ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 ოქტომბერი, 2020


დგება თეთრი დღეები ( გალაკტიონის ერთი ლექსის გამო

ნინო დარბაისელი

დგება თეთრი დღეები
(გალაკტიონის ერთი ლექსის შესახებ)
- - - - - - - - -

ქართული  პოეზიის  ჭეშმარიტი მოყვარულებისთვის  ადრეული შემოდგომა ყოველწლიურად  საუკუნის წინანდელი ამ ერთი ლექსით იწყება. (იქნებ აქ მხოლოდ ჩემს  პირად სამეგობროს ვგულისხმობ, რომელშიც  ასეთი ადამიანების გარდა, მართლა არავინაა).
დგება თეთრი დღეები
...
დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.
ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;
სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.

        ძნელი საგრძნობია არაა, რომ ეს პატარა ლექსი რაღაცას, იმაზე მეტს შეიცავს, ვიდრე მის მომხიბლავ ზედაპირზე დევს.
        საქართველოში ყოფნისას კარგი, საინტერესო მასალები მქონდა მოძიებული, წერილის ჩარჩოც - მზად.
      სამწუხაროდ, დასრულება არ დამცალდა,  მასალები თბილისში დავტოვე...თუმცა მეხსიერებამ რაღაცეები მაინც შემოინახა.
        იქნებ ასე უკეთესიცაა.

    თუ დაკვირვებიხართ,  წვრილ წითელშუქიანი  ლაზერული ფანრით, ანუ ე..  წ. „ლაზერ-პოინტერით”რაიმე ადგილს რომ ანათებთ? საუკეთესო ინსტრუმენტია რამეზე მისათითებლად,  უზუსტესია გამოცდილ ხელში, თუმცა მხოლოდ ერთ წერტილს მოიცავს, მასზეა ფოკუსირებული,  ყოველივე დანაჩენი კი მისი შუქის მიღმა რჩება.  მოინდომებ მისი მეშვეობით სხვა წერტილის გაშუქებას და ახლა წინა წერტილი ‘’ჩაგიბნელდება’. ანუ რაღაც/ რაღაცეები აუცილებლად გრჩება ფოკუსგარეთ.  გალაკტიონი  სწორედ ასეთი ტიპის პოეტია. ფაქტების უტყუარობა, მართებული ლოგიკური მიზანმიმართულება მისი შემოქმედების ამა თუ იმ ასპექტის  თავისთავად რთული კვლევისას,  ბედნიერ შემთხვაში,  წარმატებულადაც შეიძლება დამთავრდეს, მაგრამ  შედეგი - იმ ლაზერული პოინტერივით მხოლოდ ერთ წერტილს მოიცავს და სრული სურათი  მაინც დაუნახავი გვრჩება (დავაზუსტებ:  აქ მის რეალისტურ პოეზიაზე არა მაქვს საუბარი, რომანტიკულ-სიმბოლისტურ ესთეტიკასთან დაკავშირებულ ლექსებს ვგულისხმობ).
მოდით, ახლა  აქტიურ  მიმოქცევაში მყოფიმ ტერმინი 3D გამოვიყენოთ და ვთქვათ, რომ მისი სახეობრივი სისტემა, პოეზია ასეთი რამაა, - სამ და იქნებ მეტგანზომილებიანიც.
    ადრე  სხვადასხვა მოდიფიკაციით,  არაერთგზის აღმინიშნავს ერთი აზრი და მგონი,  მკითხველს თავიც შევაწყინე იმავეს გამეორებით, რომ გალაკტიონის რთულ პოეტურ იმაგინაციათა დაყვანა ერთს,  რომელსამე მნიშვნელობაზე, რაოდენ კარგად და დამაჯერებლადაც არ უნდა იყოს დასაბუთებული იმ მნიშვნელობის  ღირებულება და ნამდვილობა ფაქტების მოხმობით,  საფუძველშივე უპირისპირდება  მის ესთეტიკურ პრინციპს, მის,  ასე ვთქვათ, პოეტურ ალქიმიას, მოიხელთოს  სხვადასხვა ღია თუ ფარულ დინებათა  რაღაც ნაზავი.
      რა ნაზავია ეს?
    ან  რა დინებებია ასეთი?
        განა სხვა ქართველი თუ არაქართველი პოეტები არ ახდენენ დინებათა  გარკვეულ სინთეზირებას?  - ვიქნები საკუთარი თავის ოპონენტი, ვიდრე სხვა ხმას მომაწვდენდეს.
        ცხადია, მეტნაკლებად ყველა პოეტის შემოქმედებაში, სახეთქმნადობაში ხდება  ცნობიერ და არაცნობიერ, კრეატიულ, ფარულ და ღია დინებათა შერწყმა,  უამისოდ პოეზია ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მე აქ საუბარი მაქვს წარმმართველ, “თაურ-პრინციპზე“.
      მის პოეტურ სამყაროში მოგზაურობისას  ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმას მივუახლოვოთ ფიქრი, რაც,  სხვადასხვა დროს, როგორც იტყვიან, ცდაში გვეძლევა. მაგრამ ნამდვილი  რეცეპტის საიდუმლო მან ერთმა იცოდა და თან წაიღო.
        დავუკვირდეთ თუნდაც მის პოეტურ ლექსიკასა და სიტყვათწარმოებას: გალაკტიონი განგებ ირჩევს ქართული ენის ლექსიკიდან იმ სიტყვებს, რომელთაც ორი და მრავალი მნიშვნელობა აქვთ. ეს  - ერთი ძირითადი გზაა მის  მრავალმნიშვნელოვან სახეთა ქმნადობისათვის. (რეალისტური ლექსების კორპუსი აქ არ იგულისხმება. მათში სხვა რიგის ამოცანებს ისახავს და წარმატებითაც ჭრის, მაგრამ ეს - სხვა საუბრის თემაა). მის შემოქმედებაში ამ მხრივ ყველაზე უკეთესი ნიმუშია  ლექსი ,,უცნაური სასახლე“, სადაც ყოველი სახე, როგორც  ტაძრის ფერად  ვიტრაჟებში  გარდატეხილი მზის სხივი სულ სხვადასხვაგვარ ფერადოვნებას ასხივებს აღქმის რაკურსის ყოველი ცვლილებისას. აღნიშნული ლექსის სათაურში გამოყენებული სიტყვა ,,უცნაურიც’ სწორედ ამას მიგვანიშნებს.
      ისიც  ნუ დაგვავიწყდება, რომ გასული საუკუნის დასაწყისში ქართული ენა ვერ იყო მეცნიერულად საფუძვლიანად შესწავლილი, ვერც  სხვა, განვითარებული ერებივით,  სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური ლექსიკონების სიმრავლით მოვიწონებდით თავს, არც სალიტერატურო ენის ნორმები  იყო ასე დადგენილი. ამ მხრივ თანამედროვე ავტორები შესაშურ ფუფუნებაში ვიმყოფებით,  მაგრამ  საკითხავია, გვინდა კი ეს ფუფუნება დღეს, ისევ გვჭირდება?
          თანამედროვე პოეზიას უკვე სხვაგვარი ესთეტიკური ღირებულებები აქვს. მისი ლექსიკა მასმედიის საშუალებათა და ინტერნეტის  გავლენით, უფრო და უფრო მწირი, ‘’მიწიერი’ ხდება. დაიკარგა სიტყვათა და ფრაზათა ქმნისა და  ბმის სინთეზური წესი, სწრაფვა თანაჟღერადობისაკენ და  ახლა ნარატიულობამომძლავრებულ წრფივ კავშირებს სჯერდება. რას ვიზამთ, დროის ნიშანია!
        აქ, ამერიკაში საქველმოქმედო მაღაზიათა ერთი ჯაჭვია,  ,,გუდვილი“ ეწოდება. სავსეა მისი მაღაზიები მოხუცებულთა  საკუთარი სახლებიდან თუ ბინებიდან შთამომავლების მიერ  ყუთობით გამოზიდული, მუქთად ჩაბარებული,  მართლაც ღირებული და ხარისხიანი  საგნებით, ისეთით,  საქართველოში რომ ნებისმიერ შეძლებულ ოჯახს დაამშვენებდა, ძველად  და იქნებ ახლაც.‘ „ანტიკვარიატსაც“  რომ ვუწოდებდით და  ეს ყველაფერი რაღაც ცენტები ღირს. თავისთავად ღირებულ  ამ ყველაფერს ახალგაზრდა თაობამ  მთლიანად ზურგი აქცია და ახლებური, იაფი,  გაცილებით დაბალხარისხიანი, მაგრამ მახვილგონივრული დიზაინით იწყობს საცხოვრისსა და ზოგადად ცხოვრებას. ცდილობს, მაქსიმალურად  გათავისუფლდეს ხარისხიანი,  საყოველთაოდ დადგენილი, თუმცა უკვე მოძველებული ღირებულებებისგან და უფრო და უფრო მეტი სივრცე დაიტოვოს საკუთარი ინდივიდუალობის გამოსავლენად.  თუმცა შემთხვევათა დიდ ნაწილში მათ მიერ ინდივიდუალობად მიჩნეული ‘’სიახლე’ ტიპობრივი აღმოჩნდება ხოლმე და  მუდმივი მოწოდება’’ იყავი შენი თავი, იყავი ინდივიდი, თამამად გამოხატე შენი არსება“ - საბოლოოდ ჩაკეტილ წრეზე ტრიალს ემსგავსება.  ახალგაზრდულ  პოეზიაშიც რაღაც ამგვარი ხდება.  ხელოვნებაში თვითგამოხატვა, თავისებური ეგოცენტრიზმი - როგორც მთავარი რამ -  დროის ნიშნადაც იქცა, თუმცა გარკვეული დოზით ხომ  მუდამ არსებობდა კიდეც.
     
     
    ***
        რა ძნელია,  რამეზე წერისას საუბრის თემა, ძირითადი ხაზი სწორად გეჭიროს და თემიდან არ უხვევდე მალიმალ.
    რაღაც, ასეთს  ვკითხულობდი, მაინც რა, თუნდაც ჩვენთვის ხილული დინებებია ისეთი გალაკტიონთან, სხვა პოეტებს რომ  ნაკლებად აქვთ-მეთქი. ანუ მისეული, იდუმალი  პოეტური ალქიმიის შედეგად,  რა    ჩვენთვის  ასე თუ ისე  ნაცნობი ნივთიერებები შედის მის  ქმნილებათა შენადნობში:
  1. იმდროინდელი  ქართული პოეტური  და ზოგადკულტურული ტრადიცია, 
    2. მითადქმნილი  მსოფლიო კულტურული კონტექსტი, გააზრებული იმგვარად, რაგვარ საშუალებასაც იძლოდა, მწირი, მეტიც, არარსებული პირდაპირი კომუნიკაცია და მისი ჩამნაცვლებელი რუსული არხები - წყაროები.
    3. პირადი  სულიერი  გამოცდილება თუ ცხოვრებისეული  რეალია.
    4.  საკუთარი  ფანტაზია და კრეატიულობა.
      ეს -  ძირითადი, მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ არა -  ამომწურავი ‘’რეცეპტია’.  იქნებ  ვინმემ არაცნობიერი მოისაკლისოს. სხვა დინებებიც ბევრი იქნება.  სიტყვას შევამოკლებ და ვიტყვი, რომ  არ არსებობს  სხვა ავტორთა არცერთი კარგი პოეტური ქმნილება, აქ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ორიოდეს რომ მაინც არ შეიცავდეს, მაგრამ გალაკტიონთან ეს  და ყველა სხვა  დინება  ინტეგრირებულია, ანუ ამ სიტყვის სალექსიკონო მნიშვნელობით,    ყველა პლანი  რაღაც ერთში, მთლიანობაშია    ჩართული,  დანარჩენენ კომპონენტებთან  კომბინირებულად დაკავშირებული. 
      ვწუხვარ, ზუსტად აღარ მახსოვს, რას გულისხმობდა  გალაკტიონი სიტყვაში  „ინტეგრალები’ , მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ  ის რაღაც ამასთან  ძალზე ახლოს უნდა იყოს.

***
        გალაკტიონის ლექსის კვლევისას მე ჩემი საწყისი მეთოდი მაქვს.  არ ვიცი, იქნებ სხვაც ასე იქცევა.
ფანქრით გავხაზავ ხოლმე ყველა მომენტს, რომელიც უჩვეულოდ, უცნაურად  ჟღერს ან გამოიყურება,  ამოვიწერ და  მათზე ვაკონცენტრირებ ყურადღებას. საანალიზო ლექსში ასეთ მომენტებად მივიჩნიე:
      1. თეთრი (!) დღეები - ტრადიციული წარმოდგენით ხომ ღამე - შავია, დღე - ისედაც თეთრი. რანაირად დადგა თეთრი დღეები? ჩვეულებრივ ხომ შემოდგომაზე დღე პირიქით - მოკლდება.
ეშლება რამე პოეტს?
თეთრი ღამეები რომ იყოს, ყველაფერი ხომ გასაგები იქნებოდა.
2. რას ნიშნავს ,, გაჩნდნენ ორხიდეები- ყოვლად უმიზეზონი”?
რა შეიძლება იყოს ან არ იყოს ყვავილის გაჩენის მიზეზი? თანაც - “ყოვლად”?
3. რას ნიშნავს ,,ლურჯი მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით”?
მონტევიდეო სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, ურუგვაიში დიდი საპორტო ქალაქი კია, ცხადია, წინ ლურჯი ზღვა აქვს, როგორც ყველა საპორტო ან ზღვისპირა ქალაქს და თავზეც - ცა შეიძლება ხშირად ჰქონდეს ლურჯი, როგორც დედამიწაზე ყველაფერს.
რუქაზე მისი გამოსახულება - ვიზუალურად - არაფერს გვაძლევს, აქ გასაღებად რომ გამოგვადგებოდეს. თან ვიწრო(!) ხელთათმან- ებ- ით ( თავი დავანებოთ იმას, რომ ქართულში მხ. რიცხვში უნდა იდგეს ხელთათმანი და ჩავთვალოთ, რომ გასარითმავად ზმანებით//ხელთათმანებით - პოეტურ ლიცენციას მიმართავს ავტორი. მოქმ. ბრ. ფორმა ხელთათმანებ- ით - რატოა? ანუ რას ახლავს ეს ხელთათმანები?

4. და ბოლოს, რას ნიშნავს ეს? –

სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.

რა ფრთებზე, ნისლზე, რა ქაოსსა და ვინ მხატვარზეა საუბარი?
რატომ მკათათვე?

***
      საფუძვლიან გამოკვლევას რომ ვწერდე, სიტყვას მეტად გავაგრძელებდი, ეს  ტექსტი კი უფრო ესსეა, რომელსაც კონკრეტული დანიშნულება აქვს: ვირტუალურ  მეგობარ მკითხველებს გაუზიაროს აზრი ლექსის შესახებ,  იმ რეალიების რაღაც ნაწილის  მოხმობით, რისი გამოყენებაც აღარ დამცალდა საქართველოდან სამუდამოდ  გამომგზავრების  გამო,  ახლიდან მოვიძიე, თუმცა ვერა - ყველაფერი.
      მივყვეთ პუნქტობრივად ჩამოწერილ კითხვებს!

1. დგება თეთრი დღეები / რიდეების სეზონი“ - პეტერბურგის თეთრი ღამეების შესახებ ყველას სმენია და  მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ შემოდგომაზე არსებობს დაახლოებით ორკვირიანი პერიოდი, როცა ყინვა ჯერ არ დამდგარა, უბრალოდ აციებულია, ყვითელი მზე ანათებს, მაგრამ არ ათბობს,  გაყვითლებული ფოთლებიც საბოლოოდ დაცვენილი არაა. თოვს კია და საუკეთესო სეზონია სასეირნოდ, ციგით სასრიალოდ და ასე შემდეგ. ამ თხელთოვლიან დღეებს უწოდებენ სწორედ თეთრ დღეებს (იხ- ილუსტრაციები 1-2) ანუ  აქ გალაკტიონი კი არ იგონებს, არამედ იყენებს უკვე არსებული, თუმცა ქართველი მკითხველისთვის ნაკლებად ცნობილი მოვლენის სახელს.

2 ‘’გაჩნდნენ ორხიდეები, ყოვლად უმიზეზონი’ - აქ ისევ მნიშვნელობებით თამაში უნდა გვქონდეს, ორქიდეა - ზამთრის ყვავილია, განსაკუთრებით პოპულარული პეტერბურგში, მას საშინაო პირობებში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და არა გახსნილ სივრცეში, არამედ ორანჟერეიებში ზრდიან. იმდენად დამახასიათებელია იმ ქალაქის გარემოსათვის ეს ყვავილი, რომ ოთახის  პატარა ძაღლის ჯიშიც კი ამ  სახელითაა რეგისტრირებული - ,,პეტერბურგული ორქიდეა (იხ. ილუსტრაცია)
  რატომ ორხიდეა და არა ორქიდეა?  ორმაგი ხიდები ცნობილია მსოფლიოს სხვადასხვა ალაგას,  რუსეთშიც, მაგრამ  პეტერბურგში ასეთი რამ მე არ მაგონდება. ვეძებე და ვერც  ვიპოვე, არადა რაღაც დამატებითი მნიშვნელობა მგონია ეს ხიდი. ხომ არ იგულისხმება ‘’რაზვადნოი’ ანუ გასახსნელი, ორნაწილიანი ხიდიც? ან სულაც მინიშნებაა პეტერბურგზე, როგორც ‘’ხიდების ქალაქად“ ცნობილ ადგილზე?
    მაგრამ რატომ „უმიზეზონი“,  მხოლოდ რითმის გამო -  სეზონი/უმიზეზონი? 
      რა მიზეზი უნდა ჰქონოდათ ორხიდეებს გასაჩენად?
      თეთრი  ზამბახები რომ თოვლის ფთილებად შეგძლია წარმოვიდგინოთ, ამ აზრს მე ვერ მივითვისებ, სხვისგან მახსოვს, მაგრამ ლოგიკას კი დავესესხებოდი. ხომ არაა  ეს ორქიდეები დაკავშირებული  ფიფქებთან ან პატარა, შემოდგომური თოვლის ფთილებთან?  ზამთარი  ხომ საშინლად ცივი და ნესტიანი ყინვებით იცის პეტერბურგში - ამ ჩრდილოურ საზღვაო ქალაქში. შემოდგომის პირველი აციება კი  ამისგან განსხვავებით,  ძალზე სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს ადამიანებში.
    დღევანდელ სალიტერატურო ქართულში  და შესაბამისად , ლექსიკონებში, მიზეზი - .’’პრიჩინას“(რუს.) ნიშნავს, მაგრამ დიალექტებში დღემდე შემორჩენილია მისი  მეორე მნიშვნელობაც - ნაკლი, ხინჯი, წუნი და ასე შემდეგ (იხ. ილუსტრაცია) აქ ვფიქრობ, პოეტი  კვლავ მნიშვნელობებით თამაშობს.
  გალაკტიონი რომ საფუძვლიანად ეწაფებოდა რუსულ  ლიტერატურასა და კულტურას, ცნობილი ამბავია. არსებობს ასეთი ხერხიც მის ენიგმათა ამოხსნისა -  საჭიროა, გაუგებარი სიტყვა რუსულად თარგმნო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.  ეპითეტი ‘’ყოვლად’ - ასეთ სიტყვად უნდა მივიჩნიოთ. ,, ვესმა(რუს) . მაპატიეთ, რუსული შრიფტი არ მიყენია და იძულებული ვარ,  ქართული ასოებით ვწერო.
      აშკარაა, რომ ამაღლებული სტილის მეტყველებასთან გვაქვს საქმე, ელეგანტურობასთან. დაბალ ფენებში ასე არ მეტყველებენ. თუმცა ეს ის პერიოდია,  გასაბჭოებისდროინდელი, როცა მდაბალმეტყველებით მაღალი წრის ხალხი თავისებურად თავსაც იწონებს (ქვეცნობიერი შიშის გამოხატულება ახალი რეალობისადმი?)
    3. მივადექით ყველაზე მომხიბლავ, მაგრამ ასახსნელად ძნელ მომენტს: რას ნიშნავს „ლურჯი მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით“?
    რატომ არის ლურჯი  - ურუგვაის  საპორტო ქალაქის, დედაქალაქის ფერი, ურუგვაის დროშის სილურჯის გამო? ზღვის და ცის გამო? განა საპორტო ქალაქების უმეტესობა  ამ მხრივ,  ლურჯი არ არის, ან ხელთათმანები მაინც როგორ-ღა ახლავს?  - ‘’;ხელთათმანებითო“!  რუქაზეც -  გამოსახულება ხელთათმანს  სულ არ წააგავს.  მაგ. იტალიაზე ხომ ამბობენ ჩექმას ჰგავსო, პირადად მე საქართველოს ძველი რუქა მაგონებდა ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში ადრე გამოკრულ ილუსტრაციას, რომელზეც ჩანდა,  საქონლის ხორცის ნაწილებად  დაჭრისას რომელ ნაწილს  რა ერქვა, რისთვის იყო  გამოსადეგი და რა ღირდა. აქ კი მსგავსი არაფერია.
        ჩვეულებრივ, რას შეიძლება ახლდეს ხელთათმანები? ხელთათმანები - ხელთათმანი (მხ. რ) ბევრნაირი არსებობს, მაგრამ ვიწრო  ხელთათმანი -  ეს ხომ გალანტერეის ნაწილია. იგი შეიძლება, მაგალითად, ახლდეს ჩანთას, კაშნეს,  შეიძლება  კოსტიუმის, რაღაც ჩასაცმელის ატრიბუტი იყოს. თუ ასეა და  ეს  „მონტევიდეო“ -კოსტიუმს ნიშნავს,  ვის და რატომ შეიძლება ეცვას  იგი, ქალს თუ კაცს? რაკი პეტერბურგია, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს  ალ. ბლოკის ‘უცნობი ქალია“?
      გადაჭრით  - ნამდვილად ძნელი სათქმელია.
      რაკი გალაკტიონის სახეთა  მრავალგანზომილებიანობაზე, მრავალმნიშვნელოვნებაზე ზემოთ უკვე ვთქვით ორიოდე სიტყვა, ჯერ “გარეთა“ მნიშვნელობას მივაპყროთ ყურადღება!
      მანამდე კი თანამედროვეობიდან ანალოგი ვნახოთ, იქნებ გამოგვადგეს:
      ამერიკაში - ჯინსი -  ისტორიულად  - თავისებურად  დამუშავებული  „დენიმის“ -  ბრეზენტის  სამუშაო შარვლის სახელწოდება იყო,  ჩვენში - ჩემს თაობაში მაინც, რომელსაც ,,ჯინსების თაობაც“ კი უწოდეს მოგვიანებით, ის  გაფეტიშებული იყო, თავისუფლების, ამერიკის სიმბოლოდ იქცა.
      ადრე მოძებნილი მქონდა მასალები, რომ არსებობს სტილი - მონტევიდეო,  მაშინდელ არეული რუსეთის იმპერიიდან  დიდძალი ემიგაცია მიაწყდა სწორედ მზიურ მონტევიდეოს, განსაკუთრებით რუსები და სომხები და იქ უზარმაზარი, დღემდე ძლიერი  დიასპორები შექმნეს.  სომხებმა განსაკუთრებით სამკერვალო ბიზნესი განავითარეს და არ არის გამორიცხული, რომ ლურჯი მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით - ეს ელეგანტური სახე  - სწორედ ლურჯი კოსტიუმია ვიწრო ხელთათმანებით. ეს ყოველივე კი საოცნებო, მზიანი მხარის სიმბოლოა. სხვათა  შორის,  ასეთივე ოცნების ქალაქებად ესახებოიდათ მაშინ ბუენოს-აირესი და რიო-დე -ჟანეირო - არსებობს რუსულად  ლექსები და სიმღერები ამ ოცნების ქალაქთა შესახებაც.
      ახლა გალაკტიონის პირად გამოცდილებას მივაპყროთ მზერა.
      მას აქვს ერთი ლექსი, დაწერილი ოცდაათიან წლებში, სადაც იხსენებს, თუ როგორ ნახა პირველი ხმოვანი ფილმი,  მეოთხედი საუკუნის წინ.  (იხ.ილუსტრაცია, დათარიღებული  23.12 35-ით) ამ ფილმში მონტევიდეოს აჩვენებდნენ და იქიდან მოწყებული იგი  მის შორეულ, საოცნებო ქალაქად იქცა. მონტევიდეო ნახსენებია მის ზღვის ეფემერაშიც:
   
     
ზღვის ეფემერა
- - - -
სალიუტი, სალიუტი!
გვიყვარდა უცხო ქალაქები
ზღვის ნაპირებზე:
მონტევიდეო,
ბუენოს-აირეს.
გვიყვარდა უდაბური კუნძულები,
ალბატროსები.
ღვინით რამდენი სიხარული
გემის ბაქანზე
ჩვენ შეგვხვედრია!
ვარსკვლავთა ფიფქით გულია სავსე,
ელვარებს მთვარე,
შავი ზღვის ზვირთთა სცურავხარ ნავზე,
შენ, შუქთა მხარე.
კიპარისები, დაფნები, პალმა
მოსჩანან შორით,
და ნავთსადგური ცისფერმა ალმა
დაფარა ტბორით.
როგორც ეს გული, მიეცა ჯადოს
მიდამო მთელი..
მონტევიდეოს და კოლორადოს
ასახვა წრფელი.
ხმოვანი კინო
საღამო წყნარი. უღრუბლო სახეთ
ახალი ღვინო.
ოცდაათი წლის წინად რომ ვნახეთ
პირველი კინო.
ზღვა ხმაურობდა. ეს იყო ქვიშის
ხმოვანი ჯადო.
მონტევიდეო, ლურჯი პარიზი
და კოლორადო.
მას შემდეგ ხანა ორად გაიყო -
გული ამ გულში.
(ეს ოცდაათი წლის წინად იყო,
და არა გუშინ).
არ გაიარა მას შემდეგ ჯადომ
ხანა წუხილის.
ისევ ის განგი და კოლორადო
ვნახე წუხელის.
და ფრანგულის წილ (გზა უისროთა)
როგორც სინანულს -
ხმოვანი ფილმი სიტყვებს ისროდა
ამერიკანულს.
გაჰქრა მსუბუქი შრიალი ქვიშის
ალ-მოფერადო...
მონტევიდეო. ლურჯი პარიზი
და კოლორადო.

მივაქციოთ ყურადღება ლექსის ფინალს. აქ უკვე პარიზია ლურჯი და არა მონტევიდეო.
ეს მაფიქრებინებს, რომ ლურჯი - ცისფერის - საოცნებო ფერის - სუროგატადაც შეიძლება გავიაზროთ.  ვფიქრობ, ასე თუ ისე, ერთი რამ მაინც ცხადი გავხადეთ, რომ ადრეული ჭაბუკობიდან მოყოლებული, გალაკტიონისთვის, ისევე როგორც მრავალი იმდროინდელი ადამიანისთვის,  მონტევიდეო - ოცნების,  ლურჯი ოცნების  მხარე იყო, რომელსაც პოეზიაშიც და ჩანაწერებშიც მას შემდეგ არაერთხელ მიუბრუნდა. დავუკვირდეთ, სახე წოდებით ბრუნვაშია დაყენებული, ანუ მიმართვის ობიექტია:

ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;

რიდეები, დაბურულობა, როგორც ოცნების განუყოფელი თვისება ამ სახესაც სდევს. ანუ რას ეუბნება. ლაჟვარდების სადღაც, ბოლო კიდეში მეგულები, ზმანებები - საოცნებო წარმოსახვები გბურავსო, ამას მიუმატეთ  ნისლი, ქაოსი... წამოიდგინეთ, რომ მხატვარი ხართ და ამ ლექსის  ფერადი ილუსტრირება დაგევალათ, რა ფერები გექნებათ პალიტრაზე?  რა უნდა გამოსახოთ? -  ალბათ რაღაც გაურკვეველი დაბურული, მოთეთრო ფონი (ეს კი სახვით ხელოვნებაში  არა -  უბრალოდ, თეთრი ფერის დადებით, არამედ სხვადასხვა ფეროვანი, შუქჩრდილოვანი  ლაქების ოსტატური შეხამებით  მიიღწევა)  და ცენტრში  - ერთი  გრაფიკული,  გრაციოზული მონასმით, უფრო ზუსტად - ალბათ ხაზით, რაღაც,  ლურჯი გამოსახულება.  მთელი ლექსი  თეთრ-ლურჯია -(ლაჟვარდიც ხომ ლურჯია, ფიგურიდან -  ლურჯი ფლუიდები გადაედება , ანუ ფონი და გამოსახულება დიალოგში შევა). ეს ყველაფერი კი საბოლოოდ  ზმანებისმიერი ბუნდოვანების,  დინამიურ სურათ-ხატს ქმნის.

    ***
    ფინალამდეც მოვაღწიეთ:

სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.

ქაოსის მხატვრად იწოდებოდა ივან აივაზოვსკი.  ამ სათაურით  ცნობილი - ,, ქაოსი - შესაქმე“  - ტილო არა თუ გალაკტიონს, არამედ რუსებსაც არ ჰქონდათ ნანახი, თუ არ დავუშვებთ იმ ალბათობას, რომ ვატიკანში შეიძლება ემოგზაურა ვინმეს და  კათოლიკურ მუზეუმში ეხილა იგი. ტილო 1841 წელს იტალიაში  შეიქმნა და გამოფენისთანავე რომის პაპმა შეიძინა და  ოქროს მედლით დააჯილდოვა ავტორი. იმპერიაში  გავრცელებული იყო  მხოლოდ რეპროდუქცია და ამ ამბავზე დაშენებული მრავალი მითი.
    გალაკტიონი არ იყო ერთადერთი, რომელიც აივაზოვსკის გენიოსად მიიჩნევდა და  გამოხატავდა აღტაცებას მისდამი. მაგრამ გარდა ზოგადისა,  მას საამისოდ ძალზე მნიშვნელოვანი  პირადი მიზეზიც ჰქონდა. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

„1912
* * *
კონსტანტინე აივაზოვსკისადმი მიძღვნილმა გალაკტიონის ლექსმა „უხილავი“ გაზეთის „თემი“ გამოცხადებულ საუკეთესო ლექსის კონკურსზე მეორე პრემია დაიმსახურა. ჯილდოები გამარჯვებულებს აკაკი წერეთელმა გადასცა.”

  რას ნიშნავდა  აკაკის სახელი  გალაკტიონისთვის - ეს მისი პოეზიის მოყვარულებმა კარგად იციან. ახლა ამას დავუმატოთ იმ ადრეულ ასაკში განცდილი გამარჯვების სიხარულიც და  დაკვირვებით  წავიკითხოთ გამარჯვებული ლექსი:

გ.ტაბიძე

უხილავი
(აივაზოვსკის სურათის წინ)

მზე დასავლით იღველფება, ღამის ბინდი ხლართავს ჩადრებს,
ლურჯ ცის ფსკერზე სხივი კვდება, სალამს აძლევს ჩონჩხებს და მკვდრებს,
ფიქრში თავი დაუხრიათ სასაფლაოს დარაჯ ჭადრებს,
და ხმა ესმით უხილავის სურნელოვან ალეანდრებს...
„მე სული ვარ, შემომქმედი შეუზღუდველ სულთა თანა,
სამუდამო, - როგორც ღმერთი, დაუძლევი, ვით სატანა,
ყოფნამ ყოფნას უკვდავება უხილავად დაატანა,
თქვენ, მიწაზე, უკვდავება გიკვირთ განა, შეგშურთ განა?
ერთი ხელით ხომლს დავხატავ, მთვარეს მოვხვევ ოქროს სხივებს,
სიბნელისგან მზის შუქს გავყოფ ოქროსფერად ანამძივებს,
ერთის სუნთქვით დედამიწას გადავაფრქვევ ნაზ ყვავილებს.
მთას გრიგალი დაუბერავს, ააკვნესებს, ააკივლებს...
უხილავი ყველგან სუფევს, უხილავი ყველგან გეძებს,
უხილავი გაგახარებს, უხილავი აგაკვნესებს.
დედამიწავ! სული არის შეუზღუდველ სულთა თანა,
სამუდამო, როგორც ღმერთი, გაბედული, ვით სატანა“.
დედამიწას გარინდებულს მოხვევია ფიქრთ სამოსი,
რაღაც სევდით გამსჭვალულა მშვიდი სუნთქვა მიდამოსი.
[1912]

      ლექსში ნახსენები ამბავი -  სიბნელისგან შუქის გაყოფა რომ  შესაქმისეულია და სწორედ აივაზოვსკის ნახატს ,,ქაოსს’ უნდა უკავშირდებოდეს, ამას დიდი გამოცნობა არ უნდა.  დავაკვირდეთ აივაზოვსკის ნახატს, (იხ.ილუსტრაცია) ფრთები ზედ აშკარადაა გამოკვეთილი ბურუსში. პრაქტიკულად, ქაოსის ფონზე გამოსახულ ფრთებს წარმოადგენს. მაგრამ რას შეიძლება ნიშნავდეს ფრთები მაინცა და მაინც - “ ნამკათათვარი“?
მკათათვე  - ივლისია. ანუ თიბათვის მომდევნო თვე. საუბარია რაღაც ვერ შემდგარ შესაქმეზე, დიდ ამბავზე, რაკი წინ მისი წარმატების ამბავია, თეზა-ანტითეზის პრინციპით, აქ რაღაც წარუმატებლობაა ნისლს შეფარებული,  რომელიც პირადულიც შეიძლება იყოს.  1916 წლის ივლისში ანუ მკათათვეში იგი რუსეთში გამგზავრებას ცდილობდა.
        მე პირადად  ქვემოთ მოყვანილი  ლექსისკენ გამირბის ყურადღება და მასთან დაკავშირებული რეალია მაგონდება.
      1916 წელს  თავად ხელმოკლე გალაკტიონს უნდოდა, დედამისს სოფელში  მიწის  რაღაც ნაწილი მაინც გაეყიდა და მისთვის სასწავლებლად გასამგზავრებელი ფული მიეცა. მაკრინე ადეიშვილისთვის,  ახალგაზრდობიდანვე ქვრივისთვისს,  რომელსაც თავი და ოჯახი იმ მიწის დამუშავებით გაჰქონდა და  ცოტა რაღაცას კერვითაც უმატებდა,  მიწის გაყიდვა  და ფულის გაღება იმ საქმეში, რომელსაც წარმატების პირი არ უჩანდა,  ვერ იქნებოდა მოსაწონი საქმე,  რადგან გალაკტიონმა სწავლით თავი მანამდე დიდად ვერ გამოიჩინა, უფრო- პირიქით. ადრე თავიც კი მოიწამლა კლასში ჩარჩენის გამო.    ქმრეულებსაც დაეკითხა  რჩევას  დედამისი  და მათგანაც  ვერ მოისმინა  თავის საპირისპირო აზრი. მოკლედ, უარი უთხრა  გალაკტიონს  მიწების გაყიდვაზე და ამის შემდგომ დედა-შვილის ურთიერთობა ვერასოდეს გახდა ძველებური.
  მანამდე კი პოეტი  ასე ოცნებობდა, თიბათვე გავიდა, (ანუ  მკათათვე დადგაო)

თიბათვე გავიდა. აჭრელდა ქათიბი
იქ, სადაც ყელამდე ღელავდა სათიბი.
მეც მალე ჩრდილოეთს ვეწვევი კიდობნით,
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!
მევახშის ხელში ვარ! დამედო ვალები!
ოჰ! უნდა გავყიდო მამული, ჭალები!
რა გზაა: მე მიკვირს, რომ დღემდე გავძელი!
სასახლეც გავყიდე... სათიბიც ავცელე!
  ვფიქრობ  „სასახლე“ ამ ლექსშიც მნიშვნელობებით თამაშის კონტექსტში უნდა გავიაზროთ და  ერთი მნიშვნელობით იკითხება, როგორც მიწა, სადაც სახლი უნდა აეშენებინა -  „ სა-სახლე მიწა“, ნახსენები „ჭალები“ კი სოფლად მათი კუთვნილი ,,მეფის ჭალის“ მიწას გულისხმობს.
      შესაბამისად,  მამულის გაყიდვა, ოჯახის კუთვნილი მიწების  მისთვის საოცნებო გასხვისებას უნდა ნიშნავდეს. აი, ეს  ნაოცნებარი, „ჩრდილოეთში  -კიდობნით , ანუ გემით წასვლა  ჩაეშალა და  ,,ნამკათათვარი ფრთები ვეღარ უნდა უთბებოდეს მას.
        ლექსის ფინალი პესიმისტურია.
მოგვიანებით იგი მაინც წავიდა მოსკოვსა და პეტერბურგში, წავიდა ჯიბეცარიელი,  სწავლისთვის  და იქ არსებობისთვის  ყველაზე შეუფერებელ დროს. - რუსეთის ძველი და ახალი დედაქალაქი და მთლიანად ქვეყანა უკვე  რევოლუციის ცეცხლში ეხვეოდა...
  დედაქალაქებს მასობრივად ტოვებდა და გარბოდა,  ვისაც საით  შეეძლო. იქ კი რევოლუციონერთა ნაკადები მატულობდა.
ლექსის დაწერის თარიღი ზუსტად არაა ცნობილი, სავარაუდოდ 1922 წელია. ეს მაფიქრებინებს, რომ  აციებული პეტერბურგიცა და შორეული, მზით განათებული მონტევიდეოც საქართველოში მყოფ გალაკტიონს ეზმანება.
      ჩვენი მოგზაურობა ერთი ლექსის სივრცეში დასასრულს მიუახლოვდა.
      დამშვიდობებამდე  გავიხსენოთ,  რითაც  დავიწყეთ ეს წერილი.
      მინდა  ახლაც და ყოველთვის, გალაკტიონის შესახებ ჩემი რაიმე წერილის  გაცნობისას,  მკითხველს სულ ახსოვდეს  წითელი ,,ლაზერ პოინტერი’, რომელმაც  დროებით გალაკტიონის შემოქმედების რაღაც წვეთი ან იქნებ პეშვი  შეიძლება გაუნათოს,  საკუთარი გალაკტიონი კი  თავად უნდა აღმოაჩინოს. აღმოსაჩენი -  ოკეანეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები