ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2020


ვიხილები და მოვდივარ

ვერ გამოვედი ბავშვობიდან
და ვერ შევძელი,
იმ ფანჯრიდან ფარდა გადამეწია,
სადაც ვიმალებოდი.

"ვიხილები და მოვდივარ"
მეძახდა სიყრმე;
"ვიხილები და მოვდივარ"
მესმოდა ხმა,
რომელიც გაზრდას მაიძულებდა.

სულის კანკალით და ჩამწყდარი ხმით,
მეც ვბუტბუტებდი:
"აიხილე და მოდი, ნახე ჩემი სპეტაკი სული,
მე ზუსტად ის ვარ, რაც მისგან მოდის".
იქნებ ამისი ეშინოდათ
და  მწარე სილით ამიტომ მზრდიდნენ?

"ავიხილე და მოვედი"
დარეკა სკოლის ბოლო ზარმა.
"ავიხილე და მოვედი"
შემომეფეთა სასწავლებელი.
"ავიხილე და მოვედი"
მხრებზე შემაჯდა სამსახურები,
მაგრამ ფარდას ჩავებღაუჭე - არ გადავწიე.

თავი მივიმწყვდიე ფანჯრის კუთხეში
და ფარდაზე ამოზრდილ გვირილებს დავუწყე ფურცვლა -
"ვუყვარვარ? არ ვუყვარვარ?" ...

პირველმა სიყვარულმა  შემომძახა :
"ჩემთან გამოდი და შეგიყვარებ"
"არამც და არამც, მსურს, ვიყო ბავშვი"
და რა თქმა უნდა, რომ ის დაიმსხვრა.

პირველად, როცა ვიტკინე მუხლი
და სისხლთან ერთად, ცრემლებიც წამსკდა,
ვერ ვანუგეშე ჩემში ის ბავშვი
და  დაიწერა პირველი ლექსი.

"ვიხილები და მოვდივარ"
დამიძახა ბედნიერებამ,
ფარდა გავწიე და შემოვუშვი.
მაშინ მომინდა პირველად გაზრდა
და დამეკარგა ცალ თვალში ჩინი.

სატყუარაზე წამოცმული თევზივით მივხვდი, რომ გავიხლართე
და ვეღარაფრით შევეტიე ფარდების უკან.

"ვიხილები და მოვდივარ"
მესმოდა ხმა და
ჩემი სიბერე მაღიმილებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები