ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2020


* * *

იმ დღესაც დილაუთენია შეაღო სკოლის ეზოს ჭიშკარი...
ბავშვების მისვლამდე უნდა მოასწროს ფერად-ფერადი ფოთლების შეგროვება...
ბოლო დროს ერთი უცნაურობა შეამჩნია თამრო ბებომ: თითქოსდა ფოთლები მის  დახმარებას ცდილობენ და  თავისით გროვდებიან,  რომ საქმე გაუადვილონ. ნიავს ერთს შემოუძახებენ, ისიც მაშინვე იქვე გაჩნდება და აბზრიალებულ-აშრიალებული ცელქი ფოთლები ფრიალ-ფრიალით მიჰყავს  ეზოს ერთ კუთხეში.
მეეზოვეს მათი დაწვა ენანება, ეცოდება. უზარმაზარ, განიერ  ჯვალოს ტომარას ზურგზე მოიგდებს და მოშორებით, ტყისპირას ყრის..
უკვე რა ხანია თამრო ბებო სამსახურიდან გაანთავისუფლეს... ჯანიც ერჩოდა და ღონეც...ჭკუაც უჭრიდა, თვალიც და მუხლიც...
მაგრამ...
როგორც ხდება ხოლმე!
ვერაფრით ვერ შეეგუა, ვერ გაითავისა...
ყოველ დილით საგანგებოდ გამოეწყობოდა, ფერად ხილაბანდს წაიკრავდა, არც პომადის წასმა ავიწყდებოდა.მძივსაც ლამაზად მოირგებდა ყელზე და  აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა სამსახურისკენ...
ოჯახის წევრები ვერაფერს გახდნენ და შეეშვნენ...
სკოლაში ყველა ცნობდა, ყველას უყვარდა, სევდანარევი ღიმილით ესალმებოდნენ...
იმ დღესაც დილაუთენია შეაღო სკოლის ეზოს ჭიშკარი...
გაღვიძებისთანავე აკვიატებულ ფრაზას  შეუჩერებლად იმეორებდა გულში, მგონი ხმამაღლაც:
,,რა რიგ ლამაზია ამ წელს ფოთოლცვენა,
ხეებს დატყობიათ კვალი შემოდგომის...’’
ამას წინათ შეამჩნია, რომ სკოლის ყველაზე ცელქი და ,,ყალთაბანდი’’ ბიჭები რაღაცაზე ბჭობდნენ, ჩურჩულებდნენ და მალულად მისკენ აპარებდნენ მზერას...მერე თამროს ხელის აწევით მიესალმნენ და სტვენა-სტვენით აუყვნენ კიბეს.
იმ დღესაც დილაუთენია შეაღო სკოლის ეზოს ჭიშკარი...
პირველ თოვლს დაეფიმფლა მიწა. ხმელი, ნესტიანი  ფოთლები მდუმარედ გაყურსულიყვნენ ახლადდაფენილ ფიფქების ქვეშ..
ცოტა ხანში ეზოში ჟივილ-ხივილით შემოცვივდნენ ბავშვები. მასწავლებლები ფრთხილად აბიჯებდნენ მეჩხერად  დადებულ თოვლზე...
გაუკვირდათ, ეზო რომ დაუხვეტავი დახვდათ...
თამრო ბებოს ცოცხი იქვე მიეყუდებია და კიბის თავში ჩამუხლულიყო. სახეზე ისეთი სიმშვიდე ეფინა, გეგონებოდა დაღლილს ღრმად ჩაეძინაო...მხოლოდ ჩაცვენილი თვალები და გათეთრებული ხელები თუ მიგანიშნებდა ავისმომასწავებელ, ცივ მდუმარებაზე...
ბექამ  ხელის გადასმისაგან ლამის  გაუფერულებული, მაგრამ არც თუ დიდი ხნის წინათ დანაბეჭდი, ფეხებთან დავარდნილი ფერადი,  სქელი ფურცელი აიღო:
                                        მადლობის სიგელი
გადაეცემა ქალბატონ თამარს, უსაყვარლეს და უკეთილშობილეს ადამიანს, გაწეული ღვაწლისა და ამაგისათვის.
ძალიან გვიყვარხარ, გვაპატიე!
სკოლის დირექცია.
...შოკოლადის ფილებით სავსე მოზრდილი პარკიდან  ქაღალდის ნაგლეჯი მოჩანდა:
,,ჩემს საყვარელ ბავშვებს თამრო ბებოსგან“....
იმ დღესაც დილაუთენია შეაღო სკოლის ეზოს ჭიშკარი...
                                16/10/2020
                                  მ.ჟორჟოლიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები