ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2020


მეგობარს

გოჩა ჯიბლაძეს

ერთად ვისხდებით, როცა წავა ცხელი კამათი, 
ბუხართან ღვინით, გულში დარდით, ხელში კამათლით,

სისულელეზე და ღიმილი ბებერ სახეზე 
წაგვიშლის რუკას, როგორც გრიმი, დროის ნახაზებს 

და ვერ შენიშნავს წარსულს ჩვენსას წამსვლელ-მომსვლელი. 
და ისრიალებს სახე, როგორც ტრასა ბობსლეის,

რომ არ შეეძლოს მოჭიდება არცერთ უცხო თვალს. 
ვერ წაიკითხოს რას იტანდა და რას უწყოდა.

როგორ დამძიმდა ამ ცხოვრებით ანუ არაფრით.
ბუხრის კიდეზე ჩამოფერთხავ, მერე კანაფით

გატენი ჩიბუხს. გააბოლებ და გააყოლებ
ღიმილს, ტკივილებს, ქალის ალერსს, ქალის საყურეს.

ერთიც გაიქნევ გამეტებით მოქნილ კამათელს.
ორ ჩარს ინატრებ, ინატრებ და თან გაამართლებს.

მეტი რა გინდა ცხოვრებაში კაცს და დარდიმანდს.
ნარდი აქააა, კარადაში კიდევ კარტი მაქვს.

ბუხარი უტევს ზეცის კიდეს და შრეს ოზონის
ნაჩვევი რიტმით, ემოციის ზუსტი მოზომვით.

ცეცხლიც მილულავს წითელ თვალებს. ცეცხლიც დაცხრება,
და თუ წავაგებ, ნუ იგლოვებ ჩემს დამარცხებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები