ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პროზა
15 ნოემბერი, 2020


"ჩემი ჯოჯოხეთი" (დასაწყისი)

      ზ.თ.

      . . . და ველოდი. . . რა თქმა უნდა, ველოდი საზარელ არსებებს, ურჩხულებს, უსხეულოთ, მაგრამ თავზარდამცემთ. ცეცხლზე შემოდებულ ქვაბში ხარშვა ყოველთვის ირონიულ ღიმილს იწვევდა.. ჩემს წარმოდგენაში ე. წ. „ჯოჯოხეთი“ ადამიანის სხეულისაგან და ამავდროს სულისაგან გამონთავისუფლებული ცნობიერების გამასხარავება იყო მიღმისეული არსებების მიერ, რომლებიც საშინელ სახეს იღებდნენ სულთან შეხვედრისას და მოჩვენებით ტკივილს აყენებდნენ. მერე კი „სული“ გზას გააგრძელებდა დანიშნულების ადგილისაკენ. ერთი სიტყვით ჯოჯოხეთი ჩემი აზრით საშინელი, მაგრამ სავალდებულო გასასვლელი დერეფანი გახლდათ.
    - „დანიშნულების ადგილი“ მომეწონა. . .
    - ვინ იცის. . . როგორც ჩვენს ფიზიკურ სხეულს იზიდავს გრავიტაცია, იქნებ ასევე სამყაროს აქვს ჩვენთვის უცნობი გრავიტაცია, რომელიც სულს, ეთერულ თუ ასტრალურ სხეულს იზიდავს და ისიც მიჰყვება.
    - კარგი. გავაგრძელოთ, რითიც დავიწყეთ. რა დაგხვდათ „ჯოჯოხეთში,“ სწორი ყოფილა თქვენი წარმოდგენა მასზე?
    - ო, არა! გაცილებით უარესი რამ დამხვდა.
    - რა იყო უარესი? რა გამოგეცხადა ისეთი, ფანტაზია რომ დაჯაბნა?
    - სიმარტოვე.
    - ??
    - სიცარიელე. უზარმაზარი სივრცე. უზარმაზარი გაშლილი ჰორიზონტი. მივყვებოდი გზას თუ ბილიკებს. აქა - იქ ვეებერთელა მთები გადამხმარი ფერდობებით, გადამხმარი ველები, და სიჩუმე, სიცარიელე. არანაირი სულები თუ სულიერები. მხოლოდ მე, მარტო მივუყვებოდი გზას.
    - შენი ნებით?
    - და იმედით, რომ ვინმე შემხვდებოდა ამ გზაზე, მაგრამ არა! ვერ გეტყვით, რამდენი ვიარე. ვიცი, რომ ძალიან ბევრი. ჩვენი განზომილებით ათასობით, მილიონობით კილომეტრი თუ მილი დავფარე, მაგრამ იგივე: სიცარიელე, სრული გარინდება! სიჩუმე! საზარელი სიჩუმე! არც ცხოველი, არც ფრინველი, არც მწერი, არც მცენარე! წარმოგიდგენიათ? მცენარე ხომ სულიერი, ცოცხალი არსებაა და ამ საშინელ სიმარტოვეში ერთი ღერი ბალახიც რომ შემემჩნია სადმე, საკმარისი იქნებოდა, რომ წერტილი დასმოდა იმ უზარმაზარ სიმარტოვეს, მაგრამ არა! - აი, რა ყოფილა ნამდვილი ჯოჯოხეთი.
    - დაწყნარდით. ემოციას ნუ აყვებით. მშვიდად მესაუბრეთ. თქვენ ახლა აქ ხართ, ჩემს კაბინეტში; ოდესღაც ხომ დამთავრდა ყველაფერი.
      - დიახ. მილიონობით კილომეტრების გავლის შემდეგ უეცრად უსახური, რუხი ფერი გაიცრიცა, თითქოს ჩემი არსება (ანუ ის, რაც ვიყავი) უწვრილესი ქვიშის გროვად იქცა და სადღაც დაიწყო დაშვება, ცრა. ცრიდა ქვიშა და როდესაც აზრზე მოსვლა დავიწყე, გავაცნობიერე, რომ ჩემს სხეულში ვიცრებოდი, ვცვიოდი, ნელ - ნელა, თანდათანობით ვავსებდი მას, როგორც ქვიშის საათში წმინდა ქვიშა ავსებს მექანიზმის ქვედა ნახევარს. არადა, სულის სხეულში დაბრუნებაც სულ სხვანაირად წარმომედგინა. თითოეულ ატომში ჩავდიოდი, მე, წმინდა ქვიშა და როდესაც სხეული ბოლომდე ამოვავსე, თვალიც გავახილე. პირველი, რაც დავინახე, ექიმი იყო, რომელიც დაკვირვებით დამყურებდა. ამოვისუნთქე, სხეული ჩაირთო.
      - არ იმოძრაოთ, იწექით მშვიდად. გადავრჩით, ჩვენც და თქვენც. გამოგიყვანეთ მდგომარეობიდან - ხმადაბლა მითხრა ექიმმა.
      - შეძრწუნებული, თავზარდაცემული ვიწექი ერთხანს. ჯერ ვერ გამოვდიოდი იმ ენით აუწერელი კოშმარიდან. თურემ სულ სხვა მასშტაბი ჰქონია სულიერ თავგადასავალს თუ განსაცდელს. უზარმაზარი, ცარიელი სივრცეები, საზარელი მარტოობა, სიჩუმე, დუმილი, დუმილი...  აქ ხმა აუკანკალდა.
    - დაწყნარდით. ჩევნთან ხართ, არავინ გტოვებთ მარტო.
    - პალატაში მარტო ვარ ექიმო.
    - ყველანი თქვენს გვერდით ვართ.
    - მეშინია, ექიმო, იქაურობა მახსენდება ხოლმე.
    -კარგ რამეზე იფიქრე. საღამოობითაც ერთად გავისეირნებთ ხოლმე.
    - მადლობა. თქვენ თუ გამიგებთ. . .
    - როცა მე არ მეცლება, სხვა მოგხედავთ.
    - ექიმო, არც თქვენ, არც არავინ იცის, რაა ნამდვილი, საზარელი სიცარიელე. ვერ წარმოიდგენთ. . . ვერ ვიტან იმ ოთახს.
    - თქვენს გარშემო ადამიანები არიან. ყვავილებს მოვატანინებ, რაფაზე დადგამენ ქოთანში ჩარგულს.
    - რას ამბობთ! რა კარგია! მადლობა. მათთან ვისაუბრებ, მოვუვლი. წყალი შემომიტანეთ, ჩემი ხელით დავუსხამ, ნიადაგსაც გამოვუცვლი.
    - თუ ეს დაგეხმარებათ თქვენი წარსული კოშმარის დაძლევაში, ამაზე ვინ გეტყვის უარს.
    - მადლობა, მადლობა. უკვე ცოტა ნაკლებად მეშინია სიმარტოვის.


     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები