ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2020


თუ კი იკადრებ

(ვუძღვნი ანა ჯავახიშვილს, რადგანაც სწორედ მასზე ფიქრში დავწერე ამ საღამოს და ვდებ ცხელ-ცხელს, დაუმუშავებელს, რათა ჯადოქრობა არ აორთქლდეს)

დიდია ჩემი კალათა.
დიდია და ბარაქიანი.
შიგ უამრავი საოცრება ხდება,
ქაჯებისა და ალების მოსავალია
და განა შხამნარევი?
ვინა თქვა რომ ალქაჯები ბოროტები არიან?!
უბრალოდ ჩვენ, ადამიანებს ხომ ყველაფერი შეუცნობელი,
გაუცნობიერებელი და განსხვავებული გვაფრთხობს, გვბოჭავს და გვაშინებს გაჩენის დღიდან?!
ჩვენ ხომ ეჭვის თვალით ვუყურებთ ძლიერს, მშვენიერსა და თავისუფალს?!
მაშ, მათ მონაგარსა და მომკულს შევირგებთ დედის რძესავით?!
არადა, რამხელა მადლია მათი ნაბუტბუტევით, მათი მისტიური საგალობლებით შემოძახილი ჰარალეთი,
ნიმფებისა და ელფების ულტრა თუ ინფრა ბგერებით გამოკვეთილ,
ალის ცეცხლში მომწიფებულ და შემოსულ მოსავალში.
ამ მოსავალს უგალობდნენ ოდის, წვიმა-მზიანის-ნაწყენობისა თუ ვობის პოლიფონიას,
ოდურის, ოდოიას თუ ოჩეშ ხვეის.
ვინ მოსთვლის, ვინ გააწვდენს თვალს, ვინ გაუსწორებს სმენას ?!
ოისა, ოდოია, ვა ოისა...
ოდოია და დოია,
თოხს მოუქნიე გიგოია...
მიქელამ და გაბრიელმა კალო გაგვიხვავრიელა,
ოჩის ხვავი ამ ჩვენ კალოს...
ოჩო! ყანა დაგვილოცე!
ოჩეშ ხვე დო ხვავიეი!

ღრმა და უძიროა ჩემი კალათა.
მასში ღორჯოიანი ვაშლიც კი ისეთი გემრიელი, შაქარა და წვნიანია, თუმცა უშნო,
რომ ჩაკბეჩისგან ვერ შეიკავებ თავს და შაქარყინულივით დაკრისტალდება
მისი ნახშირწყლები შენი ბაგეების კუთხეებში.

ჩემი ღარიბული კალათა
ლობიოსა თუ სიმინდის ტაროების დაჩენჩვა-დაჯენჯვისაგან დაკოჟრილი
ჩემი პატარა ხელებითაა მოწნული, ოფლით დანამული და ცრემლის სინთეზით
მიღებულ ეთერზეთებშია გაპოხილ-გაპრიალებული.
ზედ, ბავშვის დაუდევარი ხელით,
ზღაპრული არსებებით  მოქარგული ტილო აფარია.
როცა ვქარგავდი, გრძნეულები, მაგები და შამანები ,
ანგელოზებზე, უფოლოგიასა თუ სიმბოლოებზე მეჩურჩულებოდნენ.
სწორედ ამიტომაც ამ ტილოზე პერსონაჟების მიღმა
ყველა თავის სტიქიას და არსებას პოულობს,
რომელიც ერთგული მეგობარივით არასდროს ტოვებს, სიკვდილის შემდეგაც!

ჩემს კალათაში ადამიანთა სევდაშია ამოვლებული კაცობრიობის ტკივილები
ლებნებივით აცმული სარჩობელას თოკებზე.
ამ ტკივილებზე მილოცავდა მეგრელი დედა:
ტარასია, ბუასია, ათაურე გინოვლასია!
ქიზიყელი ბებო კი ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელის ლოცვებს მიკითხავდა:
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო...

დიდი, ღრმა და ფართოა ჩემი კალათა,
თუმცა უშნო და ღარიბული.
შეამჩნევდი ალბათ და ნეტა რას გაიფიქრებდი პირველად?!
თუმცა, რაც არ უნდა გეფიქრა ან რაც არ უნდა იფიქრო,
თუ კი იკადრებ, მოდი, ჩაყავი შენი თუნდაც შიშნარევი ხელი
და შენთვის, ერთი საოცრება ამოაძვრინე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები