ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: უიარაღო
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2020


გაწყვეტილი ანკესი... ჩემი ბავშვობის დღიურები ( ნაწილი 3)

ჩემი სახლის უკან ყანების გავლით გზა ჩადიოდა მდინარემდე, მამაჩემის გზას ვეძახდი ბავშვობაში, მეგონა მისი გაკვალული იყო აკაციების დაბურულ ტყეში ეს საფეხმავლო ბილიკი, კვირაში სამჯერ მაინც წავიდოდით სათევზაოდ, ჭიების შეგროვების პროცესი მიყვარდა, ამოვთხრიდით ბარით მიწას და ჭიაყელებს ასანთის კოლოფში ვათავსებდით, გაქცევას ლამობდნენ და დამალვას, მაგრამ ამაოდ...
მე ჩემი პატარა ანკესი და წვრილი თხმელის წკეპლა მქონდა სადაც დაჭერილ “ღორჯოებს” წამოვაცვამდი ხოლმე... სანამ მე ნახევრამდე ავიდოდი, მამაჩემს უკვე სამი - ოთხი ასეთი წკეპლა ჰქონდა გამზადებული, ჩემი თევზაობა კი უმეტესად ანკესის ფესვებში გახლართვითა და ძაფის გაწყვეტით მთავრდებოდა, რის შემდეგაც მალევე წამოვიდოდით სახლისაკენ... მახსოვს გზაში თხმელის რტოს კანისაგან სასტვენს გავაკეთებდი და სულ სტვენა - სტვენით ამოვივლიდი სახლამდე აღმართს...სახლში მოსულებს დედა გველოდა, მე სანამ ჩემი გმირობის ამბავს ვყვებოდი, თუ რამდენი თევზი დავიჭირე, ამასობაში ღომი დაიწყებდა ბუხარში თუხთუხს და მამაჩემი ნაკვერჩხალზე დაადგამდა “ფეცხუნიას”, სადაც ღორჯოები მადისაღმძვრელად იბრაწებოდნენ...გემრიელი იყო ეს ყველაფერი, იმდენად გემრიელი და ბედნიერების შემცველი, რომ ცხოვრების მშვენიერებაზე აგალაპარაკებს ადამიანს, თუმცა სევდაც ახლავს ამ ყველაფერს, როცა უკვე ბავშვობას ტოვებ და გტოვებენ ის ადამიანებიც, რომელთან ერთადაც სათევზაოდ მეტს ვეღარ წახვალ... ის ლამაზი ფერებიც მუქდებიან წუთისოფლის პეიზაჟზე, ადრე რომ ყველაზე ნათელი და კაშკაშა ჩანდა... ასეა, ცხოვრება ზოგჯერ ჩემი ბავშვობის გაწყვეტილ ანკესს ჰგავს... გუშინ ვიყავი იმ ადგილებში, სადაც ერთად გვივლია და გვითევზავია...
მდინარე, რომელიც ბავშვობაში მეგონა ყველაზე დიდი... მდინარე, სადაც მე და მამა ვიჭერდით თევზებს, დამშრალა, როგორც დედაჩემის თვალებში ცრემლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები