ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 ოქტომბერი, 2020


მამულიშვილებზე

გიმღერეს სულთათანაო

„ჩემი აკვანი კუბოა,
ზარი გლოვისა - ნანაო,
სული გვამს როცა გასცდება
მიმღერე სულთათანაო“.

მერაბ კოსტავა

შენ მთაწმინდაზე ახვედი,
სულმა იქ დაივანაო,
მამულიშვილთა გიტირეს,
გიმღერეს სულთათანაო.

დედა ღვთისმშობლის წილხვედრი
მიწა ცრემლებმა ნამაო,
რომ წავალ, მეც მსურს გულწრფელად
მიმღერონ სულთათანაო.

ოთარ რურუა

2020

............................................................................................................................................................................................

ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:

,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.

გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.

მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი უდაოდ იყო მერაბ კოსტავა!

მერაბის ბედი ძალიან ჰგავს ლევან გოთუას ბედს, ასევე დიდებული ქართველის. შეიძლება ითქვას, რომ მერაბ კოსტავა ლევან გოთუას ბედის თანაზიარია.

ლევან გოთუა არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ბოლშევიკების მიერ. მისი ერთადერთი „დანაშაული“ თავისი საშობლოს - საქართველოს სიყვარული იყო.

ლევან გოთუას მსგავსად, მერაბ კოსტავაც გადასახლებული და დაპატიმრებული იყო კომუნისტური ხელისუფლების მიერ.

მერაბმა თავის თანაკლასელ და განუყრელ მეგობართან - ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სიმბოლურია რომ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს იყო დაბადებული.

1988 წელს მერაბისა და ზვიადის თაოსნობით საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. მერაბს ბევრი ადამიანი მიიჩნევდა წინამძღოლად, მაგრამ თვითონ მერაბი ამბობდა რომ „პირველობა ეკუთვნის ზვიადს, ხალხი სწორედ ზვიადს გაყვებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

მათმა ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ კოსტავა ვერ მოესწრო, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოკატასტროფაში დაიღუპა ბორითთან.

მერაბის ბიძა - გრიგოლ კოსტავა ცნობილი მსახიობი იყო, ნინოს ქმრის როლს ასრულებს ლეო ესაკიას ფილმში „ნინო“.

მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“

1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.

თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“

ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.

ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მამულიშვილობის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“

მეც დღემდე ვაგრძელებ მამულიშვილობის გზით სიარულს.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ფიცი

ვფიცავ, ჩემს ქართულ ხასიათს,
ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას,
დიდგორს, შამქორს და ბასიანს,
ცრემლშეუშრობელ რიწას.

მანდილს - ქართველი ქალისას,
სიყვარულივით წმინდას,
გოგლას უმწიკვლო მარიტას,
ფხოვს, ჩარგალს, სტეფანწმინდას.

ვფიცავ, მთაწმინდის მთვარეს,
ნაციონალურ ცეკვებს,
ვაჟას შვლის ნუკრის თვალებს,
ალგეთში დაზრდილ ლეკვებს,

რომ სანთელივით იწვის
მკერდქვეშ მართალი გული,
ესმის ყივილი მიწის,
უსმენს სულგანაბული.

გულწრფელ სტრიქონებს ვუწერ
მე ცხრა აპრილის გმირებს,
დედას, რომელიც ურწევს
აკვანს პატარა შვილებს.

ვფიცავ, სიმღერას გედის,
დედის სამარეს წმინდას,
ღუღუნს მშვიდობის მტრედის,
გრემს, გელათს, ნიკორწმინდას,

რომ უთქმელადაც მიყვარს
ყველა მამულიშვილი,
აქ ნათქვამ არც ერთ სიტყვას
არ მიადგება ჩრდილი.

ოთარ რურუა

2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები