ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2020


ტბა, ხსნა და ნაცარი

მინდა დავწერო, მაგრამ მთელი დღე ერთი სიტყვა არ ამომიტივტივდა გონებაში, რომელიც ფურცელზე გადასატანად ღირს. ყველა ხელს მიშლის. წერას არავინ მაცდის. თავადაც არ ვიჩენ საკმარის ძალისხმევას, რომ რამე გამომივიდეს. ვზივარ და ვუცდი გამაოგნებელ სიუჟეტს, ფილმის ყურებასავით მარტივი მგონია პერსონაჟების გამოკვლევა. სიტყვები არსადაა. თითქოს მონადირე ვარ და მემალებიან. სიბნელეში, ნივთების უკან არიან მიყუჟულები და სუნთქვაშეკრულები უცდიან მხსნელს, რომელიც იქამდე არ გამოჩნდება და გადაარჩენს მათ, ვიდრე მონადირე არ დაიღლება. მე კი სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ძილის ჟამს ასეთი კეთილი შეიძლება ვიყო. როცა უშედეგო მცდელობებით გადაღლილს, მოქუფრული ცასავით განწყობა გაფუჭებულსა და მთელი დღის მღელვარებისგან დაქანცულს სახეზე ირონიული ღიმილი მეპარება, რადგან სიცოცხლე უსიამოვნო ტვირთი მგონია, თავის გადასარჩენად ძილი მინდება, რომ სიკვდილის უფსკერო ჭაობმა არ მაცდუნოს თავისი მომხიბვლელობით. გამორიცხულია ამ დროს მხსნელად ყოფნა შემეძლოს! სასაცილოა.
გამოსავალი არ არის, ალბათ.
წვიმდა გუშინ. მე ხმა მესმოდა. საწოლში ვიწექი და სასიამოვნო მუსიკად მეღვრებოდა წვიმის ხმა ყურებში. არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი, არადა ძილის წინ ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე და წარსულს ვიხსენებ ან მომავალზე ვოცნებობ. იმ სცენებს ვხატავ გონებაში, სადაც ჩემი ქმედებები და საუბარი ერთიანად ყველას ხიბლავს, ვინც გარშემოა და აღფრთოვანებულ მზერათა ერთპიროვნული დამპყრობლის როლში შესულს, გამარჯვებულის ემოციებითა და თავდაჯერებით გადავსებულს, ერთადერთი რამ მინდება. სხეული ცეკვას მთხოვს, გონებაც სრულ ჭკუაზე აღარ არის და მაშინვე ემონება ყველა მოთხოვნილებას. ცხოველივით ვარ: უკონტროლო და სურვილებს აყოლილი.
გუშინ ეს დავწერე:
გაწვიმდა და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. მძიმე ემოციური ფონისა და მელანქოლიის გამო სულ ტირილი მინდება წვიმის დროს და ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ასე აშკარად გაშიშვლება საშინელ დისკომფორტში მაგდებს. მოკლედ გაურკვევლობაში ვარ. რამდენი წამი დამჭირდა ამ წინადადებების დასაწერად ნამდვილად არ დამითვლია, მაგრამ წერა ძალიან მომენატრა და ახლა ამ მონატრებას ჩავკლავ, სიამოვნებით დავლევ, როგორც ცივ ყავას, რომელსაც ჩემი და ძალიან ატკბობს ხოლმე, როდესაც თავისთვის იკეთებს და მეც ვთხოვ, რომ ერთი კიდევ გააკეთოს ჩემთვის. იდიოტური გადახტომები გამომდის. აი, რითი დავიწყე და რითი გავაგრძელე... ნეტავ დასასრულს რას ვიტყვი? რა თემაზე გადავსკუპდები? თუ მე გადასკუპება არ შემიძლია და მხოლოდ ფრენა ძალმიძს, რამეთუ ამისთვის ვარ დაბადებული? მჯერა, ფრთები მაქვს, უხილავი, და ანგელოზის შარავანდედით ვარ გაბრწყინებული, რადგან მე ძალიან კეთილშობილი, ემპათიური ადამიანი გავიზარდე. მარია გამახსენდა, თვალებანთებული და ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულად თავისუფალი მარია... ვინ იცის, მოიხიბლა ჩემით? მაგრამ დრომ არ გვაცადა ერთმანეთის უკეთ გაცნობა და არც სამსახურის დებილურმა გარემოებებმა. ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ არის. ყელში მიჭერენ ბინძურ ხელებს, მახრჩობენ და მე ვერც კი ვხავი, რომ დახმარება ვითხოვო. ამ ჭაობში თავად შევტოპე, ჩემი ბრალია, რომ სიღრმეებისკენ ნელ-ნელა, უკან მოუხედავად მივიწევ და ვიძირები, როგორც ტბაში გადასროლილი უსიცოცხლო კენჭი, რომელმაც ერთი-ორი წრე მოხაზა ტბის ზედაპირზე, მცირე ტალღები გამოიწვია მის მოწესრიგებულ სივრცეში და მერე გაქრა, წყვდიადმა შთანთქა და უჟანგბადობამ ტბის ღრმა ფენებში, სადაც ჭაობის ძირი იმალება და მიმზიდველი სინათლით ყოველდღე მიხმობდა ხოლმე, ვიდრე საბოლოოდ არ გავბედე და მისკენ არ გავექანე. ოხ, როგორ ვნანობ იმ დღის გათენებას, იმ დილით მზე რომ ამოვიდა და გამოანათა ცის ლაჟვარდოვანი უსასრულობიდან... ვნანობ ჩემ ქმედებებს, გადაწყვეტილებებს და არც მინდა მათი გამოსწორება, სიმართლე რომ ითქვას. არ მჩვევია ათოსნობა ყველაფერში და იმიტომ! ყოველთვის შეტენილი, ძალით დარქმეული იყო ათოსანი გურამი ჩემისთანა უბადრუკი, ზარმაცი და ხელმოცარული ადამიანისთვის. ასე მგონია, ილუზიებში მაცხოვრეს. მაგრამ ყოველთვის შემეძლო თვალი გამეხილა და რეალობაში გამომეხედა და ასე არასდროს მოვქცეულვარ. ანუ ჩემი ბრალია. ამასაც ვაღიარებ.
არ ვარ ჭკვიანი! ვაპროტესტებ ჩემს მაღალ ქულებს სკოლაში! ტყუილი იყო, უსარგებლო ნაცრის თვალებში შეყრა. ვერ ვივიწყებ, რომ შევცდი და დავიჯერე, თითქოს ნაცარი არა და ლამაზი მტვერი მიცრემლიანებდა მაშინ ტირილს გადაჩვეულ თვალებს.
დაუნდობლად აბრმავებს მცირე წარმატებაც კი. გამოვცადე.
***
მჯერა, ზღვრამდე დაქანცულს არასდროს ჩამეძინება და სხვა დროს კი - ხსნას მოვძებნი მტკივნეულად ჩავლებული მარწუხებიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები