ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2020


მეგობრობა

მეგობრის პოვნა მიზნად დავსახე,
მდაბლად ვითხოვე ღვთისგან შეწევნა,
სამჯერ პირჯვარი გზას გადავსახე
და გავემართე ბედის საძებნად...

ტყეში შევედი: სოკო, წვიმისთვის,
ღრუბელს მადლობას ეუბნებოდა.
ბებერი მუხა, ჭიით სნეული,
კოდალას წამლით იკურნებოდა.

ყვავის ბინასაც მოვკარი თვალი,
რაც თვითონ ჰქონდა - ბუზსაც უყოფდა.
პანტას ნაყოფი ძირს დაეყარა
და მშიერ მურას ვახშმად უხმობდა.

მთაში ავედი: ვნახე მეცხვარე
სალამურში რომ გრძნობებს აქსოვდა.
ტიტველ მთას რომ არ შესცივებოდა
ზეცა ბეჭებზე ნაბადს ათოვდა.

ბარში ნიავი ველის ყვავილებს
ერთურთის მტვერით განამრავლებდა,
მათი ნექტარით მთვრალი ფუტკარი -
თავს თაფლს და სანთელს ანაცვალებდა.

ყურძენის მწიფე მტევანს (ლოცვისას
ღვინოდ გახდომას რომ ჩურჩულებდა),
რთველში ჩაბმული მშრომელის ხელი
მსწრაფშემსმენ ხატივით უსრულებდა.

ბევრი სხვაც ვნახე და გავიგონე
(სათქმელი ბლომად შემოვიტოვე).
მეგობრის მთელი გულით მძებნელმა,
ჩემს უნებურად - ღმერთი ვიპოვე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები