ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2020


წვეთი

წვიმები უცხო მუსიკას წერენ.
ოქტომბერს დღეები დასცვივდა.
სულზე თუ რჩება, სიცოცხლის მერე,
კვალი ნაცხოვრები ამბიდან?!.
ავად ვარ.
მახსოვს- სოფელი. ჩერო.
გული. “სპლინი” თუ..
სისხლში შუშები.
სულ მინდა შენზე
და ჩემზე ვწერო,
როცა წვეთები სარკმელს უშენენ.

სიცოცხლის ბოლოს
ყველა დგას კართან-
კართან ბავშვობის. მიდის საწყისთან.
მე შენი სული მიყვარდა, მაგრამ
შენზე მელოცა გადამავიწყდა.
ნაკიანობით ვგავარ თებერვალს.
მაკლია რაღაც,
ღმერთივით ჩემი.
ცხოვრება, ერთი სულის შებერვა,
შევძელი, მეგრძნო
ტერფით და თხემით.

ხელისგულების ხაზი მოკლდება.
შემოდგომებმა დააჭკნო წლები.
დღეს, ისე, მხიბლავს მშვიდი მოწყენა,
ზამთარს ვიწყებ და
გულაღმა ვწვები.
ხომ ვწერე თოვლზე.
ზამთრის ირმებზე.
ვწერე ყორნებზე.
სულ სხვებზე ვწერე.
მე არ დაწერილ ამბავს გიმღერებ,
სიცოცხლის მერე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები