ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 ნოემბერი, 2020


პერფორმანსი სალოცავისთვის ( ბელა ჩეკურიშვილის ახალი პოეტური კრებულის გამო

პერფორმანსი სალოცავისთვის

​დაკვირვებიხართ შემცივნებულ ბეღურას?  ხან უსწრაფესად, ხან კი ისე,  თითქოს კადრი შენელდაო, მიწაზე ან ფანჯრის რაფაზე  რომ  გადაადგილდება თავისი პატარა ფეფებით? თავი და კისერი ტანზე  მჭიდროდ მიკრულ ფრთებში  რომ აქვს ჩამალული, გალობა მისი საქმე არაა. ეს ჩვენ შეიძლება მისი ჟღურტული ჰანგად მოგვეჩვენოს და გვეამოს, თავად კი იქნებ რა აქვს სათქმელი, რა ტკივილი ალაპარაკებს! 
​ასე დამამახსოვრდა ბელა ჩეკურიშვილი  ადრეული ზამთრის ერთი ყვითელი საღამოდან.  მანამდე  მე მას ვირტუალიდან ვიცნობდი  და როგორც მაგონდება, ეს - რეალურ სამყაროში ჩვენი პირველი ან ერთ-ერთი პირველი შეხვედრა იყო.  ავდიოდოთ სოლოლაკის აღმართზე,  ის წინ მიმიძღოდა,  ცოტა ქარიც უბერავდა და მე გავიფიქრე, ის ქარი რომ უფრო მოძლიერებულიყო, შეიძლებოდა თანაც გაეტაცა და შორს, შორს წაეღო ცაში.
ისიც ვიფიქრე, როგორ შეიძლება რეალურ სამყაროში ასეთი,  ჩინური ფაიფურივით მყიფე აღმოჩნდეს ადამიანი,  ქალი, ვისი ნაწერებიდანაც ასეთი ძლიერი თვითდაჯერებული  ენერგეტიკა მოდის-მეთქი.
რა დრო გასულა!
***
    იმ წლებში მე და არცთუ დიდი ჯგუფი ადამიანებისა თუ პოეტად ვცნობდით მას, ქართული ლიტერატურულ კულტურული საზოგადოებისთვის უფრო  ჟურნალისტად იყო ცნობილი. თანაც როგორ ჟურნალისტად!  ფართო ერუდიციისა და ანალიტიკური გონების წყალობით,  იგი პრაქტიკულად,  ახალ თუ აქტუალურ  ტექსტებზე  ზედიზედ მთელ  რევიუებს წერდა გაზეთისათვის, თან უმოკლეს ვადებში.. მეეჭვება, მისთვის გაზეთის  გამომცემელს დაევალებინა ასეთი რამ,  მაგრამ  ალბათ თავად არ შეეძლო ან არც სურდა საქმის გაიოლება.
    მახსოვს ერთხელ პატარა ინტერვიუს წერდა... „წერდა“ -  არ არის აქ მთლად სწორი სიტყვა.  მოვიდა ჩემთან, არც რაიმე გაჯეტი, არც  მარტივი მიკროფონი, არც რვეული და ფანქარი... ვუყურებ, ვესაუბრები და ვფიქრობ, ეს რანაირი ინტერვიუა, ალბათ ახლა უბრალოდ მესაუბრება, რომ შემდეგი შეხვედრისთვის მოემზადოს, მეც თავი  ლაღად ვიგრძენი და ენად გავიკრიფე. გადის ორიოდე დღე,  მიკავშირდება, ხომ არ გადაავლებთ თვალს თქვენს ინტერვიუსო.  მართლა არ მეცალა, მეორე დღეს ვშლი გაზეთს და ყველაფერი უმცირეს ნიუანსებამდე, ინტონაციაც კი  შენარჩუნებულია.  ვინმეს რომ ეამბნა ეს  - სხვა ჟურნალისტზე, გადაჭარბებად ჩავუთვლიდი.
    მეხსიერება და ასეთი?
    მეხსიერება! - ამ სიტყვას, ვფიქრობ,  კიდევ  მოვიხმობთ ამ წერილში ბელა ჩეკურიშვილზე საუბრისას.
    მანამდე კი რაკი მისი საქმიანობის ერთი  უწინდელი,  ქართული სფერო გავიხსენე. აქვე აღვნიშნავ, რომ ბელას სახით ქართულმა ლიტერატურატურამ კარგი  ქომაგი, - ჟურნალისტი დაკარგა, მოვლენებს გავასწრებ და  ვიტყვი, რომ სამაგიეროდ  ინდივიდუალური ტვიფრის, ინდივიდუალური ხმის მქონე  პოეტი შეიძინა.


  ***
ოდენ ვერსიფიკაციულ  სიახლეთა მაძიებელი თვალი ბელა ჩეკურიშვილის  ამ ლექსებზე ამაოდ მოცდება.
    თავისუფალი ლექსებია, მაგრამ რაკი ჟანრობრივად  ძირითადად ნარატიულ  ანუ თხრობით პოეზიას მიეკუთვნება. სავსეა იმით, რასაც ადრე, საბჭოური ლიტმცოდნეობა პროზაიზმების სახელით მოიხსენიებდა  და  განმარტავდა რომ ეს არის ,,ჩვეულებრივი, არაპოეტური სიტყვა ან გამოთქმა პოეტურ ნაწარმოებში“.
    ვერ ვიტყოდი, რომ ქართველ მკითხველზე  დღეს აღარ მოქმედებს ძველი  სკოლის გაკვეეთილები, ლიტერატურას პროკრუსტეს სარეცელზე რომ უჩენდა ადგილს.  იქნებ ესეცაა ერთი მიზეზი, რომ ქართულ ენაზე არსებული სამი მართლაც შესანიშნავი წერილის მეტი  ბელა ჩეკურიშვილზე  ბევრი არაფერი დაწერილა, თუ არ ჩავთვლით  მის მოხსენიებას სხვადასხვა მიმოხილვითი ხასიათის წერილებში.  საკუთრივ მასზე წერილების ავტორები კი გიორგი ლობჟანიძე, მალხაზ ხარბედია და ნინა პოპიაშვილი არიან, არადა იგი  საერთო ჯამში ქართულ და გერმანულ ენაზე გამოცემული რვა წიგნის ავტორია.  ამ მხრივ გერმანელმა კრიტიკოსებმა და ავტორებმა (ნორბერტ ჰუმელტი, მათიას ელერი, ტანია დიუკერსი, იონას ბენედიკტი, პაულ ჰენრი კემპბელი, იონის ჰარტმანი, ესტერ ანდრადი და სხვანი) წერილებითა თუ გამოხმაურებებით, გაცილებით  მეტი, თუმცა  სავსებით დამსახურებული  ყურადღება გამოავლინეს მისდამი. მისი ლექსები ითარგმნა იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და შესულია ისეთ ევროპულ ანთოლოგიებსა თუ კატალოგებში, როგორიცაა „გრანდ ტური. მოგზაურობა ახალგაზრდა ევროპულ ლირიკაში ალბანეთიდან კვიპროსამდე“. (Eine Reise durch die junge Lyrik Europas – von Albanien bis Zypern), Hanser Verlag, Munich, 2019. „ანტიკური სამყაროსკენ წარტაცება. ახალი ისტორიები ბერძნულ მითებზე“. (Entführung in die Antike: Neue Geschichten um griechische Mythen), PalmArtPress, Berlin 2019. საგამოფენო კატალოგი „გზაში“ ("Unterwegs"), Knecht Verlag, Landau 2019; პოეზიის ალმანახი open air 178. Edition offenes feld, 2020; ლირიკის ყოველწლიური 2017. (Jarbuch der Lyrik 2017) , Schöffling Verlag; ხელოვანთა ყოველწლიური Common Sense 2017 (Edition Augenweide Berburg); ბერლინის ხელოვანთა ჟუნალი Body&Soul, N30,  2018. Corvunus Presse Berlin; „შორიდან. თანამედროვე ქართული ლირიკა“. (Aus der Ferne. Neue Georgische Lyrik), 2015, Corvinus Presse;  „მე კი კავკასიისკენ მსურს. ქართული ლირიკის ანთოლოგია“ (Ich aber will dem Kaukasos zu.Eine Anthologie georgischer Lyrik), 2015, Pop Verlag;
ქართულ-ინგლისურ ანთოლოგიაში: ქართველი პოეტი ქალები Georgian Female Poets. Tbilisi, Georgia, 2016;
თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის ინგლისურენოვან ანთოლოგიაში : Modern Georgia Poetry and Prose, N1,  Tbilisi 2017.
მოთხრობა „პინარის მძივი“  შესულია თურქულ ენაზე გამოცემული თანამედროვე ქართული პროზის კრებულში „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია“. გამომცემლობა „კალემ კულტურ“, სტამბოლი, 2017.
მისი საავტორო გვერდი, ლექსებთან ერთად, განთავსებულია პოეზიის ინტერნაციონალურ საიტებზე: Lyrikline.org; Fixpoetry.com.
პირადად მე, ყველაფერთან ერთად, ეს გარემოებაც მაფიქრებინებს, რომ ბელა  ჩეკურიშვილთან ქართული კრიტიკა - ვალშია.  მისი პოეზია თავის მკვლევარს მოელის...
თუმცა ისევ „პოეზიის პროზაიზაციის“  მივუბრუნდეთ:  ამ  მხრივ,  ბელა ჩეკურიშვილს  ქართულ პოეზიაში უკვე დახვდა ტრადიცია, დაკავშირებული ძირითადად  ბესიკ ხარანაულის  დიდ სახელთან -  ეს არის ავტორი, რომელსაც ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვის  ქართული ლექსის „გაადამიანურებაში“.  თუმცა მას  შემდეგ ქალ-პოეტთა მიერ  სხვა საფეხური ჯერ დასაძლეველი იყო და არის!
      შევეცდები ავხსნა, რას ვგულისხმობ. ავტორთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება პოეზიის გაყოფა ფემინურ ანუ ქალურ და მასკულინურ, ანუ მამაკაცურ  პოეზიებად.  რომ პოეზია- პოეზიაა და მორჩა!
      მე ასე არ ვფიქრობ.  მე ვთვლი, რომ  გვიანსაბჭოური ხანიდან მოყოლებული,  პოსტსაბჭოური ხანის ჩათვლით,  ქართულ პოეზიაში თანდათან რედუცირდება, მცირდება  მასკულინური ანუ მამაკაცური  ნაკადი და  დომინირებადი ანუ გაბატონებული ხდება ფემინური ანუ ქალური ნაკადი. 
    ვიდრე  ჩვენი პოეზია ფემინიზირებული  გახდებოდა, ამინდს მამაკაცები ქმნიდნენ და ქალის კონცეპტი პოეზიაში იყო ისეთი, როგორიც თავად აძლევდათ  ხელს, ანუ როგორიც  უნდა ყოფილიყო იგი, რათა მათ  მზა  სქემებს მორგებოდა.
      ჩემი ნათქვამის უნივერსალიზაცია არ არის გამართლებული. ცხადია, არსებობდა  პოეზიაც,  ავტორებიც,  გამონაკლისის სახით, რომელიც ამ ჩარჩოებში არ იკეტებოდნენ. მაგრამ მე ვსაუბრობ ძირითად, მკაფიო  მახასიათებელზე.
    ბელა ჩეკურიშვილის და მისი მინამსგავსი წყობის  პოეტ ქალთა  ნაწერებში ქალი არის არა ისეთი, როგორიც უნდა (!) იყოს, არამედ ისეთი, როგორიც არის რეალურად, ხოლო როგორი არის  ქალური სამყარო სინამდვილეში - აქ  დღეისთვის სათქმელი მართლაც ბევრია დაგროვილი,  მაგრამ, როგორც იტყვიან,  თქმაც არის და თქმაც. 
      არაფერია იმაზე მოსაწყენი, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს, ლაპარაკობს გაუთავებლად,  სათქმელი  კი არაფერი აქვს.  ასეთ დროს მთელი ტროპოლოგიური არსენალიც რომ მოიხმოს, შინაგანი სიცარიელის, უსათქმელობის  ვუალირება იქნებ კიდეც მოახერხოს, მაგრამ  ამოვსებით  - ვერ ამოავსებს  და  მკითხველს ხელში  ნაჩუქარი ლამაზი ფუტლიარი შერჩება, რომ გახსნი და გულდაწყვეტით აღმოაჩენ, რომ შიგ არაფერი ყოფილა. ამისგან განსხვავებით, ბელა ჩეკურიშვილს  თავისი გამოკვეთილი სათქმელი აქვს.  წინამდებარე კრებულში უბრალოდ, ვერ მოიძიებთ ერთ ლექსს მაინც,  უსათქმელობა რომ სჭირდეს,  ხოლო  პოეზიაში, საბოლოოდ, მთავარი სწორედ სათქმელის ქონაა. სათქმელს უნდა ემსახურებოდეს ლექსის, როგორც მთლიანი სისტემის ყველა ელემენტი. ელემენტები კი  ძირითადთან ერთად, არჩევითია.  არჩევითი ელემენტებიდან ამ კრებულში უპირატესობა ინტონაციას ენიჭება, როგორც იტყვიან, ყველაზე მოუხელთებელ  ასპექტს ლექსისა, რომელიც მოქმედებს, მაგრამ არ  ჩანს.
ახლა გამიელვა, რომ  რაკი მოქმედებს და არ ჩანს, ინტონაცია რაღაცით ქარის მსგავსი ყოფილა, ანუ როგორც გალაკტიონი იტყოდა,  „ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს, მაინც მწვერვალებს ედება ქარი“
      ბელა ჩეკურიშვილს უნიკალურ მეხსიერებასთან ერთად,  ბუნებრივად მოსდგამს ის  ფაქიზი მგრძნობელობა, სიწრფელე, ის  გულმართალი ინტონაცია, რაც შესამჩნევი კი იყო მის ადრინდელ ლექსებში, მაგრამ საჭირო იყო სწორი რეგისტრის, სწორი ხედვის კუთხის მოხელთება, რათა მისი პოეტური სამყარო გახსნილიყო მკითხველთა წინაშე. ეს კი გერმანულ კულტურულ სივრცეში მისმა ორგანულმა შესვლამ მოიტანა შედეგად. რაკი გერმანული გარემო ვახსენე, აქვე აღვნიშნავ ერთ დაკვირვებასაც:  მისი ლექსები ადრეულ წლებში უფრო კრეატიული, გამომგონებლური იყო იმ გაგებით, რომ სათქმელს იგი თავის გარეთ დაეძებდა, მიმართავდა მითოსურ თუ  გარე-კულტურულ პირველწყაროებს,  ცხადია ეს ყველაფერი მისი სულიერი გამოცდილების პრიზმაში გადატყდებოდა, ვიდრე ლექსად იქცეოდა. ახლა, სულ ბოლოდროინდელ ლექსებში, რომელიც გერმანულ გარემოს ეხება, ერთი ტენდენცია მეჩვენება, თითქოს  მისი გამოთქმის მანერა უფრო მხატვრობას მიუახლოვდა, შერეული ტექნიკასავითაა,  დინამიკა გადმოცემული გრაფიკით და ზედ რაიმე  ერთი ან ორი ფერადოვანი ლაქა.
    იგი ლირიკოსი ნაკლებად არის და ნაკლებადაც იყო,  ყოველ შემთხვევაში, მე ცოტა ხანი როდია, თვალს ვადევნებ მის შემოქმედებას და ასეთი რამ  არ მეგულება.  მეტაფორული აზროვნების წილი კი  ადრე  ნამდვილად, გაცილებით მეტი  იყო მის  ნაწერებში.  ამ ეტაპზე მეტაფორის ადგილს მეტონიმია, ან ასე ვთქვათ,  ნამეტაფორალი მეტონიმია იკავებს.  ასევე, სტილური თვალსაზრისით,  საგრძნობია ეგრეთ წოდებული ‘’ჩამონათვალის ლექსის“  ნიშნები.  ეს ჩამონათვალი ხან მოქმედებათა  თანმიმდევრობას  აწესრიგებს, ხან საგანთა  და სახეთა  სიმრავლეს.

    ***
    ვიდრე  ამ წიგნის გამჭოლ პოეტურ  კონცეფციებზე  ვიტყოდე  ორიოდე  სიტყვას, მინდა,  სათაურზე გავამახვილო ყურადღება.
      წიგნს ჰქვია  ,,ნანას ცხენი“. ადრიდანვე ვიცნობდი რა დიდ ნაწილს ამ ლექსებისა,  სათაურის მნიშვნელობაზე ფიქრმა თავიდან შორეული ინდური სამყაროსაკენ მიმართა ჩემი ყურადღება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნანა“ - ინდური ტოპონიმია, არამედ იმის გამო, რომ რაკი მახსოვდა ბელას ლექსების რაღაც ნაწილი, მის ბავშვობას და ოჯახს რომ ეხება, ცხენმა ასოციაციურად მომაგონა სპილოს - ინდოელთა ღვთაება განეშას ამბავი. იგი მოგვითხრობს, რომ ვიდრე განეშას მამა გადაწყვეტდა, ვისთვის დაეთმო ტახტი, შვილები გაგზავნა ქვეყნად საუკეთესო ადგილის საპოვნელად. ერთმა მთელი დედამიწა შემოიარა ასეთის ძებნაში, ხოლო როცა მამამ შვილები იხმო და ჰკითხა, ვინ რას მიაგნო, სპილო განეშამ უპასუხა, რომ იგი არსად წასულა, მთელი იმ ხნის განმავლობაში ირგვლივ უვლიდა მშობლიურ ოჯახს, რადგან არ ეგულება დედამიწაზე მასზე უკეთესი ადგილი. მამას მოეწონა მისი პასუხი და გაამეფა. 
      რაღაც ამისმაგვარი იკითხება  ამ კრებულში გაერთიანებულ ლექსთა უმრავლესობაში და ეს პირობითად ასე შეიძლება გამოითქვას - არ არსებობს ქვეყნად უკეთესი ადგილი,  ვიდრე  საკუთარი ოჯახია.
თუმცა მკითხველი ლექსების გაცნობისას აღმოაჩენს, რომ ინდური  მითოსურ-რელიგიური სამყარო აქ არაფერ შუაშია და  სათაური ინსპირირებულია ერთი ლექსით, რომელსაც  ‘ ჩემი  დის ცხენი ეწოდება’, ხოლო პოეტის  რეალურ დას ნანა ჰქვია.
  წიგნის გამჭოლი კონცეპტუალური ხაზი, ღერძი, რომელზეც იკინძება  მისი ოთხივე  ნაწილი ასეთია:
ეს არის  პოეტური ნატურის პიროვნების სვლა  ავტორიტარული ოჯახური გარემოდან - გარე, ტოტალიტარული სოციალური სივრცისაკენ, შემდგომ ამ სივრციდან გადანაცვლება თავისუფალ, ევროპულად დემოკრატიულ სივრცეში და ამის შემდგომ ,  - ადრეული ბავშვობიდან მთელი ზრდასრულობის გავლით, საკუთარი წარსულის  ხელახალი წაკითხვა ახალი ღირებულებითი  სისტემის, აღქმისა და  შემეცნების  ახლებურ პირობებში.
      აქ არ შეიძლება ადამიანს არ დაებადოს კითხვა. ავტორი ხომ არაფერს  თხზავს, იგი იხსენებს იმას, რაც გადახდენია. საკუთარი  თავგადასავალი ხომ მუდამ თან ახლდა,  ენაც - იმთავითვე  მდიდარი მოსდგამდა,  ნუთუ  შეუძლებელი იყო, იმავე თემაზე ასეთნაირადვე მშობლიურ გარემოში ეწერა?  ეს კითხვა ერთი შეხედვით, პასუხსაც თავად შეიცავს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. საქმე ისაა, რომ ძნელი და თითქმის წარმოუდგენელია, დისტანცირების, ხედვის ახალი რაკურსის მოხელთების გარეშე,  გაიაზრო და პოეტური სამყაროს  კუთვნილებად გარდაქმნა ის  ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ცნობიერ-ქვეცნობიერი დინებებით მიმოდის შენში.
ზემოთ ავტორიტარული გარემო ვახსენე. ჩვენი თაობა ძირითადად  ასეთ ოჯახურ გარემოში გაიზარდა და  სხვანაირი ვერც წარმოგვედგინა. რამდენი ჩვენთაობელი ამოიცნობს საკუთარ ბავშვობასა და დიდობამდე გამოყოლილ ხასიათს ამ სტრიქონების წაკითხვაზე:

„თუ მინდა, რომ ვუყვარდე და არ მომიძულონ,
ანდა, რაც მიყვარს, არ დამინგრიონ, არ წამართვან, არ დამიმალონ,
უნდა ავდგე და უსიტყვოდ გადავყლაპო
რაც დადგენილი და დაწერილია,
რაზეც თაობები გაზრდილან და დაბერებულან,
რაც ნაცადია.
უნდ მოვითმინო,
თვალები დავხუჭო და თავი მოვაჩვენო
რომ მიხარია,
ობოლი რომ არა ვარ და თან ფაფაც მაქვს,
რომ მათი ოჯახის ნაწილი ვარ,
მათი მსგავსი, უტყვი ნაწილი,
თორემ სასჯელს ვერ გადავურჩები,
შემიძულებენ, დამინგრევენ, წამართმევენ, დამიმალავენ“.
​​​​​​​(„მანანის ფაფა“)

და  სწორედ ესაა ნიშანი ავტორიტარულ გარემოში ბავშვობიდან ადაპტაციისა. მაგრამ ეს კიდევ არაფერია, გარეთ უარესი მოელის მგრძნობიარე სულს, თუმცა  ისე გაივლის ამ განსაცდელს,  ვერც ხვდება, რა საშინელებაშია მოხვედრილი,  მერე კი „გვიანი რიცხვით“ თავადვე უკვირს:
„ისინიც ხომ ხალხია იქ, -
ამბობდა დედა, -
ნამდვილი ომი ხომ არ არის,
ისე ისვრიან, ერთმანეთის შესაშინებლად,
ან სახურავებს, სვეტებს ესვრიან“.
თუმცა ვხედავდით,
იმ ტყვიამ ერთი მეზობელი ქუჩაში დაჭრა,
იქით მეორეს აივნის კარი ჩაულეწა,
გადაღმა სახლს კი ცეცხლი გაუჩნდა“.
​​​​​(„ომი არ იყო“)


​ავტორი ასე ვთქვათ, გაგერმანულებული თუ გაევროპულებული თვალით, გონებით  აღიქვამს წარსულის საშინელებებს, გული კი ისევ ქართული უცემს, მისი  ბავშვობისა და მოწიფულობისდროინდელი,  ქართული  ‘’შინ’  -  ხსოვნასა  და წამოსახვაშიღაა შემორჩენილი,  მაგრამ  მთელს არსებაში იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ  გერმანული ‘’შინ’- ისთვის სივრცეს თითქმის არ ტოვებს.  - აი, ესაა  მთელი  კრებულის სათქმელი.
  ამგვარი  სიტუაცია აშკარად შეიცავს შინაგანი კონფლიქტის, იქნებ კრიზისის  ნიშანსაც. ამ კრებულში ერთი  ლექსია, სათაურით „პერფორმანსი“. იგი მოგვითხრობს, თუ როგორ გადაწყვეტს  ლექსის გმირი,  მისდიოს საკუთარ არსებაში ღრმად ჩაბუდებულ წარმართულ  წესს და  შეთქმული ცხვარი  გაიღოს შესაწირად, როგორ აწყდება წინააღმდეგობას საქართველოში, ახლობლების მხრიდან და გერმანელი ქმარი, როგორც  ცივილიზებული გარემოს სახე,  როგორ სთავაზობს  გათანამედროვებულ გადაწყვეტას.  აქ კონფლიქტის ერთ მხარეს  წარმართული დაუნდობლობაა, მეორე მხარეს - სიმულაკრი, რომელიც პაროდიულ ელფერს სძენს მთელს ამბავს.  მისი შინ კი სადღაც, მათ შუა იგულისხმება და თითქოს ჯერ  კიდევ მისაგნებია.
იქნებ სწორედ ეს ნიშანია ის რაც, ქართველ მკითხველს  მიიზიდავს  და  თავისიანად აქცევს.
  ბელა ჩეკურიშვილს აქვს  ალბათ პოეზიაში ჟურნალისტიკიდან მოყოლილი უნარი სიტუაციის ზონდირებისა, ფასადს მიღმა მახვილი თვალით  რეალური კონფლიქტის  აღმოჩენისა.  ერთ ლექსში ავტორი გვიამბობს,  თუ როგორ შენიშნავს გერმანელი ახლობელი, მძიმე სათქმელი გაქვსო და აი, იგი იწყებს ლაღ თხრობას მინსკელ  ქალებზე, რომელნიც თითქოს ბედნიერი სახით გამოსულან გარეთ.... ფინალი კი კვლავ ტრაგიკულია.  მათი ლამაზი პროტესტი ციხითა და უბედურებით მთავრდება.
„ჰო, შეიძლება გამხდარიყო ერთი მსუბუქი ლექსის თემა,
რატომაც არა,
ფეხადგმული,
ხალხით სავსე მინსკის ქუჩები,
რატომაც არა,
რომ არ ნიშნავდეს ეს განწირულ პროტესტს და ბრძოლას
რომ არ ვიცოდე,
მათ სიცოცხლის ჯაჭვს
ნიღბიანი პოლიცია ხელკეტით ჩაწყვეტს
და სიმღერის ხმებს
საპატიმროს მრუმე კედლები სრულად ჩაახშობს“.
​​​​​​(„როცა ქალები მღერიან“)


***
ვისურვებდი, ეს კრებული ორენოვანი ყოფილიყო, ყველა ლექსს გვერდითვე ჰქონოდა პარალელური გერმანული თარგმანი. რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში? კრებულში შესული ლექსების ერთი წყება  სავსეა კოდებით, რომელთა გაშიფრვა მხოლოდ ქართული კულტურული სივრცის პირობებშია შესაძლებელი.  ქართველისთვის ადვილად გასაგებია, თუნდაც მინიშნების დონეზე, გერმანელ მკითხველს კი აუცილებლად დასჭირდებოდა  დამატებითი განმარტებანი. ან  არსებობს მეორე ალბათობა, გერმანულად თარგმნის შემთხვევაში, სხვაენოვან გარემოში ეს ყველაფერი დეკოდირების გარეშე,  ეგზოტიკად  გაეაზრებინა  გერმანულენოვან მკითხველს.  თუმცა ჯერ  ყველაფერი წინაა.

მე კი ისღა  დამრჩენია, დავემშვიდობო ქართველ  მკითხველს  ამ  სურათხატოვანი სამყაროს  ჭიშკართან იმ  იმედითა და რწმენით, რომ  ბელა ჩეკურიშვილის  თავისთავად უნიკალური პოეტური  თავგადასავლის  გაცნობა  ყველაფერთან ერთად, დააბრუნებს საკუთარ წარსულთან და  იქ აღმოაჩენინებს თავის უნიკალურ არსებას.
 
   
​ნინო დარბაისელი სტრონი
​პოეტი, ფილოლოგიის დოქტორი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები