ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თიბათვე
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2020


როცა ბარტყები გაფრინდნენ ბუდიდან

დილა ჩიტების ჭიკჭიკით და ფინჯანი ჩაით იწყებოდა  . ოთახში შემოჭრილ მზის სხივებს ეფერებოდა სურნელი სიმშვიდის. სიყვარული სუფევდა სახლის თითოეულ კუნჭულში.თაროზე სიმეტრიულად შემოწყობილ ჭურჭელსაც სხვა ფერი სიყვარული ეკრა. გვირილითა და მზესუმზირით  მოხატულ საყვავილეებს მუდამ ჰყავდათ სტუმარი, მინდვრად დაკრეფილი ნორჩი ყვავილები, წყაროს ანკარა წყლით რომ იშუშებდნენ მოწყვეტისგან ნატკენ ღეროებს. იმავე წყლით იგრილებდნენ ყელს სახლის ბინადრები,  შუახნის ცოლ-ქმარი . წყალი დილით მუდან ქმარს მოჰქონდა . ცოლი კი ძველ ჩაიდანში ფრთხილად ასხამდა ( უფრთხილდებოდა ყოველ წვეთს, რომ არ დაღვრილიყო) და შეშის ღუმელზე დგამდა ასადუღებლად. ფრთხილად იღებდა ძველი ხის თაროდან ჩაის ფინჯნებს და ოთახის კუთხეში მდგარ, მტვერგადაწმენდილ , სუფრა გადაფარებულ  მაგიდაზე ალაგებდა.  სათუთად გადალაგებულ საწოლზე გატრუნულიყო გრძელულვაშა ნაცრისფერი კატა, ყელზე დიდი თეთრი ტალით და დიდი ბეწვით. ლომის ფაფარს მიუგავდა ზმორებისას. ეზოში ძაღლის გაბმული ყეფის გაგონებისას ქმარი გაიხედავდა ხოლმე ფიქრით,  "ჩამოვიდნენ", და საკუთარ ფიქრებსვე შემოყავდა შინ - " ჯერ ადრეა"  .ერთმანეთის და  საკუთარი სახლის სიყვარულმა გააძლებინათ რამდენიმე ათეული წელი ყველასგან შორს. საკუთარი გულის და ხელების იმედად იყვნენ მუდამ და ერთხელაც არ უღალატია მათთვის ამ იმედს. სახლს ირგვლივ რამდენიმე ჰექტარი მიწა და ათჯერ მეტი ფართობის წყალი ეკრა. თუმცა არასდროს წარმოადგენდა დაბრკოლებას ღრმა და ბობოქარი ტალღები . პირიქით . მათ კავშირს უფრო ძლიერს ხდიდა და უფრო მობილიზებულნი აგებდნენ სასაზღვრე ჯებირებს საკუთარი ნათესების დასაცავად. საკუთარი ხელებით, თავდაუზოგავი შრომით და ღვთის შეწევნით მოჰყავდათ რამდენიმე სახის მარცვლეული, ბოსტნეული  ,.ხილი . მოჰყავდათ და გაჰქონდათ წყლის გადაღმა ქალაქში გასაყიდად  . ყიდულობდნენ პროდუქტებს და საჭირო ნივთებს სახლისთვის თუ სახელოსნოსთვის, სადაც კაცი ფერად  ხის ნივთებს ამზადებდა ლამაზი ფიქგურებით მორთულს: სამფეხა სკანებს, თაროებს, საკიდებს... ათას წვრილმანს. რომლებსაც ასევე ქალაქში ყიდდა.
        ყიდდა და აგროვებდა ფულს შვილებისთვის, სანამ პატარები იყვნენ,  განათლების მისაღებად.  სკოლას მიაბარეს პატარები  და იმედიანად დაბრუნდნენ შინ. შემდეგ ყოველ ზაფხულს ელოდებოდნენ მათ ჩამოსვლას სიყვარულით. ბავშვის თვალებით, უმანკო სულითა და გაღრმავებული ცოდნით შინ დაბრუნებულ შვილებს აოცებდათ მშობლების ეს ერთობა და ამტანობა, ამ ერთი შეხედვით, რუტინული ყოფის. უჭირდათ გაგება , როგორ შეეძლოთ ქალაქის ბობოქარ ცხოვრებას გარიდებოდნენ და ეცხოვრათ ერთმანეთით. ერთმანეთის ფიქრით და მისწრაფებებით. უსიტყვოდ გაეგოთ ერთმანეთის სევდის თუ სიხარულის. ჩუმად თვალს ადევნებდნენ ხოლმე ბოსტანში მოფუსფუსე დედას და სახელოსნოში მომუშავე მამას. როგორი ჰარმონიული , რიტმული და მელოდიური იყო მათი თითოეული ქმედება. რამხელა სიყვარული მიწის და ხის. დედა ნერგებს ისე სათუთად რგავდა, თითქოს ცდილობდა  არაფერი სტკენოდა მათ. მამა კი თითოელი ხის მორის გადაჭრისას და დამუშავებისას თითქოს გრძნობდა მათ. ესაუბრებოდა . ესალმებოდა ყოველ ახალ ნაკეთობას .
თუმცა სამუშაოს შესრულების შემდეგ ულამაზესი ნივთების ხილვით და გემრიელი ნაყოფის დაგემოვნებით ხვდებოდნენ  რომ ეს არ იყო უბრალოდ შედეგი.
    საღმოს,  ვახშმობისას მუდამ საუბრობდნენ .

- არ ფიქრობთ , რომ დროა საცხოვრებლად ჩვენთან გადმოხვიდეთ.?

- ჩვენ ვფიქრობთ რომ დროა ბარტყები გაფრინდნენ ბუდიდან.

-ქარაგმებით ნუ გვესაუბრებით ხოლმე. მთელი ცხოვრება ამ ქოხს და ეზოს შეალიეთ. ახლა საჭიროა დაისვენოთ. ჩვენც უფრო მშვიდად ვიქნებით, თუ კი ახლოს და უსაფრთხოდ გიგულებთ.

- ამ ქოხმა შეგიფარათ წვიმისას. რამდენ ქარტეხილს გაუძლო . რამდენ ზამთარს. ამ ეზომ გაჭამათ და გასვათ. ამ ეზომ მოგცათ განათლება და გიჩვენათ გზა, რომელიც დამოუკიდებლად უნდა განვლოთ.

-ამ ეზომ კი არა , თქვენმა ხელებმა.

- ეს მიწა არის ჩვენი ხელები.და უკიდეგანო სივრცეში არ იკარგება არცერთი წამი...

- ამიტომაც არ უნდა დავკარგოთ არცერთი წამი ერთმანეთის გარეშე.

-ჩვენ არ დაგვიკარგავს. ყოველი წამი თქვენზე ფიქრის და ზრუნვის გვქონდა. ახლა კი დროა ერთმანეთისთვის შემოვინახოთ მე და ჩემმა მოხუცმა ყოველი მზის ამოსვლა. ვფიქრობ ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა თქვენს წინაშე. თქვენ გაქვთ გზა და რესურსი ამ გზის გასავლელად. ჩვენ ჩვენი გზის ბოლოს ვართ.

- ნუ იცით ხოლმე ასე საუბარი. გულს მიჩუყებს. მერე ცრემლი მახრჩობს და სინანული ყოველი დღის, რომელიც შორს გავატარეთ თქვენგან.

- თქვენ არასდროს ყოფილხართ შორს. თქვენ ხართ ყოველი ამოსუნთქვა  ჩვენი. ყოველი მზის ამოსვლა ცაზე და ჭიკჭიკი ჩიტების. ის ძალა , ჩვენს თვალებს რომ აიძულებს ყოველ დილით დაინახონ ნათება ცის. თუმცა დიდიხნით არ აიხედოთ მაღლა. შეგიტყუებთ მისი სილამაზე, თვალს მოგჭრით და გულს დაიმონებს. ოცნებებით აგავსებთ. ქვემოთ იყურეთ. მიწას უყურეთ. რათა გახსოვდეთ , რანი ვართ, რა გვკვებავს და გვასაზრდოვებს, რად ვიქცევით.შავია მიწა, ისევე როგორც სული ჩვენი და მიზნები ჩვენი, თუ გადავუხვევთ გზიდან. მხოლოდ ეს გევალებათ. სიკეთის გზით სიარული. ეს იქნება ჩვენი სიმშვიდეც...

    და ისევ განვლო დღეებმა. დღეებმა , ვისთვის ერთფეროვანმა , მაგრამ მათთვის სიცოხლით და სიყვარულით სავსემ. სიახლეებით სავსემ. თითოეული აყვავილებული ხე, თითოეული გამოჭედილი ხის ნაკეთობა, ნიშანი იყო კიდევ ერთი დღის. და დუღდა ჩაიდანი შეშის ღუმელზე. აღარ ისხდნენ ბუდეში ბარტყები. იწვა საწოლზე კატა და ყეფდა ძაღლი. ისხდნენ აივანზე მოხუცი ცოლ-ქმარი და მათში სახლობდა საიდუმლო, იმ დიადი სიყვარულისა, ერთგულად რომ შემოინახეს და ერთმანეთს ისე მიეჯაჭვნენ როგორც ღვთისგან შთაბერილი სული თიხას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები