ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2020


პარასკევი. 13

პარასკევი. ცამეტი
ნოემბრის და ფარდები
დაშვებულან ბოლომდე.
მთვარე უხმოდ მიგორავს.
ცხოვრებას რომ მოვპარე,
სევდიანი ამბები,
არ გამქრალან, სისხლში მაქვს,
ლექსებისთვის ვიზოგავ.

ცა რომ იყო ჩახჩახა,
მსხმოიარე ატმებით..
ოცნებების კოცონი
გიზგიზებდა მდუმარედ.
პაპაჩემის ძველ სახლში
ვზარდე შავი კატები.
და მარანში, ტერფებით,
შავ ყურძენსაც ვწურავდი.

ფანჯრებს ცისფრად ვღებავდი.
აკვნებს - მწიფე ჟოლოსფრად.
შემოდგომის მებაღეს
მზის მინდვრები მომწონდა.

(ხმელ ფოთლებზე ეფინა
ოქროსფერი ალერდი.
სულო, როდის შეგცივდა?!
სულო, როდის დაბერდი?!)

გაფრენილი გზებიდან
ახლა, მხოლოდ ნისლი ჩანს.
და ბებერი ჭადრები
უსაშველოდ მოხრილან.
მე ყველაზე ჩუმსა და
უჩვეულოდ უჩინარს,
მზის მინდვრების გადაღმა
მარმარილოს ქოხი მაქვს.

იქ დავმალე, სულიდან
განდევნილი, ბავშვობა.
ბებოს მატყლის საჩეჩი,
პაპას თიხის ქვევრები.
თეთრო იასამნებო,
ახლა ისე მარტო ხართ.
ქარიშხლებით ივსებით,
დარდის გადამღერებით.

როცა გადავიღლები
მე - სიცოცხლენათევი.
ცხოვრება კი ლოდივით
უსაშველო დარდია,
მაშინ ქოხში მსტუმრობენ
გარდაცვლილი მხატვრები
და დღეები,
უცნობი სიმსუბუქით, გადიან.

შემოდგომის სავსე და
სევდიანი ფერებით
ცა დაფარავს, მოხუცი
სულის დამჭკნარ, სათიბებს.
ამოვიღებ ქვევრიდან
დაძველებულ “საფერავს”
და ბუხართან, ლექსებით
ცივ დღეებში, გავთბები.

თუ სამყარო, ოდესმე,
ისე დამაბალანსებს,
რომ სიზმრები ბავშვობის
იარებსაც განკურნავს.
აპოვნინეთ ღმერთებო
უმშვიდესი სამარე
ამ სულს. ფერფლი არ ითხოვს
რენესანსულ სარკოფაგს.

პარასკევი. ცამეტი
ნოემბრის და ფარდები
დაშვებულან ბოლომდე.
მთვარე უხმოდ მიგორავს.
ცხოვრებას რომ მოვპარე,
სევდიანი ამბები,
არ გამქრალან..
სისხლში მაქვს..
ლექსებისთვის ვიზოგავ.

13.11.20

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები