ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: რკინის მწურავი
ჟანრი: პროზა
31 ოქტომბერი, 2020


ნინია

ავტორი: კახა მჭედლიშვილი - "რკინის მწურავი"                                                         

      პირველი ბომბი რომ ჩამოვარდა ილტოზაში, ნინია ქსოვრისის მთაზე აძოვებდა თავის ოციოდე თხას. ჩასცქეროდა ქსნის ციხეს პირმოკუმული და გულში იმეორებდა:
- „ჩემს ფხაზე ნისლი იხევა, გულზე მინთია ძახველიო...“
  ხანდახან პირსაც აატოკებდა და ნიავივით გადაქანდებოდა კბოდეზე, ვერ ისვენებდა, ხშირ-ხშირად გახედავდა ხოლმე მაჩაბლიაანთ ხევებს. მთებიდან გუგუნი ისმოდა, ხანდახან ყურს უცნაური ზრიალიც სწვდებოდა. თხები თავის ნებაზე იყვნენ ღიჭიანში - ნინია თავისთვის. ხანდახან ხელს გაიქნევ-გამოიქნევდა ნინია თითქოს ხეობის თავზე დახვეული ღრუბლების გაწევ-გამოწევა უნდაო მაგრამ ღრუბლები უძრავად იდგნენ, კუშტად ჩამოჰყურებდნენ ნინიას, ისიც გამწარებული ისევ თავის თხებს წაიფრენდა სტვენითა და წკეპლის წიოკით წარაფისკენ. ღრუბლებში არაფერი ჩანდა... გუგუნი ხან გაძლიერდებოდა ხან ისევ მიწყდებოდა.
  მამა-პაპისგან იცოდა ნინიამ ომის ამბები. იცოდა რომ მისი წინაპრები სულ ომში იყვნენ. მისი ქვეყანა სულ ომობდა და ომობდა, იბრძოდა და იწვოდა, იფერფლებოდა მაგრამ ვერავინ აჩოქებდა მაინც ბოლომდე... ძმა არ ყავდა და აბა ვის მოუყვებოდნენ? დედისერთა იყო ნინია, მამისერთაც და პაპისერთაც. პაპას რუსეთში ეომა გერმანელებთან, მამამ კი კარგად არ იცოდა სად და ვისთან იყო ნაომარი... მარიალის ცხრამეტში 15 წლის ხდებოდა ნინია, ფერიცვალებას იყო დაბადებული, პატარა აღარ ეთქმოდა, ამიტომაც უნდოდა სცოდნოდა ვისთან უნდა ეომა მამა-პაპასავით. ამიტომაც ვერ ისვენებდა და ფხუკიანი კანჯარივით კლდე და კლდე მიხტოდა, ერთი - ორჯერ ფეხიც დაუცდა და ხევისკენ მოწყდა, გზად ხელში ციკანი რომ არ მოხვედროდა იქნებ თავიც ვეღარ შეემაგრებინა... ციკანს ჩაეჭიდა, ხევს ჩახედა ნინიამ, თვალი ვერ უწვდინა. მერე ციკანს ერთი მაგარი უთაქა და ხელი უშვა. თავისებურად მადლობა გადაუხადა. ყველაფერში ასე იცოდა ნინიამ. ცაზე რომ ღრუბლები მოქუჩდებოდნენ ხოლმე იტყოდა „ცაზე ცა გადაჯოგდაო, შავ ღვინოზე  ამბობდა „დევების სისხლიაო“, ხევზე ჩამოფხრეწილ ჩოღუმზე: - „დევის დედაკაცებმა თმა გაიწეწესო“. დაგაჯერებდა „დევგარეულ“ ამბებს. მაგრამ ეხლა ზღაპრებისა და პეიზაჟების დრო არ იყო...    ნახევარი სოფელი უკვე დაცლილიყო სათათარახნო ხელადასავით, ნახევარიც ილეოდა. სამხედრო თვითმფრინავები ქინქლებივით ირეოდნენ, გმინავდა ბებერი ქსანი, ზანტად მიგორავდა ქვემოთკენ და ტალღები უკან რჩებოდა, აღარ უნდოდა ციხის ძირებში გავლა. თითქოს რაღაცას ერიდებოდა, ხმაგაკმენდილი მიზოზინობდა მუხრანის ბოლოს.
  რაღაც უნდა გაეკეთებინა ნინიას, სახლში ვერ დაჯდებოდა დევის დედასავით და თითისტარით ვერ ითამაშებდა.  იმ დღეს რაღაც წასცდა, წავალ ექიმებს დაჭრილების მობრუნებაში მაინც დავეხმარებიო და სიცილით მიწასთან გაასწორეს.
- „ჩემი მაია წყნეთელი ხაარო...“ , -ეხუმრებოდა პაპა დაძინებამდე.
- „მაიკო, ცხრაფრთიანი მათრახი ჩამოიღე ჭერიდანაო“,
- „ხორასანს ფხა გაუსინჯეო,“
- „ჯანღა მერანი გადააბიო...“- სიმწრის სიცილს ვეღარ იკავებდა პაპა.
  ერთი ხმა არ გაუჩხაკუნებია იმის შემდეგ წასვლაზე.
  კვირაზე მეტია მამასაც აღარ დაურეკავს ფრონტიდან. ამბობდნენ ხევგაღმა სოფლები ყურღანებად იქცნენო და ნინიასაც უნებურად აგონდებოდა...
„ყურღანებიდან გნოლი აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ ავმხედრდი მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს...“
  დედაც მინდვრის თაგვივით დაპატარავებულიყო ამ ერთ კვირაში. გაილია და წრიპინს უმატა. ეცოდებოდა ნინიას დედა. აი ახლა მართლა დედისერთა იყო ნინია, აი, ახლა კი მართლაც რაღაც უნდა ეღონა ნინიას და დედა გადაერჩინა. მიუხედავად იმისა რომ თორმეტუღელა ხარ-კამეჩივით იწევდა ცეცხლის ხაზზე, ილტოზაში რომ პირველი ბომბი  ჩამოვარდა სწორედ იმ დილით მიიღო გადაწყვეტილება დედასთან ერთად მეორე პაპა-ბებიასთან დაზუებულიყო კაკაბეთში. მაგრამ ვეღარ მიასწრო... ჩამოვარდა ის მთელი ქვეყნის ბოღმით გატენილი ბომბი და პირველი ნინიას დედა შემოხვდა დაბარებულივით, თითქოს ქსოვრისის ჭყანტობებში ცოტა იყო მინდვრის თაგვი... დარჩა მარტო აღარავისერთა ნინია, აღაც დედა, აღარც მამა და აღარც პაპა. არც ჩასულა ნახანძრალ კერიაზე. რაღა უნდოდა, მთელი სოფელი მუხრანში ჩაწურულიყო სამაჭრიტე ჩინურივით. ყვავების გასაწეწი და გასაზიდი გახდა სოფელი ილტოზა... ვირთაგვების საკრეფი და საძარცვი... დარჩა თავის თავისერთა და თხების ანაბარა ნინია. მას შემდეგ ველის კალიებს გაუგო გემო ნინიამ, ხევის ჩოღუმს გაუსინჯა კბილი. რამდენჯერმე ფეხიც წაუცდა უფსკრულისკენ...
  მაგრამ რაღაც არ ასვენებს ნინიას, რაღაც უნდა მოიფიქროს... გრძნობს რომ ჯავრს მოუწოდებია კაკლის ტოტივით და თავისი ხორკლიანი ხარიხით შიგ თვალის კაკლებში უბარტყუნებს. მაგარია ნინია... არც იმდენი ასხია, სასოწარკვეთილებამ თვალები ბუდეებიდან გადმოაგდებინოს, სევდამ გონება აურიოს... ერთი აზრი უტრიალებს თავში და გეგმას გეგმაზე აწყობს...
  სანამ ომი დაიწყებოდა, შემთხვევით საბრძოლო მასალების სამალავს მიაგნეს თხებმა. პაპისთვისაც არ  უთქვამს ეს ამბავი რომ არ ენერვიულა, მაგრამ კარგად კი დაიმახსოვრა ის ადგილი. ჰოდა ახლა რახან აღარაფერი აკავებდა გადაწყვიტა უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გაუეცრებულიყო ამიერეთში... გადაწყვიტა ვიდრე ჭკუა და ხელ - ფეხი მოსდევდა სცოდნოდათ იქ ზემოთ, ვისი გორისა იყო... გადაწყვიტა კბილებამდე შეიარაღებული „თხის რაზმით“ მტრის ბანაკს დასხმოდა თავს და ასეც მოიქცა...
    რამდენიმე დღით ადრე სოფელში ჩაიპარა და იქიდან  ბლომად „სკოჩი“ წამოიღო. შემდეგ საბრძოლო ხელყუმბარები და ასაფეთქებლები თხებს მუცელზე ამოაკრა და შებინდებამდე დაძრა არვე მტრისკენ.
  ორი დღე ზვერავდა ნინია სამხედროებს. მთიდან კარგად ჩანდა ტყისპირი. ჯარისკაცებს მავთულხლართით დიდი ტერიტორია შეეღობათ. დიდ ხანს ითვლიდა ნინია რუსულ საბრძოლო ტექნიკას, თვითმფრინავებს, ტანკებს მერე სათვალავი აერია და თავი დაანება თვლას.
    მარიალის ცხრამეტი იქუფრებოდა. ფერნაცვალ ხეობაზე წურბელებივით ეკიდნენ ტყვიისფერი ღრუბლები და უკანასკნელ სისხლის წვეთებს სწოვდნენ ჩამავალ მზეს. მიუახლოვდა შტაბს ნინია თავისი რაზმით. ფხიზლად იყვნენ გუშაგებიც, შორიდანვე დაუძახეს „სტოიო“ , ნინიამ ხელები ასწია და თავის დაჭეჭყილი რუსულ - ქართულით გააგებინა, თხების გაყიდვა მინდა და ცოტა ფული მომეცითო. გუშაგებმა იარაღი დაუშვეს ერთი გადაიხარხარეს და მთელი არვე შიგნით შერეკეს. მერე ნინიას ცოტა ფული გადაუგდეს და დაუყვირეს აქედან მოუსვიო. უცებ გაიშალა არვე მთელ ბანაკში... მოედო ციკანი ქვემეხებსა და იარაღის საწყობებს...
  ...მეც დავრჩებიო - თვალი თვალში გაუყრია ნინიას გუშაგებისთვის, აუთვალიერ-ჩაუთვალიერებიათ 15 წლის ნინია გუშაგებს და შეუშვიათ ისიც ბანაკში. ყელზე მოხვევია ნინია ერთ-ერთ ციკანს თვალცრემლიანი... მერე სხარტად მოუხსნია მატყლში დამალული ხელყუმბარიდან დამცავი და ზურგსუკან მდგარი გუშაგისთვის მუჭაში ჩაუდვია: „ესეც ჩემი თხასავით გაყიდული სამშობლოს ხურდაო...“
  იმხელა უბათქია არე-მარეს, მუხრანის ბოლოს გაუგიათ სოფლიდან სამაჭრიტე ჩინურივით გაკრეფილ ილტოზელებს. განათებულა ხეობა და თვალებში გამოუხედავს ჩოღუმისგან ჩაკუმეტებულ ქსოვრისის მთას.
 
                                                                                            კახა მჭედლიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები