ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2020


მე შენთვის მეტი უნდა მეკოცნა

მე შენთვის მეტჯერ უნდა მეკოცნა,
უნდა მეკოცნა მეტი ვნებით, მეტი გახელებით.
უნდა მეკოცნა მოულოდნელად,
ქუჩაში ბოდიალისას,
მაშინ, როდესაც ვსაუბრობდით,
როდესაც არ ვსაუბრობდით
და მაინც ერთმანეთს ვუსმენდით.

უნდა მეკოცნა შემოდგომის ხეების ქვეშ
და ძველი ციხეების ნანგრევებთან,
პარკებში და შენობებში,
დამშვიდობებისას და შეხვედრისას,
როცა მეშინოდა და
როცა არ მეშინოდა შენი სიყვარულის.

უნდა მეკოცნა ტუჩებში,
შუბლზე,
ლოყებზე,
ცივ ხელის თითებზე
და შიშველ მკერდზე,
როცა გეძინა.

უნდა მეკოცნა უფრო მეტი.

ვზივარ. გიხსენებ...
გიხსენებ ისეთს, როგორიც არ ყოფილხარ
ჩემთან,
როგორიც არ ყოფილხარ
არასდროს,
თუმცა იქნებოდი,
ნამდვილად იქნებოდი,
მეტი რომ მეკოცნა.
თუნდაც ერთი კოცნით მეტი,
მეტი ვნებით და მეტი გახელებით.

ჩემს თავს მოვპარე შენი თავი.
თავად ვიქეცი საზიზღარ ქურდად.
მერჩივნა,
მეძარცვა სხვები,
გალერეებიდან წამომეღო ხელოვნების უზადო ნიმუშები,
უკანასკნელი კაპიკები ამერთმია
მშიერთათვის,
მომეკლა,
მეცრუა,
მემრუშა,
და მეგმო სახელი ღმრთისა,
მაგრამ არა,
ჩავიდინე ცოდვა უფრო დიდი,
უფრო საშინელი,
მიუტევებელი -
ხელი გაგიშვი, მაშინ, როცა
უნდა ჩამეკიდა,
მომეზიდე,
ასე ნატიფი,
ასე სუსტი
და სისუსტით უძლეველი,
ასე თბილი და გათოშილი,
ასე სავსე და უძირო,
ასე თვინიერი და ველური,
ასე ჭკვიანი და სულელი,
ასე სასურველი,
მომეზიდე და მეკოცნა,
იმ სიბნელეში,
ერთგული თანამზრახველის,
ღამის დუმილის თვალწინ.

უნდა მეკოცნა...

რომ არ გამწყდარიყო ბედნიერების ეს სუსტი სიმი, რომელიც გაწყდა.
რომელიც იქცა ორ სიცოცხლედ,
ორ გზად და ასცდა
ერთმანეთს
და ეს სიმები, ეს უჩვეულო, სუსტი ხაზები
შეერთდა სხვაგან, სხვა სიმებთან გადაინასკვა
და ჩაწყდა ისევ.
რადგანაც სიმი ჩემი ფიქრის მაინც ერთგულად
იწევდა შენკენ,
როგორც გველები მიხოხავენ აგვისტოს მზისკენ.
როგორც მერცხლები ბრუნდებიან თავის ბუდესთან.
მეც აქ დავბრუნდი, მაგრამ ვიხილე ბუდეში სხვისი,
სხვა მერცხლის სახე
სავსე ჩემი ბედნიერებით,
ჩემი ოცნებით,
სიხარულით,
შიშით
და ვნებით
და მე ვირწმუნე,
რომ რაც უნდა გეწადოს გულით,
როგორც არ უნდა გესმოდეს
და გრძნობდე
და გსურდეს,
ჩაწყვეტილ სიმებს
აღარ ძალუძთ ისე აჟღერდნენ,
რომ სისხლი გათბეს,
ამოიმღვრეს გულის კათხიდან
და დაიღვაროს თუნდაც ისე,
სულ არაფრისთვის.

მიიკლაკნება ჩემი ხაზი სხვა ხაზებს შორის,
დღეს უფრო დუნედ, ხვალ დადგება ალბათ ისეთი
საღამო, როცა არსებობის მკრთალი თითები
გადანასკვანენ სხვა სუსტ ხაზთან, ისე ფაქიზად,
რომ აჟღერდება სიმი ძველი, მონატრებული
და გაგრძელდება მისი ჟღერა სამარადჟამოდ.

მე ასეც მჯერა.

მაგრამ ვიცი, მაგის მეტი რა ვიცი, აბა,
რომ ერთ ღამესაც, მილიონი მზის ჩასვლის მერე,
სრულ სიმშვიდეში ჩაძირული ჩემი სხეული
ელდით შეხტება, რადგან მაინც, მაინც ამდენი
მზის ჩასვლის შემდეგ
შემომიტევს ფიქრის ურჩხული,
რომ
თაობებით დაშორებულ ჩვენს მყიფე თითებს,
ჩვენს მკრთალ სხეულებს,
ლამაზ სულებს
შეეძლოთ, ეგრძნოთ
მხოლოდ ისეთი სიყვარული,
ჩვენ რომ გაგვაჩნდა,
სულ ერთით მეტი,
ერთით მეტი კოცნის სანაცვლოდ,
რომ არ გაკოცე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები