტა აგდებულად გამოუვიდა.
-მოგილოცავდი,-ხმაზე შეეტყო,რომ ეწყინა.
-ჯერ არა,როცა გადავწყვეტ,შეგატყობინებ,-ირონიულად ჩაიცინა.
-შეცვლილი ხარ.
- შეიძლება,-ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი.
-გელოდებოდი,-ხმა აუკანკალდა მაშოს.
-ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს,გათხოვილი ქალი ხარ,-შეახსენა სტატუსი.
-იმ დღეს,საავადმყოფოში,რატომ არ მოხვედი?-არ მოეშვა ქალი.
-რამეს შეცვლიდა?-ინტერესით დააკვირდა.
-ყველაფერს!-თქვა და სწრაფად შევიდა ოთახში.სანდრო კი დატოვა გამეხებული.
შიგნით,რომ შევიდა მაშო,მოიმიზეზა საავადმყოფოდან დამირეკეს მძიმე პაციენტია,უნდა წავიდეო,მოუბოდიშა სუფრის წევრებს და დაემშვიდობა.
იმ საღამოს ისე დათვრა სანდრო,გონი არ მოეკითხებოდა.მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა-დავაგვიანე! ვანო და თედო კი მიხვდნენ,რომ მაშოს უკავშირდებოდა,ძლივს მიათრიეს საწოლამდე და ტანზე გაუხდელად დააწვინეს.ფეხსაცმელები კი წააძრეს.
დილით,ნაბახუსევი თავი ძლივს ასწია,კედლის საათიდან ისრები რვა საათს უჩვენებდნენ.
-ვახ,რამ დამალევინა ამდენი,-თავის თავს გაუბრაზდა.გვერდით ვანო იწვა,პირღიას ეძინა და საოცარ ხმებს გამოსცემდა.
-რას ხროტინებ,ბიჯო,-ხელი წაჰკრა.
-მმმ,-ზმუილით იცვალა გვერდი.
-მუ კი არა,ადექი,უნდა წავიდეთ,-მთელი ძალით შეანჯღრია.
-დამაძინე რა,-მობეზრებულად აიქნია ხელი.
-დროზე,დროზე,საქმეები მაქვს,-საბანი გადააძრო.
***
გზაში,ვანოს უჩვეულოდ მხიარული მოეჩვენა სანდრო.იმდენს ლაპარაკობდა და იცინოდა,ცოტა არ იყოს და ეჭვიც კი შეეპარა ,ხომ არ გაგიჟდაო.
-ვანო,კარგი რაღაც მაქვს მოფიქრებული,უბრალოდ გვერდში მდგომი მჭირდება,-საქმიანი იერით გადახედა მეგობარს.
-გისმენ,აბა?-ყურადღებად იქცა ვანო.
-მოკლედ,ფერმა უნდა გავყიდო და რესტორანი ვიყიდო,შეთვალიერებული მაქვს ერთი კარგი ადგილი.დავიღალე ძმაო, ამ ძროხა-ღორების დევნით,კლიენტი ბლომად არის,კარგ ფასს იძლევიან,-თქვა და შეფიქრიანებულ ვანოს დააკვირდა.
-აზრი კარგია,მაგრამ რომ არ გაამართლოს?
-კარგი რა ვანო,საჭმელი ისეთი რაღაცაა,ყოველთვის აქვს მოგება.აი,კაი რიყის ქვა,გულიანად რომ მოხარშო და შეკმაზო,იმასაც შეჭამს ხალხი,-თავის ნათქვამზე გაეცინა.ვანოც აჰყვა.მთელი გზა სოფლამდე გეგმების დაწყობას მოუნდნენ. საკმაოდ დიდი ფერმა ჰქონდა სანდროს,ვანოსიც არ ჩამორჩებოდა.თუმცა,ორივეს გაყიდვა სისულელე იქნებოდა,უკან დასახევი გზა მოიტოვეს და მხოლოდ სანდროს ფერმის გაყიდვაზე შეჯერდნენ.ვინიცობაა და არ გაამართლა ახალმა ბიზნესმა,ხელჩასაჭიდი მაინც დარჩენოდათ რაიმე.მეგობრის შემართებამ ძალიან გაახარა ვანო.არა და ქალაქიდან წამოსვლისას ფიქრობდა,რომ მაშოსთან შეხვერდის შემდეგ,სანდრო დეპრესიაში ჩავარდებოდა.პირიქით მოხდა,სულ სხვა სანდრო იყო,უფრო ხალისიანი და სიახლეებით სავსე.
***
მაშომ ის ღამე საავადმყოფოში,საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილმა,თეთრად გაათენა.გიორგისაც მოატყუა მძიმე პაციენტი მყავსო. არ ავიწყდებოდა ის დღე,სანდრო,რომ მოსდევდა ავტობუსს.მაშინ დადო ფიცი თავის თავთან,რომ მთელი ცხოვრება დაელოდებოდა.ბავშვი იყო,სულ რაღაც ცამეტი წლის.მას შემდეგ წლებმა ისე გაიფრინეს სწავლაში და კარიერის აწყობაში,რომ გადაეჩვია სანდროზე ფიქრს.ოპერაციის დღეს კი,სანდრო,რომ დაინახა,არ შეიმჩნია,თორემ შიგნეულის საშინელი წვა კი იგრძნო.დარეტიანებულივით შევიდა საოპერაციოში.მთელმა ბავშვობამ ერთიანად გაურბინა თვალწინ.თუ როგორ ხედავდა ყოველ დღე მის სახლის გალავანზე შემოსკუპებულ სანდროს,თავის ჭკუით ხეებს,რომ ეფარებოდა.მაშოს იმ დროს, გული ისე ხმაურით უცემდა ხოლმე,მკერდზე ხელს ძლიერად იჭერდა,თითქოს ხმის დასახშობად. უყვარდა სანდრო,თავისთვის,ჩუმად.
მიუხედავად იმისა,რომ რამოდენიმე დღეში ცოლად უნდა გაყოლოდა გიორგის,სანდროს ერთ სიტყვას შეეძლო შეეცვალა ყველაფერი.ამას მაშინ მიხვდა,როცა სანდრო დაინახა.წამებში გამოიღვიძა მიძინებულმა სიყვარულმა.როგორ ელოდა,რომ მიაკითხავდა და გულში ჩაიხუტებდა.სანდრო კი,არც გამოჩენილა."ალბათ ,ოჯახი ჰყავს"- გულდაწყვეტილმა თქვა მაშინ და ეცადა სანდროზე ფიქრები თავიდან ამოეგდო.ეს ცდაც ამაო აღმოჩნდა,თედოსთან აივანზე სანდროს რომ ესაუბრა.უარესად ჩაეწვა შიგნეული."ცოლი არ მოუყვანია"-თითქოს განგაშის ზარებმა შემოჰკრეს გონებაში.
სავარძელში მჯდომს ღრმად ჩასძინებოდა,დამლაგებლის შემოსვლაზე უცებ ასწია თავი.
-მაშო ექიმო,ბოდიში,არ ვიცოდი,აქ თუ იყავით,-უხერხულად აათამაშა ცოცხი.
-არა უშავს ცისანა,მოდი,-ჩვეული ღიმილით დააჯილდოვა ქალი და წამოდგა.მაჯის საათს დახედა,რვა სრულდებოდა.თავის მოსაწესრიგებლად დრო საკმაოდ ჰქონდა,ცხრა საათზე თათბირი უნდა მოეწვია.სარკესთან დადგა თუ არა,უძილობისგან ჩაშავებულ თვალებს დააკვირდა.შემდეგ ცოტა დააელმა და თავის საქციელზე გაეცინა.თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდაო,აჩქარებული შებრუნდა კაბინეტში და ტელეფონის ყურმილს დასწვდა.
***
საღამო ხანს,ბუხარს მიმჯდარი სანდრო კლიენტის მოლოდინში წითელ ღვინოს ნება-ნება წრუპავდა და მობილურში იქექებოდა.უცხო ნომრიდან შემოსულ ზარს,სწრაფად უპასუხა.
-დიახ,-ოფიციალური ხმა ჰქონდა.
-მე ვარ,-მეორე მხრიდან ნაცნობი ხმა გაისმა.სანდროს ხმა ჩაუწყდა.-მაშო ვარ.
-გისმენ?!-თვალები ისე მაგრად დახუჭა,ეტკინა კიდეც.
-როგორ ხარ?-ხმაზე დაეტყო ნერვიულობა.
-კარგად..
-მე ცუდად,-ისე სევდიანად გაისმა,სანდრომ ტელეფონი მოშორებით გასწია და სიმწრით შეიგინა.
-რით შემიძლია დაგეხმარო?-გაუჭირდა საუბარი.
-არ ვიცი..
-მაშო..
-ჰო,სანდრო,-აშკარად ტიროდა.სანდრომ ხელმეორედ ჩუმად შეიგინა.
-მაშო,ქმარი გყავს!
-ვიცი..
-არ გიყვარს?
-ვინ?
-შენი ქმარი?!-ყბები ისე დააჭირა ერთმანეთს,ჭრიალი გაისმა.
-კარგი ადამიანია,ვუყვარვარ..
-შენ,თუ გიყვარს მეთქი?!
-შენთვის აქვს მნიშვნელობა?
-მიპასუხე!-გაბრაზდა,მთელი ძალით მოუჭირა მობილურს ხელი.
-წავედი,აღარ მცალია,- პასუხს თავი აარიდა მაშომ და ტელეფონი გათიშა.
მოგვიანებით ვანო მოვიდა და კლიენტიც მოჰყვა ფეხდაფეხ.ბევრი ისაუბრეს ფერმასთან დაკავშირებით და ბოლოს ორივე მხარისთვის დადებითად გადაწყდა საქმე.
-ხვალ,ფერმას რომ ნახავს და შევთანხმდებით,მაშინ ზეგ მოგვიწევს თბილისში ჩასვლა,იმ რესტორანსაც გაჩვენებ,თან მფლობელს გავესაუბროთ,-კლიენტის წასვლისთანავე სანდრო ვანოს მიუბრუნდა.
-რაღაც უკმაყოფილო ხარ,თუ მეჩვენება?
-მაშომ დამირეკა.
-გასაგებია,-უხასიათობის მიზეზი უცებ გაირკვა.-რა გითხრა?
-ისეთი არაფერი..
-მაინც?
-ცუდად ვარო,-ხმაურიანად ამოისუნთქა.
-უშენოდო?-ისეთი სახე მიიღო ვანომ,გამწარებულ გულზეც კი გაეღიმა სანდროს.
-მთლად მასე არ უთქვამს,მაგრამ ეგ იგულისხმა.
-გადამრევთ თქვენ,-ხელები განზე გაშალა.-მერე?
-რა მერე,არჩევანი უკვე გააკეთა,გათხოვდა,მორჩა კინო.
-დაგიჯერო?-ეჭვის თვალით დააკვირდა.
-ვანო..-დაუღრინა.
-მორჩენის რა გითხრა და მგონი დაიწყო,-დაასკვნა ვანომ.
-ოჯახი შექმნა,მე კი,არ ვარ ის კაცი,მისი გრძნობები საჩემოდ გამოვიყენო.
-ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოსულხართ,-თავი გააქნია ვანომ.-მოდი,მოდი,დაასხი,დღევანდელი გამარჯვება აღვნიშნოთ,-მხარზე უბიძგა სანდროს.
***
მაშომ,სამი წლის წინ,ერთ-ერთ სამხატვრო გალერეაში გაიცნო გიორგი.გამოფენაზე ჰქონდა გამოტანილი საკუთარი ნამუშევრები.სინატიფით შექმნილ მინიატურულ ქანდაკებებს აღფრთოვანებული აკვირდებოდა.ერთმა ნაკეთობამ მონუსხა.შიშველი ქალი მამაკაცის ხელის მტევანში იყო მოქცეული,თვალის მომჭრელად ლაპლაპებდა განათების ფონზე.ყველა მხრიდან შემოუარა და ხელი ინსტიქტურად წაიღო მისკენ.
-შეხება აკრძალულია,-ღიმილით მიუახლოვდა ავტორი.
-მაპატიეთ,საოცარი ნამუშევარია,რა მასალაა?-უხერხულად დაიხია უკან.
-მადლობა..ეს თეთრი მარმარილოა,-უთხრა და მაშო თავით-ფეხამდის ხელოვნის მზერით შეათვალიერა.
-იყიდება?
-ჯერ არა,საზღვარგარეთ მაქვს გამოფენა თვის ბოლოს,იქ მიმაქვს ნაკეთობები,-ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
-ესე იგი,მომავალში შესაძლებელია მისი შეძენა?
-დიახ,აუქციონის სახით.
-როგორ დაგიკავშირდეთ?-ადგილზე აცმუკდა.
-ინებეთ,ეს ჩემი სავიზიტო ბარათია,-ჯიბიდან ამოაძვრინა და გაუწოდა.
"გიორგი კაკაბაძე" მაშომ წამიერად გადაავლო თვალი ბარათს და ხელჩანთაში ჩაიდო.
-მადლობა,შეგეხმიანებით,-თავაზიანად დაუკრა თავი და სხვა მინიატურების თვალიერება განაგრძო.
იმ დღის შემდეგ დაკარგა მოსვენება გიორგიმ."სახელი მაინც მეკითხა"თავს უწყრებოდა.ქალის ზარს ელოდა."ისე მოეწონა,აუცილებლად დარეკავს"გულს იმშვიდებდა.ორმა თვემ ჩაიარა გამოფენის დღიდან.მაშოს იმდენი საქმე დაუგროვდა,რომ არა ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენილი ნაცნობი ხელოვანი,გადავიწყებული ჰქონდა ქანდაკებაც და მისი ავტორიც.მაშინ გაახსენდა სავიზიტო ბარათი და ხელჩანთას ეცა.შეძენას ,თუ ვერ შეძლებდა,ყურადღებას მაინც გამოიჩენდა.ერთი ტელეფონის ზარიდან დაიწყო მათი ურთიერთობა.რადგან შანსი მიეცა გიორგის ქალთან დაახლოვების,ჩაეჭიდა და აღარც გაუშვა ხელიდან.ის "თეთრი მარმარილოც"აჩუქა და თუ კი რამ ებადა,ისიც.
პირველად ,რომ შეეხო გიორგი ბაგეზე,ვერაფერი იგრძნო მაშომ.შველივით დაფრთხა და ახლოს აღარ გაიკარა.თვეები დასჭირდა მამაკაცს,მისი გული ახლიდან ,რომ მოეგო.ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და ცოლობაზეც დაითანხმა."მთავარია ვუყვარვარ,მეც შემიყვარდება"გულს იმშვიდებდა მაშო.შეიძლება,რაღაც გრძნობა მართლაც გასჩენოდა,მაგრამ სანდროს გამოჩენის შემდეგ,ყველაფერი თავდაყირა დადგა.
***
მეორე დღეს,ახალმა ფერმერმა,გახარებულმა ჩაუთვალა ფული სანდროს და ცხოველებს ისე ენის მოჩლექით მიეფერა,თითქოს შესაჭმელად კი არა,დივანზე წამოსაგორებლად უნდოდა.ამის დანახვაზე,ვანოს ისეთი სიცილი აუტყდა,პირუტყვებმაც კი გაკვირვებით შეხედეს.
-ბიჭო,ეს კაცი ისე იქცევა,არ გამიკვირდება,ხვალ ძროხები რეიტუზებში,რომ დაგვხვდნენ,-ახარხარდა ვანო.
-ღორებიც ,-აჰყვა სანდროც.
მთელი გზა თბილისამდე,ახალ ფერმერზე სიცილ-ხარხარში გალიეს.თედოს მოულოდნელად გამოეცხადნენ,სასწრაფოდ ჩასვეს მანქანაში და უახლოეს რესტორანში გააქანეს.
-რას აღვნიშნავთ,ის მაინც მითხარით,რა გიჟებივით დამეცით თავზე,-თედო აქეთ-იქით იყურებოდა.
-დიდი დღეა,დიდი!-საზეიმო ხმით განაცხადა ვანომ.
-ცოლი ხომ არ მოგყავს,-სანდროს ჩაუკაკუნა თავში.
-კი,ორი ერთად.
-გააფრინე,რა გაუძლებს ორ სიდედრს?
-მაზოხისტი ვარ,-გაიცინა სანდრომ.
ის საღამო ქეიფში გაატარეს.თან მეორე დღისთვის შეხვედრა დანიშნეს,ახალ შენობის სანახავად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები