ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
22 თებერვალი, 2009


თავი 11. ბანაკში ("გაცვლა")

სადილის შემდეგ, როცა ყველანი ფიჭვნარში ისვენებდნენ,  ერთ-ერთი სტუდენტი მოიჭრა და იყვირა:
- ჩქარა, ბიჭებო, ჩვენებს ეჩხუბებიან...
- ვის, ზაზა?
- მაღალ დათოს, ხიტას და ზურას...

დათო და ხიტა – ფეხბურთელები იყვნენ, ზურა – რეგბისტი...
ბიჭები ფეხზე წამოხტნენ და ჭიშკრისკენ გაიქცნენ, - გვიანი იყო: სამივე ბანაკის კარებში შემოდიოდა გინებ-გინებით.
- დათო, რა მოხდა? – მიცვივდნენ ბიჭები ერთ-ერთ “მოჩხუბარს”.
- რა უნდა მომხდარიყო? მე და ხიტა სასადილოში შევედით, ლუდი გვინდოდა. რომ გამოვედით, ოთხი აფხაზი ბიჭი დაგვხვდა. რუსულად მითხრა, “სიგარეტი მომაწევინეო”... თან აქცენტით ლაპარაკობდა. ვიფიქრე, ქართველია და ჩვენ ვგონივართ რუსები, ამიტომ მკითხა რუსულად-თქო... ავდექი და ქართულად ვუპასუხე, “არ ვეწევი-მეთქი”...
- მერე?
- მერე ის, რომ “Вы опять на вашем собачьем языке говорите”-ო? და მუშტი მომიქნია. ავიცილე... კიდევ მოიქნია ხელი. ხიტამ, “ხელის მოქნევა ასე არ უნდაო” და გასცხო კისერში.
- ხიტა, შენც ჩაგაბეს, ბიჭო, ჩხუბში?
- მტერს მოხვდა ამის ხელი... მერე რა მოხდა?
- რა და... “რას ქვია, ხელი დაარტყიო” და ოთხივემ ერთად დაგვიწყო ჩხუბი... – ჩაება საუბარში ხიტა, - არა და, კაი ჯანიანი ტიპები იყვნენ... მერე ზურამ დაგვინახა და ისიც ჩხუბში გადმოეშვა თავით!....
- ჰა, სცემეთ თუ გცემეს?
- რომ ვეცემეთ, ჩვენით წამოვიდოდით იქიდან? ვცემეთ და გავყარეთ... ზურამ უთხრა, “ამ ტერიტორიაზე გამოვლილი არ დაგინახოთ, თორემ დედას მოგი... გიტირებთო”...
- კაი, წამოდით... არაფერი მომხდარა! თენგიზების ყურამდე ნუ მივა, ძალიან გთხოვთ... – თქვა მაღალმა დათომ და თავისი კარვისკენ წავიდა.

თეონამ ბადმინტონის რაკეტკები გამოიტანა კარვიდან და ციალს სთხოვა, “ვითამაშოთო”...
დაიწყეს, მაგრამ... ვერაფრით ააწყვეს თამაში. ან მხოლოდ ჩაწოდებაზე თამაშობდნენ, ან 2-3 დარტყმის შემდეგ ვოლანის მოსატანად გარბოდნენ.
- დავიტანჯე!... ვერ ვხვდები, რა გვჭირს... ასე საშინლად არასოდეს გვითამაშია...
- ჰოდა, დავანებოთ თავი... წამოვწვები და წავიკითხავ რამეს, - თქვა ციალამ და კარავში შევიდა.

თეონამ მარინა დაინახა, - მისკენ მოდიოდა. თეონამ რაკეტკა გაუწოდა და თამაში დაიწყეს...
კარგა ხანს თამაშობდნენ. უცებ ვოლანი ელექტრონის მავთულს წამოედო და დაბლა დავარდა.
თეონა ვოლანის ასაღებად წავიდა, რომ მოედნის გასწვრივ სკამზე ვიღაც ახალგაზრდა, ჭაღარათმიანმა ვაჟმა ტაში დასცხო.
- ყოჩაღ, გოგოებო!... ასეთი არაფერი მინახავს: საათზე მეტია, ვოლანი დაბლა არ დავარდნილა! აი, თამაში!... ვიცნობდეთ ერთმანეთს, მე ჯაბა მქვია! თქვენი სახელები კი – ვიცი: თეონა და მარინა, ხომ?

გოგონებმა თავი დაუქნიეს. ამ დროს ფიჭვნარიდან ავთოს ხმა მოისმა:
- თეონააა, გიტარა წამოიღე და მოდით, რააა?!
- წადით, გოგონებო... გელოდებიან.

თეონამ რაკეტკები კარავში დააწყო, გიტარა გამოიტანა და ფიჭვნარისკენ წავიდა.

რამდენიმე სიმღერა იმღერეს...
თეონა წამოდგა და კარავში დაბრუნდა, - დღეს ის იყო მორიგე, სარეცხი ჰქონდა დასარეცხი. თეონამ, ციალამ და მარინამ ეს ფუნქცია “შეითავსეს” – ყოველ მეორე დღეს რეცხავდნენ ბიჭების მაისურებს... თორმეტი ბიჭი “პატრონობდა” გოგონებს და თორმეტივეს პატრონობდნენ გოგონები.

ზორბეგმა (იგივე ზორომ) და “დაბალმა” დათომ ცხელი წყლით მოამარაგეს თეონა და ფიჭვნარში დაბრუნდნენ. ის იყო, ბიჭების მაისურების რეცხვა დაიწყო, რომ მას ჯაბა მიუახლოვდა.
- თეონა, საპონი მათხოვე, რა? მაისური მაქვს გასარეცხი.
- დადე აქ ეს მაისური... შვიდი ცალი მაქვს გასარეცხი და მერვე - შენი იყოს! მე გაგირეცხავ!
- ასე როგორ შეგაწუხო?
- დადე, დადე... რა შეწუხებაა?
- დახმარება არ გინდა? რითი მოგეხმარო?
- ერთ ვედრო ცხელ წყალს თუ მომიტან?...

ჯაბამ ხმის ამოუღებლად დაავლო ხელი დიდ ვედროს და სამზარეულოსკენ წავიდა. მალევე დაბრუნდა ცხელი წყლით სავსე ვედროთი და, თეონას რომ უხერხულად არ ეგრძნო თავი, ბიჭებისკენ წავიდა.
თეონამ მაისურები დარეცხა და გავლება დაიწყო.

ბანაკის გალავანთან რაღაც ჩოჩქოლი გაისმა.
თეონამ დაინახა, როგორ გაიქცნენ ბანაკის დირექტორი და კიდევ ერთი მასწავლებელი ჭიშკრისკენ და ბოქლომით ჩაკეტეს კარი.
ხალხის ხმაურმა და სიბნელემ ერთად იმატა.
მერე მანქანების ხმა გაისმა... ბევრი მანქანის ხმა...
შემდეგ პროჟექტორებივით აინთო მანქანების ფარები და მიდამო დღესავით განათდა.

ჭიშკარზე ბრახუნი ატყდა. გარკვევით ისმოდა შეძახილებიც:
- Откройте ворота!...
- Не вынуждайте нас сломать двери!...
- Откройте, а то хуже будет!....
- Отдайте нам тех троих и мы не тронем остальных!...

- ყურებზე ხახვი არ დამაჭრათ, აი... ის სამი ბიჭი მოუნდათ!... – ბიჭები და სხვა მასწავლებლები ძლივს აკავებდნენ თენგიზ მასწავლებელს...

- Ах, значит – нет? Вините себя.....

- თეონა, დაანებე ამ სარეცხს თავი... წამოდი, მოცილდი აქაურობას! – მოირბინეს დათომ და ზორომ, თან შეშინებულნი შეჰყურებდნენ ბანაკის ჭიშკარს.
- ბიჭებო, არაფერი მიჭირს... 4 მაისური-ღა მაქვს გასავლები... უცებ მოვრჩები...საპნიანს ხომ არ დავტოვებ?
- თეონა, ჩვენ იქ ვიქნებით, ბიჭებთან...

ჭიშკრის გარეთ მანქანის ამუშავების ხმა გაისმა. ამას მოყვა საშინელი დარტყმის ხმა... მეორედ... მესამედ და...
ბანაკის ჭიშკარი ზრიალით წაიქცა, ეზოში კი გიჟივით შემოვარდა ერთი სატვირთო მანქანა, ერთი ფიატი და ერთიც მოტოციკლეტი.

ჩამოგლეჯილი ჭიშკრის ღიობიდან კარგად მოჩანდა ცელებით, ცულებით, დანებით, ხანჯლებით შეიარაღებული უამრავი ადამიანი, რომლებიც აფხაზურ-რუსულად ყვიროდნენ და... ბანაკის ტერიტორიაზე შემოსვლას კი – ვერ ბედავდნენ.

მოტიციკლეტისტი დიდხანს აბღუვლებდა თავის “რკინის რაშს”. შემდეგ, აბდუშაჰილივით, საპატიო წრე დაარტყა მოედანს და...
პირდაპირ მისი ფარების სინათლეში აირეკლა შეშინებული თეონას სილუეტი.
მოტოციკლეტისტმა მის უკან შემომჯდარ ბიჭს რაღაც გადასძახა და მთელი სისწრაფით გააქანა მოტოციკლეტი თეონასკენ.

თეონა მიწას შეეზარდა შიშისაგან. მკერდზე დაფენილ ოქროსფერ ნაწნავებს
ჩაფრენოდა და მთელი ძალით უჭერდა მუჭებს. ფეხებთან ორი ვედრო ედგა. ერთში – გარეცხილი მაისურები ეწყო, მეორე კი – ცარიელი იყო.

მოტოციკლეტსა და თეონას შორის მანძილი კატასტროფული სიჩქარით მცირდებოდა. თეონამ თვალები დახუჭა და დაჯახებისთვის მოემზადა...
გაქცევას – აზრი არ ჰქონდა...
უფრო სწორად, - გასაქცევი არსაით იყო...

მოტოციკლეტისტმა ერთი კიდევ მიაბღუვლა თეონას და იმდენად სწრაფად შებრუნდა, ლამის საკუთარი ღერძის გარშემო დაატრიალა მოტოციკლეტი, შემდეგ კი  მთელი სისწრაფით გააქროლა ჩამოგდებული ჭიშკრის მიმართულებით. უკან მჯდომმა ბიჭმა, თეონას რომ მიუახლოვდნენ,  მთელი ძალით გადაიხარხარა და ვედროს ფეხი დაარტყა.
ვედროსა და თეონას შორის მანძილი სულ სამიოდე ნაბიჯი იყო. გაფრენილი ვედრო წვივებზე მოხვდა. თეონა სიმწრისგან ჩაიკეცა, თვალთ დაუბნელდა და შიშისაგან და ტკივილისგან გული წაუვიდა.

წაქცევა ვერ მოასწრო, - ვიღაცის ძლიერმა ხელებმა აიტაცეს.
- ბიჭებო, მიშველეთ, - იყვირა ჯაბამ, თუმცა დაძახება საჭიროც აღარ იყო, დათო, ზორო და რეზიკო (თეონას ახლადშეძენილი მეგობარი) კისრისტეხით მორბოდნენ მათკენ.
- ხომ გავაფრთხილე, არა? – ამბობდა დათო და ჯაბას ეხმარებოდა თეონას კარვამდე მიყვანაში.
- კიდევ კარგი, არ დაეჯახა... რა უნდა გვექნა, ბიჭო? – აღშფოთებას ვერ მალავდა რეზიკო.

ზორომ მაისურებიან ვედროს დაავლო ხელი და უკან გაყვა.

წვივგასივებული თეონა სწრაფად მოიყვანეს გონზე და კარავში მის საწოლზე დააწვინეს.
- რა ვქნათ, ბიჭებო? ავკეცოთ კარვის კალთები? სცენაზე შემოდგმულივით ჩანს თეონას საწოლი...
- აბა რააა?!... რომ ჩამოვუშვათ კარავი, ისე შეიპარება ვინმე და გამოჭრის ყელს, ჩვენ აზრზეც რომ ვერ მოვალთ!
- ხალხნო, მე ხომ აქ ვიქნები, თეონასთან? რისი გეშინიათ?!
- ხოოო, ეს სულ დაგვავიწყდა... ციალა რომ იქნება აქ, ვინ შემობედავს კარავში მისი შიშით? – გაეცინა დათოს და ციალას ხელი გადახვია.
- ციალა, თეონა, აი, ეს სარები გქონდეთ აქ... თუ ვინიცობაა ვინმე საეჭვო დაინახეთ, ეს სარი ჩაარტყით! – თქვა ჯაბამ და გოგონებს ცალი მხრიდან წაწვეტებული, მეორე მხრიდან კი ბლაგვი. თითო მეტრიანი სარი გაუწოდა, -  ურტყით და ურტყით... განსაკუთრებით – წელსქვევით... და აი, ეს სასტვენი დაიკიდე ყელზე, თეონა... თუ რამე დაგჭირდეს, ჩაუსტვინე... მაშინვე მოვალთ!
- ეს რა სარებია, ჯაბა?
- კარვებს ამოვაძვრე... კარვების დასაჭიმი სარებია... მერე დავაბრუნებ ადგილზე.


ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო.
სამი აფხაზური სოფელი, კბილებამდე შეიარაღებულნი, გარს შემოსდგომოდა ბანაკს და მათი უხუცესების მიერ ბანაკიდან გამოტანილ გადაწყვეტილებას ელოდა.

ყველა ღელავდა: გალავანს გარეთ – აფხაზები და გალავნის შიგნით – სტუდენტები... ქართველები, რუსები, ოსები, აფხაზებიც, - მაგრამ სტუდენტები, უკვე ერთმანეთის ნაცნობები, ამხანაგები, მეგობრები!!!

აფხაზების დელეგაცია, თავიდან, იმ სამეულის გადაცემას ითხოვდა, - “მათ ჩვენვე გავუსწორდებითო”...
უხუცესები წავიდნენ წინააღმდეგნი: სამართლიანობის მიზნით, ის სამი მოჩხუბარი სტუდენტი, მთელი ბანაკის თანდასწრებით, უნდა ეცემა იმ ოთხ აფხაზ ბიჭს.

უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო.
მაღალი დათო, ხიტა და ზურა სამედიცინო პუნქტიდან გამოიყვანეს.
უხუცესებმა ორივე მხარე გაჩხრიკეს. ასანთის კოლოფიც კი არ ჩაუტოვეს ჯიბეში არცერთს, არ სტუდენტებს და არც აფხაზ ბიჭებს...
- ეს დიდი ბიჭი იქ გვიან მოვიდა, მეგობრების დასახმარებლად... ამიტომ არ არის საჭირო მასთან ჩხუბი... მე არ ვიჩხუბებ მასთან! – წამოაყენა წინადადება მთავარმა დაზარალებულმა.

ზურა მაშინვე გაიყვანეს მოედნიდან.
დარჩნენ მაღალი დათო და ხიტა ოთხი აფხაზის პირისპირ.

მალე დამთავრდა უთანასწორო ბრძოლა. საშინლად შეურაცხმყოფელი იყო მთელი ბანაკისთვის, როცა ხედავდნენ, როგორ ურტყამდა ოთხი ორს და, ამ დროს, მათ ხელის გატოკების საშუალება და უფლება არ ჰქონდათ.

ჩხუბი დამთავრდა...
აფხაზები, სოფლის უხუცესების წინამძღოლობით, ბანაკიდან გავიდნენ და სოფლებში დაბრუნდნენ.
მთელი ბანაკი ცხვირ-პირდასისხლიანებულ დათოსა და ხიტას შემოეხვია.
- თეონა, ახლავე მოვალ... ვნახავ ბიჭებს და დავბრუნდები, კარგი? – უთხრა ციალამ და ბიჭების სანახავად გაიქცა.

ლოგინზე გაწოლილი თეონა აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, რომ საჭირო შემთხვევაში – ჩაესტვინა.
უეცრად დაინახა, როგორ მიიპარებოდა ვიღაცის ლანდი ხის სახლების მიმართულებით.
ხმაურის ატეხვას მოერიდა... სარს დაეყრდნო და რის ვაი-ვაგლახით წავიდა იმ ჩრდილის გაუჩინარების მიმართულებით.

ჩაუარა ერთ შენობას, მეორეს და...
მესამე ხის სახლის კიბეს უკვე ეკიდა ცეცხლი.
- მიშველეეეეეთ!... აქეთ, აქეთ!..... – იყვირა თეონამ და მთელი ძალით ჩაჰბერა მსაჯის სასტვენს.

- ბიჭებო, თეონას ხმა არის...
- კი, მისი სასტვენის ხმაა! საიდან მოდის ხმა?
- სახლების უკნიდან...
- მოვდივართ, თეონააა! – იყვირა რეზიკომ და პირველი გავარდა თეონას ხმის მიმართულებით.

დროზე მიუსწრეს.
სახლი დაწვას გადაარჩინეს, კიბე კი – თავიდან გასაკეთებელი გაუხდათ, - სულ დაიწვა.

კიდევ გავიდა 4-5 დღე.
წამოსვლამდე კვირაზე ოდნავ მეტი რჩებოდა.

აფხაზებს ვერ მოენელებინათ, რომ მათ არ გადასცეს დასასჯელად მოჩხუბარი სამეული და ბანაკის დირექციას შემოუთვალეს:
- Мы вам устроим подходящие проводы... таких, каких заслуживаете...

მეორე დღეს მთელი ბანაკი ამაზე ლაპარაკობდა.
თეონა ზღვიდან ამოვიდა და ბანაკში დაბრუნდა.
საშხაპეში ჩამოიბანა ზღვის მარილიანი წყალი და კარავში შევიდა.
საღამოს ვახშამზე ვერ გავიდა, - შეუძლოდ იგრძნო თავი.
ციალამ კარავში მოუტანა საჭმელი.

- რა მოგივიდა, თეონა?
- თავბრუ მესხმის... სულ ტრიალებს ყველაფერი.
- დიდხანს ხომ არ იჯექი მზეზე? მოიცა, ექიმს მოვიყვან. წნევა გაიზომე... ნორმალური წნევა რამდენი გაქვს?
- 80/40...

ექიმმა წნევა გაუზომა თეონას და გაუკვირდა:
- 100/90 გაქვს... არ ადგე... წნევის დასაწევს მოგიტან...

მეორე დილას თეონას 100/100-ზე ჰქონდა...
მიუხედავად დალეული წამლებისა, საღამომდე უცვლელი დარჩა წნევა.

მათი ბანაკიდან 200-ოდე მეტრში მოსკოვის პიონერთა ბანაკი იყო განთავსებული.
მესამე დილას იქიდან მოიყვანეს ექიმი. თეონას წნევა სულ ზევით და ზევით მიიწევდა და თან “გულის წნევასაც” მიათრევდა: 110/110...

- ასე თუ გაგრძელდა, არტერიები დაუსკდება... არანაირი წამალი არ შველის... დღეს საღამომდე დავიცადოთ და ხვალაც თუ ასე იქნა, სასწრაფოდ მოგვიწევს მისი ჰოსპიტალიზაცია....

სამი დღის განმავლობაში მორიგეობდნენ ბიჭები თეონას კარავთან თუ საწოლთან. გოგონებიდან – ციალა და მარინა ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
სულ რომ კარავში არ წოლილიყო, მესამე დღეს ბიჭებმა თეონას საწოლი გაიტანეს ფიჭვნარში და საღამოს – ისევ  უკან დააბრუნეს...

გვიან ღამე ბიჭების საუბარს მოჰკრა ყური:
- მერე, თეონა? ვის დავუტოვოთ ეს გოგო აქ? თანაც – შეიძლება ჰოსპიტალიზაცია დასჭირდესო და... ჩვენ გაგრაში ვიყოთ და ეს – აქ?
- ჰო, ცოტა საშიშია! რა უმწეოა...
- არა და, აუცილებელია წასვლა!... ისე – წაგებაში ჩაგვეთვლება...
- მაგი კი არა, სათადარიგოები აღარ გვყავს. მაღალი დათო და ხიტა რას ითამაშებენ?...
- დათო და ხიტა კი არა, თეონას რა ვუყოთ?...

თეონამ ვეღარ მოითმინა და კარვიდან გასძახა:
- ბიჭებოოო, მოდით რა აქეთ? სად მიდიხართ ხვალ?
- გაგრაში, თეეე... ხვალ უნივერსიტეტის გუნდი გაგრის “დინამოს” ხვდება....
- მერე, მე?... მე აქ უნდა დავრჩე? – თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან.
- აბა რა ვქნათ? შენთვის არ შეიძლება ადგომა.
- მე აქ არ დავრჩები... რა გზაში მოვმკვდარვარ და რა აქ მარტოკას ამომხდომია სული!...
- მარტო რატომ იქნები? სულ 30 კაცი მივდივართ... 120 – ბანაკში რჩება!
- და ჩემები ვინ რჩებით? იმათი სახელიც არ ვიცი... თქვენგან რომელი რჩება?...

ბიჭებმა თავი დაღუნეს.
ჰო, 6 ბიჭის წასვლა – აუცილებელი იყო, ფეხბურთელები იყვნენ და ამ თამაშისთვის იყვნენ ჩამოსულები გუდაუთაში...
მაგრამ მეორე 6 ბიჭი ხომ მხოლოდ საგულშემატკივროდ მიდიოდა გაგრაში?

- ხვალ დილას ვნახოთ, წნევა რამდენი გექნება!... – უთხრა რეზიკომ, - დაიძინე ახლა... დილას 10-ზე გავდივართ... არ ინერვიულო!

დილას 7 საათზე გაეღვიძა თეონას.
ბანაკში ზოგს ეძინა, ზოგს კი – დილის ზღვაში უყვარდა ცურვა და პლაჟისკენ მიდიოდა.
თენგიზ მასწავლებელს მოჰკრა თვალი და დაუძახა.
- ჰა, როგორ ხარ? წნევა ჩამოაგდე დაბლა თუ ისევ ზევით მიფრინავს?
- არ ვიცი, თენგიზ მასწ... მე გაგრაში მოვდივარ...
- გაგიჟდი, გოგო? გზაში რომ რამე დაგემართოს, ან იქ გაგრაში, რა ვუთხრა მერე დედაშენს?
- არაფერი დამემართება... ყველანი იქ არ იქნებით? მე აქ დარჩენისა უფრო მეშინია, ვიდრე წამოსვლის.
- ვითომ რატო? აქ რა არის საშიში?
- თენგიზ მასწ, ტუალეტშიც კი ვერ გავდივარ ჩემით... წყლის მომწოდებელი არავინ მრჩება აქ... ჩემი გულშემატკივარი და ჩემი მეგობარი – ყველა გაგრაში მიგყავთ და... ფეხით ხომ არ მიდიხართ გაგრამდე? ერთი ადგილი მე შემომწირეთ ავტობუსში.
- ისე, სადღაც, მართალი ხარ, ხო იცი შენ?!
- მე ყველგან და ყოველთვის მართალი ვარ!... მე აქ არ დავრჩები...
- კაი, ბატონო... მითუმეტეს, რომ ექიმიც იქ მოდის... ჩაიცვი... 10-ზე – მზად იყავი!

თენგიზი პლაჟზე გავიდა, - ზღვაში შესულ სტუდენტებს თვალს არ აშორებდა...
თეონა საწოლზე წამოჯდა.
თავბრუ დაეხვა. კინაღამ გადმოვარდა საწოლიდან.
საწოლის თავთან გადაკიდებულ კაბას წაეტანა და დიდი წვალებით ჩამოხსნა.
ძლივს ჩაიცვა. უნდოდა ფეხზე ამდგარიყო, მაგრამ – ნურას უკაცრავად, მიწა ფეხქვეშ ეცლებოდა.
“შენ გიჟი ხარ, თეონა... სად მიდიხარ?! რა დროს გაგრაა? ძლივს დგახარ... არა, ძლივს ზიხარ...”

ციალას გაეღვიძა. ჩაცმული თეონას დანახვა გაუკვირდა.
- რას გამოწყობილხარ, საით გაგიწევია?
- გაგრაში მოვდივარ...
- გიჟი ხარ...
- მე აქ არ დავრჩები! ყველანი მიდიხართ და მეც მოვდივარ!
- თუ გინდა, მეც არ წავალ...
- არა... მინდა, რომ შენც წამოხვიდე! ჩვენები თამაშობენ, ბოლოს და ბოლოს!

გასვლამდე 5 წუთით ადრე მიიყვანეს თეონა ავტობუსთან.
თეონამ “თავისი” ბიჭები მონახა თვალით, - სუუუულ ბოლოში ისხდნენ. გასასვლელები – ჩასადგამი სკამებით იყო სავსე.
რეზიკო ფეხზე წამოხტა, თეონასთვის ადგილის დასათმობად, მაგრამ... რეზიკომდე მისვლა ნიშნავდა, რომ ნახევარი ავტობუსი უნდა ჩასულიყო დაბლა და მერე ხელახლა ამოსულიყო.
ექიმმა – უკან არ წახვიდე, თვალწინ უნდა მყავდეო...
წინ კი – არავინ იჯდა თეონას მეგობრებიდან... მხოლოდ ჯაბა იჯდა ჩვეულებრივ ხის სკამზე, რომელიც ავტობუსის სკამებს შორის ჩაეჭედა...
- თეონა, მოდი, აქ დაჯექი... – უთხრა ჯაბამ და სკამიდან წამოდგა.

თეონა უხმოდ წავიდა და ჯაბას შეთავაზებულ ადგილზე დაჯდა. ავტობუსი დაიძრა.
ფეხზე – მხოლოდ ჯაბა დარჩა.
შერცხვა თეონას და უხმოდ გაიწია გვერდით, ისე რომ ნახევარი სკამი გათავისუფლდა, თან ხელით ანიშნა, “მოდი, შენც დაჯექიო...”
ჯაბა თეონას სკამზე ჩამოჯდა.
პირველივე მოსახვევში მიხვდნენ, რომ ორივე გადავარდებოდა სკამიდან, თუ ერთმანეთს არ გაამაგრებდნენ.
- თეონა, მოდი, ხელს მოგხვევ. არც შენ გადავარდები და არც – მე...

პასუხს არც დალოდებია, ჯაბამ თეონას ბეჭებზე მოხვია ხელი და მიიხუტა.

“მეც უნდა ვთქვა, რომ ბედი მაქვს, რააა.... რაღა ეს ჭაღარათმიანი ბებერი კაცი მომიჯდა?! მე 17 წლის ვარ და ეს კიდე – მთელი 24-ის!... არ შეიძლებოდა, რეზიკო ყოფილიყო ამის ნაცვლად? არა, რააა, მაგარი ბიჭია რეზიკო... მაღალი, ლამაზი, 19 წლის, უნიჭიერესი ფიზიკოსი, რეგბისტი... ეეე, თეონააა, რაღაც ძალიან ბევრს ფიქრობ რეზიკოზე... გია დაგავიწყდა?... თუმცა, რა “გია”? როდის მითხრა, მიყვარხარო?... გარდა იმისა, რომ ერთად ვმღერით და მეგობრები ვართ, რა აკავშირებს ჩემთან? ან მე – მასთან...”
- თეონა, კარგად ზიხარ? – ჯაბამ ფიქრებიდან გამოიყვანა თეონა, - როგორ ხარ? კარგად მომეყრდენი, ვითომ სკამის საზურგეს ეყრდნობი, ისე...
- გმადლობ, ჯაბა... კარგად ვზივარ... და უკეთესადაც ვარ... – გაუღიმა თეონამ.

“არა, 24 წლის რომ არ იყოს, მშვენიერი სიმპატიური ტიპია... მსახიობს ჰგავს... რაც გავიცანი, სულ ვამსგავსებ, მაგრამ... როგორ შეიძლება, რომ ქართველი კაცი – გრეგორი პეკს ჰგავდეს?... არაააა... გრეგორი პეკი – ჩემი აუხდენელი ოცნებაა, ჩემი სიყვარულია... და ეს?... ეს – არა!”

მისუსტებული თეონა გზამ მოთენთა... ჯაბას უბეში კი ისე მყუდროდ იყო შეყუჟული, რომ თავადაც ვერ მოვიდა აზრზე, ისე ჩაეძინა.
ჯაბამ კიდევ უფრო მიიხუტა თეონა და მხარიც ისე უმარჯვა, რბილ და ფაფუკ სავარძელშიც ვერ მოეწყობოდა ასე.

“ღმერთო, რა ლამაზია... რა უმწეო იყო ეს 2-3 დღე და თან რა მტკიცე ხასიათიც აქვს... კარგია, რომ წამოვიდა! ბიჭებიც ცოდონი იყვნენ, - ვერც დარჩებოდნენ და არც თეონას დატოვება უნდოდათ... არა, რაა, თუ ხარ, ასეთი უნდა იყო... ზოგი რომ არის, მოხარშული თევზივით, ისეთი კი არ არის? სიცოცხლე მიაქვს, სადაც მიდის!...”

ჯაბამ თეონას გრძელი ნაწნავი დაიჭირა და მისი ბოლო თითზე გადაიხვია, ოღონდ ისე, რომ შემთხვევით თმა არ მოეწიწკნა თეონასთვის. შემდეგ სახესთან მიიტანა ნაწნავიანი ხელი... საოცარი სურნელი და... რაღაც ძალა მოდიოდა თმიდან... ისეთი ძალა, რომელსაც სახელი ვერ მოუნახა და აღარც ფიქრებს შეეჭიდა.

ხვდებოდა ჯაბა, რომ ამ გოგონამ მისი ცხოვრების გემის შტურვალი იგდო ხელთ... მაგრამ როგორ? ან როდის?
მაშინ, როცა ბადმინტონს თამაშობდა და კისკისებდა?
თუ მაშინ. როცა მისი მაისურის გარეცხვა შესთავაზა?
იქნებ მაშინ, როცა მოტოციკლეტის შუქმა გაანათა შეშინებული თეონა?!
ან იქნებ, როცა გულწასული მიჰყავდა კარვისკენ?!
ან...
ან?...
ან!
თავიდანვე!
როცა თეონამ სულ არ იცოდა მისი არსებობა!...
როცა დაინახა, როგორ მოხდენილად გადახტა ზღვაში სვანური ზღაპრებიდან გადმოსული ოქროსთმიანი დალი და დელფინივით გაცურა!
როცა წელზე დაყრილ ოქროსფერ დალალებს იშრობდა მზის გულზე მიფიცხებული...
როცა მისმა მაღალმა და წკრიალა ხმამ გაკვეთა ფიჭვნარის ჰაერი!... ასე, ალბათ, მხოლოდ სირინოზები მღერიან!
როცა საღამოობით ცეკვავდა მის მეგობრებთან ერთად... როგორი მონდომებით ასწავლიდა ცეკვას რეზიკოს...

ჯაბამ რეზიკოს გახედა, - ფეხზე წამომდგარიყო და მათკენ იყურებოდა...
- ჯაბა, როგორ არის თეონა? – გამოსძახა ზორომ ავტობუსის ბოლოდან და შემდეგ რეზიკოს შეხედა...
- ჩუუუუ, სძინავს... – ჩურჩულით “გასძახა” ჯაბამ და ისევ წინ გაიხედა.

ავტობუსმა მკვეთრად მოუხვია.
თეონას გაეღვიძა და ჯაბას გაუღიმა...

მალე გაგრაშიც ჩავიდნენ.

ავტობუსი პირდაპირ სტადიონთან მივიდა.
თეონა ფეხზე წამოდგა და... აღარ ეხვევა თავბრუ! ეს ექიმმაც შენიშნა და წნევა გაუზომა: 80/40...
- თეონა, წნევა ნორმალური გაქვს... კრიზისმა გაიარა! ალბათ უღელტეხილზე გადმოსვლის შედეგია... მოკლედ, საშიში და სანერვიულო – აღარაფერია.

მალე თამაში დაიწყო.
საოცარი თამაში იყო...
თანაბარი ძალის გუნდები ებრძოდნენ ერთმანეთს და არცერთი მხარე არ ზოგავდა ძალებს...
პირველი ტაიმი ფრედ დამთავრდა, - 1:1.

მეორე ტაიმი – უფრო დაძაბულად მიმდინარეობდა.
გაგრის გუნდი აგრესიულ თამაშზე გადავიდა და მალე უნივერსიტეტის გუნდის მე-10 ნომერი – ნატკენი ფეხით გაიყვანეს მოედნიდან.
უნივერსიტეტის გუნდს სათადარიგოები არ ყავდა. 10 ფეხბურთელით უნდა გაეგრძელებინათ თამაში.

ჯაბა ფეხზე წამოიჭრა და გასახდელისკენ გაიქცა.
- როლანდ, რეგბისტობამდე – ფეხბურთელი ვიყავი... გამიშვი მოედანზე...
- მერე? აქამდე ვერ თქვი?

უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელმა სირბილით წაიყვანა ჯაბა გასახდელში, ფორმა ჩააცვა და მსაჯებთან მივიდა;
- მეათე ნომრის ნაცვლად – ჯაბა ხაბულიანი ითამაშებს...

“მოედანზე ცვლილებაა...” გამოაცხადა დიქტორმა და მხოლოდ მაშინ მიხვდნენ სტუდენტები, თუ საით გაიქცა ჯაბა.

ანგარიში დიდხანს იყო უცვლელი.
თამაშის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე ჯაბამ ბურთი მიიღო და მაკრატელას ილეთით გაგზავნა მოწინააღმდეგის კარში.
და ერთად იქუხა ტაშმა მთელ სტადიონზე, - ეს იყო ულამაზესი ბურთი, რომელიც დაამშვენებდა ნებისმიერ მსოფლიო ჩემპიონატს... ნებისმიერი თავდამსხმელი ინატრებდა ასეთი სილამაზის თუნდაც ერთ გატანილ ბურთს მთელი მისი საფეხბურთო მოღვაწეობის მანძილზე!

“ბურთი გაიტანა ჯაბა ხაბულიანმა...” გაისმა დიქტორის ხმა და მთელმა სტადიონმა ერთხმად დაიწყო სკანდირება: “ჯა-ბა... ჯა-ბა... ჯა-ბა... ჯა-ბა...”
ჯაბას სახელს ყვიროდნენ როგორც თბილისის “უნივერსიტეტის”, ისე გაგრის “დიმნამოს” გულშემატკივრები, ქართველებიც და აფხაზებიც...

მალე გაისმა სატვენის ხმაც.
თამაში დამთავრდა და...
საოცარი რამ მოხდა: გაგრის “დიმნამოს” ფეხბურთელებმა სათითაოდ გადაკოცნეს ჯაბა... თბილისის “უნივერსიტეტის” ფეხბურთელებმა კი – ხელში აიტაცეს და ისე გაიყვანეს გასახდელში.



(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები