ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2020


Carpe diem 4

ჩემს ეზოში ბავშვი დაეცა
მუხლებგადატყავებული შემომყურებდა თვალცრემლიანი
და მე შემნატროდა
მე კი - მას.
მინდოდა მეთქვა აეტანა ტკივილი და
მანამ ერბინა, საანამ კინეტიკური ენერგი ეყოფოდა,
სანამ სული ისე არ დაუმძიმდებოდა რომ
ფრენას ვეღარ შეძლებდა,
რომ მყარად სიარული არაა თვითმიზანი
და მუხლის გადატყავება ვერ შეედრება სულისას,
მაგრამ დავდუმდი.

ჩემს უბნის მაღაზიაში
თინეიჯერმა ჩიფსი აწაპნა.
შემომყურებდა მავედრებელი თვალებით
და მე შემნატროდა,
დეიდას გოლდ ბარათით ხელში,
მე კი მას - ჩიფსით.
მინდოდა მეჩურჩულა მისთვის
რომ მე უფრო დიდი ქურდი ვიყავი, ქალი რომელიც
დროს და ბედნიერებას პარავს საკუთარ თავს,
რომ აქლემის და ნემსის ქურდი ერთი არაა,
რადგან შეიძლება ეს ნემსი იმ მკერავისაა,
ვისი ერთადერთი მარჩენალიც ისაა.
მაგრამ, ვიყიდე საწამლავის ულუფა და განვშორდი.

ჩემს სკოლაში გამოცდას ვატარებდი.
ბავშვები შემომყურებდნენ და შემნატროდნენ,
მე კი - მათ.
ნეტა ყოველდღე გამოცდას ვაბარებდე, ოღონდ
ცხოვრებისეული გამოცდები არ მქონდეს ჩასაბარებელი,
საპასუხისმგებლო და საშიში, რომელში ჩაჭრისასაც, ხელმეორედ გადაბარების შანსი არ გვეძლევა.
მინდოდა მეყვირა მათთვის რომ
დაეჭირათ მომენტი, არ გაეფლანგათ დრო და
დამტკბარიყვნენ ბავშვობით,
მაგრამ ავიყვანე თავი ხელში,
მოვირგე სიმკაცრის ნიღაბი და გავაგრძელე
მერხებს შორის წარბაწეულმა სიარული.


ჩემს ცხვირწინ პოლიტაქტივისტი დააპატიმრეს.
მან წამით შემომხედა და ინატრა ჩემი ადგილი,
მე კი - მისი.
მინდოდა მომენახულებინა და მეთქვა რომ
ის გაცილებით უფრო თავისუფალოია
გისოსებს მიღმა,
ვიდრე მე თავისუფლებაში.
განა გისოსები შეედრება სხეულისა და მოვალეობების ციხეს?
განა თავისუფლება სიარულის უნარში, ველებში და მინდვრებშია?!
მაგრამ შემრცხვა და არ მოვინახულე.

ჩემს ქალაქში ყველა ყველას შეჰნატრის.
ღარიბი მდიდარი მდიდარ ღარიბს,
ლამაზი უშნო  - უშნო ლამაზს...
შეჰნატროდე ცოდვა როდია?
ბედნიერებისკენ სწრაფვაა და ეს უკანასკკნელი
ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.

ჩემი ქალაქი აუხდენელი ოცნებების და ნატვრების ქალაქია,
სადაც თოვლის პაპას და კიჭა ფერიას არ მოაქვთ საჩუქრები,
სადაც აფთიაქებში სულის ტრანკვილიზატორი დეფიციტშია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს