ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ოქტომბერი, 2020


წიგნებზე, პროზასა და პოეზიაზე

ბავშვობიდან მიყვარს წიგნები, წიგნების კითხვა. წიგნი ჩემთვის მარტოოდენ ცოდნის მიღების საშუალება არ არის, მეგობარიცაა... როგორც ადამიანს სჭირდება მეგობარი, ისე მჭირდება მე წიგნი... წიგნს კომპიუტერი ვერასოდეს შემიცვლის.

ჩემი ეს ლექსი სწორედ ამის დადასტურებაა:

ერთ დროს ხევსურულ ჩოხაში
გამოწყობილი ვცეკვავდი,
სევდაც არ მქონდა ბოხ ხმაში,
გულიც ცეკვისთვის ფეთქავდა.

თუმც ცეკვას წიგნი ვარჩიე,
ცოდნის წყაროა წიგნი და...
მხოლოდ წიგნიდან გავიგე
ციხე რომ ტყდება შიგნიდან.

მიყვარს... ხშირ-ხშირად ვკითხულობ
გალაკტიონს და ტერენტის,
მათი ლექსების კითხვისას
მეც მომდის ელეთმელეთი.

ასათიანიც წინ მიდევს,
აქ არის მირზას კრებულიც,
კვლავ პოეზიით სულდგმულობს
ერი - მათ მიერ ქებული.

ვიდრე ამქვეყნად ვჯანმრთელობთ,
ვიდრე ჩვენც გვქვია ქართველი,
ცოცხლებმა ჩვენგან წასულებს
დავუნთოთ თითო სანთელი.

პირველი ნაწარმოები - რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე წავიკითხე, ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“ გახლავთ. მაშინ კარგად ვერ გავიგე შინაარსი, მხოლოდ წლების შემდეგ ჩავწვდი მის არსს.

ერთგულება, სიყვარული და ღალატი - თემები, რომლებიც არასოდეს ძველდება, დღესაც აქტუალურია. ერთგულება თავისთავად დიდი ნიჭია, სიყვარული თავად ღმერთია, ღალატი კი... ჰმ... ღალატი! დღემდე არ დადის ჩემამდე: რატომ უნდა უღალატო საყვარელ ადამიანს? მნიშვნელობა არა აქვს ბიჭია თუ გოგო, კაცია თუ ქალი! ერთმანეთს ღალატობენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღონ! არ შეიძლება ღალატის პატიება, ღალატი ღალატია! მოღალატეს მეორე შანსი არ უნდა მისცე, თორემ ერთხელ კიდევ აუცილებლად გიღალატებს.

გიყვარდეთ ერთმანეთი წრფელი გულით, ნუ უღალატებთ ერთმანეთს, როგორც ძიძიამ უღალატა გუგუას, გიყვარდეთ თქვენი მოყვასი სიკვდილამდე და საიქიოშიც გააგრძელეთ ურთიერთობა, თუ რა თქმა უნდა უფალთან მოხვდებით, უფალს კი მხოლოდ კარგები უნდა თავისთვის.

რაც შეეხება პოეზიას, პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია. რომ არა ლადოს პოეზია, ალბათ არ გავაფრენდი, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები