ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2020


პირველი შეხვედრა

წვიმის ქალაქში იმ დღესაც
წვიმდა,
იწუწებოდნენ
მაგნოლიები,
შენი ჩურჩული ჟრუანტელს
მგვრიდა
და ათას რამეს
გაყოლიებდი.
ნუთუ ცხოვრება მართლა
ბედია,
და ყველაფერი მაღლა
განსაჯეს?!
ერთ ზღვაში ორჯერ აღარ
შედიან,
მე შენს ღელვაში მოვხვდი
ათასჯერ...
წვიმის ქალაქში იმ დღესაც
წვიმდა
და გზები იყო
გადაკვეთილი
და რაღაც მძიმე, უცხო და
წმინდა
შემოდიოდა ჩვენში
ღმერთივით...
მერე კი ყველა ნერვი
დატბორა,
დაუკავშირა გრძნობა
განვლილ წლებს
და როგორც კარგი წიგნის
ავტორმა,
დაფნის გვირგვინზე ფიქრი
დავიწყე,
თუმც კაცი თურმე მაშინ
ეცემა,
როცა იმედი თითქოს
გამაგრებს,
ჯერ შენ და მერე ჩემმა
ლექსებმა,
ტერენტისავით ჯვარზე
გამაკრეს!
ბათუმს მოედო წვიმის
არშია,
წვიმდა უმიზნოდ, უხმოდ,
სიბეცით
და როგორც იმ ძველ
სიმღერაშია,
თითქოს ჩვენც წვიმად
გადავიქეცით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები