ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2020


"კრიალოსანი" (ნაწილი |||)

ევა ენაჩავარდნილი ადევნებდა თვალს,წარმოუდგენლად მიაჩნდა ეს ყველაფერი და ახლა თვალწინ ნანახმა და გაგონილმა ადგილზე გააშეშა.
-წამოდი,ყავა არ გინდა?-ნიკოს ხმამ დააბრუნა რეალობაში.
-ყავა? წყალი მინდა,-ძლივს ამოიხავლა, ფეხზე წამოდგა და კაცს უკან მიჰყვა.ჩასაფრებულ ჟურნალისტების ალყა ძლივს გაარღვია და ავტომობილში სწრაფად ჩასვა ევაც.
***
-ფერი არ გადევს,ეტყობა ძალიან იმოქმედა,-გაუღიმა და მიმტანს ხელით ანიშნა.
-ეს წარმოუდგენელია ბატონო ნიკო,როგორ ვერ მიხვდით აქამდე,ვის გვერდზე აპირებდით ცხოვრებას?-გულუბრყვილოდ გადააწნა წკეპლა.
-მართალი ხარ,ჩემი შეცდომაა,სამსახურის გადამკიდე,ბევრი რამ გამომრჩა,-ვაჟკაცურად აიტანა პირში მიხლილი სიმართლე.
-უყურადღებობა შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდათ,-მეორეც გადააწნა.
-სავსებით შესაძლებელი იყო,მაგრამ როგორც ხედავ გადავრჩი,-კრიალოსანი აათამაშა და მიმტანს შეკვეთა მისცა.
-ევა,შენ მუშაობ?-მოუბრუნდა ქალს.
-კი,სახვით ხელოვნებას ვასწავლი სკოლაში.
-მხატვარი ხარ?-სასიამოვნოდ გაოცდა ნიკო.
-ასე ვთქვათ,-გაეცინა.
-ძალიან კარგია,იმედია როდესმე დამხატავ,-კაცსაც გაეცინა.
-ვნახოთ,-დაიმორცხვა.
მობილურის ზარმა უხერხულობა გაფანტა.
-გისმენ ლევან,-სახე დაუსერიოზულდა.
-სად გაქრი ასე უცებ?
-არ იცი ჟურნალისტების ამბავი? მაგათი თავი არ მქონდა და გავერიდე,კაფეში ვარ,მოხვალ?-მისამართი უთხრა და გაუთიშა.
შეკვეთაც მოიტანეს. ევა დაკრემილ ნამცხვრის ნაჭერს გარშემო უვლიდა თვალებით.
-გათხოვილი ხარ?-ნიკომ ყავა მოსვა.
-არა,რა მეჩქარება?-ტკბილი პირში გაიქანა და სიამოვნებით მილულა თვალები.
-რა ვიცი,მეგონა ყველა ქალს ეჩქარებოდა გათხოვება,-ცალყბად გაეღიმა.
-მცდარი აზრი გქონიათ ბატონო ნიკო,-კოვზი გალოკა.
-უკვე გავშინაურდით,ეს ბატონო არ არის საჭირო,უბრალოდ ნიკო,კარგი?
-უხერხულია,უფროსი ბრძანდებით,-კაცის საფეთქლებთან შერეულ ჭაღარას შეხედა.
-არც ისეთი ბებერი ვარ,როგორც ფიქრობ,-ეცინებოდა.
-მართლა? რამდენის ბრძანდებით?
-ოცდათექვსმეტის,ბევრია?-სიცილს ვერ იკავებდა.
-ოო,ბევრია..მე ოცდაოთხის ვარ,ასე რომ გავაგრძელებ თითის აწევით საუბარს,-აკისკისდა.
-სიცილი გიხდება,- სხვანაირი ხმა ჰქონდა კაცს.
-სიცილი ყველას უხდება,-დასერიოზულდა.
-შენ განსაკუთრებით,-თვალებში ეშმაკუნები ჩაუსახლდა.-რაზე ოცნებობ?
-ბევრ რამეზე,-თითქოს სხვა სამყაროში გადავიდაო,ისეთი გამოხედვა ჰქონდა.
-მაინც?-არ მოეშვა.
-ჩემი ერთ-ერთი ოცნება ლუვრის მუზეუმის ნახვაა,იმედია ოდესღაც ამისრულდება,-ტუჩები მობრიცა.
-აუსრულებელი არაფერია,მთავარია მონდომება,-თვალი ჩაუკრა და კაფეში შემოსულ ლევანს ხელი აუწია.
-გაიცანი ლევან,ეს ევაა,-წარუდგინა მეგობარს.
-სასიამოვნოა ქალბატონო,-ხელი ჩამოართვა და შეათვალიერა.
-ისე უცებ წახვედი,დალაპარაკება ვერ მოვასწარი,წამო სადმე დავსხდეთ,საშინლად დაღლილი ვარ და თან წავიხემსოთ,-ნიკოსგან მზერა ევაზე გადაიტანა.
-მადლობა,მე ვერ წამოვალ,სახლში უნდა დავბრუნდე,ისედაც დილიდან გამოსული ვარ,-უხერხულად წამოდგა ქალი და ლაბადა მოიცვა.
-დიდხანს არ გავჩერდებით,-ნიკომ თავაზიანობა გამოიჩინა.
-არა,არა მადლობა,-ღიმილით დაუკრა თავი.
-ნუ,რა გაეწყობა,მაშინ სხვა დროს იყოს,-ნიკოც წამოიმართა და ქალი კარამდე მიაცილა.
მაგიდასთან მობრუნებულს ლევანი ეჭვნარევი ღიმილით დახვდა.
-რა ხდება ნიკო?
-რაზე მეკითხები?-ვითომ ვერ მიხვდა.
-აი,მაგ გოგოზე,საქმე რომ დაგავიწყდა და გამოიქეცი,-თვალები დააწვრილა.
-არაფერი არ ხდება,უბრალოდ რაღაცნაირია რა.. უყურადღებოდ ვერ დავტოვე,თან მგონია, რომ ჩემი კეთილი ფერიაა,მაგის დამსახურებაა აქ რომ ვზივარ წყნარად,-ევა რომ მოეწონა,დაუმალა.
-მაგაში მართალი ხარ,სულზე მოგისწრო,მაინც საიდან გამოხტა ,საქმე საშინელებას რომ არ ეხებოდეს,კურიოზია,-გაეღიმა ლევანს.
-საჩუქარი უნდა დამეტოვებინაო,შიშისგან კი წაუვიდა გული,-იმ ღამის გახსენებაზე გულში ტკივილმა გაჰკრა.
-რაც იყო დამთავრდა,მთავარია ყველაფერი კარგად არის,წესით უვადო უნდა მისცენ ორივეს,მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის,წამოდი ახლა,რამე ვჭამოთ,მგელივით მშია,-წამოდგა.
***
მეორე დილით საინფორმაციო სააგენტოები დროშასავით აფრიალებდნენ ფხოველის და ევას ფოტოებს,სათაურებით „ვინ არის ის ქალი,ვინც ცნობილი მაგნატის გული დაიპყრო“,“ საიქიოდან მობრუნებულ ბიზნესმენის ახალი გატაცება“,“ნიკო ფხოველი ხელმეორედ ქორწინდება?“ დაიწყო მითქმა-მოთქმა და ჭორების აგორება.ევას სკოლის ეზოში ჟურნალისტების გუნდი რომ შემოეხვია,ვერ მიხვდა რა ხდებოდა,გაკვირვებული უსმენდა მათ შეკითხვებს და რა ეპასუხა არ იცოდა.
-ქალბატონო ევა,დიდი ხანია რაც ბატონი ნიკო და თქვენ ერთად ხართ?
-სად გაიცანით ერთმანეთი?
-იცნობდით მის ყოფილ მეუღლეს??
ევას აღარაფერი ესმოდა,თითქოს დედამიწამ ტემპს მოუმატა,ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა და მერე არ ახსოვს..საავადმყოფოს პალატაში გაახილა თვალი და საწოლთან მჯდარი ცრემლმორეული დედა რომ დაინახა ,გაოცებულმა შეხედა.
-როგორ შემაშინე,-სლუკუნებდა ქალი და თავზე ხელს უსვამდა.
-რა მოხდა,აქ რა მინდა?-სუსტად ამოთქვა.
-გონება დაკარგე,ექიმმა თქვა ძლიერი სტრესის ბრალიაო,ანალიზებს გაგიკეთებენ,ცოტა ხანს მოგვიწევს აქ გაჩერება,-დათრგუნული იყო ქალი.
ევამ თვალები დახუჭა და აღიდგინა სკოლის ეზო ,გარსშემოხვეული ხალხი მიკროფონებით.ოდნავ წამოწია და დედას ხელი მოკიდა.
-მაპატიე დედა,მეც არ ვიცი საიდან მოუვიდათ აზრად.
-რა შენი ბრალია ევა? -დაიხარა და აკოცა.
-ჩემი ბრალია!-მეხივით გაისმა მამაკაცის ხმა.
ევა კარისკენ შეტრიალდა და ნიკოს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.კაცი მძიმე ნაბიჯებით წამოვიდა საწოლისკენ.
-მე მაპატიეთ ქალბატონო...?
-თამარი,-მიაშველა სახელი.
-ქალბატონო თამარ,ევა არაფერ შუაშია,თუმცა ყველაზე მეტად ის დაზარალდა,პაპარაცები ყველა კუთხეში მისაფრთდებიან და თუკი ვინმეს იხილავენ ჩემს გვერდით,შანსს არ უშვებენ ხელიდან,-დამნაშავესავით გაიღიმა.
-იცით ,რას გეტყვით ბატონო ნიკო?-ფეხზე წამოდგა.-თქვენს დაულაგებელ ცხოვრებაში ჩემს შვილს ნუ გარევთ,ძალიან გთხოვთ!-კატეგორიული ტონი ჰქონდა.
-მესმის,რომ მაშინ თქვენი წყალობით გადარჩა,რაზეც დიდი მადლობელი ვარ,მაგრამ არ მოგცემთ უფლებას ქვეყნის საჭორაო გახადოთ!-ხელები აუკანკალდა.
-დამშვიდდით ქალბატონო თამარ,მესმის თქვენი,არანაკლებ დღეში ვარ მეც,მოვაგვარებ ამ საკითხს,-არ ესიამოვნა.
-დღესვე აუხსნით მედიას,რომ შეცდომაა და ევას თქვენთან არაფერი აკავშირებს,-მკაცრად უთხრა და კარისკენ წავიდა.
ევა საწოლში მოკუნტულიყო და ნიკოს თვალს ვერ უსწორებდა.
-ბოდიში ევა,მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო,-დასჯილივით ჩამოჯდა.
-ბატონო ნიკო,დედასგან არ გეწყინოთ,-გაბუტულივით გაბუშტა ტუჩები.
-არ მეწყინება,- მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა.-არ ინერვიულო არაფერზე და ხომ შევთანხმდით,რომ „ბატონოს“ გარეშე ვისაუბრებდით?
-არ შევთანხმებულვართ,მაგრამ იყოს მასე,-ღაწვები შეეფარკლა.
პალატაში ექიმი შემოვიდა,პაციენტის მდგომარეობა იკითხა და მამაკაცს დააკვირდა.
-ბატონო ნიკო? როგორ ბრძანდებით,-ხელი ჩამოართვა.
-გმადლობთ კარგად,თქვენი პაციენტის მდგომარეობა მაინტერსებს.
-ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი,სისხლის ანალიზებს ველოდებით და იმის მიხედვით გვექნება პასუხი,-ღიმილით დახედა ევას.
-ეს ჩემი ბარათია,დიდად დამავალებთ,თუ დამირეკავთ და საქმის კურსში ჩამაყენებთ,-მიაწოდა.
-რა თქმა უნდა,-გამოართვა და ხალათის ჯიბეში ჩაიდო.
ექიმი გავიდა თუ არა,თამარი შუბლშეკრული შემოვიდა და მამაკაცს კუშტად შეხედა.
-ევა,გამოჯანმრთელებას გისურვებ,ჩემი წასვლის დროა,-თავის დაკვრით დაემშვიდობა ორივეს და გავიდა.
---
სამუშაო მაგიდასთან ხელებში თავჩარგული იჯდა და უაზროდ დაშტერებოდა გაშლილ ფურცლებს,ფიქრებით ბოლო თვეების მოვლენებს დასტრიალებდა.გარეგნულად თითქოს მშვიდს,გონებაში სრული ქაოსი ჰქონდა. მომხდარის დავიწყებას ამაოდ ცდილობდა. რთული აღმოჩნდა მისთვის თავის მოთოკვა და კანონის ფარგლებში მოქმედება.ხან იმდენად ნანობდა,იმ ღამეს ხელი რომ შეეშალა,სიმწრით ადგილს ვერ პოულობდა,გიჟივით დადიოდა ოთახებში და ღმუილისმაგვარ ხმებს გამოსცემდა.ხან მადლობასაც სწირავდა ღმერთს ევას გამოგზავნისთვის, განზრახვა სისრულეში რომ ვერ მოიყვანა.
კარზე ფრთხილმა კაკუნმა ფიქრებს მოსწყვიტა.ეკატერინე გაღიმებული შევიდა და ტანის რხევით ფხოველისკენ წავიდა.შემოტმასნილ,ღრმად გულამოჭრილ მაისურიდან მკერდი გადმოებურცა და თვალებს გამომწვევად ნაბავდა.
-ხელი გაქვთ მოსაწერი,-ხმა გაუნაზდა,წინ საბუთები დაუწყო და მკვეთრად შეღებილი ტუჩები ერთმანეთს დაასრისა.
-დატოვე,მერე მოვაწერ,-უხასიათოდ იყო.
-სასწრაფოა,-კეკლუცად აათამაშა თითები.
ნიკომ თვალები მობეზრებულად გადაატრიალა და წარბაწეულმა შეხედა.
-სანამ მოვაწერ,მაგარი ყავა გამიკეთე,- თავიდან მოსაშორებლად საქმე მისცა.
-ახლავე,-მკერდი წინ გამოზნიქა და კურტუმის ქნევით გავიდა.
ქალის ქცევაზე ნიკოს გაეცინა და თავი გააქნია,საწერ კალამს ხელი წაავლო და წინ დადებულ საბუთების დასტას გადახედა.უცხო ნომრიდან შემოსულმა ზარმა კითხვა შეაწყვეტინა.
-გისმენთ.
-ბატონო ნიკო,კლინიკიდან გიკავშირდებით,ევა ადამაშვილის ექიმი ,ბადრი მამისაშვილი გახლავრთ.
-დიახ,დიახ გისმენთ,-გამოცოცხლდა და ყავით ხელში შემოსულ ეკატერინეს ხელით ანიშნა,დამტოვეო.ქალს არ ესიამოვნა,ფინჯანი მაგიდაზე დაუდგა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.ცნობისმოყვარეობამ სძლია,კარს უკან დადგა და სმენა დაძაბა.
-საგანგაშო არაფერია,გემოგლობინი აქვს ცოტა დაქვეითებული,რომელიც მკურნალობას ექვემდებარება,პაციენტს დღესვე გავწერთ.
-მადლობა,ბატონო ბადრი,-გულზე მოეშვა.-რა არის საჭირო,რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს?
-კარგი კვება,ვიტამინები,არანაირი სტრესი ,დასვენება და რაც მთავარია სუფთა ჰაერი.
-გასაგებია,უღრმესი მადლობა,-შვებით ამოისუნთქა და გაიღიმა.ვერც კი მიხვდა ისე შეეპარა მზრუნველი ფიქრები ევაზე.
ეკატერინემ ბევრი ვერაფერი გაიგო და უკმაყოფილო სახით დაეხეთქა სკამზე.
***
დილით სოციალურ ქსელებს ვირუსივით მოედო ფხოველის და ადამაშვილის ფოტოები,ავტორებს ფანტაზიის მთელი მარაგი დაეხარჯათ და ისე დაესათაურებინათ სათითაო სურათი.პაპარაცებს კარგად ემუშავათ და ნიკოს კლინიკაში შესვლაც დაეფიქსირებინათ და გამოსვლაც.ევასთან ვიზიტმა ჭორების ახალი ტალღა ააგორა.
თამარს ნერვიულობისგან ხმა წართმეოდა,მეზობლების ალმაცერი გადმოხედვები და ჩუმჩუმი გადალაპარაკებები გულს უკლავდა.არც ახსნამ გაჭრა და არც კამათმა.ცხვირები ღრმად ჩაერგოთ არამკითხეებს.
ევა სიბრაზემ შეიპყრო,ხელების კანკალით ჩაიცვა ქურთუკი და სახლიდან ტყვიასავით გავარდა.სამშენებლო კომპანიამდე მილიონი შემარცხვენელი სიტყვა მოამზადა ნიკოსთვის.შენობაში ქარივით შეიჭრა და უკან დადევნებულ დაცვას სირბილით დაუსხლტა ხელიდან.
ფხოველის კაბინეტში უცხოელ ინვესტორებს მოეყარათ თავი და მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ.სასურველ შეთანხმების მიღებამდე ალბათ წამები იყო დარჩენილი,რა დროსაც კარში გაკაპასებული სახით შეიჭრა ევა,ლურჯ თვალებს აელვებდა და მის მკლავში ჩავლებულ ეკატერინესგან თავის დაღწევას ცდილობდა.
-ბატონო ნიკო,ვერ შევაჩერე,-ფხოველის მრისხანე სახის დანახვაზე ამოიკნავლა ეკატერინემ.
ევა გაავებული წავიდა მამაკაცისკენ,მაგიდასთან მსხდომ საზოგადოებას ჩაუქროლა და ნიკოს თავზე წამოადგა,ამობეჭდილი ფოტოებიც ცხვირწინ დაუყარა.
-როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს?! სახლიდან ვერ გავსულვარ,დედა დამიავადმყოფდა ამის გამო! რატომ ვერ მოაგვარე,ხომ შეგვპირდი?!- გალურჯებული ტუჩები უცახცახებდა.
ფხოველი ფეხზე წამოდგა,სტუმრებს მოუბოდიშა,ევას ხელი ჩაავლო და სირბილით გაიყვანა ოთახიდან.
- გამიშვი ,მეტკინა!-თავის დასხსნა სცადა.
-ევა,შენ რა გაგიჟდი?!-კბილები გააჭრიალა და ქალს მრისხანედ ჩააჩერდა.
-კიდევ მე გავგიჟდი?!-სახეზე ჩამოყრილი თმა თავის გაქნევით გადაყარა უკან.
-აქ დამელოდე,მალე გამოვალ!-თვალები დაუბრიალა და ხელი შეუშვა.
-არ ვაპირებ ლოდინს! დღესვე მოიწვევ ყველა არხს და დაამთავრებ ამ ცირკს,თორემ..-გზაში დაწყობილი აზრები წაეშალა.
-თორემ?-წარბები მაღლა აზიდა,ლამის გაეცინა ამ გამწარებულ გულზე.
-თორემ.. ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!-დაემუქრა და კიბისკენ გაქანდა.
ნიკომ თავი გააქნია და უკან შებრუნდა.ეკატერინე,როგორც ყოველთვის
ჩასაფრებულიყო და მოწკურულ თვალებს ბოროტად ატრიალებდა.

ევა სახლში, რომ დაბრუნდა ,თამარი სამსახურში წასული დახვდა.ქურთუკი გაიძრო და თავის სამუშაო ოთახში გაეშურა.მოლბერტზე თითქმის დამთავრებული ნამუშევარი იწონებდა თავს.ადიდებულ ზღვის ტალღებში ქალ-ვაჟი ერთმანეთზე გადახლართულიყო ,ვაჟს მკლავი მოეხვია ქალისთვის და ნაპირისკენ მიიწევდა.
ევამ დაფიქრებული მზერა მიაპყრო ნახატს, აკვარელის საღებავში ფუნჯი ამოავლო და კაცის მაჯაზე კრიალოსნის დახატვას შეუდგა. იმდენად იყო გართული,კარზე გაბმულად მოწივწივე ფრინველის ხმას ყურადღება იქამდე არ მიაქცია,ვიდრე ბრახუნი არ გაისმა. ფრთხილად გადაატრიალა საკეტი და ნიკოს დანახვაზე შეხტა.
ფხოველი ისე შევიდა შიგნით,სიტყვაც არ უთქვამს ქალისთვის,ოთახის სიღრმეში მდგარ სავარძელში ჩაეფლო,ფეხები განზე გაშალა და გაკვირვებულ ევას წარშეკრულმა შეხედა.
-ახლა გისმენ!-უკეთესად მოეწყო და ქალს ხელით ანიშნა დაიწყეო.
-რა უფლებით შემოიჭერი ჩემს სახლში?!-აფოფრილი დაუდგა წინ.
-იმ უფლებით,რა უფლებითაც შენ ისარგებლე დღეს,-ფეხი ფეხზე შემოიდო.
-ცეცხლზე ნავთს რომ ასხამ,ხვდები მაინც?! ახლა მართლა აღარ გაჩერდებიან,სახლშიც აკითხავსო,დაწერენ დიდი ასოებით!-მუშტები შეკრა.
ნიკოს გაეღიმა,ოთახს მზერა მოატარა და გვერდით ღია კარში მდგარ მოლბერტს თვალი მოკრა.ნამუშევარს დააკვირდა და ფეხზე წამოდგა.ევა სწრაფად გადაეღობა წინ და უკუ სვლით სცადა კარის მოხურვა.არ გამოუვიდა,მამაკაცმა ხელით შეაკავა და ნახატს ახლოდან დააკვირდა.
-მდა..ბრწყინვალე შესრულებაა,ერთ-ერთი ვართ,-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
-ეს ჩვენ არ ვართ!-სირცხვილისგან აწითლდა.
-დავიჯერო? ეს კაცი ძალიან მგავს,თილისმაც ჩემნაირი აქვს,-ჯიბიდან კრიალოსანი ამოიღო და ნახატს ახლოს მიადო.
-მასეთი სხვასაც აქვს!-გაჯიუტდა.
-არ მითხრა,რომ სხვა დროსაც იხრჩობოდი?-გვერდულად გადახედა.
-დიახ,სხვამაც გადამარჩინა,-ბავშვობამ წამოუარა.
-აჰა,ძალით ხომ არ იხრჩობ ხოლმე თავს,რომ მერე კრიალოსნები არიგო?-ცოტაც და გადაიხარხარებდა.
-ზუსტად მიხვდი-გაბრაზდა.
-მშვენიერი და უცნაური ჰობი გქონია,-ლამაზი კბილები გამოაჩინა.
-შენი წასვლის დროა!-შეახსენა.
-სხვა ნახატებს ვნახავ,შეიძლება?-გაუტარა ნათქვამი.
-არა!-კატეგორიული იყო.
-კარგი,რა გაეწყობა,-გასასვლელისკენ დაიძრა და უცებ შებრუნა.-ჰო მართლა,აი ეს ფოტო ყველაზე მეტად მომწონს,-ჯიბიდან სურათი ამოიღო და ხელში მიაჩეჩა.ქალმა იცნო,თავად რომ მიუტანა დღეს და ლამის თავზე დააყარა,იქიდან იყო ერთ-ერთი.
ნიკომ თვალი ჩაუკრა და კარში გავიდა.ევა ფოტოს დასჩერებოდა,რომელსაც გარკვევით ეწერა -„ევა ადამაშვილი ცნობილ ბიზნესმენისგან შვილს ელოდება“,სიბრაზისგან აილეწა,კაცის უტაქტო სვლამ ჯერ ჭკუიდან გადაიყვანა,ოთახში ხელების შლით მოჰყვა სიარულს,შემდეგ ცოტა დამშვიდდა და გაეღიმა კიდეც.უხილავი ძაფები ნიკოსკენ ითრევდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები