ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პროზა
18 ოქტომბერი, 2020


ყვირილი

სახლში ყოველთვის უცნაური, თვალთმაქცობის ხელშემწყობი გარემოა. სული მეხუთება ჩუმი და მალული ქმედებებით. სულ სადღაც უნდა გაიქცე, თვალს მოეფარო და იქ გამოამჟღავნო, თუ რამე გაწუხებს. დადარაჯებული, გულშეკუმშულები გაკვირდებიან და ელიან იმ მომენტს, პირველი როდის ჩამოიხსნი ნიღაბს, რადგან სახლში ყველა დანარჩენსაც ნიღაბი უკეთია. ერთმანეთს გამუდმებით ვატყუებთ და ჩვენ ეს ვიცით.  არავინ არის სახლში სხვაზე ნაკლებად მოთხვრილი, რომ რომელიმესკენ თითი გაიშვიროს და სიბინძურის გამო დასცინოს, გაკიცხოს. ჭაობი ფართოა და ჯაკუზი გვგონია. ყველას უნდოდა იქ ჩაწოლა და ჩავწექით კიდეც, რადგან მან, სათანადოდ ფართომ, ყველა დაგვიტია და არავის მოგვცა შანსი, სიყალბეს დავხსნოდით. ახლა სინანულით მოვთქვამ, რადგან დავიღალე და მარტო ის მინდა, წრფელი ვიყო.
წინა ღამით, როცა გულაღმა ვიწექი და ჭერს შევყურებდი უძილობისგან დაქანცული თვალებით, სასაფლაოზე წასვლა დავგეგმე, რადგან სულზე ეკლებად შესობილი სიყალბისგან დროებითი განშორება შემძლებოდა. გარდაცვლილი ბებიაჩემი მართლა მენატრებოდა, მაგრამ ამ ემოციის გამომჟღავნება პრობლემას არ წარმოადგენდა, რაკი უფრო გასაფრთხილებელი და ძვირფასი მიზეზი მქონდა მისი საფლავის მოსანახულებლად.
როდესაც უძილობისას მიღებული გადაწყვეტილება გავამხილე, ობობის ქსელივით საზიზღარი წებოვნებით მოქსოვლ თვალთმაქცურ აბლაბუდაში გახვეულ ოჯახის წევრებს, რომლეთაც რა ხანია, ნამდვილი გრძნობები და განცდები დავიწყების მორევს უსაჩუქრეს, ზეციურ საზრდოდ ეჩვენათ ჩემი წრფელი ემოცია.
- ბებო დამესიზმრა. ტელევიზორში სერიალს უყურებდა და გვერდით მივუჯექი, ჩავეხუტე. მასთან სიახლოვით ვერ ვძღებოდი. უფრო და უფრო მაგრად ვუჭერდი, მაგრამ ის დარბილებულიყო, ელასტიური გამხდარიყო და მის არსებობას ვერ ვგრძნობდი. ყოველჯერზე ჰაერივით მისხლტდებოდა ხელიდან.
- უცნაურია.
მივხვდი, რომ დედაჩემი, რომელიც გაქვავებული მიმიკით აგრძელებდა პურზე კარაქისა და ქლიავის ჯემის წასმას, ჩემი სიზმრის მოსმენას აღარ აპირებდა. შეიძლება ეშინოდა კიდეც, რომ რამე ძალიან გულწრფელსა და მწუხარებით გაჯერებულს მიპასუხებდა.
- ძალიან მომენატრა. დღეს მის საფლავზე წავალ. - იმდენად ჩვეულებრივ ვთქვი, თითქოს იმას ვგულისხმობდი, რომ მომშივდა.
- მოგენატრა?! - მშიერი მგლის სიხარული ვიგრძენი მამაჩემის გაკვირვებაში.
- ჰო, მომენატრა და, მგონი, სიზმარიც მაგის დასტურია.
- რავიცი. რომ მოკვდა არ გიტირია და... - დედაჩემმა პურის ახალი ნაჭერი აიღო და დანით კარაქის თხელი ფენა მოჭრა; - შენ არ იძახდი, სიკვდილი ტრაგედია არ არის, რატომ უნდა ვიყო დაღვრემილიო?
იქნებ ვმალავდი როგორ მიმძიმდა, გადამეტანა მისი გაქრობა ჩემი ცხოვრებიდან? როგორ მინდოდა, ცრემლები წამსკდომოდა ნიადაგის მოსამზადებლად, რომ გამებედა და ეს კითხვა დამესვა. კითხვები კი, რომელთა გაჟღერებისა ლაჩრულად მეშინოდა, ზედმეტად ბევრი მქონდა და განწირული ვიყავი, რომ გამბედაობის გამოსაჩენად ვერასოდეს მოვიკრებდი ძალას, რადგან ვერანაირი ძალა ვერ იქნებოდა მათი სადარი, მათი მძლევი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა. მდუღარე ცრემლების ფონზე, გულსაკლავი მიმიკებით, გულის ბოლომდე მოოეხებით. თუმცა ყველა გზა, რომელთა გავლა სურვილების ქმედებაში მოყვანას მიქადდა, უკვე მოჭრილი მქონდა. ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და ლამის ჩურჩულით ვთქვი:
- მერე რა? მომენატრა და უნდა წავიდე.
ეჭვი არ მეპარება, ყველამ თავისთვის იზეიმა ჩემი პასუხი.
***
დამშრალი რიყე გადავიარე.
როცა მოზრდილ ქვებზე ვაბიჯებდი, რომ ფეხი არ გადამბრუნებოდა, ვფიქრობდი, სასაფლაო მელოდა და ჩემ გამოჩენამდე მშვიდი სუნთქვის მუსიკით ტკბებოდა. სახლის მარწუხებისგან თავისუფალს, გული გაშმაგებით მიძგერდა. გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ამ სამყაროში არსებობდა ადგილი, სადაც გამჭირვალე ჭურჭელი ვიყავი, ჩემში ჩასხმულ და ერთმანეთში აღრეულ ყველა სიბინძურესა და სიწმინდეს რომ დაუფარავად აჩვენებდა და ეს ადგილი, ჩემი ძალიან ყრუ და ბრმა ოცნების ნათელი აჩრდილი, მე მელოდა, რომ იქ მისვლისთანავე რაღაც არაჩვეულებრივი, უკეთილშობილურესი მომხდარიყო ჩვენი შერწყმით.
რა მიამიტი ვიყავი. კეთილშობილება მეგონა გულში ძაფის გორგალივით ჩახვეულ დარდებს თუ ხმამაღლა ამოვთქვამდი.
არასოდეს მომჩვენებია სასაფლაო ისე გაუდაბურებული და მიტოვებული, როგორც მაშინ. იმდენად შეუსაბამო იყო ჩემი მღელვარება მის სიკვდილივით მშვიდსა და საზარელ სიწყნარესთან, რომ წამით ყველა გისოსი გარს შემოვირტყი, რომლისგან გათავისუფლებას სულ ცოტახნის წინ ვზეიმობდი და სასოწარკვეთილმა ნამიან ბალახებში დავიჩოქე.
ვდუმდი ძალიან დიდხანს. თითქოს ვაკუუმი იყო გარშემო. მისი შეხუთული და ჟანგბადამოტუმბული სივრცე.
ალბათ, ყველა დრამას აქვს დასასრული, მაგრამ არასდროს იცი, როდის და სად იწყება იგი. მალე მომბეზრდა სველ ბალაზხე მუხლებით დგომა და წამოვდექი. ბებიაჩემის საფლავთან მივედი. პირველი, რაც თვალში მომხვდა, საფლავის ქვიდან იქვე მდგარ ნაძვამდე გადაჭიმული ობობის ქსელი იყო. გული დამწყდა, რომ ხშირად არ ვსტუმრობდი იქაურობას.
- ბებო, მოვედი.
საიდან უნდა მცოდნოდა, მკვდრები რომ უფრო კარგი მსმენლები არაიან, ვიდრე ცოცხლები და ბებიაჩემი, ცივი მიწის ქვეშ დამარხული ქალი, იმ სამყაროდან რომ უკეთ მოახერხებდა ყველაფერი ისე გაეგო, როგორც ვეტყოდი? ამის გააზრებამ შემზარა. უცებ ყველა სიტყვა მწვერვალზე ავზიდე, თითქოს, და იქიდან სათითაოდ ყველა უფსკრულში მიცვიოდა, ვიდრე მათ წარმოთქმას მოვასწრებდი. ასე შემომრჩა მხოლოდ ორი სიტყვა ენის წვერზე და სიცოცხლეს მონატრებულ ბებიაჩემს მის საფლავთან ჩემი მისვლა ვამცნე.
ლაპარაკი არ შემეძლო. ცარიელი მზერით შევყურებდი საფლავის ქვას, ხან ქათქათა ღრუბლებით მორთულ ცას და ხანაც - შავი მიწიდან ამოზრდილ მცენარეებს. აქაც ვთამშობდი, რომ იმ ადგილას მოსულს, სადაც ნამდვილად მელოდნენ, სამყაროსთვის როგორმე მეჩვენებინა, თუ რას ვგრძნობდი, რა მტკიოდა. სასაფლაო ტაძარი უნდა გამხდარიყო, სადაც ჭაობის ბინძური ლაქებისგან გავიწმინდებოდი, მაგრამ აქაც ვერ ვახერხებდი თამაშისთვის თავი დამენებებინა, რადგან ფსკერი, რომლის ზედაპირს უკვე აჩნდა ჩემი ნაფეხურები, ყველგან თან დამყვებოდა, როგორც დანაშაულის გამოსასყიდი საზღაური.
ჯერ კიდევ არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ დავმარცხდი. ბუნდოვანი იყო წამოწყებული ბრძოლა და უმისამართო. იმიტომ, რომ არ ვიცოდი საკუთარ თავს ვებრძოდი თუ ოჯახის წევრებს და იმისაც მეშინოდა, რომ შეიძლება მათ ბრალი არ მიუძღვოდათ ამ ყველაფერში. იქნებ უდანაშაულონი იყვნენ? იქნებ მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, რომ ემოციურად ჩავიკეტე და სასტიკი იზოლაცია მქონდა გამოცხადებული?
როცა ყველა იმედი გადამეწურა და დამარცხების აღიარება დავაპირე, სამყარომ ახალი სხივი მაჩუქა. ამ დროის განმავლობაში ნიავი დაუღალავად არხევდა ბებიაჩემის საფლავზე გაბმულ აბლაბუდას და როგორც იქნა, ცალი მხრიდან, საფლავის ქვაზე, საყრდენს მოსწყვიტა. იყო იმ მომენტში რაღაც სიხარულის მომგვრელი, უცნაური ჰეფი ენდი, რამაც კვლავ დამიბრუნა რწმენა, რომ ოდესმე გაწმენდას შევძლებდი. ისევ გულუბრყვილო და მიამიტი ვიყავი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, განა რა უნდა დამეშავებინა ისეთი, რომ სიკვდილამდე, ვიდრე ბოლოჯერ ამოვისუნთქავდი, არ მცოდნოდა: დანაშაული გამოვისყიდე.
ნაძვსაც მოვაშორე ობობის ქსელი და სასაფლაოდან წამოვედი. ადგილადან, რომელმაც ჩემი ტკივილების სადარი ძალა მომცა და ცხოვრებაში პირველად, მზად ვიყავი, ყველაზე მდუმარე საყვედურებისთვისაც დამერთო ნება, რომ ენის წვერამდე ამოსულიყვნენ და სანამ უფსკრულში შთაინთქმებოდნენ, იქამდე ეყვირათ ბოლო ხმაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები