ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2020


სტუდენტური დაჩარჩოება

        მივდივარ და მიმაქვს სამყაროს წუხილი. სახე ჩამომტირის. მივაბოტებ. ხიდან ჩამოყრილ ფოთოლთა თოვლს ვტკეპნი. მინდა, დედამიწა გავასწორო ნაბიჯებით ან და ცა დავიმხო თავზე. ეჰ, რა უსუსურია ადამიანი!!
    სადღაც ბაღში ჩამოვჯდები. ტელეფონი ჯიბეში ძიგძიგებს. რა დროს ვინმესთან საუბარია, როცა საკუთარი ფიქრებისთვის თავი ვერ მომიყრია და აზრი ვერ მიმიცია.
    დაღუპულთა მემორიალს ვუახლოვდები. ჯარისკაცები ასვეტილან ცეცხლის ორივე მხარეს. ლამის გამარჯობა წამომცდა. კიდევ კარგი, არ მოუხედავთ. როგორ მოიხედავდნენ, როცა განძრევა ეკრძალებათ, შემჩნევით კი ალბათ ბუზის გაფრენა არ გამოჰპარვიათ. პატარა ზურგჩანთიანი ბავშვები ხალისობენ მათი უძრაობით.
-მოდი ჯარისკაცობანა ვითამაშოთ!!
-არა, ბიჭო, გაგვიბრაზდებიან!
-ხომ არაფერს დავაშავებთ, შევეჯიბროთ, ვინ უფრო დიდხანს გაძლებს გაშეშებული!
ჯარისკაცებს ეღიმებათ. შორიახლოს ვდგავარ და ვუყურებ. ბიჭები მათ გვერდით დგებიან მამლაყინწებივით გაფხორილები. ცეცხლი ოქროსფრად ლივლივებს, წითელ ენებს აქრობს და ახალ ნაკადს კვლავ აჩენს. საღამოვდება. ხეებს ბინდი ეპარება. ქალაქი იბურება . მწვანე ხეები ნელ-ნელა ნაცრისფერდება, შემდეგ კი მანათობლების შუქით წითლდება.  ჩანთააკიდებული ბიჭები ადგილიდან არ იძვრიან. ერთ- ერთმა ჯარისკაცს მუჯლუგუნი გაჰკრა, მანაც ხურდა დაუბრუნა.
-დაგველაპარაკე, ასე ჩუმად დგომა არ მოგბეზრდა?
-ჩვენ გასართობად არ ვდგავართ!
-ვიცი, მაგრამ ლაპარაკით რა დაშავდება?
-გარდაცვლილთა სულებს დუმილით მივაგებთ პატივს!
-იცნობდით ამ ადამიანებს, მათ სულებზე რომ ასე ზრუნავთ?
-რამდენ კითხვებს სვამენ, უთხარი თავი დამანებონ, ან შენ ელაპარაკე.
მეორე არც კი განძრეულა, ისე ჩაება საუბარში, არადა მეგონა თვლემდა.
-აქ დგომა ჩვენი ჯარისკაცული და მოქალაქეობრივი ვალია!
-ცოცხალ ადამიანებს არ ჰგავხართ, აქეთ გამოვლისას ყოველთვის მგონია, მანეკენები აყუდია. მაშინ, როცა ყველას პლასტმასის თოჯინა ჰგონიხარ, როგორ იხდი მოქალაქეობრივ ვალს?!
-შენ ვინ ყოფილხარ?! გამომივიდა ესეც ფილოსოფოსი! წადი, შვილო, სახლში, მათემატიკა იმეცადინე!
    მეცინება და მაკვირვებს ბავშვების მახვილგონიერება. ასეთი კითხვები ახლა ზრდასრულ ადამიანებსაც აღარ ებადებათ. ფიქრებში გართული, გვიან მივხვდი, კაცები მათ თავიდან მოცილებას ვერ ახერხებდნენ.
- კომპიუტერული თამაშების გმირებს გავხართ, თუმცა ისინი უკეთესად აზროვნებენ!
-იცი, დაღუპულთა გვარ-სახელები?
ჩაერია მეორე ბავშვი. მე მივუახლოვდი.
-თქვენ მოგზავნილები ხომ არ ხართ? რას ჩაგვაცივდით? სხვა გასართობი ვერ ნახეთ? გინდაც არ ვიცოდეთ, რა მერე? ჩემს მოვალეობას ვასრულებ და ოჯახსაც ვინახავ!
-სამასი ლარი მაინც გაქვს ხელფასი?
-ხომ გითხარი ლევან, არ ეცოდინებათ- მეთქი, ვის სდარაჯობენ აქ!
-შენი საქმე არ არის ლაწირაკო, თუ რამდენს მიხდიან!! სპირიტუალურ სიანსებს კი არ ვატარებ?!
- აბა, რას აკეთებთ?! არ გინდათ ბიჭებო, პორნო ფილმებს გაყურებინოთ? ლეპტოპი ჩემზე იყოს!!
-ეს ნამდვილად მოგზავნილია, რეებს მიედ-მოედები, აქ და ლეპტოპი?! ყოველდღე გვამოწმებენ!
-ეგ ცუდია! ისე, ხომ კარგი აზრი იყო, ჰა, აღიარეთ!!
-ჩემს უფროსთან არ მეყოფა აღიარებები, შენნაირ ლაწირაკთან რომ არ ვაღიარო რამე?!
-ხო, კარგი, გასაბრაზებლად არ მითქვამს. ლევან, გახსოვს, საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლებმაც არ იცოდნენ, რა კლინიკა იყო და რა ევალებოდათ. ადამიანებმა საერთოდ არაფერი იციან, რას და რისთვის აკეთებენ!!
-ხო, გეთანხმები, იმას რა სჯობია, როცა იცი, რას აკეთებ და რისთვის გჭირდება. ჩვენ როცა ვიცით, რას ვეძებთ, გუგლში მალე ვპოულობთ და გაკვეთილებსაც დროულად ვმეცადინეობთ.
-ერთი, ესენი ნახე რა, დაგვიწყეს ჭკუის სწავლება. წესით თქვენხელა შვილი უნდა მყავდეს და ამ დროს უეჭველად ეძინებოდა!
-თუ ეძინებოდა, მაგარი გოიმი შვილი გეყოლებოდა,- დედიკოს ბიჭი და ჩვენთან ვერ ითამაშებდა!
-მადლობა მითხარით  რომ ჩემმა შვილმა თქვენნაირ ტვინნაღრძობ ბავშვებთან ითამაშოს!
-მართალია, ჩვეულებრივ ბავშვებთან ვერ ვთამაშობთ, თქვენი კი სხვანაირი ვერ იქნება!
-რატო, რა ეკლდება?
-რა და ცხოვრების აზრი ეკლდება. არ ეცოდინება, რა უნდა აკეთოს, რათა თავი ბედნიერად იგრძნოს, ისევე როგორც თქვენ ორმა!
-აბა, ეხლა "დავაი" აქედან! არ წავიდა ეს ლაწირაკი თავზე?! წადი, შენს მშობლებს ჩაუტარე ლექცია, მე უმაღლესი უკვე დავამთავრე!
-რა დაისვენებდა ის უმაღლესი!
-ჰა, ჰა!!...
  ჯარისკაცმა ბიჭისკენ გაიწია, მეც მივყევი, შემეშინდა არ დაერტყა. გაუსხლტა ხელიდან, გაიქცნენ და ენას უყოფდნენ. მე გზა გავაგრძელე და არაფერი მითქვამს. ჯარისკაცების კამათიდან მხოლოდ ეს გავიგონე:
-ბიჭო, დაღუპულთა გვარ-სახელები არც შენ იციო?
      უკვე დაბინდებულზე ნაცრისფერში ჩამალულიყო ქუჩები. ციოდა. ქურთუკის ელვა შესაკრავი ზემოთ ავქაჩე. თითები და ცხვირი გამყინვოდა, მაგრამ ნაბიჯებს მსუბუქად ვადგამდი. რა მოხდა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ აღარ ვბრაზობდი ცხოვრებაზე. ტვინი გამალებით მუშაობდა. ვფიქრობდი, თუ რისი კეთება მინდოდა მთელი ცხოვრების მანძილზე, რა იყო ჩემი არსებობის მთავარი დანიშნულება.


                                  19.11.08

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები