ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2020


ბიბლიური ოდისეა - ბროწეულის გახლეჩვის ხმა

  ბროწეულის გახლეჩვის ხმას მაგონებდა
ცეცხლმოკიდებული ფიჩხის ტკაცუნი.

მანქანის უკანა სავარძელზე ვიჯექი, დაორთქლილ ფანჯაზე თავმიდებული, მანქანა კი დავიწყებული სოფლის გზას მიუყვებოდა. ერთი მეორის მიყოლებით ცოცხლდებოდნენ მოგონებები, ამ დრომდე მოუხელთებლები და ბუნდოვანები. მეუცნაურებოდა ის ფაქტი, რომ აქამდე არ მეფიქრა მათზე. თითქოს, არაცნობიერის სასაფლაოზე ვინმეს საგულდაგულოდ მიემარხა ისინი და ამ დღეს ელოდა, რათა ერთიანად გადმოეყარა ცნობიერისკენ, უკვე გახუნებული  და ნესტიანები. რამდენი წელი გავიდა და ეს გამოცდილება, ისე იყო დალექილი ჩემში, არც კი მქონდა წარმოდგენა მის შესახებ.  სანამ ეს წერილი არ მივიღე. ტანში მჟრჟოლავდა, როდესაც ვცდილობდი მეტი დეტალი გამეხსენებინა, რადგან მეშინოდა მათი. მეშინოდა იმ ფიქრისა, რომ საკუთარ თავს საერთოდ არ ვიცნობდი. მეშინოდა იმ უსასრულო ამბებისა, რომელიც შესაძლოა, როდესმე გადამხდნია, მოუხდენია ჩემზე, პირდაპირი თუ ირიბი გავლენა, მე კი არ მახსოვდა. მთავარი გზიდან სოფლისკენ გადაუხვია მანქანამ, მხოლოდ ორმოში ჩავარდნილმა ბორბალმა გამახსენა რომ გზაში ვიყავი. ნერვიულობისგან ყურები მიწუოდა. მეგონა ქალაქის ხმები მქოდა ჩასახლებული თავში და გასვლას არც აპირებდა.

მძღოლი ჩემი ოჯახის ნაცნობი მყავდა, ერთადერთი ის იყო რაც სოფელთან მაკავშირებდა. მას მოჰქონდა ხოლმე, ყველა ცნობა და ამანათი, წერილიც მან მომიტანა და მასვე გამოვყევი. მთელი გზა ცდილობდა გამომლაპარაკებოდა, თითქოს უნდოდა ჩემს მოგონებებს გათამაშებოდა და ნოსტალგია აეშალა. ვერ ავეწყვეთ. ახლა კი, როცა უკვე ასე მივუახლოვდით სოფელს, კიდევ ერთხელ სცადა საუბრის დაწყება: ,, გახსოვს ეს ,,ბუტკები“? მამალოებს რომ გყიდულობდი  ბიჭო, როგორ გიხაროდა, თვალები გიბრწყინავდა ხოლმე“. ვუთხარი რომ მახსოვდა, თუმცა მოვიტყუე. ენამ ტკბილი გემო გამოყო. სოფელში უკვე აენთოთ ნათურები, სულ რამოდენიმე სახლში, ზარმაცები და ცოცხალმკვდარები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაფერს, ჩრჩილისგანშეჭმული პალტოს სუნი ასდიოდა.

პირველად დავბრუნდი.

სოფლიდან წასვლის მომენტი არ მახსოვდა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ აქ არაფერი მესაქმებოდა. უკვე ყველაფერი ცხადი იყო ჩემთვის, არ ვგრძნობდი თავს კომფორტულად იმ ადგილზე, სადაც ბავშვობის ნახევარზე მეტი მაქვს გატარებული, ალბათ, ამიტომ არ მომდომებია, არასდროს, უკან დაბრუნება, ალბათ, ამიტომ არ შემომწოლია ნოსტალგია, არასდროს. მამის დაკრძალვაზეც კი არ ჩამოვსულვარ, ზემოთ ხსენებულ მძღოლს მივეცი ფული და მან მოაგვარა ყველაფერი. არაფერი დამრჩენია მამისგან შიშის, ჩხუბის, ყვირილის, ცემისა და რამოდენიმე, მცირე ბიზნესის გარდა. მე ვერ ვიყავი ისეთი შვილი, როგორიც მამას უნდოდა, ვერ ვუგებდი მას. ის კი, თავის მხრივ, მკვლელს ხედავდა ჩემში, დედის მკვლელს, მისი საყვარელი ქალის მკვლელს, დედა ხომ მშობიარობას გადაჰყვა. სოფლიდან წასვლის შემდეგ, ბებია გამომყვა ქალაქში, რომ მოეარა. მეუბნებოდა ხოლმე ბებო, რაც გაქვს ყველაფერი მამის დამსახურებაა, გაუგე, ნუ გძუსო. მისი ფულით სწავლობ ახლაც და ასეთი ჭკვიანიც მას გავხარო. არ ვუსმენდი ხოლმე, არც მძულდა მამა, არანაირი დამოკიდებულება არ მქონია მის მიმართ. გამიგია, ერთ-ერთი ყელაზე წარმოსადეგი პიროვნება ყოფილა სოფელში. გამგებელი იყო, რამოდენიმე ბიზნესიც ჰქონდა და საკმაო ფულსაც შოულობდა. მაგრამ, შემდეგ მე დავიბადე, დედა გარდაიცვალა და მისი ცხოვრებაც თავდაყირა დადგა. ბებიას თქმით, სახეზე შრამები, მას შემდეგ გაუჩნდა, როცა გაიგო რომ დედა გადაყვა მშობიარობას. თურმე, ფრჩიხილებით ჩამოუხოკია ლოყები, მუხლებზე დავარდნილა და გაშეშებულა, მთელი საღამო ცაში იყურებოდა პირდაღებულიო, ადგილიდან ვერ დაუძრავს ვერავის მისი დიდრონი, დაკუნთული სხეული. შემდეგ ისტერიკული სიცილი ატყდომია, გინება დაუწყია და გაქცეულა, მეორე დილით მთვრალი დაბრუნებულა სახლში. ამაზე და კიდევ ათას სხვაზე, ჭორაობდნენ ხოლმე სოფლის ქალები, ჩემი ყველა ქუჩაში გამოჩენისას, რაც ნამდვილად არ იყო ხშირი.

დიახ, ახლა უკვე ყველაფერი გუშინდელი დღესავით მედგა თვალწინ. იმ ღამესაც მთვრალი დაბრუნდა სახლში. მივესალმე და ტელევიზორის ყურება განავგრძე. თავზე დამადგა და ალეწილი სახით დამყურებდა, ბოლოს ამოიღრიალა, წიხლი ჩამარტყა მკერდში, სავარძლიანად უკან გადავვარდი. ყელში მწვდა, ამიყვანა და ჰაერში მაჭანჭყარებდა, მაგინებდა და მკვლელს მეძახდა, ბოლოს ტელევიზორს მიმანარცხა, თვითონ ღმუილით გავარდა გარეთ. მოვიკრუნჩხე და მგონია პირველად ავტირდი ცხოვებაში, არა ტკივილის, არამდეგ დამცირებისგან. შეშენებული ბებიაჩემი ხალათიანი გამოვარდა თავისი საძინებლიდან, მის დანახვაზე ტირილს ვუმატე. არაუშავსო მეუბნებოდა, მთვრალია, რა ქნასო. შუაღამისას დაბრუნდა, ისიც თან ახლდა. კარგა ხანია არ მოეყვანა. ალბათ ხუთ წლიანი პაუზა ჰქონდა, თუმცა მანამდე ხშირად დაყავდა. ამ ქალის მოყვანის შემდეგ, როგორც წესი, ერთი კვირა მაინც წყნარად იყო, ამიტომ მიხაროდა ხოლმე. მათი ხარხარის ხმა, გულაღმა მწოლარემ, ტკივილისგან ძილდაფრთხობილმა გავიგე. ეს ქალი, ადრე ანგელოზად მესახებოდა, ვიცოდი რომ მშვიდი კვირა მელოდა მისი გამოჩენის შემდეგ, თუმცა ახლა გული ბრაზით ამევსო. ჩემი უძლურება მაცოფებდა, მას შეეძლო ასე დავემცირებინე, ვეცემე და მერე გართობილიყო, მე კი არაფერი! პირველად მომინდა მისი მოკვლა, ისე მომინდა როგორც არასდროს, შუბლში სისხლი მაწვებოდა და შიშმა შემიბყრო, მივხვდი, რომ ამას ვერასოდეს შევძლებდი. თავის მოკვლა გადავწყვიტე, აღარ მინდოდა მასთან ერთად, იგივე სამყაროში ცხოვრება. იქნებ ახლა მაინც დაესვენა, იქნებ ახლა მაინც შეემჩნია რომ მეც მაქვს გრძნობები. სამზარეულოში ფეხაკრეფით გავიპარე, დანა ავიღე და უკან დაბრუნება დავაპირე. როდესაც მოვტრილდი, ქალს დავეჯახე. მთვარის შუქზე დავლანდე, მამის მაისურ გადაცმული გამოსულიყო სამზარეულოში. ხელში ბროწეული ეჭირა, წინა დღეს ჩემს მიერ დაკრეფილი. დანა უხმოდ გამომართვა, პირღია მივჩერებოდი, ულამაზესი იყო, ვერ ვხვდები როგორ არ მახსოვდა აქამდე. მისი მარმარილოსფერი, ხორციანი ფეხები და წვრილი, გრძელი თითები, საოცარ კომბინაციას ქმნიდა. იქნებ სწორედ ამის მერე ჩამომიყალიბდა ასეთი გემოვნება, იქნებ ამიტომ მიზიდავს ასე ძალიან, თოვლიანი დილასავით თეთრი ქალები. თუმცა, ამას უკვე რა აზრი აქვს. მისი ხელების სინაზისგან განსხვავებით, ძლიერად გადაუსვა დანა ბროწეულს, ნაჭრელიდან სისხლის სუნი ამოდიოდა. შემდეგ, ასევე, მძლავრი მოძრაობით გახლიჩა ბროწეული და ასევე უხმოდ მომაწოდა ნახლეჩი. სველი ხელი ლოყაზე მომითათუნა და უხმოდ წავიდა მამის საძინებლისკენ, მეგონა ჰაერში მილივლივებდა. ბროწეული გაუცნობიერებლად ჩავკბიჩე. მჟავე სითხემ, გახეთქილი ტუჩი და ლოყები ამიწვა. ცოცხალი ვიყავი. ამ ქალმა, მეორე სიცოცხლე მაჩუქა. ახლა კი, ჩამოსული ვარ იმისთვის, რომ პირველი სიცოცხლის მჩუქებელი დედასავით მოვკლა.

მეორე დღეს დავადექით პროცესიას, სოფლის უძველესი ტრადიციის აღსასრულებლად. მძღოლის გვერდით მივდიოდი, წინ ის მიყავდათ შებოჭილი, უნდა დაეწვათ. არც ერთ ქალს არ ქონდა უფლება ჰქონოდა სექსი, ქორწინების გარეშე.  ამ სოფელში დაბადებულ, თითქმის ყველა კაცს მოეყარა თავი, ალბათ მათაც ჩემსავით მიუვიდათ წერილები, არამგონია ყველა მუდმივი მაცხოვრებელი ყოფილიყო. მძღოლმა მითხრა, ახლახანს გაუგიათ მისი ცხოვრების შესახებ ყველას, თურმე ვისთან აღარ წოლილა, ვისთან აღარ... კატას ეძახდნენო მითხრა, მართლაც კატასავით იყოო ჩემთვის, რომ მომენდომებინა ვერასდროს ვიპოვნიდი, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში ჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მჭირდებოდა და ზუსტად იმ სახით, როგორითაცო. „ახლა უკვე რა აზრი აქვს დამალვას, ყველამ ყველაფერი იცის უკვე“- დაამატა ბოლოს. ვისთან აღარ წოლილა, ვისთან არ ყოფილა, ამიტომ ყველამ უნდა მიუნთოს თითო ჩირაღდანი მის დასაწვავად გამზადებულ კოცონს, ყველამ ვისი სულიც წაბილწა მან და დასაღუპად გაიმეტა. მე მამაჩემის მაგივრად ვიყავი აქ, მამაჩემის მაგივრად უნდა აღმესრულებინა წესი. ყველაზე პატარა, ალბათ ჩემსავით, გარდაცვლილი მამის წარმადგენელი, შვიდი წლის ბავშვი იყო, ძლივს მიათრევდა ჩირაღდანს, მის გვერდით მიდიოდა, ერთხელ შემთხვევით წაიბორძიკა და წინაღამ ცეცხლს დაეცა, თუმცა მან შეაშველა შებორკილი ხელები და გადაარჩინა, სოფლის ახლანდელმა გამგებელმა სილა გააწნა ამის გამო. ყველა ეზოს წინ, შავებში ჩაცმული ქალები იდგნენ და თავების ქნევით აცილებდნენ პროცესიას. ეს ტრადიცია, მისი სულის განწმენდას ემსახურებოდა, ყველა კაცი, საკუთარი ჩირაღდნით, თავისი ნათელის ნაწილს აძლევდა მას, მის სულს, რომ. გადარჩენილიყო საიქიო ცხოვრებაში.

წინა დღის შეგროვილი ფიჩხის შუაში ჩარჭობილ ძელზე მიაბეს. ბრბოს თვალი გადაავლო, შემოხეული ტანისამოსის შიგნიდან, შელახული, მაგრამ მაინც მიმზიდველი ბაყვები მოუჩანდა. ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს შეშაზე ანთებული ჩირაღდნების დადება. ის, ყველა ჩვენთაგანზე ცოცხალ და მოუსვენარ თვალებს აცეცებდა გარშემო, უხმოდ იყო, მაგრამ მაინც მეტყველი მზერა ჰქონდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა, ყველას სათითაოდ ჩახედა თვალებში, ყველას ვინც ჩირაღდანის მისანთებად მივიდა, ყველა თავდახრილი ბრუნდებოდა უკან, თავისი ვალის მოხდის შემდეგ. ცეცხლი ნელნელა უახლოვდებოდა. ჩემი ჯერიც მოვიდა და მივუახლოვდი, ზუსტად ერთი წამით გამისწორა მზერა, მომეჩვენა, რომ მართლაც რაღაცის თქმა უნდოდა, მოუხელთებლად მივაგდე კოცონს ჩირაღდანი და უკან მოუხედავად წამოვედი. უკნიდან, ბროწეულის გახლეჩვის ხმასავით ჩამესმოდა ფიჩხის წვა, შემდეგ კი მისი ღრიალი გავიგე ქალაქის ხმას გავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები