ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
23 ოქტომბერი, 2020


"სანამ შაშვი იგალობებს" (ნაწილი |)

ჭერში დამაგრებული ვენტილიატორი ჭრიალით აპობდა ოთახში დაგუბებულ ცხელ ჰაერს და ფანჯარაზე, აქა-იქ სარჭ ჩამოცვენილ ფარდას ოდნავ არხევდა.
-უჰ,ძალიან ცხელა,-ჩაილაპარაკა მაგიდასთან მჯდომმა მამაკაცმა და დასველებული ცხვირსახოცი კისერზე ჩამოიდო.
-შენ რა გენაღვლება ხვალიდან შვებულებაში გადიხარ ,ჩვენ ვიკითხოთ,-მეორე მაგიდიდან მამაკაცი წამოდგა და ცივი ბორჯომის ბოთლი რაკრაკით ჩაუშვა ყელში.
-კახა,შენც აიღე და წამოდი ჩემთან,თან გოგოები წავიყვანოთ,-ეშმაკურად გაუცინა და თვალი ჩაუკრა.
-არ მომცემს სამსონა,არ იცი მაგის ამბავი, რეზო? უნდა მიიჯღან-მოიჯღანოს,გადმომიწყობს გაზეთებს,ნახე რამდენი ხარვეზია,ამის გამოსწორება,იმის შესწორება,მოიცა რა ,ტყუილად უნდა ვეღრიჯო,-უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-მე ვეტყვი და გამოგიშვებს,თან მაიკოს და ლილის შევუვლი,იმათაც მეტი რა უნდათ,მოვიწყოთ დაუვიწყარი შვებულება?-ფეხზე წამოხტა რეზო და მთავარი რედაქტორის ოთახისკენ გაემართა.
ფრთხილ კაკუნს კარის გაღება მოჰყვა და დაბნეული თვალებით მდომი ქალი კახას მიაჩერდა.
-უკაცრავად,სამსონ ნებიერიძის ოთახი სად არის?-გაუღიმა მამაკაცს.
-მოპირდაპირე კარში,-უპასუხა და ქალი შეათვალიერა.
-თუ იცით,მარტოა?-მორცხვად დადგა.
-თქვენ რა გნებავთ?-დაინტერესდა და ქალის გამოკვეთილ ლავიწის ძვლებს თვალი დაასო.
-იცით,მე წელს დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მუშაობის დაწყება მინდა,ნოველებს ვწერ,-საქაღალდეს დაუწყო წვალება.
-ნოველები კარგია,კარგი..მიბრძანდით ბატონ სამსონთან,წარმატებებს გისურვებთ,-შუბლი მოისრისა.“რა ლამაზი იყო’’-გაიფიქრა ქალის გასვლისას.
რეზო გაბრწყინებული შემოვარდა და კახას წინ გაიჯგიმა.
-რაო,სამსონამ?
-გიშვებს,მაგრამ სამ დღეში რა,იმდენი საქმეა ყველა ერთად ნუ გამომეცლებით ხელიდანო.იცი რა ვქნათ? მე წავალ და წავიყვან გოგოებს,შენ მერე ავტობუსით ჩამოდი,-იდეამ სახე გაუნათა.
-ავტობუსით რა ივლის ამ სიცხეში,გადაირიე?-არ მოეწონა.
-ეეე,სამი საათის გზაა რა,ნუ წუწუნებ,-გაეცინა და მხარზე ხელი დაკრა.
-ჰო,კიდევ სოფლის თემაზე სტატიები მჭირდება და უსაქმურად რომ არ ისხდეთ,ცოტა იქაც წაიმუშავეთო.
-მოკლედ რა,არ ამოგასუნთქებს ეს კაცი,-ხელი ჩაიქნია კახამ და მაგიდას მიუბრუნდა.

***
გორას გადმომდგარი მზე საზამთროს ბაღებში მოფუსფუსეთ მკაცრი ბრიგადირივით წასდგომოდა თავს და შრომაში გახვითქულთ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
-მზია,როდის ჩამოდის შენი ირინე?-თავსაფრის სწორებით გაიმართა წელში თამარა.
-არ ვიცი,სამსახურს ეძებს,ტყუილად ხომ არ ისწვალა გოგომ,-მაკრატლით ყუნწი შეაჭრა ნაყოფს.
-არ მოგტაცონ ქალაქში,-ჩაიკისკისა და ისევ საქმეს მიუბრუნდა.
-აბა,ვინმემ გაბედოს!-ვანომ მზიას თვალების ბრიალით გადახედა.
-შენ იმდენს იზამ,გასათხოვარს დატოვებ,-არ ჩერდებოდა თამარა.
-გეყოფათ ეხლა,საქმეს მიხედეთ!-დაიბუხუნა კაცმა და საზამთროთი გავსებულ ურიკას ხელი დაავლო.
სიმღერის ხმაზე ქალებმა წელი წამოსწიეს და ხელით შუბლი მიიჩრდილეს.
-ვისთან მიდიან?-თვალები მოეჭუტა თამარას და გზაზე მომავალ მანქანს გახედა.
-სტუმრად იქნებიან,-მზიამ თვალი გააყოლა მგზავრებს,-გოგო,ჩვენი იზოს შვილიშვილია რეზო,-გაუხარდა რომ იცნო.
მაიკო და ლილი მაგნეტოფონიდან გადმოღვრილ ჰანგებს მთელი გრძნობით აჰყოლოდნენ,თან რეზოს აჯანჯღარებდნენ,ამოიღე შენც ხმაო.
-რომელი პავაროტი მე მნახეთ,-იცინოდა რეზო და მაიკოს გულისპირიდან ამოწეულ ორ რკალს ცალი თვალით ზვერავდა.
-რა სილამაზეა,რა ბუნებაა,-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლილი და ფანჯრიდან გაყოფილი ცხვირით ხარბად ისუნთქავდა სოფლის ჰაერს.
-ბუნება მართლაც არნახული გვაქვს,იშვიათად ჩამოვდივარ,ვერ ვიცლი,თორემ კაცი აქ კი უნდა ცხოვრობდეს,-დანანებით ჩაილაპარაკა.
ავტომობილი რკინის მწვანე ჭიშკართან გააჩერა,გადმოვიდა და ეზოში მოდებულ სარეველას გადახედა.
-გასასუთავებელია,-ჩაილაპარაკა და ქალებს ანიშნა.
-მოვედით,გადმობრძანდით.
***
კახა ავტო სადგურის შენობაში აჩქარებული ნაბიჯით შევიდა და სალაროს ოვალურ ფანჯარაში თავი შეყო.
.-გრემის ავტობუსი რომელ საათზე გადის?
-ოც წუთში,-გადაპრანჭულმა მოლარემ პომადიანი ტუჩები მოპრუწა .
-ერთი ბილეთი მომეცით,წინა ადგილი თუ შეიძლება და ფანჯარასთან.
-წინა ადგილები გაყიდულია,-თმაში ხელი შეიცურა .
-იქნებ იყოს დარჩენილი,-კახამ მომნუსხველი ღიმილი აჩუქა.
-მოითმინეთ,-კეკლუცად შეთამაშდა სკამზე,-არის ერთი ,ოღონდ ფანჯარასთან არა,-გაინაზა და აფუებული მკერდი წინ გასწია.
-მომეცით,-ფული დაუდო,-ხურდა არ არის საჭირო,-კიდევ ერთხელ აიკრა სახეზე ღიმილი და შუშის მიღმა მჯდომი ადგილზე დაადნო.

ავტობუსი მოყაყანე მგზავრებით ნელ-ნელა ივსებოდა.ზოგს ადგილი ვერ ეპოვნა,ზოგს ნაპოვნი ვერ გაეყო.
-ბოდიში ქალბატონო,-კახა განიერ გავიან ქალს წამოედო,რომელიც შუაში გახიდულიყო და სკამზე ჩაკვეხებას ამაოდ ცდილობდა.
კუთვნილ ადგილამდე პერანგ ამოჩეჩილმა და გაოფლილმა მიაღწია,მოცელილივით დაჯდა და თავზე წამომდგარ მგზავრს ახედა.
-უკაცრავად,გადამატარეთ,- სახეზე ეცნო და წამოდგა.
-გამარჯობა,- გაკვირვებულ ქალს გაუღიმა.
-გამარჯობა,რა დამთხვევაა,-მასაც გაეღიმა და ფანჯარასთან მოთავსდა.
-რა გითხრათ სამსონმა?ხდებით ჩვენი თანამშრომელი?-ქალის გადარკალულ წარბებს და დიდ შავ თვალებს მზერა მიაპყრო.
-უარით გამომისტუმრა,ჯერ-ჯერობით არ ვსაჭიროებთ და ოქტომბრიდან ვნახოთო,-ტუჩები გამობურცა.
-მდაა,როცა ჩამოვალ,ვეცდები დაგეხმაროთ,-თვალი ჩაუკრა.
-მართლა?-სახე გაუბრწყინდა ქალს.
-მართლა,მართლა,-გაეცინა კახას.
-სად მიდიხართ?-ცნობისმოყვარეობამ სძლია.
-გრემში მეგობართან,თქვენ?
-კიდევ ერთი დამთხვევა,მეც გრემში,იქიდან ვარ,-სიხარული აღებეჭდა სახეზე.
-მე კახა ვარ,-ხელი გაუწოდა.
-ირინე,-გაინაზა და თავისი შეაგება.
ავტობუსი ტაატით დაადგა გზას და ჩახუთულ სივრცეს საწვავის სუნი შეერია.
-ვერ ვიტან მგზავრობას,-დაიჯღანა ირინე ,ფანჯარას დაეჯაჯგურა და ცხვირი გარეთ გაყო.
-ავტობუსით არც მე მხიბლავს,-კახასაც შეეცვალა სახე.
-გრემი პატარა სოფელია და ვისთან მიდიხარ?-შენობითზე გადავიდა.
-რეზო დოდაშვილთან.
-რეზო დოდაშვილი? ჩემი ნათესავია,-გაიღიმა.
-კიდევ დამთხვევა,-ხმამაღლა გაეცინა კახას.
ქალაქს გასცდნენ თუ არა,სუფთა ჰაერს სიგრილეც შემოჰყვა და ხალხმაც შვებით ამოისუნთქა.ზოგს ჩასძინებოდა და თავის კანტურით ირწეოდნენ აქეთ-იქით.ირინემ უბის წიგნაკი და კალამი ამოიღო ჩანთიდან და გამალებით მოჰყვა წერას.კახამ ცალი თვალით მალულად ჩაიჭყიტა,ქალმა გამოიჭირა და ყდა აუკეცა.
-ლექსებს წერ?-უკან დახევა აღარ გამოდიოდა.
-არა,ნოველას ვწერ და რაც მახსენდება ვინიშნავ,-სიწითლე შეეპარა ღაწვებზე.
-რა თემაზე?-ჩაეკირკიტა.
-სიყვარულზე,-კალამს დაუწყო წვალება.
-ოო,სიყვარული კარგია..შეყვარებული ხარ?-წარბი ასწია.
-არა,-თავი გააქნია.
-არც გყოლია?-მეორე წარბიც მიაშველა.
-არა,-გაეცინა ქალს.
-აბა,თუ არ განგიცდია ის გრძნობა,როგორ უნდა დაწერო?-თვალებიც წარბებს მიაყოლა.
-რა ვიცი,წარმოდგენით,-ფანჯარას აეკრა.
-ესე იგი წერ ისეთ სიყვარულზე როგორსაც გინდა,რომ განიცდიდე?-არ მოეშვა.
-ალბათ,-სახე აუდუღდა.
-მაინც,როგორ სიყვარულს აღწერ შენს ნაწარმოებში,მაჩვენებ?-ინტერესის ჭია შეუძვრა.
ირინემ ჩანთა გახსნა,საქაღალდე ამოაძვრინა და მორცხვად მიაწოდა კაცს.
-„სანამ შაშვი იგალობებს“,მდაა.. საინტერესოაა,-ყდა გადაშალა და კითხვას შეუდგა.
ავტობუსი ხევის პირას ვაკეზე გაჩერდა,მძღოლმა ათი წუთით შესვენება გამოაცხადა და მგზავრებმაც როგორც ყაყანით გაავსეს ადგილები,ასევე ყაყანით დაცალეს და მიმოიფანტნენ.
-ჩავალ ცოტა ხანს,-წამოდგა ირინე და კითხვაში გართულ კახას თითით ჩასასვლელისკენ ანიშნა.კაცმა საქაღალდე დახურა და მიაწოდა.
-გითხარი,უსიყვარულოდ არ გამოვა წერა,მშრალია,გრძნობა აკლია,-თვალი ჩაუკრა და წამოდგა.
ქალი ადგილზე გაშრა,ალმური მოედო სახეზე და მხრებ ჩამოყრილი დაჯდა.
-არ მოდიხარ?-მოუბრუნდა კაცი.ირინემ უარის ნიშნად თავი გააქნია.კახას ჩაეღიმა და საფეხურები ჩაიარა.
ნერვიულობისგან სულ დაიმტვრია თითები,ავტობუსისკენ მომავალ კაცს ფანჯრიდან გახედა და აათვალიერ-ჩაათვალიერა.“სიმპათიური კი არის,მაგრამ უხეში“-დაასკვნა და ცხვირი აიბზუა.გვერდით რომ მიუჯდა ზედაც არ შეხედა,ბლოკნოტში ჩარგო თავი.
-მიბრაზდები?-ჩუმად ჰკითხა.
-რატომ უნდა გაგიბრაზდე?-წამოენთო ქალი.
-გეწყინა!-დასტურის ნიშნად დაიქნია თავი და ქალისკენ მიიწია.
-არ მწყენია,-გაშლილი თმა აიკეცა და სამაგრის კბილებში მოაქცია.
-მაპატიე,პირდაპირი ვიყავი,-ოდნავ შეეხო მხარზე.
ირინეს ხმა არ ამოუღია,სკამის გახეული ტყავიდან გამოშვერილი „შიგნეული“თითით შეტენა და მოწოლილი ცრემლები ჩუმად გადაყლაპა.
მთელი გზა უხმოდ იმგზავრეს,კახას შიგა და შიგ ეღიმებოდა და გაბუტულ ქალს გვერდულად უყურებდა.“გაბრაზებულიც რა ლამაზია“-გაიფიქრა და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო,ზედ სწრაფად მიაწერა და ირინეს გაუწოდა.
-ეს ჩემი ტელეფონის ნომერია,სექტემბერში მოდი ჩვენთან და დაგეხმარები.
-არ არის საჭირო,-გაჯიუტდა.
კახას ჩაეცინა,ირინეს ხელი აიღო ფურცელი ჩაუკუჭა და მძღოლისკენ წავიდა.
სოფლის ცენტრში ავტობუსი შედგა და დაღლილი მძღოლი მგზავრებიანად ძირს ჩამოიშალა.ირინე ჩასასვლელად მოემზადა ,მაგრამ კაცი არ ფიქრობდა ფეხზე ადგომას.

-გამატარე,-თხოვნაც იყო და ბრძანებაც.
-თუ აღარ მიბრაზდები,გაგატარებ,-ცელქობის ხასიათზე დამდგარიყო.
ქალმა თვალები მობეზრებულად აატრიალა და ხელჩანთით უბიძგა.
-კახა!-ლილიმ ფერ-უმარილიანი სახე შერგო ავტობუსში.
-ნახვამდის ირინე,-დაემშვიდობა და ფეხზე წამოხტა.
-ნახვამდის,-ჩაილაპარაკა და კაცის კისერზე მოკონწიალე ლილის გაკვირვებულმა შეხედა.აფორიაქდა და დაბნეული წავიდა კარისკენ.
საბარგულიდან დიდი ჩანთა წვალებით გამოათრია და სახლის გზას დაადგა.წინ სიცილ-კისკისით მიმავლებს წარბებ ქვეშიდან ზვერავდა.კახას ხელი გადაეხვია ლილისთვის,ქალს კი წელზე შემოეხვია მკლავი და ტკიპასავით აკრობოდა კაცს.მეორე მამაკაცი იცნო,მაგრამ არ დაუძახა.
-არსად გაგექცეს,-კაცის მისამართით გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ტუჩები დაბრიცა.
***
ზარნაშოს ხმა ღამის წყვდიადს მელოდიასავით ეფინებოდა,მწველი დღე გალეულიყო და გრილი სიო რუდუნებით ეფერებოდა ბუნებას.
ვაზის ტალავერის ქვეშ გაეშალათ ქალებს სუფრა და ოთხივენი მისხდომოდნენ.წელს ზემოთ გაშიშვლებული ბიჭები სიგრილეს მკერდს უშვერდნენ და ცივი ღვინით დაცვარულ სასმისებს მოწყურებულნი ცლიდნენ.მაიკოს და ლილის თვალები აჟუჟუნებოდათ და მეტიჩრულად კისკისებდნენ.მოპირდაპირე სახლის აივანზე სიბნელეში ირინე გადმომდგარიყო და მოქეიფეებს უთვალთვალებდა.კახამ თვალი შეასწრო ქალს და შეუმჩნევლად ჩაეღიმა,ლილი თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა.კარგად დაინახა აივანზე მყოფი როგორ შევარდა სახლში შურდულივით.გული უცნაურად შეუტოკდა.
-რეზო,თქვენს მოპირდაპირედ ვინ ცხოვრობს?-ისე იკითხა ვითომ არ იცოდა.
-ნათესავები არიან,ჩვენი პაპები ბიძაშვილები იყვნენ,რა ხდება?-რეზომ გზის გადაღმა გაიხედა.
-არაფერი,დღეს დამემგზავრა ერთი გოგო და მანდ შევიდა,სხვათაშორის სამსონასთან იყო და უარით გამოისტუმრა,-ლილის ხელი გაუშვა და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.
-გოგო? ირინე იყო? მე რატომ ვერ ვნახე?-გაუკვირდა.
-რა ვიცი,-მხრები აიჩეჩა და ისევ აივანისკენ გაექცა თვალები.
-რამდენი ხანია არ მინახავს,მოიცა უნდა დავუძახო,-ფეხზე წამოდგა და მაისურს ხელი დაავლო.ლილის არ ესიამოვნა,კაცთან ახლოს მიიწია და მკლავზე ლოყით მიეხუტა.
რეზოს ხმაზე ეზოში მშვიდად მწოლიარე პატარა ძაღლი წამოხტა და ღრენვა-ყეფით გაექანა კარისკენ.
-მოდი რეზო!-ვანო ზღურბლზე გადმოვიდა.
-ირინე ჩამოსულა,არ ვიცოდი,სად არის?-ღიმილით შევიდა შიგნით.პატრონისგან დატუქსული ძაღლი კი წკმუტუნით გაუჩინარდა.
კახას მოუსვენრობა შეეტყო,აწრიალდა როცა კარში შემოსული რეზო და ირინე დაინახა.ლილიმ ეჭვიანი თვალებით გადახედა და ტუჩები მოკუმა.
-გაიცანით,ჩემი ბიძაშვილი ირინე!-წარუდგინა და კახას მოპირდაპირედ დასვა.
ქალი ყველას ღიმილით მიესალმა და მზერა წამიერად შეეყინა კახას მოშიშვლებულ ტანზე.კაცი უხერხულად შეიშმუშნა და საზურგეზე გადაკიდული მაისური თავზე ჩამოიცვა.ლილი დაძაბული და თვალებმოჭუტული აკვირდებოდა კაცის მოქმედებას,ქალს წარბაწევით გადახედა და კახას ლამის კალთაში ჩაუჯდა.ირინეს გულში ჩაეღიმა.
-ირა,რატომ არ მიგიღო სამსონამ,რა მინდაო?-გაეცინა რეზოს და სასმისი შეუვსო.
-რაო და,შენი ნოველები მშრალია,როგორც გატყობ შეყვარებული არ ხარ და გრძნობებს მარილი აკლიაო,-კახას გაუსწორა თვალი.
-მართლა მასე გითხრა,გოგო?-პირთან მიტანილი ჩანგალი გაუშეშდა.
-ვხუმრობ,-გაეცინა და კახას თვალებში მოთარეშე მხეცები დაინახა.
-დღესვე ჩავიდოდი ფეხით და სამსონას სულ კალმით ვცემდი,-ახარხარდა.
ლილი შემაწუხებლად მიტმასნილიყო კაცს და განძრევის საშუალებას არ აძლევდა.
ირინეს თვალებით ჭამდა,ლამაზმა კონკურენტმა მოსვენება დაუკარგა.
-მოდით ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯოთ გოგოებო,-ფეხზე წამოდგა რეზო.
-თქვენ რომ არა,ეს დედამიწა გამოფიტული და გახრიოკებული იქნებოდა,თქვენ აძლევთ სიცოცხლეს და ალამაზებთ ბუნებას,უთქვენოდ ერთი წუთიც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა,-ბოლო სიტყვებზე გაეცინა და ჭიქას ძირი გამოუჩინა.ყველა აჰყვა სიცილში,მაიკოს სახე გაებადრა.
-გაგიმარჯოთ გოგოებო,ქალებო ,ლამაზებო და ქვეყნის თვალებო,-გაეღიმა კახას და ირინეს თვალი ჩაუკრა.ქალმა წარბი შეკრა და ლილისკენ გაიხედა,რომელიც აფხორილ კატას დამსგავსებოდა.
-მადლობა ჩემო საყვარელო,-თქვა და კახას ტუჩებს წაეტანა,შემდეგ გამარჯვებულის იერით ამაყად გადახედა „მეტოქეს“.
-მე წავალ,-ფეხზე წამოდგა ირინე,შინაგან კანკალს ვერაფერი მოუხერხა.
-მოიცა,მოიცა,ჯერ ვერსად წახვალ,-ხელი დაავლო რეზომ და უკან დასვა.
იმდენი ქნა რეზომ,სანამ ზედიზედ სამ-სამი ჭიქა არ დაალევინა ქალებს,ხომ უნდა დაგვეწიოთო,-მიზეზი მოიდო.
ნეტარმა სითხემ სასიამოვნოდ დაუარა ირინეს,თავიც გაუბრუა და თვალებიც აუმღვრია.“რა საყვარელია“-კახა ფიქრებით თავს დასტრიალებდა ქალს და ინანა რეზოს რომ დათანხმდა ლილის წამოყვანაზე.
-ცეკვის გარეშე სუფრა არ გამოვა,-დაიძახა მაიკომ და რეზოს მანქანისკენ უბიძგა,ჩართე რამე დავიგრიხოთო.
მუსიკის ხმამ ძილში წასული სოფელი უკან მოაბრუნა.რეზომ მაიკო აიტაცა და ზედ სუროსავით შემოეხვია ,ლილიმ კახას მოკიდა ხელი და გულზე პირველი ადგილის მფლობელ მედალივით დაეკიდა.ირინე იდაყვზე დაყრდნობილი ადევნებდა თვალს.
-ჩვენმა სტუმარმა მოიწყინა,-ზარივით ჩაესმა კახას ხმა და მის გამოწვდილ ხელს შემცბარმა დახედა.ლილი ტუჩების კვნეტით მიუჯდა მაგიდას.
-გთხოვთ,ქალბატონო ირინე,-უღიმოდა.
ქალი ნელა წამოდგა ფეხზე და ოდნავ არეული ნაბიჯით გაჰყვა კაცს.სასმელს თავისი გაეტანა.
-არ გაგიარა წყენამ?-ყურთან უჩურჩულა და წელზე მოხვია მკლავი.
-რა მეწყინა?-კაცთან სიახლოვემ დააბნია.
-ესე იგი შევრიგდით!-მეორე ყურზე გადაინაცვლა.
-ლილის ეცეკვე,ეწყინება,-უკან დაიხია.
-ლილიზე ნერვიულობ?-გაეცინა და ოდნავ მიიზიდა.
-ზედმეტი მოგდის,-აწრიალდა ირინე.
-მაპატიე,-უკან დაიხია კახამ.
-ავტობუსში გაგეხუმრე,მომეწონა შენი ნაწარმოები და ვისურვებდი მე ვიყო ის,ვის მოსვლასაც გაზაფხულზე, შაშვის გალობამდე ელოდები,-ბაგესთან უჩურჩულა და მაგიდისკენ წავიდა.ისე სწრაფად მოხდა,გააზრებაც ვერ მოასწრო ირინემ,ყურებში შუილი იგრძნო,სახეც გაუბუჟდა,მიტრიალდა და ჭიშკრისკენ მთვრალივით წავიდა.
რეზო ისე იყო ცეკვაში გართული,არც დაუნახავს ნათესავის გასვლა.ლილიმ დამცინავი ღიმილი მიაგება კაცს.

-რა იყო,გაგექცა?-უშნოდ პრანჭავდა ტუჩებს.
-შენი საქმე არ არის!-დაუღრინა და სასმელს დასწვდა.
-აბა,რა არის ჩემი საქმე?იმისთვის წამომიყვანე,რომ ვუყურო სხვა ქალებს როგორ ეტმასნები?-წამოწითლდა და თვალები დააბრიალა.
-ლილი!-მაგიდას მუშტი დაკრა კახამ.
-რა ლილი? არ ვარ მართალი?-გაკაპასდა,-მე დროის სატარებლად გინდივარ მხოლოდ?
-მე შენ არაფერს შეგპირებივარ,დაიმახსოვრე და თუ ჩემთან ერთად დროს ატარებ,ეს ძალდატანებით არ ხდება!-ხმას აუწია.-სადაც მინდა,როგორც მინდა და ვისთანაც მინდა,იმასთან ვიქნები,თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე!-სასმელი კარგად აჭრილიყო გონებაში.
-რა დაგემართათ?-რეზო და მაიკო გაოცებულები უყურებდნენ კამათს.
-არაფერი!-კახამ ჭიქა დაცალა და ფეხზე წამოდგა.
-შენი ნათესავი მოეწონა!-წაიტლიკინა და გაავებული წამოხტა.
-რამდენს ლაპარაკობ?!-კახა ლილის მკლავში წვდა და უხეშად დააჯანჯღარა.
-ტყუილი რა ვთქვი?-წამოიფოფრა და სახე ახლოს მიუტანა კაცს.
-დილით აქ აღარ დამხვდე!-კბილებში გამოსცრა კაცმა,ქალს ხელი ჰკრა და ეზოს სიღრმეში წავიდა.რეზო უკან მიჰყვა.გზის გადაღმა სახლის ფანჯარაში მდგომმა ირინემ ყველაფერი დაინახა და გაიგონა,პირზე ხელაფარებული აეყუდა კედელს და თვალები დაჭყიტა.გულის ხმა ყურებში ესმოდა,ოფლმა დაასხა,საწოლისკენ წავიდა და ბალიშზე პირქვე დაემხო.
-რა ხდება კახა?-რეზოს ხმა დახშობოდა.
-არაფერი! ეჭვიანობის სცენა გამიმართა!-წინ და უკან დადიოდა ხელების ქნევით.
-იმიტომ წავიდა ირინე?-სიბრაზე მოერია.
-არა,წასვლა უნდოდა და წავიდა.
-კახა,ირინე ჩემი დაა ხომ ხვდები?!-რეზოს ხმა გაუმკაცრდა.
-რას მიხსნი ხვდები მაინც?!-არ ესიამოვნა.
-არ გიხსნი,გაფრთხილებ! ლილის მსგავსი არ იქნება,იცოდე!-სხეული დაეჭიმა.
-ჩემთან მასეთი საუბარი არ გჭირდება!-ნაწყენმა უთხრა და სახლისკენ წავიდა.
დღის სინათლე შეპარვოდა ღამეს და ნელ-ნელა გარს ეხვეოდა.ნახირი პირის ცოხნით ზანტად მიირწეოდა მწვანედ აბიბინებულ მინდვრებისკენ.ქათმები კრიახით აცილებდნენ საძოვარზე მიმავალთ.
ირინეს მოუსვენრად ეძინა,მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გაათენა.კახაზე ფიქრი აკვიატებოდა,ხან ბრაზობდა,ხან ეღიმებოდა,კაცის ბოლო სიტყვებმა საგონებელში ჩააგდო.ხმაური შემოესმა და ფანჯარას აეკრა.რეზოს ჭიშკრიდან ერთიანად აწითლებული ლილი გამოვარდა პატარა ჩემოდნით ხელში,უკან მაიკო მოსდევდა და ქალის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა.
-ლილი,მოიცადე,რა დაგემართა,ხომ იცი ნასვამი იყო,შენც ზედმეტი მოგივიდა!
-კიდევ მე მომივიდა ზედმეტი?! როგორ უყურებდა,ვერ დაინახე? აქეთ მე გამომიყვანა დამნაშავე! - ამოუსუნთქვად მიაყარა გაწიწმატებულმა.
-მეც წამოვალ,დამიცადე,მასე არ გამოვა,-ჩემოდანი გამოსტაცა ხელიდან.
-აქ დაგელოდები,არ შემოვალ,მაგის დანახვაც არ მინდა!-თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა და ირინეს ფანჯრებს ავის მომასწავებლად გახედა.
კახა გულაღმა დაწოლილიყო,ორივე ხელი თავქვეშ ამოედო და ოთახში შემოსულ რეზოს ცალ წარბაწეული უყურებდა.
-რა მოხდა წუხელ,მეტყვი ნორმალურად?-რეზოს ცივი ხმა ჰქონდა.
-რა უნდა მომხდარიყო,ჩვეულებრივი ქალური ისტერიკა,მეტი არაფერი!-ზეწარი გადაიძრო და წამოჯდა.
-ირინეს რა უთხარი?-ჯიქურ შეხედა.
-ვინ გითხრა,რომ რამე ვუთხარი?-არ ესიამოვნა.
-კახა!-ხმას აუწია.
-რეზო! ნუ აჰყვები ქალებს!-ორივე ფეხი ერთად გაუყარა შარვალში და წამოხტა.
-მოგეწონა?!-თითქოს თავზე ცივი წყალი გადაავლესო ისე შეხტა.
-არ დაგიმალავ,მომეწონა! იმ დღესვე მომეწონა ჩვენთან რომ მოვიდა,ავტობუსში უკეთ გავიცანი,კიდევ უფრო მომეწონა და მომკალი ახლა!-კრემისფერი პერანგი ისე შემოიცვა ტანზე,ლამის შემოიხია.
-ლილისთან ვერ გააიგივებ,ხვდები?მეგობარი ხარ და მშვიდად გესაუბრები,უცხო რომ იყო,სხვაგვარად იქნებოდა,-დაძაბული იყო რეზოც.
-ბიჭო,ოცდარვა წლის მანძილზე,ძლივს სერიოზულად მომეწონა ვინმე და ნუ გადამაყოლებ ახლა ჩემს წამიერ ვნება აშლილობებს!-ნესტოები დაბერვოდა და სუთქვა გახშირებოდა.

რეზოს შეუმჩნევლად გაეღიმა,თვალმოჭუტული დააკვირდა მეგობარს და მის სახეზე გულწრფელობა ამოიკითხა.
-საღამოს მოვბრუნდები,გოგოებს მე წავიყვან!-მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და გაოცებულ კახას თვალი ჩაუკრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები