ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2020


სულ ძიებაშია ქალი



სულ ძიებაშია ქალი,
იცოდით, რომ ლოკაცია - კაცია?!
ყველგან ეძებ, შეიძლება, იპოვე კიდეც, მაგრამ მაინც უსასრულოდ ეძებ,
სადაც მიწა ამობრუნებულა,
ვაზი აბიბინებულა,
სადღეგრძელო შეუსვამთ,
საფლავი გაუჭრიათ,
მთა ჩამორღვეულა,
ცხვარი დაუკლავთ,
ხიდან ხილი ჩამოუბერტყავთ...

ასეთი დროც იყო:
წასვლა არც მიფიქრია,
წასვლა რომ დავაპირე ქმრისგან,
სახლიდან, ქალაქიდან...
მაგრამ ეს წასვლა იყო შესანიშნავი.

ჩამოვჯექი და ვიჯავრე,
რატომ უნდა ვშარდავდე ჩაცუცქული, რატომ დაგემალოთ?!
ვიღაცისთვის თუ ვან გოგი წითურია და ჯმუხი,
ჩემთვის სავსებით აღმგზნებია.
შენი ნებაა, გინდ ვაშლით გაისველებ პირს,
გინდ - მუშმალით,
გინდ ფეხზე მდგომი მოშარდავ.

ხანდახან დედასაც ავიწყდები,
შვილსაც, მეგობარსაც.
განა, საცოდავი არ დაგირჩებით, წერამაც რომ დამივიწყოს?!
მერე ვინ გიამბობთ ჩემზე ჭეშმარიტებას,
ან რა უნდა გითხრათ ჩემზე წარსულმა ისეთი,
რაც მე უნდა მოგიყვეთ?!
შენი მოყევი,
შენი წერე,
შენი მიწა დაბარე,
შენი მოყვანილი ჭამე,
არ ჭამო დედიშენისა!

ამ წიგნსაც ერთადერთი ფიქრით ამოვათავებ:
საწოლი მაშინ არის მყარი,
როცა მხოლოდ ზეწარია მრავალფეროვანი
და არა - სხეული.
ერთ ღამესაც, დილამდე რომ გავიდე  უხეირო სააქაოდან,
ჯავრი არ გამყვება იმ კაცის, მხოლოდ მოკვდავებთან რომ არ უგორავია.
ჩემს საფლავზე დაღვრილი ღვინით მისი მკვდრებიც ცხონდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები