ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2020


ექვსკუთხა ცივილიზაცია

                                                           
                                             

          -- ... ჭიანჭველა ვარ, ერთი ჭიანჭველათაგანი...
        პასუხი არ მოჰყოლია ამ სიტყვებს  და ისინიც ჰაერში გამოეკიდნენ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე....
        ბაღში ვისხედით ხის მერხზე, ის უკვე იჯდა იქ , ვიღაც გაბურძგვნილი, მეტად მოცვეთილი შესახედაობის ტიპი...  მე მივუჯექი გვერდით,  მოხერხებულ ადგილს  ვეძებდი  მზეზე მისაფიცხებლად.
        ერთხანს სიჩუმე სუფევდა, მერე კი ისევ გაისმა;
        -ჭიანჭველა ვარ, ერთი ჭიანჭველათაგანი...
        არც ახლა გამიღია ხმა,  ლაპარაკის გუნებაზე არ ვიყავი.  ახალი ნაავადმყოფარი გახლდით, გაციებას ძლივს დავაღწიე თავი და  შემოდგომის მზის სითბო  ძალიან მსიამოვნებდა.
      გავიდა ცოტა ხანი და როცა  ისევ გავიგონე, ერთი ჭიანჭველათაგანი  ვარო,  მივხვდი,  უჩუმრად ვეღარ ვიქნებოდი.
      -რომელ ჭიანჭველებზე ლაპარაკობთ, - ვკითხე. არ მეთმობოდა აქაურობა, რაღაცა უნდა გამერკვია.
      - აი, იმათზე,  ჩვენს ირგვლივ გამუდმებით რომ ფუთფუთებენ,- ფიცხლად გამომეხმაურა,-  მიდიან, მოდიან, აქეთ - იქეთ, ზევით ქვევით, მაღლა დაბლა, მარჯვნივ, მარცხნივ... ყველგან,  ყველა მიმართულებით მიმოდიან. მერედა, რა საქმიანად, რა გამოზომილად მიმოდიან… მეტი რომ აღარ შეიძლება, ისეთი  საქმიანი შესახედაობა აქვთ,
      - მერედა, თქვენთან რა საერთო აქვთ, - ზრდილობის გულისთვის ვკითხე. მეტს აღარაფერს ვკითხავ და იქნება გაჩუმდეს მეთქი, ვიქრობდი.  ვინ დაუცადა  შეკითხვას,  სიტყვას სიტყვა მოაყოლა,  საოცარი რამ  მიამბო, მართლაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელი.      ვფიქრობ, ღირს გახსენება.  მეტისმეტად არეულდარეულად ლაპარაკობდა,  და ახლა, როგორც იტყვიან,  ფეხდაფეხ უნდა ვდიო მის ნაამბობს, იქნებ რაიმე დავალაგო და გავარკვიო.  ერთი რამეს კი აქედანვე ვიტყვი, იგი სხვა დროსა და სივრცეში მოხვდა,  და  იქ ჭიანჭველების ცივილიზაცია აღმოაჩინა.
      ახლა კი მივყვეთ მის ნაამბობს, როცა საჭირო იქნება, ჩავერთვები, რათა რაიმე გაუგებარი არ დარჩეს.
    ....- მათი შრომისმოყვარეობა ხომ საყოველთაოდ ცნობილია(შეგახსენებთ, ჭიანჭველებზეა საუბარი), რამდენი რამ შეიცვალა მათში, ზომაწონაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, განვითარდნენ, ცივილიზებულები გახდნენ,  მაგრამ სულაც არ გაზარმაცებულან,  უცვლელად შეინარჩუნეს ეს თვისებაც,  შრომისმოყვარეობაზე  გეუბნებით.  თავისზე ბევრად უფრო მძიმე ტვირთს ისე წამოიკიდებენ, როგორც არაფერი.  რა მანძილზეც გინდა, წაიღებენ, არ ეზარებათ.
      -...  არც ცოდნის მოყვარეობა აკლიათ, ალბათ უწინაც ექნებოდათ. ოღონდ იმდენად არ ეტყობოდათ, მეტისმეტად პატარები იყვნენ. მაგრამ როცა მათ შევეჩეხე, ადამიანის ზომის ჭიანჭველებს, თუ უფრო დიდებსაც, პირდაპირ გაოცებული დავრჩი, რა დადარაჯებულები იყვნენ, იქნებ რამეს გამოგრჩენოდნენ, ცოდნის რაღაც ნაპერწკალი წაეგლიჯათ შენთვის. მე ეს არ ვიცოდი. აბა, საიდან უნდა მცოდნოდა? ვინ მეტყოდა, იქ ადამიანთაგან არავინ იყო, უფრო სწორად, იყვნენ ადამიანებიც, ეს მოგვიანებით გავარკვიე, ოღონდ  ისეთი სახით, არც კი მინდა ამაზე ლაპარაკი.
      ცოტა ხნოთ ჩაჩუმდა  ჩემი მეზობელი, რაღაც სევდიან ფიქრს გამოეკიდა წამით, მერე ისევ განაგრძო.
      - მთელი ცთომილი მათ დაეპყროთ, გიგანტური ზომის  მწერებს... ჭიანჭველების გარდა სხვა მწერებიც იყვნენ, ყველანი უჩვეულოდ დიდები, ადამიანს არ ჩამოუვარდებოდნენ ზომით, ხშირად კიდეც აჭარბებდნენ.  ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიქნებოდი... ალბათ ნანახი გექნებათ მწერების გადიდებული ფოტოები,  რა საზარელი სანახავები არიან, თვალს ვერც კი გაუმაგრებ,  შიშით და ზიზღით მოარიდებ მზერას.  ყოველ შემთხვევაში, მე ყოველთვის ასე მემართება მათი  ფოტოების დანახვისას. იქ კი, არავითარი ფოტო, ნამდვილზე ნამდვილი, უსაზიზღრესი  ურჩხულები მხვდებოდნენ ყოველ ნაბიჯზე. ... გავრბოდი, ბუჩქებში ვიმალებოდი, როგორც კი თვალს მოვკრავდი რომელიმე მათგანს, ბუჩქის ძირას კი სხვა ურჩხული მხვდებოდა... აი ასე ვაწყდებოდი აქეთიქით, ვერც კი ავწერ ჩემს მაშინდელ ყოფას, ნამდვილი კოშმარი იყო, თუ რაღაც კიდევ უფრო უარესი, ასეთი რამ სიზმარშიაც  კი არ მომლანდებია.... 
      . . .  კიდევ კარგი, მშველელი გამომიჩნდა... მე  მას  ცოდნის საკუჭნაო დავარქვი. მეტისმეტი გეჩვენებათ ჭიანჭველასთვის?  გარწმუნებთ, ჩემს სიტყვებში არაფერია გადაჭარბებული. ძალიან უყვარდა ცოდნა. მზად იყო სიცოცხლე დაეთმო მისთვის, თუ საჭიროება მოითხოვდა. ამის შესახებ მოგვიანებით  უფრო დაწვრილებით ვიტყვი...
      ვხედავ, მოდის ვიღაც უცნაურად გამოწყობილი, ჭიანჭველას შესახედაობა აქვს. მოდის პირდაპირ, ჯიქურ. არც მე ამიქცევია გზა მისთვის. ბოლოს და ბოლოს, სანამდე უნდა მერბინა ბუჩქიდან ბუჩქამდე...  ძალიან დავიქანცე, ხელიც ჩავიქნიე ყველაფერზე. თანაც, ხომ იცი, იმედი არასოდეს გვტოვებს, ანდა თითქმის არასოდეს... იქნებ რაიმე შანსი მომცემოდა, გამერკვია,  სად მოვხვდი და რანაირად.
      შემათვალიერა. ჩემმა გარეგნობამ საოცრად მიიზიდა, ეს მაშინვე შევატყვე... უფრო ზუსტად, ჭიანჭველის კოსტუმმა  გააღვიძა მასში  დიდი ცნობისმოყვარეობა, მარწუხი ჩამავლო და აღარ მიშვებდა.

                                                                                     
    აქ მე ვერ მოვითმინე და ვკითხე:
    -ჭიანჭველის კოსტუმი  რატომ გეცვათ ?   
    - ატრაქციონზე  ვიყავი,  -  გაბრაზებით  თქვა. არ ესიამოვნა, ლაპარაკს სხვა გეზი რომ მივეცი,-  იქ ხომ ბილეთების გათამაშება ხდება. რა ნომერიც შეგვხდება, მისი შესაფერისი სამოსი უნდა ჩაიცვა. მე ჭიანჭველა შემხვდა...
      თავი დავუქნიე, გასაგებია - მეთქი. მეც ვიყავი  ნამყოფი  ბუნების თაყვანისმცემლებთან (თავის თავს ასე უწოდებენ),  მოგეხსენებათ მათი  მოწოდებები; რაც შეიძლება ახლოს ბუნებასთან, კიდევ უფრო ახლოს... ჰოდა, ლამის ტყავიდან ამოძვრნენ, ოღონდ ბუნებას დაუახლოვდნენ.  ბილეთების გათამაშების დროს ხომ ნუღარ იტყვი, რა სასეირო ამბებს  არ გადაეყრები...  არა მარტო უნდა ჩაიცვა ის სამოსელი, რა  ნომერიც შეგხვდება,  ცხოვრების ნირშიაც უნდა მიბაძო.  ერთმა ქალმა გველის ტყავი ჩაიცვა, როგორც ნომერში ამოუვიდა, მთელი დღე მიწაზე იხოხა, აქაოდა გველი ვარო. მგონი რაღაცით დააჯილდოვეს ამ თავგამოდების გამო. თუმცა, კმარა ამის შესახებ, თქვენც ჩემზე არანაკლებ გეცოდინებათ.
      მინდოდა მეკითხა, იმ ატრაქციონიდან  ჭიანჭველების სივრცეში როგორ აღმოჩნდი მეთქი, მაგრამ ვეღარ გავბედე მისი გაღიზიანებული ხმის გაგების მერე. სხვა დროს ვკითხავ - მეთქი, ვიფიქრე.   
      მგონი სიტყვა გამექცა, ისევ ჩემი მეზობლის ნაამბობს მივყვეთ.

                                                                          * * *
      ... მომიახლოვდა, მარწუხი ჩამავლო...  მუდამ ასე ვიტყვი, მის კიდურებს ხელფეხს ვერ დავარქმევ.  სადღაც მეწევა. მეც მივყევი,  მივხვდი, სამტროდ არ იყო განწყობილი. ბოლოს და ბოლოს, სანამ უნდა მეხეტიალა მარტოკა. 
      მიდის, მივყვები. ქვედა ორ კიდურზე მიაბიჯებს, ერთით მე მეწევა, დანარჩენ სამს ჰაერში მიიქნევს. შევყურებ და ვფიქრობ; ნეტავი რაღად უნდა  ექვსი კიდური?  იმდენი მოახერხა, წელში ადამიანივით გაიმართა.  ბარემ ისიც მოეშორებინა, რაც ზედმეტი იყო. ამ საკითხს ისე ვუღრმავდები, თითქოს სხვა საფიქრალი აღარაფერი მქონდეს.
    თურმე მის სადგომს მივუახლოვდით. ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემს თავს ზემოთ  მომრგვალებული თაღი დავინახე. ერთად შევაბიჯეთ იმ თაღის ქვემოთ, წამითაც არ შევყოყმანებულვარ, ვგრძნობდი აღარაფერი იყო იქ ჩემთვის საშიში.  მაშინვე თაფლის ფიჭის სუნი მეცა, მესიამოვნა, კარგის ნიშნად ჩავთვალე.  მშვენიერ  ფუმფულა ხალიჩაზე დამსვა ჩემმა მასპინძელმა(ნამდვილად  ღირსია ასე ვუწოდო), და კიდევ უკეთესი,  თაფლით გამიმასპინძლდა..                 
    ვიჯექი, ნეტარებით ვისვენებდი , თან უგემრიელეს თაფლს შევექცეოდი, ჭიანჭველებს ამ საქმეში ნამდვილად გაეგებათ რაღაც, მათ ხომ თაფლი  საკუთარი თავივით უყვართ, თუ უფრო მეტადაც.  სასმელიც მომართვა ჩემმა მასპინძელმა, მასაც თაფლის არომატი დაჰკრავდა. დაბოლოს, ირგვლვაც მიმოვიხედე ძალამოკრებილმა. მოზრდილ, ექვსკუთხა დარბაზში აღმოვაჩინე ჩემი თავი. 
    ძალიანაც კარგი, გავიფიქრე,  ექვსი კუთხის საწინააღმდეგო აბა რა უნდა მქონდეს?  ჩანს, ასეთი გემოვნება აქვს ჩემს მასპინძელს, და არა მარტო მას, როგორც მოგვიანებით გავიგე. თაფლი ხომ უყვართ  ჭიანჭველებს, ფიჭაც  ძალიან უყვართ, მისი ექვსკუთხა ფორმა მათთვის  ყველაფერია , საფუძველთა საფუძველია ყოველგვარი ნაგებობისთვის. 
    მაყვალიც მივირთვი, ასეთი გახლდათ ამ ტკბილი ტრაპეზის ბოლო აკორდი,  ორივე კიდურით დამიხვავა  წინ ეს ღამესავით შავი კენკრა  ჩემმა გულუხვმა მასპინძელმა (ჭიანჭველებს ხილიც უყვართ, განსაკუთრებით კი მაყვალი,  მაყვლის თვალუწვდენელი პლანტაციები აქვთ გაშენებული.) და საერთოდ, ვხედავ, რაღაცით ძალიანაა გახარებული. ვერ ისვენებს, ცქმუტავს,  მიდიმოდის. მომიახლოვდება,  შემათვალიერებს,  ვაფიქსირებ მის ჭიანჭველურ გამოხედვას. მერე ისევ მიდიმოდის, თან კიდურებს (დავაზუსტებ, ოთხ კიდურს,)სიამოვნებით იფშვნეტს. თურმე ნუ იტყვით, უხარია, რომ გიგანტურ ადამიანს გადაეყარა...
                       
      ...ჩემი მეზობელი გაჩუმდა, თავი დაფიქრებით გადააქნია. საერთოდ, ხანდახან ჩუმდებოდა ხოლმე, რაღაც საფიქრალს უსწორებდა თვალს. მეც ჩუმად ველოდი ან შეკითხვას ჩავაკერებდი.
    - რა შუაშია აქ გიგანტი,- ახლაც ვისარგებლე მისი სიჩუმით და ვკითხე.
    - იქ ადამიანებიც იყვნენ, - მიპასუხა ისევ გაღიზიანებით,- ნამცეცა, პაწია ადამიანები. ერთხელ უკვე გითხარი ამაზე. იმათთან შედარებით მე ნამდვილი გიგანტი ვიყავი.  ჩემი მასპინძელი სწორედ ნამცეცა ადამიანების  შესწავლით იყო დაკავებული,  ზუსტად ისე, როგორც ჩვენი მეცნიერები აკვირდებიან და სწავლობენ ჩვენებურ პატარა ჭიანჭველებს.
      - წარმოუდგენელია, - ვთქვი  გაგონილით გაოცებულმა.
      ჩემმა მეზობელმა ყურიც არ ათხოვა ჩემს შენიშვნას,  ისევ ისე აგრძელებდა;
      - ... სწორედ ამიტომ  ამომიცნო ... მეცნიერი იყო, გესმის? ნამდვილი მეცნიერი... შემხედა თუ არა, მაშინვე მიხვდა, ადამიანი რომ ვიყავი,  ჭიანჭველის ნიღაბს ხელი არ შეუშლია მისთვის ამაში. სხვა ჭიანჭველებიც შემხვდნენ, სანამ მას გადავეყრებოდი,  მაგრამ ვერაფერსაც ვერ მიხვდნენ.  მას კი  უხაროდა, მეტი რომ აღარ შეიძლება, ისე  უხაროდა. ნამდვილ სასწაულს  გადაეყარა ჩემი სახით, მეცნიერული კვლევების ახალი საზღვრები გაიხსნა მისთვის.  მეცნიერული ენთუზიაზმი ნამდვილად არ აკლდა. 
    აქ ისევ პატარა პაუზა  გააკეთა ჩემმა მეზობელმა და ისევ  განაგრძო; 
    - ...  მეც ვნახე ისინი, ნამცეცა ადამიანებზე გეუბნები,  ზომაწონით ზუსტად ჩვენებური ჭიანჭველების  ტოლები. რაღაც გროვაში ფუთფუთებდნენ,    არ ვიცი, რას და როგორ იქმოდნენ.როლები გაცვალეს, გესმის? ადამინებმა დაიკავეს ჭიანჭველების ადგილი, ჭიანჭველებმა კი ადამიანების.  ამ დასკვნამდე მივედი, როცა ასე თუ ისე, გავეცანი მათი ცხოვრების ნირიც.    არ მსიამოვნებდა  იმ ნამცეცა ქმნილებების დანახვა, დიდხანს ვერ ვუძლებდი,  თვალს მალე  ვარიდებდი,  ჩემი მასპინძელი კი  პირდაპირ თვალებით ჭამდა მათ.  ოთხივე კიდურით მოწიწებით ეჭირა კოხტად მოწნული კალათა, რომელშიც ხსენებული გროვა იყო მოთავსებული.  ხანდახან ასწევდა თავს, შემომხედავდა,  მერე ისევ მოფუთფუთე გროვას დახედავდა, ნამდვილ განცხრომაში იყო. 
      ... და იმ დღიდან მისი თანაშემწე შევიქენი ამ ძნელ საქმეში, იმ ნამცეცა ქმნილებების ყოფაცხოვრებას ვგულისხმობ... უნდა ითქვას, ერთმანეთისთვის გამოსადეგნი აღმოვჩნდით,  იგი  გიგანტურ ადამიანს შეისწავლიდა ჩემი სახით, მე კიდევ გიგანტურ ჭიანჭველას ვეცნობოდი და ვსწავლობდი მისი სახით. ამას გარდა, მე ჭიანჭველების ცივილიზაციასაც ვეცნობოდი და ვიკვლევდი,  ჩემთვისვე ძალაუნებურად.  ხომ გესმით, ჭიანჭველების  ცივილიზაცია! იძულებული ვარ, ეს სიტყვა ვთქვა, თუმცა სულ არ მიხარია,  მათ ნამდვილად ჰქონდათ თავიანთი ჭიანჭველური, ექვსკუთხა ცივილიზაცია. რკინა მოათვინიერეს (ვაღიარებ, ეს სულაც არაა პატარა საქმე) შორს გაუსწრეს სხვა მწერებს განვითარების მხრივ, ობობებს, კალიებს, მატლებს... ნუღარ ჩამომათვლევინებ... უპირატესი ადგილი ეჭირათ მათთან შედარებით ჭიანჭველებს,  სამუშაო ძალად დ მოსამსახურეებად იყენებდნენ,  მთელი ცთომილი თვითონ  დაინაწილეს... ოჰ, დედამიწავ, ამას რას მოესწარი...
  ამ სიტყვების თქმისას ისე ამოიოხრა ჩემმა მეზობელმა, თითქოს გულიც თან ამოაყოლაო.  ჩანს, არ სიამოვნებდა ის ამბავი, რომ ჭიანჭველები (და საერთოდ, მწერები) ამ ზომამდე გაძლიერდნენ. როგორი ამბავია, თურმე  მთელი დედამიწა დაიპყრეს.  დიახ, დედამიწაზე ვიყავი ისევ, როგორც მოგვიანებით დავასკვენიო,    მწუხარებით მაცნობა.
      -…  თავიდან  მეგონა, სადღაც უცხო ცთომილზე ვიმყოფებოდი,  რომელზეც  გიგანტური მწერები სახლობდნენ. მერე და მერე ამოვიცანი ჩემი მშობლიური ცთომილი. უწინარეს ყოვლისა,  მზე და მთვარე დამეხმარნენ ამ ძნელ საქმეში,  ისინი ზუსტად ისეთები იყვნენ, რომლებსაც  შევყურებდი დაბადების დღიდან.  იქნებ იყო მათ შორის ოდნავი სხვაობა, ყოველ შემთხვევაში, მე ვერაფერს  ვამჩნევდი,  ჩემი ძველი ნაცნობები იყვნენ ორივენი. რაც შეეხება ვარსკვლავებს,  უნდა ვაღიარო, აქ არაფერი მაქვს სათქმელი.  დიდი ყურადღება არასოდეს მიმიქცევია ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის, არ ვიცოდი თანავარსკვლავედთა განლაგება,  წარმოდგენა არ მქონდა,  როდის რომელი ჩადიოდა და რომელი ამოდიოდა. მხოლოდ  ციურ ცთომილებს თუ გადავკრავდი თვალს  ხანდახან, ისიც მაშინ, თუ ვინმე მიმითებდა; ხედავ, ვენერა როგორ ბრიალებს, აგერ, მარსს შეხედე, სიხლის წვეთს არ ჰგავს?  მეც ერთს შევავლებდი თვალს და მორჩა. ჰოდა, დავისაჯე ამ უყურადღებობისთვის,  ვარსკვლავები ვერ დამეხმარნენ გამერკვია, ისევ დედამიწაზე ვიყავი თუ სადმე სხვა ცთომილზე.  მხოლოდ მზე და მთვარე მედგა მხარში ამ თვალსაზრისით,  მეც ამით ვკმაყოფილდებოდი, სხვა რა გზა მქონდა. 
      ...და კიდევ ფუტკრებმა მიმახვედრეს, რომ ისევ დედამიწაზე მედგა ფეხი. ძალზე  საოცარი ამბავი კი იყო, თანაც ჩემთვის ძალიანაც საამო,  ოდნავადაც არ შეცვლილან ეს სიმპათიური მწერები, ისევ  იმ ზომისანი იყვნენ, როგორებიც  უწინ დედამიწაზე მენახა.    ჩემთვის კარგად ნაცნობი, ანუ პატარა ზომის ფუტკრები დაფრინავდნენ ჰაერში,  ბეჯითად აგროვებდნენ თაფლს  ფიჭებში,    ზუსტად ისეთებში,  არაერთხელ  რომ მენახა დედამიწაზე.  რატომ და რანაირად შეინარჩუნეს პირვანდელი,  ჩემთვის კარგად ნაცნობი ზომები ფუტკრებმა, სრულიად აუგებარი იყო ჩემთვის. მართლაც საკვირველია, მაგრამ ასე მოხდა. განა ცოტა რამ ხდება ამ ქვეყნად, რომელიც  უნდა დაიჯერო და მეტი არაფერი, შეკითხვები  აღარ უნდა დასვა.
      ვერც იმას ვიტყვი, ერთადერთი გამონალისები თუ იყვნენ ამხრივ, რომელიმე სხვა მწერმაც თუ მოახერხა იგივე...  ამის კვლევაძიებით არასოდეს გამიცხელებია თავი, ოდნავადაც არ მაინტერესებდა.
      ფუტკრები  სხვა იყო,  მოვკრავდი თუ არა მათ თვალს,  მაშინვე ფიქრები დამესეოდნენ ფუტკრებივით,  რანაირად მოახერხერს ამ პაწია ქმნილებებმა პირვანდელი ზომების შენარჩუნება, რა ზეგარდმო ძალა დეხმარამათ ამ საქმეში? 
      ფუტკრები  ყვავილებმა გადაარჩინეს ცვლილებებს, ბოლოს ასე გადავწყვიტე. გიგანტური ფუტკრები  როგორ იფარფატებდნენ ყვავილიდან ყვავილზე, როგორღა დაასკუპდებოდნენ  სიფრიფანა, ფერადოვან ფურცლებს. ნექტარს  რა გზით  მოიპოვებდნენ,  ასეთი რამეები უკვე მიუწვდომელი იქნებოდა მათთვის.  ვერც ყვავილები დარჩებოდნენ უბრალო მჭვრეტელებად ამ საქმეში, მათ ხომ სასიცოცხლოდ სჭირდებათ ფუტკრების სტუმრობა, გიგანტური ზომის ფუტკრებს კი ვეღარ უმასპინძლებდნენ. ეს ყოველივე  ერთგვარი შეთქმულებას ჰგავს,  ფუტკრები და ყვავილები გარიგდნენ, არ დამორჩილებოდნენ ცვლილებებს,  და ეს მშვენიერი გარიგებაა, მე ასე ვფიქრობდი. ყველაზე უფრო ეს მომეწონა ექვსკუთხა ცივილიზაციის წიაღში,  თვალსაც  კმაყოფილებით ვადევნებდი, ფუტკრები როგორ დასტრიალებდნენ თავზე ყვავილებს.  მიხაროდა მათი დანახვა,  ფიქრებით  იმ დროსა და სივრცეში გადავინაცვლებდი, როცა დედამიწაზე უმაღლესი წესრიგი სუფევდა, ანუ, როცა  ადამიანებს ეპყრათ ცივილიზაციის სიმაღლეები.  დიდად მადლიერი ვიყავი ამის გამო ამ სიმპათიური მწერების, ნამდვილად მიყვარდნენ ისინი.  მათ ამჯობინეს, პატარებად დარჩენილიყვნენ, რათა დიდი საქმეები ეკეთებინათ.
      ...და ცხადია, ჭიანჭველებსაც უყვარდათ ისინი, ოღონდ ცხადია, თავისებურად...  უვლიდნენ, თავზე ევლებოდნენ, საგანგებო სკებსაც უდგამდნენ,  ექვსკუთხა სკებს.  სხვათა შორის, ძალიანაც მომეწონა ექვსკუთხა სკა,  მოხერხებულიც იყო და სიმპათიურიც.  უმდიდრესი ჭიანჭველა ის იყო, ვისაც ყველაზე მეტი ექვსკუთხა სკა ჰქონდა, ანუ ყველაზე მეტი ფუტკარი ჰყავდა. მისი ძლევამოსილებაც სწორედ ამით იზომებოდა.
      ჰოდა, სწორედ ამ დიდი სიყვარულის (ექვსკუთხა ფიჭის და თაფლის) ნაყოფი გახლდათ ჭიანჭველების ექვსკუთხა ცივილზაცია. ყველა შენობა ხომ ექვსკუთხა იყო, ამაზე მგონი უკვე გითხარი.  ვეცდები უფრო ცხადად დაგანახო; მიდიხარ ქუჩაში, ორივე მხარეს ექვსკუთხა შენობები დამწკრივებულან,  დიდი თუ პატარა, ყველა ერთნაირად ექვსკუთხაა.  შიგადაშიგ ნამდვილი კოშკები გხვდება, ცხადია, ექვსკუთხა...ეს კიდევ რაა, იქ სივრცეც ექვსკუთხაა, ჩვენგან, ადამიანებისგან განსახვავებით.  მიწიერი სივრცე ოთხკუთხაა, ანუ ოთხი მიმართულება გვაქვს, აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი.  ჭიანჭველებმა  ამ ჩამონათვალს ორიც დაუმატეს,  გამოვიდა ექვსი მიმართულება. ოთხივე კუთხით გზა ხსნილი გაქვს, ჩვენ, ადამიანები ასე ვიტყვით ხოლმე, როცა ამას საჭიროება მოითხოვს. ჭიანჭველები კი, ექვსივე კუთხივ გზა ხსნილი გაქვს, ასე ეუბნებიან ერთმანეთს.    დიახ, მათთვის სივრცეც ექვსკუთხაა, თაფლის ფიჭის მსგავსად. 
      შეიარაღებაც ექვსკუთხა აქვთ, ექვსკუხა ფარებით იცავენ თავს.  უწინარეს ყოვლისა, ფარები მეცა თვალში, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა მასალის ფარები,  ფორმით ყველა ექვსკუთხა იყო. შეტევისთვის გამიზნული იარაღიც ექვს კუთხეზე იყო ჯვარაწერილი. დამინახავს მძიმე ჩუგლუგები, იმის მსგავსი, შუასაუკუნეებში რომ იყენებდნენ ადამიანები, .ყველა მათგანი ექვსკუთხა იყო.ექვსკუთხა ტარი ამშვენებდა  საომარ დანებს და ხანჯლებს.  დიდი ომები ჰქონდათ ერთმანეთშიჭიანჭველებს.  იკითხავთ, რაზე ომობდნენო.  წვრილმანებით არასოდეს დავინტერესებულვარ, მთავარი მზეზი კი მშვენივრად ვიცოდი; თაფლი, თაფლი და ისევ თაფლი.  არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ენით არ აიწერება, თაფლი ისე უყვართ  ჭიანჭველებს.  სწორედ ამის გამო გამუდმებული დავა აქვთ ერთმანეთში. რაც შეიძლება მეტი ადგილი დაიკავონ მზის ქვეშ, რაც შეიძლება მეტი თაფლი მოიპოვონ, ესაა მათი  სასიცოცხლო მიზანი.  მერე რა დაუნდობლები არიან.  მინახავს მათი ორთაბრძოლები, კიდურებს აგლეჯენ ერთმანეთს (თავის დღეში მათ კიდურებს ხელფეხს არ ვუწოდებ),  თავებს უხეთქავენ, ნაწილნაწილ კეპავენ,  მეტად მძიმეა  საყურებლად.  კიდევ უფრო უარესი, როცა გუნდგუნდად დაერეოდნენ ერთმანეთს, როცა მკვდრების და დასახიჩრებულების გორები დგებოდა.  შევყურებდი ამ შემზარავ სანახობას          და არაფერში ვერეოდი, მათ ომებთან ნამდვილად არაფერი მესაქმებოდა,  აბა რა მრჯიდა? თუმცა ბოლოს მაინც ჩავერიე, თანაც როგორ...
      ახლავე გეტყვით, რა მაქვს მხედველობაში;  მეტად უბრალო საბრძოლო აღჭურვილობა ჰქონდათ ჭიანჭველებს,  და ეს  არ მომწონდა, ძალიან ძალიან არ მომწონდა. სადღაც შუა საუკუნეებში ჩარჩნენ.  ჩვენი, ადამიანური გაგებით., რა თქმა უნდა. ჩუგლუგი,  დანები და ხანჯლები, ეს იყო სულ.    რკინის გამოყენება იცოდნენ  და უნდა ვაღიარო,    ეს სულაც არ გახლდათ პატარა საქმე,  რამდენი დრო დასჭირდა კაცობრიობას რკინის მოსათვინიერებლად. მაგრამ აქ გაჩერდნენ ჭიანჭველები,  წინ ვეღარ  წაიწიეს,  ჯერ არ იცნობდნენ ფეთქებად ენერგიას.    მერე როგორ  გამოადგებოდათ ბრძოლებში.  ერთი სიტყვით, საბრძოლო ტექნიკა ფეხს ითრევდა ექვსკუთხა ცივილიზაციის წიაღში,  რაც  მეტად უსიამოვნოდ მხვდებოდა თვალში.  მე ვითავე ამ საქმის გამოსწორება, მე წავახმარე ხელი, დენთის გამოყენება ვასწავლე მათ. ეს  ჩემი მასპინძლის წყალობით მოვახერხე.  ალბათ გაგიკვირდება, როგორ აგებინებდით ერთმანეთსო; გიპასუხებთ: ჭიანჭველები ხომ საერთოდ ძალიან ცოდნის მოყვარეები არიან და ალღოიანი, ჩემი მასპინძელი კი ბევრად აღემატებოდა სხვებს,  უსიტყვოდაც კარგად ვუგებდით ერთმანეთს, თანაც მოგვაინებით მათ ენაში ცოტათი  გავერკვიე. მასპინძელმა ჩემი ნიშნები და ზოგიერთი სიტყვაც ისწავლა და დაიმახსოვრა... და საერთოდ მასში მეცნიერული ენთუზიაზმი სძლევდა ყველას და ყოველივეს; მე კიდევ ცდას არ ვაკლებდი, ჩემი ბრწყინვალე იდეა როგორმე მიმეწოდებინა მისთვის, ხელებით, ფეხებით, თავით, გულით, ყველაფრით ვლაპარაკობდი.
      - განა გეკადრებათ თქვენ, ჭიანჭველებს, ამისთანა უბრალო იარაღი? ერთი კარგად მიიხედმოიხედეთ,  ცას სწვდება თქვენი ექვსკუთხა კოშკები, მსგავსი არაფერი მოსწრებია მზისქვეშეთს..ყველა ცოცხალი არსება ქედს იხრის თქვენს წინაშე, აღიარებს თქვენს უპირატესობას (მხედველობაში მყავდა სხვა გიგანტური მწერები)), მთელ დედამიწაზე ჭექს და ქუხს ექვსკუთხა ცივილიზაციის დიდება, თქვენი საბრძოლო იარაღიც უნდა ჭექდეს და ქუხდეს.
        აი ასე,დღითიდღე ვუჭედავდი ახალ იდეას  ჩემს მასპინძელს ჭიანჭველურ თავში.  ძალიანაც დაინტერესდა, ყოველივე მშვენივრად გაიგო, მერე კი  ყველას გააგებინა ამის შესახებ. ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო: მგონი მთელი დედამიწა დაიპყრო ჭიანჭველების იმ ტომმა, სადაც მე შემთხვევით მოვხვდი, ომები საერთოდ აღარ ხდებოდა, მოწინააღმდეგე ბანაკში მსხვერპლი უზარმაზარი იყო, მათ ხომ არ იცოდნენ დენთის გამოყენება, არ ფლობდნენ ამ საიდუმლოს. ჯერჯერობით! დადგებოდა დრო, ისინიც გაიგებდნენ, შეძლებდნენ ფეთქებადი ენერგიის  გამოყენებას, აი , მაშინ იქნებოდა, რაც იქნებოდა...იქნებ მკითხო, ასე რატომ მოვიქეცი...
      ამ სიტყვების თქმისას ჩემსკენ მთელი ტანით შემობრუნდა ჩემი მეზობელი.
      - რაზე ამბობ?- ვკითხე გაკვირვებულმა.
      -რატომ ვასწავლე მათ დენთის საიდუმლო.
      -შენი საქმისა შენ იცი...
      - მართალი ხარ, კარგად ვიცოდი , რასაც ვაკეთებდი...  მინდოდა  მათგან გაწმენდილიყო  დედამიწა, გიგანტური მწერებისთვის  ნამდვილად არ მემეტებოდა ჩემი მშვენიერი ცთომილი.  მინდოდა ისევ ადამიანებს დარჩენოდათ.
      - ნამცეცა ადამიანებს?
      - თუნდაც, - შემეხმიანა გაბრაზებით, -იქნებ გაზრდილიყვნენ, დაებრუნებინათ დაკარგული სახე, ძველი დიდება...
    ცოტა ხნით ჩუმად იყო, რაღაც ფიქრებმა წაიღო, მერე ისევ გააგრძელა;     
    - შევყურებდი ჭიანჭველების  ომებს და გულში ორივე მხარეს ვაქეზებდი; მიდი, მისცხე, გაანადგურეთ ერთმანეთი, არ მინდა, თქვენისთანა ურჩხულები თელავდნენ ამ მშვენიერ ცთომილს.  ცხადია ის გვარტომი იმარჯვებდა, რომელსაც მე მივეკედლე...  მოჰყავდათ ერთმანეთზე გადაბმული ტყვეები, აიძულებდნენ მუქთად ემუშავათ და იყო გაუთავებელი ღრეობა და დროსტარება. ოჰ, თქვენ რომ გენახათ ის ზეიმები. . . ჩვენი გვარტომის მეფე თაფლის ფიჭის ტახტზე იჯდა, (გაუგონარი ფუფუნება) თაფლი პირდაპირ მდინარეებად მოედინებოდა, (ესეც გაუგონარი ფუფუნება) გულით ილხენდნენ წიანჭველები, ცეკვავდნენ...ცეკვა ექვსი კიდურით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა... რაღაც უცნაურ ბგერებს გამოსცემდნენ, ანუ მათი ჭკუით, მღეროდნენ. მერე იმართებოდა ქორწილები. . . მაგაზე ნუღარაფერს მკითხავთ, არ გვინდა. უკეთესია, იმაზე მოგიყვეთ, სილამაზის კონკურსები რომ იმართებოდა. სარკის წინ როგორ იპრანჭებოდნენ ულამაზესი (ჰმ) ჭიანჭველები. სარკეები ჰქონდათ ჭიანჭველებს, თანაც ჩვენი სარკეებისაგან რაღაცით განსხვავებულნი. უფრო მკაფიოდ, სრულფასოვნად აირეკლავდნენ ხოლმე გამოსახულებას. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგის გამორკვევა ვეღარ მოვასწარი. რასაკვირველია, ყველა სარკე ექვსკუთხა იყო. ჰოდა, აი იმ ექვსკუთხა სარკეებში ირთვებოდნენ კონკურსში მონაწილე ჭიანჭველები, მერე გამოდიოდნენ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ლამაზმანები, გაივლ - გამოივლიდნენ და თავს აწონებდნენ დამსწრე საზოგადოებას. მერე საიდუმლო კენჭისყრით ირჩეოდა ულამაზესი ჭიანჭველა, დაადგამდნენ თავზე ფიჭისგან  შეთხზულ გვირგვინს და გაატარ - გამოატარებდნენ ყველას დასანახად. რა ვიცი, ალბათ იყო ლამაზი, ვერაფერს გეტყვით. ამის მერე იწყებოდა სხვა მწერების, კალიების, მუხლოხოების, ობობების, მატლების და ა. შ. შეჯიბრი. მათაც გამოჰყავდათ თავიანთი ულამაზესი ეგზემპლარები. ვერ გეტყვით, დიდად მასიამოვნა მეთქი მათმა ყურებამ. ერთადერთი ობობების ყურებაში გავერთე შედარებით. გამოდიოდნენ ჭრელი ობობები, შეფერილობით ძალიან ლამაზები, მათ გრძელფეხები მოყვებოდნენ, ეჯიბრებოდნენ, რომელს უფრო გრძელი ფეხები ჰქონდა. გამარჯვებულად ის აღიარეს, რომელმაც საკუთარ თავს გადააბიჯა,  მართლაც საოცრად გრძელი კიდურები ჰქონდა.  მუხლუხოებს შორის იმან გაიმარჯვა, ვინც ყველაზე სქელი იყო. ო, რა თავმომწონედ დაიზლაზნებოდა, გაცოცხლებულ ტანკს ჰგავდა. სხვათა შორის, ტანკების იდეაც მივაწოდე ჩემს მასპინძელს, იმედი მაქვს, უახლოეს ხანში მიხედავენ ამ საქმეს. კალიების შეჯიბრის დროს მიხვრა - მოხვრას მიანიჭეს უპირატესობა,  ყველაზე ცქვიტად რომ ახტა - დახტა, ის აღიარეს გამარჯვებულად. ვუძლებდი ყოველივე ამას, მეტი რა საშველი მქონდა, იძულებული ვიყავი,  ყველა საზეიმო ღონისძიებას დავსწრებოდი. მე ხომ საწაულმოქმედი იარაღის შემქმნელი ვიყავი, ამის შესახებ ყველამ გაიგო. ამაში ჩემი ასპინძელს ( ვერ დავუკარგავ),  მიუძღოდა დიდი ღვაწლი.  როცა იანჭველების მეფე დაინტერესდა, თუ ვინ იყო სასწაულმოქმედი იარაღის შემქმნელი, ჩემმა მასპინძელმა, მართლაცდა უანგარო მეცნიერმა, ჩემსკენ მოაშვირა თავისი მარწუხი ,  და ჭიანჭველების მეფემ მოწყალე მზერა შეაჩერა ჩემზე...
      იმ დღიდან ყოველივე შეიცვალა. უპირველესი ჭიანჭვლა გავხდი ჭიანჭველათა შორის!  შორს დარჩა ის დრო, როდესაც ჭიანჭველებს ჩემს არსებობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ო, ახლა სულ სხვა იყო, ჭიანჭველები წელში ექვსკეცად იკეცებოდნენ ჩემი დანახვისას,(არ ვიცი, ამას როგორ ახერხებდნენ),  მდაბალ თაყვანს მცემდნენ. მქონდა საკუთარი ექვსკუთხა კოშკი, ექვსკუთხა სარკრ=ეებით დამშვენებული. და ყველა მზეთუნახავი  ჭიანჭველა ჩემზე იყ შეყვარებული, თითქმის ყველა.
      მერე რა ორკესტრი უკრავდა მათ ზეიმებზე.... . . მუსიკალური საკრავები არ აქვთ, ტყუილს ვერ ვიტყვი.  სამაგიეროდ საგანგებოდ გაწვრთნილი ჭრიჭინების და კუტკალიების მთელი არმია ჰყავთ. ყველა დღესასწაულს ისინი აფორმებენ. ის კი არადა, საომარი მარშის დაკვრაც კი შეუძლიათ. უნდა ვაღიარო, რომ საოცარი ბგერები გამოჰყავთ,  ვიოლინოს ხმით დაწყებული, დოლით დამთავრებული.
        იცით რა მხვდებოდა  გულზე ყველაზე ყველაზე ცუდად? ნამცეცა  ადამიანები....ეჰ,  აღარ მინდოდა მათი დანახვა, მაგრამ მაინც ვერ ვითმენდი, ხანდახან    მვაკითხავდი იმ პატარა კალათას, რომელშიც ის პაწია არსებები, ადამიანები თუ მათი რაღაც გაურკვეველი ნარჩენები ფუთფუთებდნენ.  უკვე გითხარი, როლები გაცვალეს, ადამიანებმა დაიკავეს ჭიანჭველების ადგილი და პირიქით.  ძალიან მიკვირდა ეს ამბავი, მიკვირდა და ვერანაირად  ვერ ვეგუებოდი.  ერთხანს  ვუყურებდი იმ ნამცეცა არსებებს და მერე მუსაიფს გავუბამდი;    - 
      -ეს რა დაგმართიათ, თქვე საცოდავებო, ასე რამ დაგამცროთ? ნუთუ ეს დღე მოგველის ჩვენ, ადამიანებს, დედამიწის მბრძანებლებს...   
      არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ ამ სიტყვებზე, ისევ ისე ფუთფუთებდნენ რაღაც ნეხვის გროვაში. მეც უსიამოდ ვარიდებდი მათ ა თვალი.
      ერთხელაც, ვხედავ, ჩემი მასპინძელი ძალიან გაკვირვებულია. საერთოდ, ყოველთვის  ხატოვნად გადმოსცემდა ხოლმე გაკვირვებს, ოთხ კიდურს ასავსავებდა ჰაერში, ახლა კი  ჰაერში შეხტა და ექვსივე კიდური გასავსავა, რაც გაკვირვების უკიდურესი  ხარისხის ნიშანია.  რა ხდება მეთქი, თვალი მივადევნე. ვხედავ,  პინცეტით აიღო პაწია ყვითელი ნამცეცი, ( ნამდვილი მიწიერი პინცეტი გახლდათ, ყვითელი ნამცეცი კი ოქრო გამოდგა).  პაწაწინა ადამიანების ხროვის ზუსტად შუაგულში ჩააგდო. მაშინვე რაღაც საშინელება დატრიალდა, უკლებლივ ყველამ ამ ნამცეცის დასაკუთრება მოინდომა. დაერივნენ ერთმანეთს, მერე რადაუნდობლად დაერივნენ, ხელ - ფეხს აგლეჯდნენ, ახრჩობდნენ., თავებს უხეთქაბდნენ ერთმანეთს. სულ მალე მთელი ხროვა (ისინი ამ სიტყვას იმსახურებენ)  თითქმის განახევრდა. უკვე ვაპირებდი მეყვირა:’’ წაართვით მათ ეს ოქროს ნამცეცი!’’ რომ თვითონ ჩემი მასპინძელი ჩაერია,  პინცეტით ააცალა ოქროს  ნამცეცი გამხეცებულ ხროვას. 
          - დროზე თუ არ წაართვი, ერთიც არ დარჩება ამათში ცოცხალი, - თქვა ჩემმა მასპინძელმა, - აი, ეს არის საოცრება, რომელიც ვერაფრით ამომიხსნია. რატომ ხოცავენ ასე დაუნდობლად ერთმანეთს ამ ყვითელი ნამცეცის გამო.
        მე ხმა არ დავძარი. საჭიროდ არ ვცანი, რაიმე  განმარტების მსგავსი მეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჩემი მასპინძელი დიდად დაინტერესებული მელოდა, რას ვეტყოდი, როგორ ავხსნიდი ჩემი ნამცეცა ნათესავების საქციელს.  ვიცი, ახლაც მელის. . . ჰოდა, მელოდოს. . .
      გაჩუმდა ჩემი უცნობი მოსაუბრე, ფიქრმა წაიღო. როგორც ჩანს, ამ საკითხზე ადრეც ბევრი უფიქრია. მეც ხმას არ ვიღებდი. პირველად მაშინვე გამიელვა ეჭვმა, ნეტავი ხომ არ მეხუმრება მეთქი. სხვათა შორის ეს ეჭვი თავიდანავე მქონდა, თუმცა, მაინც ბოლომდე ვუსმინე.
      - დამაჯილდოვეს, - ამ სიტყვით გააგრძელა ლაპარაკი უცნობმა თანამოსაუბრემ, - უდიდესი ჯილდო მარგუნეს, რაც კი რომელიმე ჭიანჭველას ღირსებია.  დიდად მადლიერნი იყვნენ ჩემი, არც იყო გასაკვირი, მე ხომ მათ მთელი დედამიწა ჩავუგდე მარწუხებში.  ეს ყველა ჭიანჭველამ იცოდა, მეფის ჩათვლით, ამიტომ ჩემი დაჯილდოება ნამდვილ  ზეიმად აქციეს.  დიდი თავყრილობა იყო, ამდენი ჭიანჭველა ერთად თავმოყრილი მანამდე არც კი მენახა.  უაღრესად    დახელოვნებული ჭრიჭინების  ორკესტრი უკრავდა.  ისეთი ბგერები გამოჰყავდათ, მანამდე რომ არსად მსმენოდა.    ჭიანჭველების  მეფემ გულზე საკუთარი ხელით დამაბნია ფიჭის მედალი. ... და სწორედ მაშინ, როცა  მეფის ხელი  შემეხო, ჭრიჭინებმა ისეთი საგალობელი დასცხეს, ლამის ზეცას უწვდინეს ხმები. მეფის ასულმა კი, მშვენიერმა ჭიანჭველუკამ (მე ასე ვუწოდებდი გუნებაში), საკუთარი კიდურით მომართვა თაფლით სავსე თასი, რათა ყველას თვალწინ დამელია. მეც დავლიე ძალიან გემრიელი თაფლის სასმელი. ამ დროს კიდევ უფრო შეიმაღლა ხმა ჭრიჭინების ორკესტრმა და ჩემთვისვე მოულოდნელად თავზე ყვავილების ფურცლები გადამეყარა. ყვავილები ძალიან უყვართ ჭიანჭველებს.
      მეც მივიღე ეს პატივი. მერე კი მოკრძალებით დავიხიე უკან, ჩემი ექვსკუთხა სადგომისკენ გავეშურე, რათა დამესვენა. შევედი კარავში. . . თავს მშვენივრად ვგრძნობდი. თაფლის სასმელი მართლაც გემრიელი იყო, ჭიანჭველების მოწიწებასაც ცხადად ვხედავდი, ესეც სასიამოვნოდ განვიცადე. ყვავილების ფრუცლებიც ძალიან სურნელოვანი იყო. ყოველივე ამან ცოტა ხნით იმ დროში დამაბრუნა, როცა ადამიანის სახე მქონდა,ადამიანივით განვიცდიდი ყველაფერს.  ჩავიხედე ექვსკუთხა სარკეში, კმაყოფილმა და ბედნიერმა.... და რას ვხედავ, სარკიდან ჭიანჭველა მიყურებს(!).  ამან, როგორც იტყვიან, ცივი წყალი გადამასხა. 
        - რა გიხარია, შე საცოდავო, - ვუთხარი საკუთარ გამოსახულებას, - ვინ გგონია შენი თავი, ჭიანჭველა ხარ, ერთერთი ჭიანჭველათაგანი და მეტი არაფერი.
      ზიზღით ვაქციე სარკეს ზურგი და ასეთი დასამახსოვრებელი სიტყვა ვუთხარი საკუთარ თავს: როცა დიდებისკენ ისწრაფვი, სარკეში აღარ უნდა ჩაიხედო.
      ისევ გაჩუმდა ჩემი უცნობი მეზობელი. ახლა შედარებით დიდხანს დუმდა. აღარც მე ვიღებდი ხმას, მოსმენილზე ვფიქრობდი. ცოტა ხანში ისევ წამოიწყო:
        . . . იმ ჭიანჭველუკამაც თავისი დამმართა, აი, იმან, ვინც თაფლის სასმელი დამალევინა, (ჰმ) თურმე თვალში მოუვედი, შეყვარებული ყოფილა ჩემზე. ძნელი წარმოსადგენია, არა? ჭიანჭველებსაც უყვარდათ ერთმანეთი. მეტად საინტერესო თავგადასავლებს მიყვებოდა ჩემი მასპინძელი, თუმცა მე ყურს  ბოლომდე არასოდეს ვუგდებდი. რა ჭიანჭველა, რისი სიყვარული, სასაცილოდ არ მყოფნიდა. თურმე სადა ხარ?! ნამდვილი დრამები თამაშდებოდა ექვსკუთხა სასახლეებში. ერთმანეთს არ ზოგავდნენ ჭიანჭველები ეჭვიანობისა თუ სხვა რამის გამო. როგორი წარმოსადგენია, ჭიანჭველას რომ ეუბნები: ჩემო ულამაზესო, ერთადერთო, განუმეორებელო... ანდა იმ სქელუა მუხლუხოს აუხსნა სიყვარული: შენზე ამომდის მზე და მთვარე.  ისიც ნაზად იზლაზნება... თუნდაც ობობები ვთქვათ, ნამდვილი ამორძალები. . . ეჰ, არ მინდოდა ჭიანჭველუკების სასიყვარულო ინტრიგებში ჩარევა,  მაგრამ ვაი, რომ მომიწია.... არა, მე არ შემყვარებია არც მატლი, არც ჭიანჭველა. როგორც გითხარი, მას შევუყვარდი, თანაც მეფის ასულს.
      ჰოდა, არ გინდა იღბალი? ის ჭიანჭველუკა კიდევ სხვა ჭიანჭველას უყვარს. თანაც, არ იკითხავ ვის? მთავარსარდალს, უამრავი ომების მოგებას რომ ჩემულობს.
      აი, ამან კი ძალიან გაართულა ჩემი აღზევებული, წარმატებული ცხოვრება ექვსკუთხა ცივილიზაციის წიაღში. მე ჭიანჭველუკა დამდევდა, მას კიდევ- მთავარსარდალი ჭიჭყიტია... ასე შევარქვი, ეს სახელი მივიჩნიე მისთვის შესაფერისად... გავურბოდი ერთსაც და მეორესაც, მაგრამ  ვერსად ვიმალებოდი, ყოველთვის მპოულობდნენ... ასე რომ,  შავი დღე მადგა, აღარ ვიცოდი, რა მეღონა. ერთი იმის იმედი მქონდა, თვითონ ჭიანჭველების მეფეს არ უნდოდა ჩემი სიძეობა. არ ვიცი, რატომ, როგორღაც ეჭვის თვალით მიყურებდა, მთავარსარდალი ერჩივნა. მხევლები მიუჩინა თავის ჭიანჭველუკას, რათა ჩემთან არ გამოპარულიყო.
      მეც  ვნატრობდი, რაც შეიძლებოიდა მალე გადაეხადათ ქორწილი, მთავარსარდალისთვის დროზე მიეთხოვებინათ ჭიანჭველუკა. თუმცა აჭიანურებდნენ, დღემდე არ ვიცი, რატომ.
      როგორც იქნა, დანიშნეს ქორწილის დღე. სული მოვითქვი, გადავრჩი - მეთქი და სწორედ ქორწილის წინა დღეს ჭიანჭველუკამ მაინც მომაგნო, გამოეპარა თავის მხევლებს, შემოიჭრა ჩემს ექვსკუთხა კარავში, ჩემსკენ გამოიქცა და ექვსივე კიდურით გადამეხვია. შევწუხდი, არ ვიცოდი, რა მეღონა და სწორედ ამ დროს მთავარსარდალი მოთოხარიკდა. დაგვინახა, სულ მთლად გაგიჟდა. არ ვიცი, რა იფიქრა. ჭიანჭველუკა საჩქაროდ მიაგდო გვერდზე, მე კიდე დამავლო მარწუხი (მაინც რა ღონიერი აღმოჩნდა ის შეჩვენებული), მიწიდან მომწყვიტა და ჰაერში  ამაგდო, თან მაგარი პანღურიც მითავაზა, ისე, რომ  ბურთივით ავხტი მაღლა. . .  ავხტი და სრულიად მოულოდნელად ისევ ჩემს სახლში, ჩემს სივრცე - დროში დავხტი. თვალს ვერც კი დავუჯერე, სანამ კარგად არ მოვათვალიერე ყველაფერი.
      -გადარჩენილხარ - მივულოცე მე.
      - მართლაც გადავრჩი, - დამეთანხმა, - კიდევ კარგი, რომ ასე ძლიერად მაბურთავა ჭიანჭველების მთავარსარდალმა, რაღაც რკალი ავწერე დრო - სივრცეში და როგორც ჩანს ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. მაგრამ მაინც, ხანდახან რომ დავფიქრდები, მომენატრება ხოლმე იქაურობა.
      - რატომ, იქ რაღა დაგრჩენია, - ვკითხე მე.
      - მე ხომ პირველი ჭიანჭველა ვიყავი ჭიანჭველების მეფის კარზე, - მივიღე პასუხად, -აქ კი ვინა ვარ, ჭიანჭველა ვარ, ერთი ჭიანჭველათაგანი...

                                                                                         
                                                                          * * *

      შემაჟრჟოლა. მზე ჩასულიყო, უკვე საკმაოდ გრილოდა.  შემეშინდა, ისედაც ახალი ნაავადმყოფარი  ხელახლა არ გავცივდე მეთქი, ვიჩქარე წამოსვლა. მაინც როგორ გამეპარა დრო. ახდა ჩემი შიში, იმ ღამესვე შემამცივნა, ორი კვირა სახლიდან ცხვირი ვეღარ გავყავი. საკუთარ თავს ვსაყვედურობდი, ნეტა რას ვუსმენდი იმ აბდა - უბდას - მეთქი, მაგრამ მისი დავიწყებაც რომ ვეღარ შევძელი?  ექვსკუთხა ცივილიზაცია. . . ალბათ ასეთი რამეც შესაძლებელია, ვინ რა იცის, რა არ ხდება სამყაროში. სადღაც ვნატრობდი კიდეც, იქნებ  კიდევ შემხვედროდა  ის ადამიანი, უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდებოდი მის ნაამბობს.  ისე საჩქაროდ დავშორდი, ბევრი რამ დარჩა ჩემთვის გაუგებარი. ...და საერთოდ, ჭიანჭველების ცივილიზაციას როგორ მიაკვლია? აი ესაა ჩემთვის ყველაზე საინტერესო.  იქიდან აქამდე, ანუ ჭიანჭველების ცივილიზაციიდან ჩვენს რეალობამდე  მთავარსარდლისგან მიღებულმა ჭიტლაყმა  დააბრუნა, თვითონვე  მითხრა და ეს კარგად ვიცი, მაგრამ აქედან იქ, ჩვენგან ჭიანჭველებამდე  როგორ მოხვდა, ამოუხსნელი გამოცანაა ჩემთვის დღემდე.  უწინარეს ყოვლისა, სწორედ ამის შესახებ გამოვკითხავ, თუ სადმე შემხვდა.  ასეთი რა მალაყი გააკეთა დრო - სივრცის წიაღში, ასე შორს რომ გაუტია. ვინმე დაეხმარა, თუ თვითონ შეძლო რაიმე  მანქანებით....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები