ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2020


ჟღალი ღმერთი

  უკიდურეს დასავლეთში, მთის წვერას, ცხოვრობდა კაცი - განდგომილი ერისა და ბერისგან. ჟღალი წვერი, ნაიარევი სხეული და უჩინო, დაშრეტილი ცალი თვალი იყო მისი განმასხვავებელი ნიშნები. კაცის წარსული არავინ იცოდა. ბოროტი ხმები ამბობდნენ, ეშმაკეულიაო. ზოგი, პირიქით, ღვთის შვილად მიიჩნევდა. პარასკევობით, ქალები დილიდან ჭიანჭველებივით ესეოდნენ მთის ბილიკს.
- ჟღალი მხსნელი !
- ცალთვალა ღმერთი!
- მთისშვილი გლახა ! - აქა-იქ ისმოდა გულში ნაფიქრალი . მეტად რთული სავალი ჭიუხის ბილიკი არც ერთ ქალს აკრთობდა, რადგან იცოდნენ, საზღაურად შვებას მიიღებდნენ.
- ჩემი სარწმუნოება ადამიანობაა და ყველა რელიგია ღვთის მტრების მოგონილია! -იტყოდა კაცი, მერე სიტყვას დროებით გაწყვეტდა, ცისკენ აიხედავდა და ნერწყვს ისე მძიმედ გადაყლაპავდა, თითქოს, ნერწყვი კი არა,კაცობრიობის ტკივილი დაადგაო გულზე.
      ბამბუკით ნაშენი ქოხი ჰქონდა, სადაც ზამთარში ნაგროვები ხმელი ბალახი შეეზიდა და დასაწოლი ალაგი მოეწყო. ტყეში ნადირი ბევრი იყო. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე,  რომელიმე ცხოველის ტყავს უსახსოვრებდა, ჟღალი მხსნელი ბრაზდებოდა და გულგაწყრომილი გაჰყვიროდა: -
დაიმახსოვრეთ ჩემი 8 მცნება !
1.  არა- ცხოველების კვლას
2. არ ატკინო მოყვასსა შენსას გული
3.  ნუ წაართმევ საკუთარ თავს თავისუფლებას, ნურც სხვას.
4. ნუ გაძღები, როცა მრგვალი დედამიწის კუთხეებში ვიღაცას შია
5. ნუ მოჭრი ხეს, დარგე და მისი ჩრდილიც კი მადლიერებას გამოხატავს
6. ნუ შეიყვარებ ადამიანს ისე, რომ მესაკუთრეობამ დაგატყვეოს და  მას  მოუსპო  სასურველი ბედნიერების უფლება(თუნდაც სხვასთან).
7. ყოველ ალიონს ღიმილით შეხვდი და დაისს მოუყევი იმ დღის ცოდვები.
8. ყველაფერი შენშია და სხეულიდან  სულის კეთილსურნელება აფრქვიე.
    ჭიანჭველებივით მოსდებოდნენ მთის ბილიკს ქალები. ჟღალთან მიჰქონდათ სველი დარდები, მყრალი მოგონებები, მძიმე ტკივილები . ცალთვალა ღმერთი ყველას სათითაოდ უსმენდა. მხოლოდ მოსმენით იძლეოდა უდიდეს ნუგეშს და შემდეგ, როცა მზე ჩასასვლელეად მოემზადებოდა, სიტყვას მაშინღა იმეტებდა, თან, სტუმრებს კენკრის ნაყენით უმასპინძლდებოდა და ნაკვერჩხალზე წაბლს ყრიდა შესაწვავად.
- ქმრის კერპი, შვილის კერპი, მონის ბორკილი - წარმავალია!
- ავადმყოფობა, უსახლკარობა  და უიღბლობა - წარმავალია!
- შიმშილი, უმადურობა, გულცივობა -წარმავალია!
    ყველა ცოდვიან სატკივარზე ჟღალ ღმერთს უცვლელი პასუხი ჰქონდა : - წარმავალია! წარმავალია! წარმავალია!
    მთიდან დაბრუნებული ქალები -მრავალგზის დაჭრილი, ჟღალი და ცალთვალა ღმერთის შვილები, აღარ სცოდავდნენ.
-კაცები ?  რატომ არ დადიან კაცები „ღმერთთან „ ? -იკითხავდა ზოგჯერ მავანი.
-კაცებს  ტკივილის აღიარების რცხვენიათ ,მალავენ, იგროვებენ ... სხვას სტკენენ , - ისმოდა პასუხად და უჩინო თვალიდან სინანული იწყებდა წვეთას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები