ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2020


"კრიალოსანი" (ნაწილი ||)

სახლში ,რომ დაბრუნდა ლელას ეძინა,ზიზღით გადახედა და ხელი მიჰკრა.
-რა მოხდა?-ამოიზმუვლა ქალმა და ცალი თვალი გაახილა.
-ცოტა ხანში უნდა წავიდე,შეიძლება სამი დღეც დამჭირდეს,თუ ძალიან მოიწყენ,გოგოებს დაურეკე და ამოვლენ,-მეტი დამაჯერებლობისთვის გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
-კარგი,-გვერდი იცვალა და თვალები მილულა.
ნიკომ სიმწრით გააქნია თავი,მუშტებს ნერვულად კრავდა და შლიდა.ერთი პატარა ღილაკი საწოლის ქვეშ დაამაგრა და მეორე ოდნავ დიდი კი საწოლის მოპირდაპირედ ,ტელევიზორთან. სარდაფისკენ წავიდა და სათადარიგო კარზე საკეტს კოდი მოხსნა.

***
სამშენებლო კომპანიაში გამხდარი,ეშხიანი ქალი აჩქარებული ნაბიჯით შევიდა , ხორბლისფერი კანი შუქზე საოცრად უბზინავდა. შავი,გაშლილი თმა წელზე დაფენვოდა და მუქი, ლურჯ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.დაცვის ფორმაში გამოწყობილ მამაკაცთან აღელვებული მიიჭრა.
-უკაცრავად,ნიკო ფხოველის ნახვა მინდა,-გული ამოვარდნას ჰქონდა.
-არ გახლავთ,გუშინ ქორწილი ჰქონდა,მგონი სამოგზაუროდ წავიდნენ,მე ვერ დაგეხმარებით?-აათვალ-ჩაათვალიერა ქალი.
-ქორწილი? მისამართს მომცემთ,ან ტელეფონს?-თხოვნა გაურია ხმაში.
-არ მაქვს უფლება,რა გნებავთ?-„ლუპით“ დააკვირდა.
-აუცილებელი საქმე მაქვს,გთხოვთ რა,უნდა მომცეთ ტელეფონი მაინც,-ლამის მუხლებზე დადგა.
-რა გინდათ,სამსახურიდან დამითხოვონ?-წარბი შეკრა.
-არავის ვეტყვი,მართლა,ძალიან გთხოვთ,-ისეთი გულუბრყვილო სახე ჰქონდა,კაცს გაეცინა.
-მისამართს მოგცემთ,იცოდე არ მიცნობთ,არ გიცნობთ,შევთანხმდით?-ქალის სილამაზემ თავისი გაიტანა.
-კი,კი შევთანხმდით,არ გიცნობთ,-თვალებ გაბრწყინებულს გაეცინა.
შენობიდან კმაყოფილი გამოვარდა და შემხვედრ ტაქსს ხელი აუწია.
---
საღამოს პირზე,კოჯრის თავზე ცოტა მოიღრუბლა ,აქა-იქ ჩამონამა და მთელი დღის სიცხისგან გახურებულ ბუნებას,მიწის სუნი ადინა.
ლელა აღელვებული აწყდებოდა ფანჯრებს,წარა-მარა საათზე იყურებოდა და დანიშნულ დროს მოუთმენლად ელოდა.ტელეფონს დასწვდა და თვალებდაწვრილებული დააჩერდა,ყოყმანი დაეტყო სახეზე. გაუბედავად დაუსვა თითი სასურველ ნომერს.
-ჰო,ლელა,-მამაკაცის ხმა მალევე გაისმა.
-ნიკო,უკვე წახვედი? -პასუხის მოლოდინში დაიძაბა.
-კი,საზღვარზე ვარ,რამე მოხდა,თუ მოგენატრე?-ცინიზმით სავსე იყო.
-მაინტერესებდა,თუ მშვიდობით ჩახვედი,მომენატრე კიდეც,-ყველა კუნთი დაეჭიმა.
-კი,მშვიდობით ვარ,არ ინერვიულო,ორ-სამ დღეში მანდ ვარ,თავს გაუფრთხილდი,-ცოტა ხმა მოალბო და გაუთიშა.
ქალი შეფიქრიანდა და მეორე ნომერი აკრიბა.
-მერაბ,წავიდა,საზღვარზე ვარო ,-სწრაფად ახარა ამბავი.
-ძალიან კარგი,ათისთვის მანდ ვიქნები,სანამ მოვალ იცი რაც უნდა გააკეთო,-საზარლად გადაიხარხარა.
--
სიბნელეში ,ავტომობილიდან მამაკაცი გადმოვიდა და ფრთხილი ნაბიჯით იქვე მდებარე სახლისკენ წავიდა.ეზოს შემოუარა და აგურით ნაშენებ გალავანის კარი შეხსნა.პირველი სართულის სარდაფში ქურდივით შეძვრა და ყურსასმენები ტელეფონთან ერთად მოიმარჯვა.
-ლელიკო,პარიზში აუქციონზე გამოაქვთ კიდევ ერთი მარკა,მაგის ყიდვასაც აპირებსო შენი ბედოვლათი,-ქალს პენუარის სამხრე გადაუწია და ნაზად აკოცა.
-მართლა? ძალიან კარგი,ჩვენს ქონებას კიდევ მეტი შეემატება,-ჩუმად ჩაიკისკისა ქალმა და მამაკაცს ქამრის ბალთაზე დასწვდა.
-კოდი უნდა გამოსტყუო როგორმე,-მკერდზე ხელი მოუჭირა.
-რთულია,მაგრამ შევძლებ,ისე ვუყვარვარ ეჭვს არ შეიტანს ჩემში,-მაისური გააძრო კაცს.
სარდაფში მჯდომი ჩასიხლიანებული თვალებით უყურებდა ეკრანს.
-ის წამალი სად გაქვს,ხომ საიმედო ადგილზე შეინახე?-თან ქალის კოცნას განაგრძობდა.
-კი,ნუ გეშინია,ჩანთით დამაქვს,-კვნესა-კვნესით პასუხობდა.
-ხომ იცი,ორი წვეთიც საკმარისია და შენს ნიკოს მიქელა ჩაიბარებს,-ტუჩები მკერდზე ჩამოაცოცა.
-ვიცი,მერამდენედ მიხსნი,მეც დავიღალე,როდის დამთავრდება ყველაფერი,რომ ამოვისუნთქო,-თავი უკან გადააგდო და კაცის ალერსზე ცახცახი დაიწყო.
ნიკოს უჭირდა ამ ყველაფრის ყურება და მოსმენა,დრო და დრო თვალებს ხუჭავდა და კბილებს აკრაჭუნებდა.რამდენჯერმე ხელი იარაღზეც კი წაივლო,სურვილი ჰქონდა ორივე ერთად გამოესალმებინა სიცოცხლეს. მათი სიამოვნების ზენიტს მიღწეული ხმები მთელ სხეულს უსერავდა.ფეხზე წამოხტა და იარაღი მოიმარჯვა.“არ გაცოცხლებთ“-გაფიქრა და გამხეცებულმა მოატარა მზერა.ის იყო სარდაფის კიბეს უნდა შესდგომოდა,რომ შემოსასვლელ კარიდან ვიღაცის ლანდი გამოჩნდა.კაცი კედელს აეკრა და გაირინდა.ადამიანის სილუეტი ხელების ცეცებით მოიწევდა.“რა ხდება აქ?“-გაოგნებულმა შეხედა დაუპატიჟებელ სტუმარს. ნიკომ ერთი ნახტომით კედელს ააკრა „ქურდი“,პირზე ხელი ააფარა და იარაღი საფეთქელზე მიადო.
-ვინ ჯანდაბა ხარ?!-ჩუმად გამოსცრა და ქალი რომ შერჩა ხელში,დაიბნა.
ზმუილის გარდა არაფერი გაუგონია კაცს.კედელზე აკრულს თვალები დაეჭყიტა და უმწეოდ იქნევდა თავს.
-რას ეძებ ჩემს სახლში?!-იარაღის ლულა უფრო მიაჭირა.
ქალი უცებ მოეშვა და დაბლა ჩაცურდა,რომ არა კაცის ძლიერი ხელი,ძირს გაიშოტებოდა.
-ამის დედაც!-სულ გადაირია ნიკო.ქალს სახეზე მსუბუქად შემოუტყაპუნა,რეაქცია არ ყოფილა.უფრო ძლიერად დააჯანჯღარა,ქალი მოცელილივით ჩამოკიდებოდა მკლავებზე.
-ტფუი,შენი!-დაიღრინა კაცმა,გულწასული მხარზე მოიგდო და ეზოს უკან გაუჩინარდა.

-მერაბ,რაღაც ხმა იყო!-შემკრთალმა წამოსწია თავი.კაცმაც დაუყურადა,წამოხტა და ფანჯრიდან დაზვერა გარემო.
-ნუ პანიკიორობ,არაფერია,-ერთი ნახტომით შეძვრა საწოლში და ქალი ზემოდან მოიქცია.
-მოდი ჩემთან,-შიშველ ბარძაყებზე ხელებს უტყაპუნებდა.
-რომ დავურეკო,არ სჯობია?რაღაც გული ცუდს მიგრძნობს,-მოუსვენრობამ შეიპყრო.
-კარგი რა,დაწყნარდი,-თმაში მოქაჩა და ტუჩებზე დაეძგერა.

ნიკომ ავტომობილის უკან სალონში მიაწვინა ქალი და დააკვირდა,თითქოს ეცნობოდა,მაგრამ საიდან ვერ იხსენებდა,თან სახლისკენ იყურებოდა და ლამის ჭკუიდან შეშლილიყო,ცოფებს ყრიდა.ქალი ოდნავ შეინძრა,ქუთუთოები მძიმედ ასწია და მამაკაცის დანახვაზე კივილი დააპირა.
-ხმაა!-ისევ იარაღი დაუტრიალა ცხვირწინ.
-რა გინდათ ჩემგან?-ამოიკნავლა და ცრემლები წამოსცვივდა.
-ჰმ,დამცინის ეს! მე კი არა,შენ რა გინდოდა ჩემს სახლში?!-ცოტაც და ამ მატრაკვეცას გაასილაქებდა.
-ღმერთო ჩემო,ნიკო ხართ,მადლობის სათქმელად მოვედი,თქვენთან ვიყავი სახლში,მითხრეს კოჯორში ისვენებსო,ძლივს გავიგე მისამართი.ამოვედი,ზარი არ მუშაობდა,ეზოს შემოვუარე,კარი ღია იყო და შემოვედი,საჩუქარი უნდა დამეტოვებინა,-სლუკუნით ამოთქვა და ცრემლებს ღაპა-ღუპით გადმოყარა.
-რა მადლობა,რა საჩუქარი,ნორმალური ხარ?!-ყვირილზე გადავიდა.
-ნუ მიყვირთ,მე თქვენ გადამარჩინეთ,იმ დღეს ზღვაში!-სწრაფად თქვა სათქმელი, თვალები და ცხვირი ერთიანად მოიწმინდა და კაცს მიამიტად მიაჩერდა.
ნიკო ადგილზე გაშეშდა,ვეღარ იგებდა რა ხდებოდა მის თავს.ადამიანი რომელიც სიკვდილს გადაარჩინა,მოულოდნელად გამოეცხადა და ღმერთმა იცის,რომ არა ეს ქალი ,რას დაატრიალებდა გამწარებულ გულზე.სარგადაყლაპულივით იდგა,თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა ხმას ვერ იღებდა.
-მიცანით ხომ? თქვენ კიდევ, მგონი ქურდი გეგონეთ,-თვალები გაუბრწყინდა და გაიღიმა.
მამაკაცი არ განძრეულა,ისიც ვერ გაეგო,რა რეაქცია უნდა ჰქონოდა.
-ეს თქვენ,-ჯიბიდან კრიალოსანი ამოიღო და მამაკაცს გაუწოდა.
ინსტიქტურად გამოართვა და დახედა.
-ეს თილისმაა,ჩემი ხელნაკეთია,წარმატებას მოგიტანთ და დაგიცავთ ცუდისგან,ერთ ბურთულას ევა აწერია,ჩემი სახელია.მინდოდა სამახსოვროდ რამე მეჩუქებინა თქვენთვის,-მანქანიდან გადმოძვრა და კაცის წინ აიტუზა.
ნიკო დაბნეული უყურებდა ქალს,მისმა გამოჩენამ ყველაზე დიდი უბედურება ააცილა თავიდან,თითქოს ანგელოზი მოფრენილიყო და გადაერჩინა.
-მე წავალ,მადლობა,-ფეხის წვერებზე აიწია ,მამაკაცს ლოყაზე უცებ აკოცა და გზის მხარეს გაემართა.
ნიკოს წესიერად ვერ აღექვა მომხდარი, გაოგნებულმა გაყოლა თვალი და სიბნელეში მიმავალს მოულოდნელად დაუძახა.
-ევა!
ქალი ღიმილით შემოტრიალდა.
-თბილისში მივდივარ,თუ გინდა წაგიყვან,-უნდა გაშორებოდა იქაურობას.
ევამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კაცისკენ წამოვიდა,უხმოდ ჩაჯდა ავტომობილში და ღვედი გადაიჭირა.ნიკომ სიჩქარეში ჩააგდო და ადგილიდან სწრაფად მოწყვიტა.

-იცით,რამდენი გეძებეთ? თქვენს სასტუმროშიც ვიყავი მისული,იქ მითხრეს რომ თბილისში მუშაობდით,-სიხარულს ვერ მალავდა.
-არ იყო საჭირო,-ოდნავ გახსნა შუბლი.
-თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ,იცით ეს რას ნიშნავს?-წარბები აზიდა.
-შენც გადამარჩინე,ბარი-ბარში ვართ,-ამოიოხრა.
-მე? მე როგორ გადაგარჩინეთ?-გაუკვირდა.
-იქნებ მოვიდეს დრო და გითხრა კიდეც როგორ,სად მიგიყვანო?-თემა შეცვალა.
-შავთელზე.
მთელი გზა აღარაფერი თქმულა,ნიკო მოქუფრული სახით მართავდა საჭეს,მის გონებაში სრული ქაოსი იყო.ეს ქალბატონი რომ არა,სულ რამდენიმე წამი და ორ ადამიანს სიცოცხლეს გამოასალმებდა,თავსაც დაიღუპავდა,უღირდა კი მათ გამო ცხოვრების გამწარება?!
-აქ გამიჩერეთ,-ღვედი მოიხსნა.-დიდი მადლობა ყველაფრისთვის,ბატონო ნიკო,-გაუღიმა და მანქანიდან გადახტა.
კაცი თითქოს ახლაღა გამოერკვაო,თავი დაუქნია და სანამ ევა ეზოში არ შევიდა,არ დაუძრავს ადგილიდან ავტომობილი.შემდეგ ნელი სვლით წავიდა და მობილური მოიმარჯვა.
-ლევან,მე ვარ,უნდა გნახო სასწრაფოდ!-აღელვებული იყო.
-რამე ხომ ჩაიდინე ,ნიკო?-ნამძინარევი უცებ შეფხიზლდა.
-ჯერ არა!-გათიშა და გადაღლილი თვალები ცალი ხელით მოისრისა.

ლევანი დაზაფრული დასჩერებოდა ტელეფონს,სიტყვის თქმა გაუჭირდა,არ ელოდა ლელა მკვლელობაზე თუ იქნებოდა წამსვლელი.
-კიდევ კარგი არაფერი მიჰქარე,-ხმადაბლა ძლივს ამოთქვა.
-ადვილი სათქმელია,ჩემს სახლში,ჩემს საწოლში გეგმავენ როგორ მომიღონ ბოლო,გესმის ეს რას ნიშნავს? -შეშლილი სახე ჰქონდა.
-მესმის,რთულია ამ ყველაფრის მშვიდად ყურება,მაგრამ ორივე კანონის წინაშე აგებს პასუხს,ასე სჯობს ნიკო.ეს სავსებით საკმარისია,რომ დღესვე ავიყვანო,მაგრამ რომ დაუმძიმდეთ ბრალი,სჯობს ვაცადოთ გეგმის განხორციელება,პირდაპირ ფაქტზე უნდა დავიჭიროთ,დამიჯერე,-მეგობრის დარწმუნებას ცდილობდა პროკურორი.
-მანამდე გავგიჟდები,თავს ვერ ვიკავებ,წამებაში მინდა ამოვხადო სული იმ კახპას!-დაიღრინა და კედელს მუშტი უთავაზა.
-არა,დამშვიდდი,თავი ხელში აიყვანე და მოითმინე,ახლა არ გარგებს შეცდომის დაშვება,ციხეში გინდა გაატარო მთელი შენი ცხოვრება? ვის გამო? -შეტევაზე გადავიდა ლევანი.
-ის ქალი რომ არა,ის რომ არ მოსულიყო,ორივესთვის წესი მექნებოდა აგებული,-თავს იქნევდა და გულში მადლობასაც კი სწირავდა უდროოდ,თუ დროულად გამოცხადებულს.
-მოკლედ,საქმეს ოფიციალურ მსვლელობაში მივცემ,თბილისის სახლში და კომპანიაში დავაყენებთ კამერებს და ჩამწერებს,თქვენი მოგზაურობა არ გამოვა,იქ ვერ გავაკონტროლებთ სიტუაციას ისე,როგორც აქ.მთავრი კიდევ,ისე უნდა მოახერხო,რომ მერაბმა შენი სეიფის კოდი გაიგოს,მაგაზე ცალკე აიკიდებს „სროკს“,დროის ამბავია ნიკო და ორივეს გამოვკეტავ ციხეში,მთავარია შენ არ გიმტყუნოს ნერვებმა და საქმე არ ჩამიშალო,-მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა,ბარისკენ წავიდა და ვისკის ბოთლი ჭიქებთან ერთად გადმოიღო.

***
ოქტომბრის პირველი დილა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ტელემაყურებლისთვის,საინფორმაციო გადაცემა სენსაციური ამბით დაიწყო.
„ დაკავებულია ცნობილ ბიზნესმენ ნიკო ფხოველის მეუღლე ლელა მაკალათია,რომელიც მის მეგობარ მამაკაცთან ,მერაბ ბახვაძესთან ერთად,რომელიც ფხოველის კომპანიაში იურისტად მუშაობდა, ცდილობდა მეუღლის მოწამვლას. მკვლელობის მოტივი ნიკო ფხოველის ქონების მითვისება გახლდათ. ეჭვმიტანილები იმყოფებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში,საქმე აღძრულია 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "2" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "გ"ქვეპუნქტით.მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებების მოსაძიებლად და ახალი გარემოებების აღმოსაჩენად....“
მეტი აღარ მოუსმენია ევას, პირზე ხელი აიფარებინა და თვალებ გადმოკარკლული გაშეშებულიყო.ოთახში შესულ ქალს გაოგნებულმა გახედა და ხმის კანკალით ძლივს ამოთქვა.
-დედა,ნიკოს მოკვლა უნდოდათ,-თავზარი ჰქონდა დაცემული.
-როგორ გადარჩენილა ,ბევრ ფულს ეშმაკი დასტრიალებს თავზეო,ტყუილად არაა ნათქვამი,-დანანებით ჩაილაპარაკა ქალმა და ევას ცხელ-ცხელი ბლინებით სავსე თეფში დაუდგა წინ.
---
იანვარმა ყველა დღესასწაული ზარ-ზეიმით ჩაატარა და ქალაქს ფიფქებიც აჩუქა.
სასამართლოს შენობის ეზოში ტევა არ იყო,ყველა არხის ჟურნალისტს იქ მოეყარა თავი და მიკროფონ-დიქტოფონებით ხელში ხალხში ირეოდნენ,გაფაციცებით იყურებოდნენ შემოსასვლელისკენ,ფხოველის გამოჩენას ელოდნენ.ევა დერეფანში იდგა და ფანჯრიდან ადევნებდა თვალს.ვერ მოისვენა,როცა გაიგო ,რომ დღეს სასამართლო იმართებოდა.დაბურულმინიანი ავტომობილის შემოსვლაზე ჟურნალისტები სირბილით გაქანდნენ და გაჩერებაც არ აცადეს ისე შემოერტყნენ გარს.
-ბატონო ნიკო,გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში,რამდენ წელს ვარაუდობთ?-გადმოსულიც არ იყო,პირში ჩაჩარა მიკროფონი გამხდარმა გოგომ.
-ბატონო ნიკო,როგორ მიხვდით,რომ თქვენს მკვლელობას ამზადებდნენ?-მეორემაც პირველს მიბაძა.
-უკომენტაროდ!-მობეზრებულად დაიძახა ფხოველმა და შენობაში სწრაფი ნაბიჯებით შერგო თავი.უკან მიჰყვა ხალხის ტალღაც.სხდომა დახურული იყო,მხოლოდ ახლო ნათესავები ესწრებოდნენ პროცესს.ევამ ნიკოს ხელში კრიალოსანი რომ დაინახა,გული უცნაურად შეუხტა და სიხარულისგან სახე გაებადრა.ფხოველი ვეღარ იშორებდა თავიდან აბეზარ მედიის წარმომადგენლებს და შეპირდათ,სხდომის დასასრულს ვრცელ ინტერვიუს მოგცემთ,ოღონდ ახლა შემეშვითო და კმაყოფილი მასმედიაც დამშვიდდა.ნიკო ადვოკატებთან მივიდა და საქმის გარშემო ხმადაბლა დაიწყეს საუბარი.კმაყოფილება აღბეჭდოდა სახეზე კაცს,მზერა დერეფანს მოატარა და ფანჯარასთან მდგომი ევა რომ დაინახა,გაუკვირდა და მისკენ დაიძრა.
-გამარჯობა,ბატონო ნიკო,-მორცხვად აიწურა ქალი.
-გამარჯობა,ევა,-გაუღიმა.
-თქვენს ამბავზე მოვედი,მაინტერესებდა,-სანამ კაცი ჰკითხავდა,დაასწრო.
-ჰო? გინდა დაესწრო პროცესს?-ცალი თვალი მოჭუტა.
-მართლა,შესაძლებელია?-ბავშვივით გაუხარდა.
-შესაძლებელია,შენ გეკუთვნის იქ ყოფნა,წამოდი,-ქალის ხელი თავისაში მოაქცია და დარბაზისკენ წაიყვანა.
ევას გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა,უკან რიგში იჯდა და კისერწაგრძელებული ატრიალებდა თვალებს. ბორკილებ დადებული რომ შემოიყვანეს ლელა და მერაბი,სუნთქვაშეკრულმა გახედა ნიკოს.კაცის სახეზე მრისხანება იკითხებოდა.
-პატივცემულო სტუმრებო, ჩვენ ვიწყებთ სასამართლო პროცესს, სასამართლო კოლეგიას ვთხოვთ დაიკავონ ადგილები.
ყველა ფეხზე ადგომით შეეგება მოსამართლეს.
პროკურორმა საკმაოდ ბევრი მტკიცებულება წარადგინა,ფარულ ჩანაწერებთან ერთად,ამოღებული მომწამვლელი ნივთიერებაც დაურთო.სხდომა ხუთ საათს გაგრძელდა,მოწმეებიც სათითაოდ შემოჰყავდათ და ადვოკატების ოსტატობით,ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტიც ამოატივტივეს.დაიკითხა ეკატერინეც,მთავარი მაცნე ამ ამბისა, დეტალებში ჩამოაწიკწიკა ქორწილში ნანახი და ლელას ცინიზმით სავსე უყურებდა.
საქმის სირთულიდან გამომდინარე,სხდომა გადაიდო და სასამართლო ერთი თვის შემდეგ ჩაინიშნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები