ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2020


არავითარი სენტიმენტი!

ნინო დარბაისელი

არავითარი სენტიმენტი
- - - - - -

არავითარი სენტიმენტი, სერ!
ასეც ხდება:
უბრალოდ,  თვალის ქუთუთოში შემეღუტუნა,
ეტყობა,  ტუში ჩამივიდა და შავი ცრემლი ჩამომგორდა,
გასასვლელამდე კი შორია,
რომ გავიპარო და  “ლედიზ რუმში” უცებ თავი მოვიწესრიგო.
არავითარი სენტიმენტი!

შესანიშნავი  ორგანიზება,
დიზაინი
და ეს - ცერემონ-მაისტერი,
გარეშეთათვის შეუმჩნეველი მინიშნებებით რომ უძღვება  ახლა პანაშვიდს,
აქ რომ სერვისად  იწოდება, -
ეს ყველაფერი  - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საუკეთესოდ აწყობილია.
არავითარი სენტიმენტი!

სხვებმაც  მითხრეს და ისედაც ვიცი,
დღეს როგორ გამოვიყურები -
შესანიშნავად,
სავალდებულო მარგალიტის მძივითა
და ფეხზე - ჩულქებით ამ სიცხეში,
ზომიერად მუხლდაფარული;
ცხვირდახურული,
ზომიერადვე  ქუსლმაღალი ფეხსაცმლით და
პატარა “კლაჩით”
ხოლო სუნამოს რაც შეეხება,
მას ჩვენ ხომ არა,
ხანდაზმულები იპკურებენ,
თანაც უხვად,
რადგან ყნოსვა უქვეითდებათ
და შორიდანვე ვიცით ყველამ,
რომ სადღაც, ახლოს - ხანდაზმულია ანდა უკვე ჩაიარა,
იქნებ გუშინაც.
არავითარი სენტიმენტი, სერ,
არაფერი!

უბრალოდ, სიკვდილს დიდიხანია,
ახლო ვიცნობ,
პირადად ვიცნობ,
მიცვალებულის მოტკბო სუნსაც,
რაც არ უნდა კარგად შენიღბონ,
მაინც შევიგრძნობ, რადგან სადღაც, შიგნით ვატარებ.
უბრალოდ,
მაშინ მზად არ ვიყავი,
პატარა  და ცოდო ვიყავი,
მარტო ვიყავი!
გამოცდილებმა ასე მითხრეს,
გასვენებაში - ყველა თავის მკვდარს დასტირის ანდა  ვიღაცას თავისი თავი ეტირებაო;
მერე ვიღაცამ  ხელით გამიხმო,
ნათალი ჭიქით ნახშირნარევი თბილი წყალიც დამალევინა,
ხმას უხდებაო,
მერე ვიღაცა სისულელეს სისულელეზე მეკითხებოდა,
მერე წავედით,
მერე მციოდა,
მერე მოვედით,
მერე მეძინა.
მეძინა,
ვჭამდი,
ვიძინებდი,
ვჭამდი,
მეძინა.
არაფერი, სერ,
არაფერი!

საუკეთესო სერვისია,
შემდეგ ჯერზე - ლხინში მენახეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები