ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2020


თვალი თვალს რომ მოშორდება ანუ ჩემი უიღბლო სიყვარულის ამბავი(წაიკითხე ბოლომდე)

,,თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო’’-გამიგონია.
მე კი რა უსაშველოდ მეცი - რა ჩაუქრობელ ხანძრად მომედე!
სიზმარში, კაცი რომ ანკარა, ცივ წყალს  ეწაფება და მაინც მწყურვალია, ზუსტად ისეთი დაუოკებელი წყურვილით გამთანგე, თალხი დამფინე.
როგორ ჩამისახლდი გულში ასე ძალუმად და ძარღვიანად,  როგორ გაიდგი ფესვები , ხვიარასავით შემოებუდნე და შემოესალტე ჩემს ყოველ ნაწილს, უჯრედს, სისხლის ყოველ წვეთში ჩაიღვენთე და ჩაიბუდე.
მენატრები!
უცნაურად , უსახელო სიძლიერედ მენატრები!
მაინც რა ხიბლი, რა სიწმინდე  და სიმსუბუქე გქონია ასეთი, ამდენმა სიბინძურემ და უზნეობამ ბოლომდე მაინც რომ ვერ მოგაშთო, ფსკერზე ვერ ჩაგძირა.
მენატრები!
ამ სიშორეზეც მესმის შენი ძახილი.შენი თბილი ხელებიდან ადენილი ოხშივარიც მწვდება, შენი კვნესაც მეწვის, შენი ცრემლის სიმლაშესაც ვგრძნობ.
ვიტანჯები! მომეშველე!
,,თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო’’-გამიგონია.
ტყუილი ყოფილა, ვერ დავიჯერე, ვერ ვირწმუნე.
შენგან მოძულებული და გარიყული მაინც შენზე ვფიქრობ, მაინც შენი ტკივილი მტკივა, მაინც შენი ღია ჭრილობა მაწუხებს ძილშიც და ცხადშიც.
ფიქრი არ მასვენებს, მხრავს, შანთებს მიყრის და მიტრიალებს გულ-მუცელში.
მაინც როგორ გამიმეტე, როგორ შემელიე, როგორ მომიშორე, როგორ მკარი ხელი ასე ცივად, ჯიუტად?! როგორი ხიბლი და ანდამატი ჩამაყოლე სულის ხლართებში და საგზლად დამდაგველ, გაუნელებელ დუღილად გამატანე.
შენგან შორსა ვარ, ძალიან შორს. მაინც ვერ გელევი! თილისმასავით ვინახავ შენზე მოგონებებს. გაბრაზებული და გულგალოდებული მაინც გეფერები შორიდან. გეალერსები და მერე კი ისევ გსაყვედურობ ასეთი გამეტებისთვის.
მენატრები!
მენატრები ჩემო წარსულო და აწმყოვ, ჩემო აწმყოვ და მომავალო, ჩემო დილის ამოფრენავ და საღამოს ბინდბუნდო, სიცოცხლესავით მიყვარხარ და მინდიხარ, მაინც შენთან დაბრუნებაზე ვფიქრობ, ვოცნებობ. თუმც ხმამაღლა ვერ ვამხელ, ვერავის ვეუბნები, ვერავის ვუზიარებ! ვმალავ, ვჩქმალავ, მრცხვენია და....მეშინია!
ვიცი, ბევრი დამცინებს, აბუჩად ამიგდებს ამ ჩემი  უსაშველო და უკიდეგანო გრძნობის გამო. ამ უბადრუკ ყოფასა და უცნაურ საუკუნეში ფასეულობები ისე დაუდევრად, მახინჯად და არეულ-დარეულად გადაფასდა, რომ სიყვარულს ლამის დახრჩობა-გაგუდვა მოუნდომეს სულ მთლად. სამოსი შემოაფხრიწეს, გააშიშვლეს, გათელილ-წაბილწული სახრჩობელაზე დაკიდეს და მიატოვეს.
მე კი მენატრები!
შენ ხომ ყველა და ყველაფერი ხარ ჩემთვის: მიწა, მზე, დედა, შვილი, მეგობარი, სატრფო-ყველა და ყველაფერი ერთად!
...ახლა სხვასთან ვარ და მაინც შენზე ვფიქრობ, ისევ შენ მელანდები. რა ვქნა, სხვა ვერ შევითვისე, ვერ ჩავიხუტე. თუმც არც მას ჩამოუგლეჯია ხვეწნა-მუდარით კაბის კალთა ან რაში ვჭირდები ვიღაც უთვისტომო. კაცმა რომ თქვას საყვედური მაინც არ ეკუთვნის. შენგან გამოქცეულს ხელი შემაშველა. რაც შენთან მქონდა, ის მასთან მაკლია. რაც მისგან მივიღე, შენთან ვერ ვპოვე და ვარ ახლა ასე საცოდავად, ცასა და მიწას შუა გამოკიდებული, ჰაერში ვფართხალებ უსასოოდ....
მენატრები!
მიწიდან ძირფესვიანად ამოღებული იები დიდხანს ვაცოცხლე. მათი სურნელით ვიკლავდი შენთან შეხებისა და სიახლოვის სურვილს. მაგრამ ვერ გაძლეს, ვერ შეეგუენ უცხო გარემოს, უცხო მიწას. ჭკნობა შეეპარათ, მერე სიხმელე...ახლა, კი როცა ძალიან მომესურვილები, წიგნს გადავშლი, იქედან გამხმარ ყვავილებს ამოვიღებ, თვალებს დავხუჭავ, მათ სურნელს წარმოვიდგენ და ისევ გიერთდები- შენთან ვარ ჩაკრულ-ჩახუტებული. თვალებდახუჭულს შენგან ფარდაგად და ფარჩა-აბრეშუმად დაფენილი, მერე კი უსულგულოდ წართმეული, უცნაურად, განსხვავებულად დაჩითული, ჭრელა-ჭრულად დაწინწკლული ველ-მინდვრები მელანდება. ვარდების შრიალი მელამუნება, მერცხლების მოფერება მახსენდება, ერთდ ნამღერი ,,მრავალჟამიერი“ მიგუგუნებს ყურში. და მე თვალის გახელა აღარ მინდა, გამოფხიზლება მძულს. მძულს ყველაფერი ირგვლივ, რასაც შენი სახელი არ ქვია.
მენატრები!
შენთან ხომ ყოველი დღის გათენება მიხაროდა. ერთმანეთს ძალას ვმატებდით, ვაფხიზლებდით, შემოვუძახებდით. თუმც ხშირადაც ვკამათობდით, ვერ ვრიგდებოდით, ვჩხუბობდით კიდეც. და მაინც  ბოლოს, ბოლოს მაინც ერთად ვიყავით! ერთმანეთით დაღლილები, გათანგულები და თურმე მაინც ბედნიერები!
ზოგჯერ ბადაგს ვსვამდით, ხშირად სამსალას, მაინც გვიხაროდა! გვიხაროდა, რადგან ერთად ვიყავით ერთსულ, ერთხორც, განუყოფელნი. ზრუნვა სიამეს გვანიჭებდა, ტკივილი გვტკიოდა, სიხარული გვიხაროდა, მაგრამ...
წავედი!
წავედი და შენც გამიშვი, თითქოსდა ხელიც მკარი, არ დამიძახე, არ დამაბრუნე, ან ეგებ მეძახდი კიდეც და მე უგნურს არ მესმოდა.
წავედი!
წავედი, რადგან სხვა გზა არ მქონდა, რომც გამეგონა, მაინც ვერ მოვბრუნდებოდი. მაინც უნდა დაგშორებოდი, მაინც უნდა წავსულიყავი, რადგან ასე იყო საჭირო და აუცილებელი, რათა მომავლის ნერგი გადამერჩინა, გამეხარებინა.
გიბრაზდები და მენატრები, მიბრაზდები და მენატრები...
გენტრები? დავბრუნდები? მიმიღებ?
უნდა შემინდო, უნდა შეგინდო!
სხვა გზა არ არის!
სიზმარშიც შენკენ მოვდივარ ხელებგამოწვდილი. მე ხომ შენთან დავტოვე ყველაზე ძვირფასი, ყველაზე თბილი, ყველაზე ლამაზი.
უნდა დავიბრუნო!
მჯერა, შენც ჩემკენ იყურები მოღუშული, სევდიანი, დარდიანი. ვხედავ, ხელებს მიწვდი,  მეძახი, მელოდები...
რ ო გ ო რ    მ ყ ვ ა რ ე ბ ი ხ ა რ !
როგორ მყვარებიხარ, ჩემო გამმეტებელო, ჩემო დამმარხველო და მაინც უსაშველოდ სანატრელო, საფიცარო, წინაპართა თუ ახლანდელთა ცრემლითა და სისხლით გაჟღენთილო, დაბეჩავებულ-დაჩაჩანაკებულო, გათელილო, ღვთისანაბრად მიტოვებულო, ბოლომდე ვერგაყიდულო და მაინც ამაყო ჩემო საქართველო!
შენგან განწირულ-გამეტებული, შენი გამწირველ-გამმეტებელი უღირსი შვილი.
პ.ს. საგანგებო ჩარტერულ რეისზე:  რომი-პარიზი-ვარშავა-ათენი  ცხადდება რეგისტრაცია.
გთხოვთ, გაიაროთ სადეზინფექციო პროცედურები.
შეგახსენებთ, რომ სალონში აუცილებელია სამედიცინო დამცავი ნიღაბი.
ბედნიერ ფრენას გისურვებთ!











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები