ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2020


კარიდან კარამდე

2000 წლის ოქტომბერი

კარდაკარ დავდივარ და სვანურ მარილს ვყიდი. დედაჩემი სვანია. სვანურ მარილსაც ყველა წესის დაცვით შინ ამზადებს და მეც გაყიდვაში ვეხმარები. კი არ მაიძულებს, თავადაც მსიამოვნებს კარდაკარ სიარული.
თქვენ არ გიცდიათ? სულ ტყუილად...
კარზე დაკაკუნებიდან კარის გაღებამდე შეიძლება წარმოსახვობანა ეთამაშო საკუთარ თავს და იმდენჯერ იმარჯვებ, ზეპირად იცი, ვინ რას გეტყვის:
_გამასინჯე, აბა. კაი, ავიღებ ლარისას.
_მობრძანდი, შვილო. სვანურ მარილს ყიდი? გაეზარდე დედას.
_რა გნებავთ? არააა, არ გვინდა, გმადლობთ.
_სვანური მარილი? შენ პატრონი არ გყავს, საერთოდ?
კარი კარს ენაცვლება: ხის, რკინის, ემდეეფის, ერთგასაღებიანი, ორგასაღებიანი, ცეცხლგამძლე, მოჯაყჯაყებული... ზოგ კარს პატრონზე ზრილობიანი გამომეტყველება აქვს, დუმს და გულს არ გტკენს.
კარი ბევრ რამეს ყვება პატრონის ხასიათზე, გემოვნებაზე და ხშირად ბევრ კარზე არც კი ვაკაკუნებ.


2020 წლის ოქტომბერი

კარდაკარ სიარულის ხიბლი არ გამნელებია. დავდივარ და საარჩევნო მოსაწვევ ბარათებს ვარიგებ. წარმოსახვობანას თამაში მახსენდება, მაგრამ ვეღარ ვიმარჯვებ ისე ხშირად, როგორც ადრე, ბავშვობაში.
_აჰაა, მომეცი აბა.
_არჩევნების მოსაწავევი? გაწყდით ყველანი ერთ დღეს.
_მანდ ტყუილად აკაკუნებთ, ავარიაში დაიღუპნენ.
_ჩემს გვერდით არავინ ცხოვრობს, ემიგრაციაში არიან. თუ გინდათ, დამიტოვეთ და მომდევნო არჩევნებისთვის დავახვედრებ.
მაინც ყველა კარზე ვაკაკუნებ, დიდხანს და გულამომჯდარი. უმეტესობას დავიწყებია პატრონის ხასიათი და პირქუშად დადუმებულა, საღებავაცლილი და გახუნებული.
ნეტავ, ისევ მარილს ვყიდდე და კარზე მხოლოდ იმიტომ არ ვაკაკუნებდე, რომ უხეშ პასუხთან თავის არიდება მსურდეს. ნეტავ, ისევ მარილს ვყიდდე და ყველა კარი იღებოდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები