ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2020


"კრიალოსანი" (ნაწილი |)

მზე შემოხვეოდა შავ ზღვას და ურცხვად უკოცნიდა ნაპირს,გაბრაზებული ზღვა ტალღებით ცდილობდა აბეზარის მოშორებას. ზვირთებს გამეტებით ახეთქებდა სანაპირო ზოლს და თუ კი რამ ხვდებოდა გზაზე,თან მიითრევდა.
-მიშველეთ!-განწირული კიოდა ქალი და შეშლილი თვალებით მშველელს ეძებდა.
წყლის დიდ მასაში შავი წერტილივით მოჩანდა ადამიანის თავი,რომელიც დრო და დრო იკარგებოდა.ხალხი ჩოჩქოლით წამოიშალა,ყველას სასოწარკვეთა ეტყობოდა სახეზე და ზღვაში ჩაკარგულს შეშინებულნი ადევნებდნენ თვალს.ვერავის გაებედა შიგნით შესვლა.ქალი კივილს არ წყვეტდა ,მუხლებზე დაცემულს თავში წაევლო ხელები და გადარეული ატრიალებდა თვალებს.
ბუნგალოდან მთელი სისწრაფით გამოქანდა მაღალი,დაკუნთული მამაკაცი და თავით გადაეშვა წყალში.ხალხს აღტაცების შეძახილები აღმოხდა და დაძაბულნი მიაჩერდნენ ტალღებთან მებრძოლს.კაცი წვალებით მიიწევდა წინ,წყლის ნაკადი თავზე უვლიდა და სუნთქვაში უშლიდა ხელს. შავი წერტილი ნელ-ნელა გადიდდა და ქალის გალურჯებული სახე რომ დაინახა,უფრო ძლიერად მოუსვა მკლავი.მიუახლოვდა თუ არა,თმაში ჩაავლო ხელი და თავისკენ დაქაჩა.ქალმა მხსნელი როგორც კი იგრძნო,კისერზე შემოეხვია და ფეხებიც შემოაჭდო.
-რას აკეთებ,ორივე დავიხრჩობით!-ძლივს ამოთქვა მამაკაცმა და ქალთან ერთად ჩაყვინთა,წყალქვეშ ძლივს მოიშორა თავიდან და ამოსვლისას ღრმად ჩაისუნთქა.ქალიც ამოტივტივდა და ძალაგამოცლილმა ხელების ქნევა დაიწყო.
-მისმინე! თუ გინდა რომ ცოცხალი გაგიყვანო,ზედ არ მომახტე,მიჰყევი ჩემს მოძრაობას!-დაუყვირა და ქალისკენ გაცურა,დამორჩილებულს იღლიებქვეშ ამოსდო მკლავი და გულზე მიიწვინა.ტალღები თავზე უვლიდათ,რამდენჯერმე ხელი გაეშვა კიდეც და ახლიდან იწყებდა ჭიდილს.ქალი ერთიანად ძაგძაგებდა,ნაყლაპი წყალი გულს ურევდა.
-ნუ გეშინია!-უყვიროდა კაცი და ძლიერად ებღაუჭებოდა.ხალხს ეზრუნა და სანაპიროზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოეძახა.
სამშვიდობოს გასული ქალთან ერთად დაეცა და გულაღმა გადაწვა.არაქათ გაცლილს სუნთქვა გახშირებოდა და მარილიანი წყლისგან ყელი ჩასწვოდა.
თავს თეთრხალათიანები რომ წამოადგნენ,ხელის აწევით ანიშნათ,რომ კარგად იყო,თვალდახუჭული ცდილობდა ძალის მოკრებას.
სიკვდილს გადარჩენილი კი საკაცეზე დააწვინეს და სირენით წაიყვანეს.ხალხი მამაკაცს შემოეხვია და ქება-დიდება არ დაიშურა.
-რა ანგელოზი გადაარჩინე,ყოჩაღ!
-შენ გაუმრავლდი დედას! -შორიდან ჩაესმოდა ხმები .მძიმედ წამოსწია ტანი და წამოდგა.უხმოდ გაარღვია ირგვლივ შემოკრებილი და ბუნგალოსკენ წავიდა.

-ნიკო,რა მოხდა?-გაკვირვებული მიუახლოვდა მამაკაცი მაგიდასთან მჯდომს.
-ვიღაც გოგო იხრჩობოდა და ისე ხომ არ ვიჯდებოდი?- ბოთლს თავსახური მოხსნა და ჩამწვარ ყელს წყალი გადაავლო.
-შენც რომ რამე მოგსვლოდა,ლელას რა პასუხს გასცემდი? სამ დღეში ქორწილი გაქვთ,-გაეღიმა.
-კარგი რა ვატო..შენ ის მითხარი,როდისთვის დაბრონეს პოლონელებმა?-საზურგეზე გადაწვა.
-ზეგ ჩამოდიან,დიდი ჯგუფია,-უთხრა და თან მიმტანს ანიშნა ხელით.
-მე არ მეცლება,შენ მოგიწევს ყველაფრის მიხედვა,ხვალ ვბრუნდები თბილისში,-ნერწყვის ყლაპვა უჭირდა.
-ყველაფერს მოვაგვარებ,-ცერა თითი ასწია.
***
შავნაბადას მთაზე, ტაძრიდან ნეფე-დედოფალი გამოვიდა და ჯვარდაწერილებს მოწვეულმა სტუმრებმა ჟრიამულით მიულოცეს გაბედნიერება. მაღალ,ახოვან მამაკაცს,რომელსაც ტრადიციული სამოსი ემოსა ტანს,თეთრ კაბაში გამოწყობილ დედოფლისთვის ჩაეკიდა ხელი და იქვე მდგარ ყვავილებით და ლენტებით მორთულ ავტომობილისკენ მიჰყავდა,სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა და შავ ღამესავით თვალებიდან სიხარულის ვარსკვლავებს აფრქვევდა.ქალს დიდად არ ეტყობოდა აღტაცება,მოზომილად იღიმოდა და მელასავით თვალებს, აქეთ-იქით დააცოცებდა,თითქოს ვიღაცას ეძებსო.მეჯვარეებიც არანაკლებ ბრწყინავდნენ,ვატო ჩოხაში გამოწყობილი უმშვენებდა გვერდს ბავშვობის მეგობარს.
ცნობილ მაგნატის,ნიკო ფხოველის და მისი მდივნის ლელა მაკალათიას ქორწილი გახლდათ.
საქორწრინო დარბაზში ნაღებ საზოგადოებას მოეყარა თავი და სიძე-პატარძლის შემოსვლამდე შამპანურის წრუპვით გაჰყავდათ დრო.
-იმდენი ქნა სანამ ცოლად არ გაჰყვა ნიკოს,-ტუჩების გრეხვით გადაუჩურჩულა გვერდში მჯდომს ეკატერინემ.
-ჩუმად გოგო,-ნონამ შეშინებულმა მოატარა თვალები.
-რა ჩუმად?ყველამ იცის,ფულებს გაჰყვა ნიკოს კი არა!-ჩაიცინა და მარწყვი დამდნარ შოკოლადში ამოავლო.
-ნიკო როგორ ვერ ხვდება?-დანანებით ჩაილაპარაკა ნონამ.
-სულელია ამხელა კაცი,რომ გაუნიავებს ქონებას და დასვამს მშრალზე,მერე მიხვდება,-მარწყვს შამპანური მიაყოლა.
-რა გამოლევს მაგის ქონებას,სულ თუ არაფერი ფილატელისტიც ყოფილა ბაბუამისივით, იმ კოლექციის საერთო თანხა,ლამის ქვეყნის ბიუჯეტს უდრისო,-ყურში უჩურჩულა.
-აჭარბებ,-თვალები ჭყიტა კატიამ.
-ნუ ახლა,მთელი ფხოველების ქონება კი უდრის,კომპანია,სასტუმროების ქსელი თბილისსა და ბათუმში,საზღვარგარეთ ჰქონია კიდევ ბიზნესები,-თითებზე დაიწყო ჩამოთვლა.
-ბედი არ გინდა? მე კი არავინ გამომიჩნდება მასეთი,-ორივე აფხუკუნდა.

წყვილის შემოსვლას მუსიკასთან ერთად ხალხის აპლოდისმენტებიც შეუერთდა.ვალსიც იცეკვეს და ხელოვნების ნიმუშივით მოხატული ტორტიც გაჭრეს.ყველა თავის ადგილზე მოკალათდა და მზარეულების მიერ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული კერძები დააგემოვნეს.
-ნიკო,ახლავეს მოვბრუნდები,-ღიმილით უჩურჩულა ლელამ და ფეხზე წამოიმართა.
-სად მიდიხარ?-გაუკვირდა სიძეს.
-მაკიაჟს შევისწორებ,-კაბის გრძელი ბოლო ხელში მოაგროვა და სწრაფი ნაბიჯით ქალთა ოთახისკენ გაემართა.

ეკატერინეს თვალს არ გამორჩენია ლელას აღელვებული გასვლა და უკან გაჰყვა.
-ლელა,-ჩუმად დაუძახა კუთხიდან მამაკაცმა და ქალს ხელი ჩაავლო.
-გადაირიე?არავინ დაგვინახოს!-შემკრთალმა მოატარა ირგვლივ თვალები.
-აქეთ წამოდი,-ვიწრო დერეფნიდან საწყობისმაგვარ ოთახში ამოაყოფინა თავი.
-მერაბ,დაგვინახავენ,-შეშინებულმა დაიჩურჩულა და მის ყელზე მოთარეშე ტუჩებზე კვნესა აღმოხდა.
-ნუ გეშინია,- ერთი მოძრაობით მიატრიალა ქალი და ზურგზე აეკრა.
-არა,გაჩერდი,აქ არა,-თავის დაძვრენა სცადა ქალმა.
-დღეს რომ არ ვიყო შენთან,გავგიჟდები,-ათრთოლებული ხმით უჩურჩულა და კაბის ქვეშ საცვალს დაეჯაჯგურა.
-მერაბ,არა,-კვნესოდა ქალი და წინააღმდეგობის ნაცვლად ზედ ეკვროდა.
კაცმა კაბა გადააძრო და მისი შიშველი დუნდულები ხელებში მოიქცია,ფეხებშუა მოექცა და თბილ სხეულში ნელ-ნელა შეუძვრა.ქალი სიამოვნებისგან იკლაკნებოდა და მოგუდულ ხმებს გამოსცემდა..
ეკატერინემ ქალთა ოთახში ლელა რომ ვერ დაინახა,გაუკვირდა და ცბიერი ღიმილით დერეფანს გაუყვა.უცნაურ ხმების გაგონებაზე შედგა და სმენა დაძაბა.კართან ახლოს მივიდა და ყური ზედ დააკრა.
-მერაბ,ძებნას დამიწყებენ,გამიშვი,-თავადაც არ ეთმობოდა კაცი,ისე ეგლასუნებოდა ტანზე.
კაცს შუბლი დანამვოდა და დაჭიმულ სხეულს სწრაფად ამოძრავებდა.ქშენა და კვნესა ერთმანეთში ირეოდა.პიკს მიღწეულნი მოეშვნენ და ცოტა ხნით მიყუჩდნენ.
-იცოდე,რაც მოვილაპარაკეთ ზედმიწევნით შეასრულებ,ჩახვალთ თუ არა,იმ წუთიდანვე შეუდგები გეგმის განხორციელებას,- უთხრა მერაბმა, ქალს მოშორდა და შარვლის ელვა ამოიწია.
-ყველაფერს გავაკეთებ,ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება ყველაფერი,-ამბობდა ლელა და კაბას ისწორებდა.
კარს უკან ჩასაფრებულს თვალები დაეჭყიტა და პირიც დაეღო,გაოგნებული უკან-უკან წავიდა და დარბაზისკენ გაიქცა.
-კატია,რა დაგემართა?-ნონამ აღელვება შეატყო .
-არაფერი,-დაბნეულმა უპასუხა და გასასვლელისკენ წასულ ნიკოს თვალი გააყოლა.“რაღაც ცუდს ამზადებს ეს ქალბატონი“-გაიფიქრა და თავში ათასი ვერსიის შეთხზვას მოჰყვა.
-ცუდად ხომ არ ხარ,ლელა?-შეშფოთებული იყო ნიკო.
-არა,ცოტა თავბრუ მეხვევა,გადაღლილობის ბრალია,-გაუღიმა და მაგიდისკენ წავიდა.ნიკომ დაეჭვებულმა გახედა და საპირფარეშოსკენ გზა განაგრძო.შესვლისას ,ონკანთან მდგომი მისი კომპანიის იურისტი დაინახა,რომელსაც წყლის ნაკადისთვის შეეშვირა სახე.
-მერაბ,სად დაიკარგე?აქაც არ მომასვენეს, გადაზიდვებზე ხელი გქონია მოსაწერი და ვერ გიკავშირდებიან,-უთხრა და თავიდან ბოლომდე შეათვალიერა.
-არ იჭერს მობილური,გავალ გარეთ გავარკვევ,-სწრაფად შეიმშრალა და ზედ არ შეუხედავს,ისე გავარდა . ნიკო თვალმოჭუტული ჩაფიქრდა და ტელეფონზე შემოსულ შეტყობინებას დახედა. დაფარული ნომერი თავზარდამცემ ამბავს იტყობინებოდა.“შენი ცოლი მერაბის საყვარელია,ერთობლივი გეგმა აქვთ შენს წინააღმდეგ,უფრთხილდი“-გაოგნებულმა სამჯერ გადაიკითხა,თვალებს არ უჯერებდა,ძარღვები დაეჭიმა და სისხლი მოაწვა სახეზე,ავის მომასწავებლად მოატარა მზერა და კოპებშეკრული გაემართა დარბაზისკენ.
ეკატერინემ შორიდანვე შენიშნა თვალებში რისხვაჩამდგარი ნიკო,კმაყოფილმა ჩაიცინა და ლელას ცინიკური ღიმილით გახედა.
დროსტარება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა,ყველამ მოილხინა ნიკოს გარდა.იჯდა შუბლშეკრული და დანა პირს არ უხსნიდა.
-რამე მოხდა?-ლელამ ხელი ხელზე დაადო.
-მოხდა,საქორწინო მოგზაურობაში ჯერ ვერ წავალთ,რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი,უჩემოდ ვერავინ გაართმევს თავს,-დახშული ხმით უთხრა და ხელი გამოაცალა.
-კი მაგრამ,მერაბს არ შეუძლია, რომ მიხედოს?
-არ შეუძლია!-თავი შეიკავა ყელში რომ არ წვდომოდა.
-არა და,როგორ ვემზადებოდი,-დანანებით ჩაილაპარაკა ქალმა.
-ეგ არაფერი,წავალთ ახლო მომავალში,-კბილები გააკრაჭუნა.
ლელა შეცბა,გულში უშნოდ გაჰკრა და აფორიაქდა.“ნუთუ რამეს ხვდება,დავიღუპები“-გაიფიქრა და კაცს მხარზე ფრთხილად შეეხო.
-ნიკო,რამე სერიოზულია?-ეჭვები კლავდა.
-არაფერი ისეთი,ბაქოში ვარ ჩასასვლელი ორი დღით და შემდეგ დავგეგმოთ მოგზაურობაც,-ოდნავ გაუღიმა.
ქალმა შვებით ამოისუნთქა და ხასიათზეც მოვიდა.ლხინი გვიანობამდე გაგრძელდა,კარგად შემთვრალი სტუმრები წასვლისთვის მოემზადნენ.ეკატერინეს ნონასთვის გამოედო მკლავი და გარეთ ტაქსის მოსვლას ელოდნენ.
-ესენი მალე დაშორდებიან,-დარწმუნებით თქვა და მეგობარს წარბაწეულმა გადახედა.
-საიდან დაასკვენი?-გაოცებულმა შეხედა.
-აი,მე მითქვამს და ნახავ,-ჩაიცინა.
-მოკლედ,ნიკოს ვერ მოეშვი შენ,-გაუბრაზდა.
-ჩემი გახდება!-თავის დაქნევით დაუდასტურა.
***
კოჯრის გზაზე დიდი სიჩქარით მიჰქროდა ავტომობილი,მძღოლს ყელზე ძარღვები დაბერვოდა და გზას კუშტად უყურებდა.გვერდით მჯდომი ქალი შემკრთალი ადევნებდა თვალს.
-ნიკო,რატომ უნდა დავრჩე კოჯორში?ჩვენს სახლში ვიქნებოდი,-ფრთხილად შეაპარა სათქმელი.
-აქაც ჩვენია,-ღვარძლიანად გაუღიმა კაცმა.
-კი მაგრამ,მარტო ხომ არ ვიქნები?-წამწამებს ათამაშებდა.
-ორი დღით არაფერი გიჭირს,თან დაისვენებ,გადაღლილი ხარ,-ხმა უფრო დაბოხებოდა.
-ნიკო,მაშინებ,-შემცბარმა შეხედა.
-დაწყნარდი,ორ დღეში დავბრუნდები და საფრანგეთშიც წავალთ,-დამაჯერებლად უთხრა და გაუღიმა.
გორგოლაჭებზე შემდგარი დიდი რკინის ჭიშკარი,ღილაკზე თითის დაჭერით გახსნა და ქვით მოპირკეთებულ ეზოში შეაყენა მანქანა.
ნიკო სახლში შესვლისას პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა,ლელამ დაიგულა თუ არა თავი საიმედოდ,ტელეფონს ეცა.
-მერაბ!-ჩურჩულებდა.
-რა ხდება,რა ხმა გაქვს?-დაიძაბა მოსაუბრე.
-კოჯორში ამომიყვანა,აქ მტოვებს ორი დღით,თვითონ საღამოს ბაქოში მიდის,საქმე მაქვსო,რა ხდება,გამაგებინე,-კანკალმა აიტანა.
-კოჯორში? მე უკვე თვითმფრინავში მეგონეთ,-დაიბნა კაცი.
-რაღაც იეჭვა მგონი,ისე მიყურებდა,-ტირილს ცოტა აკლდა.
-არ არსებობს,ბაქოში ორ კვირაში უნდა ჩასულიყო,მაგას კი გადადებული საქმეები არ უყვარს,სულ ეს არის,დამშვიდდი,-შეფიქრიანებული ხმა ჰქონდა.
-აქ რა ვაკეთო ორი დღე,გავგიჟდები მარტო,-წუწუნი გაისმა.
-მე ამოვალ,როცა წავა დამირეკე,ღამე ამოვალ,ვერავინ დამინახავს.
-არა,არა საშიშია,ყველგან კამერებია,-დაფრთხა.
-დენს გათიშავ და მორჩა,-გაეცინა.
-სიგნალიზაცია ჩაირთვება, ეგრევე პოლიცია მოვა და მოახსენებენ კიდეც ყველაფერს,-არ მოეწონა იდეა.
-მერე რა,ვითომ გაითიშა,დაწყნარდი რა,როგორც კი წავა,დამირეკე,-გაუთიშა და ცოტა არ იყო ჩაფიქრდა.
ნიკო წელზე პირსახოც შემოხვეული, თავის მშრალებით გამოვიდა აბაზანიდან და ფანჯარასთან ატუზულ ლელას შეხედა.
-ავად ხომ არ ხდები,რაღაც ფერი გაქვს დაკარგული?-ცივად ჰკითხა.
-მგონი,ცოტა მაკანკალებს,შხაპს მივიღებ და დავწვები,-გვერდი აუარა.ნიკომ დამცინავად გააყოლა თვალი და მობილურ ტელეფონს დასწვდა.
-ლევან,ადგილზე ხარ? საქმე მაქვს,-მეორე ოთახში გავიდა.
-კი,ხომ მშვიდობაა? -ხმა არ მოეწონა მეგობარს.
-მოვალ!-გაუთიშა და კარადისკენ წავიდა.
ლელას ოთახში რომ აღარ დახვდა კაცი,ძებნა დაუწყო,გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით,მანქანა რომ ვერ დაინახა ეზოში,მხრები აიჩეჩა და საწოლისკენ წავიდა.
გიჟივით მიაქროლებდა ნიკო ავტომობილს,თვალებში მოწოლილ სისხლს გრძნობდა,ყბებს ნერვულად აჭერდა ერთი-მეორეს და საჭეს ხელს ურტყამდა.
-ეს რომ მართალი აღმოჩნდეს,ჩემი ხელით მოგკლავ!-კბილებში ცრიდა.
მეგობრის კაბინეტში ისეთი სისწრაფით შევარდა,ლევანი სკამს აეკრა.
-რა დაგემართა ნიკო?-შემცბარმა ჰკითხა.
-ლევან,ახლა რასაც გაჩვენებ,ჩვენში დარჩება და სასწრაფოდ უნდა მომიძებნო ამის გამომგზავნი,-ხელის კანკალით გახსნა შეტყობინება და წინ დაუდო.
კოპებშეკრულმა წაიკითხა,ღრმად ჩაისუნთქა და ნიკოს გახედა.
-გავარკვევ,-ძლივს ამოთქვა.
-ახლავე!-თავის მოთოკვა უჭირდა.
-დამელოდე,-წამოდგა და ტელეფონიანად გავიდა კარში.
ადგილს ვერ პოულობდა ნიკო,გამხეცებული მიმოდიოდა ოთახში,სახეზე ხელს ნერვულად ისვამდა.
---
ეკატერინეს ძილში ჩაესმა გაბმული ზარის ხმა,შეიშმუშნა და თავი წამოსწია.ვიღაც დაჟინებით არ ეშვებოდა ღილაკს.შეშინებული ეცა კარს და სათვალთვალოში ნაცნობი სახე რომ დაინახა,ადგილზე შეხტა.
-ბატონო ნიკო?-გაოცება ვერ დამალა.
-სალაპარაკო გვაქვს!-მკაცრად უთხრა და ოთახისკენ დაიძრა.უკან შეშინებული დაედევნა ქალი.
-ეს რას ნიშნავს?-ტელეფონი წინ დაუდო .
-არ ვიცი,-ნაწერი იცნო და აკანკალდა.
-იცი!-მეხივით გავარდა ხმა.
-ბატონო ნიკო..-შიშისგან დაპატარავდა და გაფითრდა.
-ეკატერინე! ყველაფერს მეტყვი!-დაუყვირა და ქალს ცხვირწინ დაუდგა.
-გეტყვით!-თავი ასწია და თვალი გაუსწორა.-ჩემი თვალით რომ არ მენახა და არ მომესმინა,არ დავიჯერებდი,მაგრამ ჩავთვალე,რომ უნდა გცოდნოდათ,პირდაპირ ვერ გავბედე!-მხნეობა მოიკრიბა და ღრმად ჩაისუნთქა.
-გისმენ!-საშინელი დასანახი იყო კაცი,სახე არეოდა.
-იქ,ქორწილში ვნახე,-ხმა გაეპარა და კაცის რეაქციას დააკვირდა.
-რა ნახე?-მოთმინება ელეოდა.
-ლელა,რომ წავიდა ქალთა ოთახისკენ,მეც მაშინ წავედი,იქ რომ არ იყო,დერეფანს გავუყევი და საკუჭნაოს მაგვარ ოთახში წავასწარი ორივეს,-უკან-უკან წავიდა.
-რა დაინახე?!-შეტევაზე გადავიდა.
-ყველაფერი,უფრო სწორად მესმოდა ხმები,“იმ“საქმით იყვნენ დაკავებულნი,-პირდაპირ თქმა მოერიდა.
-მერე?!-ნიკოს ოფლმა დაასხა.
-როცა მორჩნენ,გავიგე როგორ უთხრა მერაბმა,რომ როცა ჩაფრინდებოდით ,გეგმის განხორციელება უნდა დაეწყო ლელას,ზუსტად არ ვიცი რაზე იყო საუბარი,-მკლავები ჩამოყარა და თავი ჩაქინდრა.
-ვინმეს უთხარი?!-ეჭვიანად შეხედა.
-არა,არა! -ხელები გაასავსავა.
-ხმა არავისთან!-უთხრა და გავეშებული გაემართა კარისკენ.
ეკატერინემ კისერმოღერებულმა კმაყოფილებით ჩაიცინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები