ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2009


ვარსკვლავი და მოგვები

              პოემა

            1 თავი


იყო ჟამი სიტყვისა,
იყო ჟამი შენების,
მოდიოდნენ მოგვები
ცისკენ გაწვდილ ხელებით,
ოქროს ვარსკვლავს მისდევდნენ,
უფლის ხილვას ელოდნენ,
წინ არ გადაეღობო
კეთილ მოგვებს ჰეროდევ.
მაგრამ მეფის სასახლეს
სისხლიანი კარი  აქვს,
ჩიტიც ვერ გადაუფრენს
გულბოროტს და ჯავრიანს,
ოთხივე მხრივ გალავანს
შიკრიკები იცავენ,
ხელებს დაიტყავებენ,
მუხლებს გაიცრიცავენ,
ოღონდ რამე შეიტყონ,
ჭორია თუ მართალი,
უყვართ ნაგაზებივით
ღობე-ყორე წანწალი.
აგერ ერთი შიკრიკი
უცნაური ძალიან,
ისე დაჰქრის ქუჩებში,
თითქოს ვერცხლისწყალია.
დაღლილ მოგვებს ერთმანეთს,
აზომებს და ატოლებს,
მათ ნათქვამს და ნაამბობს
გულის სკივრში აგროვებს...
და როს უცხო ამბებით
დაიმძიმა ყურები,
მხრებზე ფრთები მოისხა,
ჩაიცვა ჩაქურები
და ვით მწერი პატარა
სასახლისკენ გაფრინდა,
ფიქრობს მეფე ჰეროდე,
მწერს ვერ ხედავს სარკმლიდან.
ჰეროდ მეფის სასახლე
თვალებს მოგჭრით შორიდან,
აქ ყოველდღე იხილავთ
ორთაბრძოლას, კორიდას,
ყოველ წუთში მონები
სიკვდილს ეჭიდებიან,
და უაზრო ბრძოლებში
საცოდავად წყდებიან.
მაგრამ მეფე ჰეროდეს
ეს სულაც არ ადარდებს,
ოქრო-ვერცხლი ამძიმებს
თვალშეუდგამ დარბაზებს,
მისი ოქროს გვირგვინიც
მძიმე არის ძალიან,
მაგრამ მისი მოხსნისთვის
არასდროს არ სცალია,
მას ძილშიც არ იშორებს,
რადგან ასე ჰგონია,
გვირგვინს ეპოტინება
შვილია თუ ცოლია.
გვირგვინისთვის ჰეროდე
არავის არ დაინდობს,
თავებს დასჭრის ღალატი,
თუ ვინმესგან გაიგო,
ათასერთი ქვეყნიდან
მისკენ მოიჩქარიან,
ამ ბოლოდროს მისნებმა,
დააღონეს ძალიან;
მეფეს ხოტბას ასხამენ,
ცაში აჰყავთ ჰეროდე,
მისნებისგან უცნაურ
ამბებს უნდა ელოდე.
მ  ი  ს  ა  ნ  ი
შენზე დიდი მეფეო
გერ არ დაბადებულა,
შენი შიშით ცახცახებს
არწივიც და ბეღურაც,
შენი შიშით ნადირნი
ტყეებს ეხიზნებიან,
შენს ბეღლებში შემოდის,
რაც ამ ქვეყნად ძნებია.
შენს ქებაში ქალაქებს,
მზე და მთვარე ანათებს,
შენს მტრებს მტკიცე მახვილი
ძირსა სცემს და ამარცხებს,
მაგრამ ერთი ნიშანი
ჩვენ გვაღონებს ძალიან,
ჩვენ არ ვიცით ვერ გეტყვით
ცუდია, თუ კარგია,
მაგრამ მეფევ სულ მალე,
ქვეყნად მოვა მესია,
და სამყარო მის ხელში
იქცევა ეკლესიად...
და ვინც დღემდე შენ გაქებს,
ვინც შენ გემორჩილება,
მას გაჰყვება,სამეფო
ტახტს ის შეგეცილება

        2 თავი

ამ დღის შემდეგ ჰეროდეს,
ძილიც არ ეკარება,
უშფოთველი სიცოცხლე
გადაექცა წამებად...
ხან საწოლში ჩაწვება,
ხან საბანში ჩაძვრება,
მწუხარებამ მოიცვა
მთელი მისი არსება.
და თუ მეფეს არ ძინავს,
არც სასახლე იძინებს,
იზიარებს მბრძანებლის
წუხილსა და სიმძიმეს.
ძილი არ ეკარებათ
სოფლებსა და ქალაქებს,
ცაზე ერთი ვარსკვლავი
მეფის ჯიბრზე კაშკაშებს.
სწორედ ამ დროს სარკმელში
შემოფრინდა შიკრიკი,
ის მწერია, ჩიტივით
მან არიცის ჭიკჭიკი,
მხოლოდ ბზუის და ამით
მეფეს უფრო ახელებს,
უსახელებს მოგვების
გვარებსა და სახელებს.
მაგრამ სიტყვას აგრძელებს,
ეშინია საბრალოს
ცუდი შიკრიკობისთვის
თავი რომ არ დაკარგოს.
მეფის ერთი სარდაფი,
პირქუშია, სველია,
იქ ბევრ შიკრიკს მარადი
ძილით განუსვენია,
ზოგს ენები დააჭრეს,
ზოგს მკლავები, ზოგს ყური,
ნესტიანი კედლები
სისხლით არის მორწყული.
ამიტომაც შიკრიკებს
მართებთ დიდი სიფრთხილე,
ყოველ წუთში წონიან
თქმული სიტყვის სიმძიმეს,
ყოველ წამში თვალებში
შეჰყურებენ ჰეროდეს,
მეფეს ვერას გაუგებ,
გინდ სწუხდეს, გინდ მღეროდეს.
მისი გული მარტივით
დუღს და შეუცნობია,
ჯერ ვერავინ ვერ ჩასწვდა
მეფის ფილოსოფიას.
შიკრიკს უსმენს გულდასმით,
რომ გაიგოს სათქმელი,
თან შორ ვარსკვლავს შეჰყურებს,
სარკმლისპირას გაჩენილს.
ოჰ ამ წუთას ჰეროდე
ქვესკნელს შეურიგდება,
უპირობოდ მიიღებს
ბელზებელის დიდებას,
თვით ლუციფერს მოუხმობს,
მთელი მისი ამალით,
ოღონდ გამარჯვებისთვის
მისცენ ცხენი ფრთამალი.
შიკრიკს ეტყვის უთხარი,
რომ მათ ხილვას მოველი,
ჩქარა გასწი,გაფრინდი,
აქ მომგვარე მოგვები,
და ბზუილით შიკრიკი
ჰეროდ მეფის სარკმლიდან,
მრავალნაცად მოგვების
მოსაყვანად გაფრინდა.
მეფე ფიქრობს, ასევე,
ფიქრობს მთელი სასახლე,
უმოწყალოდ იმეტებს
დასამტვრევს და დასახევს,
მასხარებიც ცახცახით
მეფეს ემალებიან,
მის ფეხებქვეშ ეგება,
რაც კი ხალიჩებია.
ვინ გაბედავს მეფესთან
მისვლას,ან დამშვიდებას?
დარბაზები რისხვით და
შურისგებით ივსება,
ილესება ხმლები და
იკაზმება ცხენები,
სატევრები ელავენ,
როგორც ცისარტყელები...
მაგრამ მეფის გონება
რკინის ცხრაკლიტულია,
არვინ იცის მას რა სურს,
მოშივდა თუ სწყურია,
ამიტომაც მოლოდინს
აღარააქვს საზღვარი,
მის ბაგესთან საზვავედ
გაწოლილა ლაშქარი.


        3 თავი

ზეცის კიდეს სწვდებიან
ჰეროდ მეფის ბაღები,
მზერას თან იტაცებენ
მწვანე ფერთა წაღებით,
ერთურთს ემიჯნებიან
ალვები და მუხები,
ფესვებს ჩაჭიდებულნი
ძირმაგარი მუხლებით.
ზამთარ ზაფხულ ყვავიან,
ლეღვები და ვაშლები,
ალუჩები, ჭერმები,
ალუბლები, მარწყვები.
საუცხოოდ გალობენ
ციცქნა იადონები,
კოხტად დაგოგმანებენ,
ხოხბები და გნოლები,
სამიჯნუროს მღერიან
ბულბულები ნაქებნი,
კუდს ამაყად აქნევენ
მეფის ფარშავანგები...
სასახლესთან გაისმის
ყვავ-ყორნების ყრანტალიც,
ძალიან ჰგავს მათ ყრანტალს,
ჰეროდ მეფის ხარხარი...
თუ ცოტათი გასცდები,
ჰეროდ მეფის სასახლეს,
დაინახავთ უამრავ
მათხოვრებს, მაწანწალებს,
აქ ყოველი შენობა
სიღარიბეს მოუცავს,
შიმშილისგან პატარებს
თვალზე ცრემლი მოუჩანთ.
უხილავად ტყლაშუნობს
ჰეროდ მეფის მათრახი,
თვალს ხავსივით ედება
სიცივე და პარტახი.
ყოველივე ნანახმა
დააღონეს მოგვები,
გადმოლახეს ცრემლებმა
სევდის კალაპოტები,
ზოგს ჩასაცმელს ჩუქნიან,
ზოგს სამკაულს,ზოგს საკვებს,
ურიგებენ გულუხვად
ქუდებს, წინდებს, ფეხსაცმელს.
მაგრამ ჩვენი მოგვები
თვალს ვით ეფარებიან,
ჰეროდ მეფის ერთგულნი
ბავშვებს ეპარებიან,
და იმასაც ართმევენ,
რაც სტუმრებმა აჩუქეს,
კაბებს, შარვლებს,პერანგებს
წინდებსა თუ ფაჩუჩებს.
და სახლებში ყველაფერს
ხარბად ეზიდებიან,
ნაქურდალით აავსეს
ციხე-დარბაზებია...
დაასუქეს,დააძღეს
ცოლები და შვილები,
ძროხები და ქათმები
ცხენები და ვირები.
ზაქები და ხბორები
ბატკნები და ციკნები,
ხარბად იკვებებიან
ჰეროდ მეფის ფიქრებით...
ყოველთვის ტაშს უკრავენ,
ყოველთვის ხელს უწევენ,
ზიქნითა და ლაქუცით
ათას რამეს ურჩევენ.
თან მეფეზე ძლიერი
არ ჰგონიათ არავინ,
ხალხის სისხლით გაავსეს
ჰეროდ მეფის კარავი,
უსრტვინველად აქებენ
ყველგან მეფე ჰეროდეს,
დაუნდობლად არბევენ
თავყრილობებს, ღრეობებს,
ჰეროდ მეფის ბრძანებით
მკაცრად არს აკრძალული,
ჯგუფური თავშეყრები,
ჯგუური სიარული! 



    პოემა დაიწერა 1992 წლის მიწურულს 
                  გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები