ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2020


სანთელი

ცხენმა წაიბორძიკა. მოზრდილი ლოდი განწირული ღრიალით დაეშვა დაბლა და წყვდიადს შეერია... რომ არა ვაჟის ძლიერი მკლავი, ქალიც გადავარდებოდა. მთელი დღის ნაჯირითებმა ცხენმა ძლივს აიტანა ტანი. ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. დაღლილები იყვნენ მხედრებიც. ქალი თეთრი, თითქმის გამჭვირვალე კანით, - თითქოს მზის სხივი უცხო იყო მისთვის. ხელებზე ეტყობოდა, რომ არ იცოდა, რა იყო შრომა. სახეზე ჯერაც ბავშვს, მხოლოდ ქალური სხეულის სისრულე ამხელდა მოწიფულობაში. მორღვეული საქორწინო კაბიდან, სიშიშვლე ბრწყინავდა და თვალს სჭრიდა ღამეს. ქალი დასცქეროდა დალურჯებულ მაჯებს. არა, არ გადასვლია უმანკოების სიფერმკრთალე! გაიბრძოლა, ვაჟმაც მიუსწრო. ძილისპირულივით მოქმედებდა ქალზე ვაჟის სუნთქვა. ძილბურანში მყოფი ვერაფერს ხედავდა.
ვაჟს ღარიბულად ეცვა. მზისგან დამწვარს, ურწყავ მიწასავით დამსკდარ ხელებზე ემჩნეოდა ბედის სიმძიმე. მხარი გაეხვრიტა ტყვიას მაგრამ მძლავრი, ჩაკირული სხეული არ იმჩნევდა ჭრილობას. სისხლი სდიოდა, მოჰყვებოდა მკლავს და სახელოდან ჟონავდა, სისხლის ერთი წვეთი ქალს მუხლზე დაეცა... ეამბორა, ამბორითვე ჩაჰყვა მარმარილოს კიდურს და ბედნიერმა წვივთან დალია სული.

მხედრები ტაძრის ნანგრევებთან ჩამოქვეითდნენ. ვაჟმა ნანგრევებთან მუხლი მოიყარა, სანთელი აანთო, თავისთან მოიხმო ქალი და ძლივს გასაგონად აჩურჩულდა:
"წმიდაო გიორგი, მფარველო მართალთა, დამხმარევ შეჭირვებულთა, შემმუსრველო მოძალადეთა, მოვედი შენთან, რომ გთხოვო ხელი ამ ქალისა,ვითარცა ძმასა მისსა. ვიდრე პირში სული მიდგას,არაფერს გავუჭირვებ, არავის დავაჩაგვრინებ, არ დავიშურებ მისთვის სისხლსა ჩემსას თუ სხვისას, ვიქნები საიმედო მეგზური ცხოვრების ეკლიან გზაზე, დაგვლოცე, წმიდაო გიორგი, მისარდლე მტერთა ჩემთა შესამუსრავად, მომეცი ძალა."

ქალს ბავშვივით ჩაებღუჯა ვაჟის ხელი, თითქოს ეშინოდა არავინ წამართვასო... ყველაფერი ესმოდა.
-"დროა წავიდეთ, ამ მთას იქით ვიწრო გასასვლელია, დაღესტანს გადავალთ, ძმადნაფიცი მყავს."

ვაჟმა უკანასკნელად მოავლო თვალი მშობლიურ მხარეს და თავისთვის ჩაილაპარაკა: "მშვიდობით ჩემო სამშობლო, წინაპართა საფლავებო, სალოცავებო, მშვიდობით"...

ქალს სახე მოეღრუბლა.
-"ნანობ?"_ მომაკვდავის ამოკვნესებას ჰგავდა მისი ხმა.
ვაჟმა მხრებზე მოხვია ხელები, თვალებში ჩააცქერდა.
-"არა. ახლა შენ ხარ ჩემი სამშობლო და სადაც შენ ხარ, იქვე ახლოს იქნება ღმერთიც."
კიდევ დიდხანს უყურა ქალის ანთებულ თვალებს, კოცნა მოუნდა, დააპირა, ვერ შებედა.
-"წავიდეთ".

მთვარეს, ქარაფის კიდეზე მოსიარულეს, ფეხი დაუცდა და უფსკრულში გადაიჩეხა. ვარსკვლავებმა ვერ გაუძლეს სანახაობას და თვალი მოარიდეს. როგორც იქნა დაეუფლა მიწას მოძალადე წყვდიადი. შორს ერთმანეთს შეერია მდევრების ყიჟინა, ფლოქვების ხმაური, თოფთა გრიალი და მასთან ერთად აღმოხდენილი ხმა მომაკვდავთა.

მაღლა მთის წვერზე, სალოცავთან,
ქარი,ეშმას მოციქული, გაშმაგებით ეკვეთა სანთელს, მაგრამ ცეცხლის ალი არც კი შეტოკებულა, თითქოს უხილავი ძალა აფარებდა ხელს...

დანტე დარდიანი    20/10/2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები