ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 ნოემბერი, 2020


ეროტიზმი ძველ ქართულ მწერლობაში (ფრაგმენტი)



ნინო დარბაისელი 

ეროტიზმი ძველ ქართულ პოეზიაში
(ფრაგმენტი)

აღმოსავლური ტრადიციით, ეროტიკის ასახვას ლიტერატურულ პოეზიაში ძირითადად სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათი ჰქონდა. თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ასეთი ტექსტები ორმაგად კოდირებული იყო.
  ცნობილია აღმოსავლური, კერძოდ სპარსული ლიტერატურის ქართულ საერო მწერლობაზე დიდი გავლენის ფაქტი.
ამ გავლენის მკაფიო კვალი რუსთველის ქმნილებასაც აჩნია.
  გასული საუკუნის 60-70-იან წლებში რუსთველოლოგიურ გარემოში თავისებური სკანდალი გამოიწვია 'ვეფხისტყაოსნის' რამდენიმე სტროფის მოულოდნელმა ინტერპრეტაციამ ,/ნოდარ ნათაძე/ .
    ჟურნალ 'მნათობის' 1966 წლის N 9 ნომერი, სადაც გამოქვეყნდა სტატია, გაყიდვიდან ამოიღეს და გაანადგურეს, თუმცა გადარჩენილია რამდენიმე ეგზემპლარი.
  ვიდრე ამ სტროფებს შემოგთავაზებდეთ, მოკლედ შეგახსენებთ სიტუაციას, რომელიც მათში გადმოცემულს წინ უძღვის.
ავთანდილი დაბრუნდა არაბეთში, უცხო მოყმის ამბავი ამცნო მეფე როსტევანსა და თინათინს, მაგრამ რაკი ტარიელს დაჰპირდა დახმარებას, როსტევანისგან უნდა გაიპაროს, თინათინს კი ეახლება და უმხელს თავის მიზანს, თან სთხოვს, რაიმე “საიმედო ნიშანი რამ” გაატანოს...

  მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე!
  ვარდსა ქაცვი მაპოვნინებს, ეკალთაცა რად ვეფხანე!
  მაგრა მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე!
  სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რამ წამატანე!'

  ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი,
  მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;
  ქალმა მისცა მარგალიტი, სრულ-ქმნა მისი საწადელი,
  ღმერთმა ჰქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

  რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,
  ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს,მორწყოს, ახიოს,
  მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს!
  ვა მოყვარესა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!

  ახლა განსხვავებული მაგალითი, გადმოცემული მილიტარული ტერმინოლოგიით:
  დავით გურამიშვილი თავის პოემაში “ქაცვია მწყემსი” ასე გვიხატავს სცენას ინტერკურსისა, რომლის შედეგადაც ჩაისახა ქაცვია:

ადგა, წავიდა მუნ მალვით კაცი,
სადაც შერჭმოდათ ქალ-ყმათა ქაცვი,
მან გათიბა მოლი,
მათი დასაწოლი
მუნ განამზადა.

როცა დრო იყო, წარუძღვა წინა,
ორივ საძილოდ იქ დააწვინა.
მდადი, ძმა, მაყარი
არ იყვნენ გამყარი,
გვერთ უდგნენ მცველად.

მან მეფემ ციხეს აღარ ახანა,
თავს წანაყვირა ნაღარა-ხანა:
სტყორცნა ზარბაზანი,
გაუხდა ზათქანი,
დაჩეხა კარი!

ის ზარბაზანი მან რომ დასცალა,
მაგდენი ხანი აღარ აცალა;
ხელახლა გატენა,
განიშნა კართკენა
ზარბაზნის ტუჩი.

დაადვა ცეცხლი, რა შაიფეთქა,
გასტყვრა, გაუხდა ზემო თავს ხეთქა.
ღმერთმანი აუწვა,
რასაც წამს დაუწვა,
მუცელ-ქმნულ შექმნა.

ის გოგო ჩემზედ გახდა ორსული,
რა დრო შეიქნა შობად მოსული,
მე ვიშევ ; სახელად
მათ დასაძახელად
მარქვეს 'ქაცვია'.

  ერთი დაუზუსტებელი ვარაუდი მინდა გამოვთქვა:
დღესდღეობით ბოლომდე არ არის დადგენილი გურამიშვილის 'ქაცვია მწყემსის'ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროები.
არსებობს აზრი, რომ იგი ქართული ფოლკლორით არის ნასაზრდოები, მეორე მხრივ, მიუთითებენ უკრაინულ ფოლკლორზეც , როგორც პირველწყაროზე/რევაზ ხვედელიძე/.
  ჩემი ფიქრითაც: ის, რომ ეკლესია მდინარის გადაღმაა და იქ ნავით მიემგზავრებიან სოფლელები, ასევე ეპიზოდი ქალწულთა მიერ წილის ყრისა, რომლის შედეგადაც ერთს 'ტუტრუკი მუტრუკი' ერგება, ერთს კვირ-კვირისთავი, ხოლო ერთს - ქაცვია მწყემსი, ყველაზე მეტად კი გამომწვევი ქცევა ქაცვიასთან შეთამამებული უცნობი გოგონასი -ქართული ფოლკლორული და ლიტერატურული ტრადიციით ნასაზრდოები არ უნდა იყოს.
  საბოლოოდ, ეს პოემა ერთგვარი სინთეზია ქართულ-უკრაინული ფოლკლორული, ლიტერატურული მოტივების და ბიბლიური ნაკადებისა.
  რუსთველი  - გურამიშვილისათვის,  ცხადია, უმაღლესი რანგის პოეტი იყო. ხომ არ არის ეს პოემა “ქაცვია მწყემსი” რემინისცენციის, ალუზიის დონეზე მაინც დაკავშირებული იმ ეპიზოდთან, რომელიც ზემოთ ვეფხისტყაოსნიდან  მოვიხმე?
    სად - სარაინდო პოემა და სად - ბუკოლიკური ჟანრის იუმორისტული ნაწარმოები, მაგრამ მაინც, რუსთველური სტრიქონი:
  “ვარდსა ქაცვი მაპოვნინებს, ეკალთაცა რად ვეფხანე!”
        ჩემში ამგვარ კითხვას ბადებს.
          თუ ჩემი ვარაუდი მისაღებია.
          ვეფხისტყაოსნის დასახელება ,, ქაცვია მწყემსის”  ქართულ ლიტერატურულ პირველწყაროდ - საფუძვლიანი იქნება.
2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები