ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2020


პაპა.

რა არის ბედნიერება? რა განაპირობებს ბედნიერების ღირებულებებს? შესაძლოა იყო ჯანმრთელი, ლამაზი, სრულყოფილი ოჯახითა და მეგობრებით, თუმცა არ თვლიდე თავს ბედნიერად. შეიძლება არც არაფერი გაგაჩნდეს საიმისოდ რომ გახდე ბედნიერი, რადგან სამყარო არ გაძლევს ბედნიერების შესაძლებლობებს, რადგან ის სულ სხვა ადამიანებისთვისაა. ასე ბევრი ფიქრობს, რადგან გააზრება იმისა, რომ ბედნიერება წვრილმანებშიც კი დომინირებს, არ შეუძლიათ. მე კიდევ მგონია, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ერთადერთი რაც ყოველდღიურად მახსენებს ბავშვობის დროინდელ განცდებს, ჩვენი უბნის კოლორიტი და წიგნების მოყვარული პაპაა. სიმართლე გითხრათ მისი სახელი, არც ახლა ვიცი, უბრალოდ რაც თავი მახსოვს ამ უბანში თავის პატარა ადგილი აქვს, სადაც წიგნებს ყიდის და ამით ირჩენს თავს. მოკრძალებული ჯიხური მუდამ ძველი წიგნებით იყო სავსე, სადაც ურიკით დატვირთული, კიდევ უფრო მეტ წიგნს ამატებდა ხოლმე.  კითხვით გართულს, რთულია შენიშნო როდის რა განწყობაზეა. ერთადერთი, როდესაც სქელ წარბებში ჩამალული სევდიანი თვალების დანახვა შემეძლო, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სკოლიდან მომავალი ბავშვები სალამით ჩაუვლიდნენ ხოლმე პაპას. ყოველთვის ვცდილობდი ახლოს მივსულიყავი და ორიოდ სიტყვა მაინც გამეგო მისგან. მეგონა მის ყოველ ფრაზას ჩემში სულიერი გარდატეხები მოყვებოდა თან. ვინ იცის?! იქნებ ასეც იყო. საუბრის მოყვარული არასდროს ყოფილა და თან რაც უფრო ასაკი ემატებოდა მით უფრო მიეცემოდა ხოლმე მდუმრებას. სიტყვა ძუნწით არ გეგონოთ, ნურას უკაცრავად. გაცრეცილი შავი პიჯაკი მისი განუყრელი ნაწილი გახლდათ. თეთრი მაისური და კლასიკური სტილის შარვალი, ფეხზე კი,  წლებისგან კარგად შელახული სქელლანჩიანი ფეხსაცმელი ეცვა. მუდამ წელში მოხრილი აივლიდა ხოლმე უბანს, მაგრამ როგორც კი თავის საყვარელ წიგნებს მიუახლოვდებოდა საგრძნობლად იცვლებოდა. ღვთისმშობლის ხატთან ილოცებდა და შემდეგ სათითაოდ მოეფერებოდა ხოლმე თითოეულ წიგნს. „ადამიანს, როგორ უნდა უჭირდეს, რომ ჭავჭავაძე და რუსთაველი გასაყიდად გამოიტანოსო?! მითხრა დიდი მწუხარებით და თან საკუთარ თავს ერის გამყიდველს უწოდებდა ხოლმე. იმდენად ზიზღით იხსენიებდა საკუთარ თავს, ხანდახან ისიც კი მეგონა, ნამდვილად თავისი თავი სძულდა ასე ძალიან თუ მე მეშლებოდა რაიმე?! არასდროს ვიცოდი რამ მიიყვანა ამ ზომამდე, უბრალოდ ვხვდებოდი, რომ თავისი საქმე, არც თუ ისე ძალიან უყვარდა. მახსოვს ერთხელ ნასვამმა გამაჩერა, მომიბოდიშა და ანაზდად გაზეთში სათუთად გახვეული ორი წიგნი გამომიწოდა. „ვეფხისტყაოსანი“ და „კაცია-ადამიანი?!“... გადამირჩინეო, სანამ დიდ ცოდვაში ჩამიდგამს ფეხიო და გამომატანა. აცრემლებული თვალებით კი იქამდე მიყურა, სანამ ქუჩის ბოლოს თვალს არ მოვეფარე. სამყარო საკმაოდ პატარაა ასეთი ადამიანებისთვის და მისი არსებობის სივრიცისეულ უსასრულობასთან არა საკმარისი, ამ შესაძლებლობების დასატევად, როდესაც შეუმჩნეველი რჩება სუბიექტი ფენომენალური ცნობიერებით.
    მახსოვს წლების შემდეგ, როდესაც ჩემს საყვარელ ქუჩაზე მივაბიჯებდი, საკმაოდ ხცოვანი კაცი გზის გადაკვეთას უშედეგოდ ცდილობდა. დაუფიქრებლად ამოვუდექი გვერდით და ხელკავგაყრილებმა ერთად გადავინაცვლეთ გზის მეორე მხარეს. როგორც კი მის თავმდაბლურ მზერას გადავეყარე, იმ წამითვე ვიცანი წლებისგან აშკარად დაღდასმული პაპა. „ ოთხმოც წელს კარგა გამცდარი ვარ, მაგრამ ახლა პირველად ვიგრძენ შვილის სიახლოვე“ . მისმა სიტყვებმა დამადუმა, თუმცა მივხვდი, რომ ახლა სისუტის დრო არ იყო. პაპა ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა და თავადვე დამიბრუნა პასუხი: „ომში დავკარგე ორთავე ბიჭი. ეს მაშინ მოხდა, როცა შენ ჯერ კიდევ პიონერივით ბედნიერი მიაბიჯებდი სკოლაში. დაიხსომე შვილო... ბედნიერებას მოპოვება და შენარჩუნება უნდა. ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა ბოროტების მოსაფიქრებლად, არამცთუ ჩემნაირ კაცს ორი შვილი წაართვას. ასეა ეს.“...-და გზა განაგრძო. იმ დღის შემდეგ პაპა ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ხოლმე თავის ჯიხურთან, ან თუ გამოჩნდებოდა, გვარიანად დაღლილი მოაბიჯებდა ხოლმე. ძალ-ღონე აღარ უწყობდა ხელს. წიგნები კი არა, ადამიანობა და ურთიერთობა გაუფასურდა. მისი წიგნები აღარავის სჭირდებოდა. ახალგაზრდები ვერ ცნობდნენ, სალამს უფროსი ხალხის გარდა არავინ  აძლევდა. იჯდა ხოლმე თავისთვის და სქელლანჩიან ფეხსაცმელს საათობით დაჰყურებდა. ათჯერ გადაკითხულს მეთერთმეტეჯერ გადაიკითხავდა ხოლმე და ისე ფაქიზად დახურავდა, თითქოს ხელში ცოცხალი არსება ეჭიროს. არა ერთხელ დასუნავდა ძველ წიგნს და ისე დააბრუნებდა თავის ადგილას. უყვარდა არა მხოლოდ წიგნი, ან გმირი, არამედ მისი სუნიც. ამ კადრის შემხედვარე ანაზდად კარგმა იდეამ გამიელვა. ქალაქში ისეთივე ლამაზი და ახალთახალი სქელლანჩიანი ფეხსაცმელები ვუყიდე. უკან დაბრუნებულმა დავინახე თავის ცარიელ ურიკას როგორ მოაგორებდა. წინ გადავუდექი და ფესაცმელები გავუწოდე. მახსოვს, ურიკას ხელი გაუშვა და ბედნიერებისგან ძლიერად ჩამიკრა გულში. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ასე, მაგრამ მისი გულიდან წამოსული ცრემლნარევი ხმა დღემდე ახსოვთ ჩემ ყურებს. ასეთი წვრილმანი თუ ასეთ ბედნიერებას მოჰგვრიდა, ნამდვილად არ მეგონა. გახარებულმა ჩაიცვა, ძველები პარკში ჩააწყო და მადლიერი თვალებით გამომემშვიდობა.

  იმ დღის შემდგომ პაპა აღარავის უნახავს. ერთადერთი რაც მისგან დამრჩა ძველი მოგონებები და ორი წიგნია, რომლის პირველ გვერდსაც ხელით მიწერილი სიტყვები ახლავს. „ბედნიერებას მოპოვება და შენარჩუნება უნდა. ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა ბოროტების მოსაფიქრებლად.“
  დღეს გზა ისევ გადავკვეთე...
ოღონდ მარტომ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები