ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2020


ხითხითი

ელოდება მტვრის ავარდნას, რომ მიხვდეს, მსახიობი დაეცა. სანამ ბრუნავს მტვერი მაღლა, იცინის და წვება თვითონაც. ცივია სცენა და ცარიელია დარბაზი. ერთად წვანან ცარიელ სიცივეში. ნელა მიფრინავს მტვერი დაბლა, ზედ ეფინება ორივეს, როგორც კვამლისგან გამუქმებული თოვლი.
- სიკვდილის გათამაშება სულ მინდოდა შენთან ერთად.
მდუმარეა და მტვერდაყრილი მის თვალებში არეკლილი ცივი გვამი.
***
ეძინა. ყურსასმენები თავიდან ჩამოსცურებოდა და კისერზე გველივით შემოხვეოდა.
ერთი სიმღერა მეორემ შეცვალა და გაიღვიძა.
***
ცივა. შიშველია. საბანი მხოლოდ მკერდის ქვედა არეს უფარავს. ხელები საბნის ზევით აქვს ამოყოფილი. ტელეფონი უჭირავს და ტექსტს კრეფს. ფიქრიან და მილოცვებით სავსე დღეს ცლის სიტყვებს შორის. ხელებზე სცივა. კიდევ მხრებზე და მკლავებზე. ყელი თბილი აქვს. კეფა ოდნავ გაუგრილდა. ლავიწის პერიფერიებში ყინულოვან სიცივეს გრძნობს. ძალიან უკვირს, რომ სუნთქვით ვერ ათბობს ოთახს, მაგრამ მალევე უვლის გაკვირვებაც. ამოსუნთქვისას გამოშვებული ჰაერი ხვდება სხეულზე ცივად და მშრალად, გამყინავად. თვალებს ჭუტავს დროგამოშვებით. უჭირს ჩაწეულ სინათლეზე ტექსტის აკრეფა. თითები ეტკინა. წერის გამო არ ტკენია. ტელეფონი უკავია უხერხულად. ნეკა თითი დაუბუჟდა მარჯვენა ხელზე. ამავე ხელის ცერა თითი საშინლად სტკივა. ფრჩხილები დაიკვნიტა და ახლა ძალიან აწუხებს. ცერა თითზე ნამეტანი ძირში მოიკვნიტა. ჯერაც ვერ გადაეჩვია. ალბათ, ნევროზის ბრალია. როცა ნერვიულობს ან დაძაბულია, ყოველთვის ფრჩხილებს იკვნეტს. ხან გასაწმენდ ოპერაციებს ატარებს.  კბილებს ფრჩხილსა და კანს შორის ათავსებს და იქ ჩაბუდებული ათასგვარი სიბინძურის ამოსაღებად იყენებს. არაუშავს. ოდესღაც გადაეჩვევა. მართლა ძალიან სცივა. წერის დროს კბილებს მაგრად აჭერს და ეფიქრება - ესეც ნევროზის ბრალიაო.
- აჰაა! ესეც დიაგნოზი; - ცდილობს იჩურჩულოს; -  ნეტავ ეს ჩემი სურვილი ხომ არ არის? ნევროზის ქონაზე ვამბობ. ისე ძალიანაც კარგი იქნებოდა ნევროზი რომ მქონდეს.
"მე ძალიანაც კარგი ვარ. მეზარება წერა და მივდივარ" - ბოლოჯერ იტკიებს დაკვნეტილ თითებს.
***
ზემოთ მთვარეა. ვარსკვლავებისგან მიტოვებულ, ჩამქრალ ზეცას ეულად ანათებს.
მირბის ძაღლი ორფეხა მეგობართან ერთად და კვალი იწურება მსხვერპლის ბოლო ნაბიჯებთან. გარინდული ზის ხეზე, გული ეკუმშება. გასროლის ხმა ესმის და ჰაერში ფრიალებს. მიწა ყრუდ გრძნობს მძიმე დანარცხებას. კვდება ძვლებდამტვრეული და ღია რჩება შიშჩამდგარი ორი თვალი.
***
- დედა, მშია.
- არაფერი გვაქვს.
***
თოვლის თეთრ ნაბუქებს შიშველი ფეხებით ტკეპნის. გარბის.
- მოდი, არა გცემ; - შვილს უღიმის და თან ეკლიან ტოტს ატეხავს შიშველ ბროწეულის ხეს.
სიცივე აწუხებს. იმედის კოცონით შემაგრებულ გულს აჩერებს მშვიდი ძგერით და მიდის იმ ეკლებთან შესახებად.
***
"მე კარგი ვარ. ყველას ვუყვარვარ - მაააართლაა! არ ვტყუი".
მორიგი ღამე აფერმკრთალებს მის გაცრეცილ ფიქრებს. დაძრწის სითბო ოთახში. აუტანელ ქავილს ვერ ერევა და დაკვნეტილი ფრჩხილებით სხეულს იკაწრავს სისხლის გადმოთხივლებამდე.
***
ღია ლურჯ ფერში ამოთხვრილი ძუძუები სისხლისფერით შეღებილი ბიჭისკენ მიაქვს. იზილებიან ერთმანეთში. ფერი ფერზე გადადის და კანი აქა-იქ იფარება ბუნტი, ქვეშ-ქვეშა, ცბიერი იისფერით.
- სირცხვილით მოვკვდები.
რეჟისორი უდარდელად ისმენს გოგოს ჩივილს.
- სხვა დროს, თქვენ ორს, ძვირფას როლებს მოგცემთ.
- სიცოცხლეა ძვირფასი; - ხითხითებს ბიჭი.
- მოგცემთ; - თავდაჯერებულია რეჟისორი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები