ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 დეკემბერი, 2020


სად არის პოეზია? ლექსი როგორც პრობლემა

ეს ანკეტა ერთი თვის წინ გამოქვეყნდა გაზეთ ''ლიტერატურულ საქართველოში. თავიდან -  არ დამიდია,  რათა ხელი არ შემეშალა  ბეჭდური ვერსიის გავრცელებისათვის, მერე - ვეღარ მოვიცალე.

ნინო დარბაისელი

სად არის პოეზია?
ლექსი როგორც პრობლემა
- - - -


1. არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება კარგი და ცუდი ლექსის გარჩევა?

ნ.დ.: ცუდ ლექსში თუ უბრალოდ, მდარე ხარისხის, ეპიგონურ ლექსს გულისხმობთ  და არა  მაგალითად,  ეთიკურად, ესთეტიკურად, ან რაიმე შინაარსობრივი მახასიათებლით ვინმესთვის მიუღებელს, პირადად ჩემთვის ასეთი კრიტერიუმი უპირველეს ყოვლისა - ფორმობრივი მხარეა. ჩვეულებრივ, ცუდი ლექსი - უცებ იცნობა. იგი ტექნიკურად უმწეოა. თვალს ჩაკრავ თუ არა, იმწამსვე მიხვდები. პოეტურ ტექსტებთან ურთიერთობის გამოცდილება ვისაც აქვს, მკვლევარებს, რედაქტორებს, გამომცემლებს, ეს არ ეშლებათ...
თითქმის ორი ათეული წელია, ინტენეტით სხვადასხვა ლიტერატურულ საიტებთან და გვერდებთან ვთანამშრომლობ ოკეანის გაღმიდან და გამოცდილებამ უფრო ფრთხილი გამხადა. მაგალითად, თანამედროვე ავტორის ლექსები რომ დაწყებულიყო სიტყვებით ,,ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ, მერცხალიც ჭყივის’ ან ასე  ‘’ცა ფირუს, ხმელეთ ზურმუხტო’, ადრე პირდაპირ დაბალი ქულით შევაფასებდი, როგორც თანამედროვე ავტორის მდარე ტექსტს და სუფთა სინდისით გადავიდოდი რამე სხვაზე, ახლა ეს საფრთხილოა. იქნებ ავტორი სუპერ თანამედროვე ვინმეა, პოსტმოდერნისტულად უდგება წარსულის ტექსტებს? ციტირებს... ამიტომ მაინც უმჯობესია, წაიკითხო და დარწმუნდე დაწუნებამდე.
    ავის და კარგის გარჩევა საბოლოოდ ძნელი არაა.  ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში პირადად მე არ შემხვედრია, იქნებ კიდეც არის ცუდი და კარგი ლექსის განსასხვავებელი კრიტერიუმები ჩამოყალიბებული, აი, ინგლისურენობან ლიტერატურულ გარემოს რაც შეეხება, თერთმეტი ძირითადი კრიტერიუმი ისწავლება... მეშინია,  ვაითუ ამ თემაზე პასუხმა  გამიტაცოს და ანკეტის შემდეგი თორმეტი კითხვა ფორმატში ვეღარ ჩავატიო, ამიტომ სახელდახელოდ, მოკლედ ვთარგმნი ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან, რას ნიშნავს ცუდი ლექსი, თან აღვნიშნავ, რომ ეს კონვენციურ ლექსს შეეხება და ვერლიბრს ნაკლებად გამოადგება:
          1. არასრულყოფილი, დაბალი ხარისხის რითმები: 2  რიტმი, რომლის მართვაც ავტორს უჭირს 3. თემატურად გაცვეთილობა და არააქტუალობა 4. ლექსში შემავალ მოტივთა უმწეო შეხამება 5. პოეტური ტროპის სახეობათა გამოყენებისას ტექსტის ძირითადი თემისადმი მათი ვერდამორჩილება, ასევე, არამოტივირებული სიჭარბე, 6.იმაგინაციათა კლიშეობრიობა.7.ავტორის უძლურება, ადეკვატურად გადმოსცეს ემოცია  (მეტისმეტი დრამატიზაცია, ნიანგის ცრემლები - არაფრის გამო) 8. ტექსტის არამოტივირებული ენობრივი გაუმართაობა 9. კაკოფონიური ხმა, ნაცვლად კეთილჟღერადობისა. !0. პროზის ნაკადის არაზომიერი შემოტანა პოეტურ ტექსტში  ( აქ აღნიშნულია, რომ თვით თავისუფალი ლექსიც კი ამ მხრივ, ზომიერების გრძნობას საჭიროებს)  მეთერთმეტე და და ბოლო - 11, რაც მთავარია , ლექსი არ უნდა იყოს მოსაწყენი. ( აქ უთუოდ გაგახსენდებოდათ ,,ყველა ჟანრი კარგია, გარდა მოსაწყენისაო).

მე ამჯერად ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი, ილინოიელი  პოეტის, ესსეისტისა და  მწერლის, ელიზაბეტ ბერეტის კრიტერიუმები შემოგთავაზეთ, დაახლოებით ასეთივეა სხვათა აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ეს საშუალო სკოლებში ისწავლება, თან - არა მაღალ, არამედ დაწყებითის შემდგომ საფეხურზე. 
      თითქოს რა მარტივია, არა? დაიდე წინ ნებისმიერი ლექსი, მიჰყევი პუნქტობრივად, დაწერე ფურცელზე, თუ გინდა, ქულები ერთიდან სამამდე, დააჯამე და პასუხიც მზადაა!

  სირთულე იწყება იქიდან, როცა შენს წინაშეა პოეტური ტექსტი, რომელსაც ერთი შეხედვით, დასაწუნი არაფერი აქვს. ყველაფერი თითქოს ადგილზეა, შინაარსობრივადაც - არც გულწრფელობა აკლია, გამომსახველობითი საშუალებანიც მარჯვედაა გამოყენებული, მაგრამ არა და არ ვარგა. მიდი და ასაბუთე,  მაინც, რატომ!
იქნებ კლიშეებია ჭარბად შიგ? მაგრამ როგორ უნდა დაადგინო დოზა? ხომ ძნელი წარმოსადგენია არათუ პოეზიის ქმნილება, არამედ რაიმე ხელოვნების ნაწარმოები, კლიშეები რომ არ მოეძევებოდეს. ნებისმიერი ტექსტის ორგანიზებაში კლიშეებს მცირე როლი როდი მიეკუთვნებათ. ალბათ პოეტური ტექსტის სიმდარის ერთ - ერთი ნიშანი კლიშეების პრევალირებაა ინდივიდუალურ სათქმელზე, ინტონაციაზე და ასე შემდეგ.
საინტერესოობა - ჩემთვის მთავარ ნიშნებს მიეკუთვნება. რაღაც უნდა მოედოს გულს, სულსა და გონებას, მოედოს განსხვავებულად, ცნობისწადილი აღმიძრას, როგორც მკითხველს. ესთეტიკური სიამოვნება მომგვაროს. როგორ დაგვავიწყდა თანდათან ეს სიტყვა - ესთეტიკა.
პოეტური ქმნილების ესთეტიკური ღირებულება! - ახლა ამ კატეგორიებით მგონი, აღარც არავინ აზროვნებს.
ეს ყველაფერი შეუძლია დაძლიოს მკითხველთა შორის უმკითხველესს, კრიტიკოსს, რომელსაც შესაბამისი თეორიული მომზადება აქვს პოეზიის დარგში. კრიტიკოსი კი სულაც არ არის საყვარელი ადამიანი პოეტისათვის, გარდა იმ გამონაკლის შემთხვევისა, როცა პირადად მას აქებს, თუნდაც  ნაკლებსარწმუნოდ ან სულაც დაუსაბუთებლად.

2. რომელია ნამდვილი ლექსი, რომელსაც წაკითხვისთანავე გებულობ თუ რომელსაც მრავალჯერ კითხულობ, რათა გაიგო?

ნ.დ ნამდვილი ლექსი შეიძლება იყოს ისეთიც, ერთი წაკითხვით რომ გაიგებ და ისეთიც, მთელი ცხოვრება რომ ატრიალებ გონებში და ბოლომდე ვერ ჩაწვდომიხარ, ვერ გამოგიცნია, მაინც რა ჯადო აქვს. მეტიც, ერთი პოეტის შემოქმედებაში შეიძლება გვერდისგვერდ მოიძიებოდეს ასეთი, ესთეტიკური თვალსაზრისით,  უკიდურესად დაშორებული ლექსები.
კონკრეტული მაგალითით სჯობს ხოლმე ასეთ შემთხვევებში მსჯელობა. თავად გალაკტიონს რამდენი ლექსი აქვს, ორივეს ნიმუშად რომ გამოდგება. აი, თუნდაც შევუდაროთ:

წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს რომ ერთხელ კიდევ ვნახო
გაზაფხულის მთები მწვანე…(გურიის მთებს)
და მეორე მხრივ:
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ეს ორივე ლექსი -  ქართული პოეზიის შედევრია, თუმცა  განსხვავებულ ესთეტიკურ კონტექსტში ჯდება. ერთში - მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი სიცხადე გვაქვს, მეორეში - იდუმალება. მარტო გალაკტიონს კი არა, ანა კალანდაძის მაგალითიც ავიღოთ,, მოდიოდა ნინო მთებით” და ,,ბოშა ქალი “ : ერთი - ქრისტიანული მისტიციზმის იდუმალ შუქს გამოსცემს საუკუნეთა სიღრმეებიდან, მეორე - თითქოს გადაშლილ ხელისგულზე დევს, ვიტალურობითა და სიცოცხლის ხალისით სავსე.
არიან ძალიან კარგი პოეტები, რომელთაც მრავალპლანიანი ლექსები აქვთ და ყოველი პლანის დაძლევის მერე მკითხველს ახალი ჰორიზონტი ეშლება წარმოსახვაში, მაგალითად, ლია სტურუა ან ესმა ონიანი . მათ მარტივად წერა არც შეუძლიათ და არც სურთ.
არიან ძალიან კარგი რეალისტი პოეტები, რომელთა ამოცანაც თითქოს ისაა, რომ რაც შეიძლება ნათლად დაგანახვონ, უშუალოდ განგაცდევინონ ყოფა - როგორც “მარტის ამინდით ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი” - მურმან ლებანიძე. მათ რთულად წერა არც შეუძლიათ და არც სურთ.
ორივეს შემოქმედება კი ქართული პოეზიის საგანძურშია.
აქვე საბავშვო პოეზიაც უნდა ვახსენო თავისი რთულად მისაღწევი სიმარტივით. რამდენი კარგი საბავშვო ლექსი გვაქვს!
მოკლედ, ადამიანი თუ პოეზიის უბრალო მოყვარული კი არა, გურმანია,
სირთულე თუ სიმარტივე მისთვის ლექსის ნამდვილობის საზომად არ გამოდგება.

3. კვლავ კონვენციური ლექსი VS ვერლიბრი: თავისუფალი ლექსი უკვე ლეგიტიმურია თუ ჯერ კიდევ მოუწევს ბრძოლა უფლებებისათვის?

დღევანდელი ავტორებისა და მკითხველებისთვის თავისუფალი ლექსი უკვე ტრადიციაა და მას მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, უკვე ერთსაუკუნოვანი ისტორია აქვს საქართველოში.
საერთოდ კი, ევროპული, ინგლისურენოვანი და რუსული ლიტერატურისთვის - მისი ქრონოლოგიის ათვლის წერილი მეცხრამეტე საუკუნეშია.
ბოლო დროს ჩვენში ვერლიბრის მოძალება იმითაცაა განპირობებული, რომ ტრადიციული, კონვენციური ლექსის კულტურა ძალზე დაქვეითდა, დაიშტამპა. ამას დაემატა მისი თემატური კრიზისი. ტრადიციული პატრიოტული და სატრფიალო ამბები გაცვდა, რაღაც დიდი ხომ შეიცვალა გარემოში, ქართულ მენტალობაში. პოეზიამ უკვე დაკარგა საბჭოთა იდეოლოგიის მიერ მინიჭებული უტილიტარული ფუნქცია, რომელსაც ძირითადად კონვენციური ლექსით ემსახურებოდა. ერთფეროვანი კონვენციური ლექსი ადვილად კონტროლირებადი იყო იდეოლოგიურად, ამიტომ ფორმალზმის სახელით ინათლებოდა ყოველგვარი ფორმობრივი ნოვაცია და დღემდეც , ხშირად ასეა.
იმ საბჭოურ ლიმიტირებულ ვითარებაში დიდი პოეტები მაინც ახერხებდნენ გამოსავლის პოვნას, იქმნებოდა მაგალითად ბრწყინვალე პოლიმეტრული ლექსები, ძნელად , მაგრამ მაინც გზას იკვალავდა ვერლიბრიც,
ე.წ. ახალი თაობის კონვენციონისტებმა კონვენციური ლექსის ანბანიც აღარ იციან. იწერება ძირითადად ათმარცვლიანი კატრენები და ჯვარედინად თუა გარითმული, უკვე დიდ ამბად მოჩანს. რითმის ხარისხი იქით იყოს. არც ვერლიბრის ახალი ავტორები ერკვევიან დიდად საქმეში. ძირითადად ნიჭიერებითა და ინტუიციით აბალანსებენ საკუთარი სფეროს არცოდნას. არც გაემტყუნებათ. ვისღა სცალია ჩვენს დუხჭირ დროში საიმისოდ, რომ დაჯდეს და პოეზიის თეორია შეისწავლოს. ჩვენი ანკეტის პირველივე კითხვა პოეზიის შეფასების კრიტერიუმებს შეეხებოდა. ასეთი კრიტერიუმები ცხადია, არსებობს, მაგრამ დიდ პატივში როდია ჩვენში ადრე, ათი წლის წინ ერთი იუმორესკა მქონდა “ პროექტი - ბურძგლომერი” , ბეჭდურადაც გამოვაქვეყნე სადღაც.
ლიტერატურულ საიტებთან ურთიერთობამ დამარწმუნა, რომ მკითხველები პოეზიის გაცნობისას მის ავ-კარგზე, ხარისხზე კი არ ფიქრობდნენ, საკუთარი ახლობლებისადმი ფიზიოლოგიურ რეაქციებს აფიქსირებდნენ კომენტარებში, მაგალითად ასე: ამბურძგლა; გუშინ წავიკითხე ეს და მთელი საღამო მბურძგლავდა; ვაიმე, როგორ გამაჟრიალა, მაცახცახებს, პირი მიშრება, ყელი ჩამეკეტა და ასე შემდეგ. იუმორესკის იდეა იყო, ვითომ გამოიგონეს პოეზიის შეფასების კრიტერიუმების გასამარტივებლად აპარატი ,,ბურძგლომერი“, რომელიც წნევის აპარატივით ზომავდა მკითხველის აბურძგვლის დონეს და ამის მიხედვით ფასდებოდა ლექსიც. ეს ჩემი ცდა იყო, მკითხველი წაკითხულზე დამეფიქრებინა.

4. რატომ ამბობენ, პოეზიას უჭირსო, _ იმიტომ ხომ არა, რომ ძალიან ბევრი ლექსი იწერება?
ზოგადად, პოეზია - ეს ისეთი რამეა, ყველგან და ყოველთვის უჭირს. არსებობის წესი აქვს ასეთი - თუ არ უჭირს, არც არსებობს.
ადრე ერთმა პოეტმა, სამწუხაროდ სახელი დამავიწყდა, გასული საუკუნის ბოლოს ასეთი აქციაც კი მოაწყო, პოეზია გაასვენა, ვითომდაც, მოკვდაო. მშინ მახსოვს სადღაც დავუწერე, პოეზია ოხერი ჩიტია, ვისაც ჰგონია, რომ მოკვდა, იმის ხელში, უბრალოდ, თავს იმკვდარუნებს, თავს დააღწევს და სხვაგან გალობს-მეთქი.
კონკრეტულად ქართულ სინამდვილეს რაც შეეხება, ინერნეტმა გზა გაუხსნა ყველას, ინერციის ძალა წერისას ისეთი რამეა, ათს რომ სხვებისას წაიკითხავ, მეთერთმეტეს - თვითონ დაწერ ისეთივეს.
მერე მოარულ აზრად იქცა, რომ ლექსში მთავარი - გულწრფელობაა და ერთმანეთს ეჯიბრებიან ზოგჯერ პორნოგრაფიაში გადავადნილი გულწრფელობებით. მიდი და აუხსენი, რომ პოეზია - ეს მაღალი რანგის კულტურული თამაშია და თვით გულწრფელობაც კი მასში არა რეალური, არამედ მხატვრული გულწრფელობაა. გულწრფელობა, რომელიც ხელოვნების კანონებით ან უკანონობით, როგორც მინუს- კანონით იმართვის.

5. სად ვეძებოთ კარგი ლექსები _ ინტერნეტშითუ ჟურნალ-გაზეთებში?

ნ.დ.მართლაც, სად უნდა ვეძებოთ? მე ძველი თაობის ადამიანი ვარ და თუმცა ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ ქართულ ლიტერატურას ძირითადად ინტერნეტით ვეცნობი, ნაწარმოები ვიდრე ბეჭდურად არ გამოქვეყნებულა, ჯერ შეუმდგარი მგონია.
ერთ კანონზომიერებასაც დავაკვირდი. ის ახალგაზრდა ავტორები, საუკუნის დასაწყისში ბეჭდურ სივრცეს რომ თითქოს არაფრად თვლიდნენ და ინტერნეტში დამკვიდრება მიაჩნდათ საკუთარ დიდ წარმატებად, როგორც კი ბეჭდურ სივრცეში მოხვდნენ და ცოტა წარმატება მოიპოვეს, ინტერნეტ ლიტ. საიტებს, სადაც ადრე ზეობდნენ,  ზურგი აქციეს და სალამი გაუძვირეს ინტერნეტ მკითხველებს.

6. შეიძლება თუ არა ეპიგონი გახდეს კარგი პოეტი?

ნ.დ. დარწმუნებული ვარ, რომ ეპიგონი შეიძლება გახდეს კარგი პოეტი. სიმამაცეა საჭირო. უბრალოდ, ერთ დღესაც უნდა მოწყინდეს ეპიგონობა, გაბრაზდეს, არ შეეშინდეს დაწყება ნულიდან…
    და მაინც ყველაზე ძნელი საკუთარი თავის ეპიგონობა მგონია.
    აი, გამოგივა ერთხელ რამე კარგად, ვინმე მოგიწონებს კიდეც, მექანიზმს მოიხლთებ და დაიწყებ სერიულ წარმოებას… უშეცდომო გზაა, გარანტირებული, მაგრამ რა! გაივლი ცოტას და თუ შემოქმედებითი ბედი გაქვს, ქვას წამოკრავ ფეხს, რომ დაცემული ადგე, მიმოიხედო და შენი სავალი ეძებო.

7. `ხმამაღლა~ დაწერილი ლექსი უფრო მოიპოვებს მკითხველს თუ `ჩუმად~ დაწერილი?
ნ.დ.  პოეზიის “ ბაზარზე” ახლა მუშტრის მრავალფეროვნებაცაა. ყველაფერი საღდება… ცოტა, გემოვნებიანი მკითხველი ჭირს თორემ  ლექსი გინდა ხმამაღალი კი არა მუნკის ‘’კივილივით’  იყოს, გინდა ძლივს გადაგონად გეჩურჩულებოდეს, თავის ‘’დამლაიქებელს’ იპოვის. ახლა ამ ფეისბუქის ათდოლარიანმა გადასახადმა სულ მოშალა საზღვრები. გადაიხდი და დღეში ორიათასზე მეტი კაცის  საერთო კედელზე პირველ რიგში იდება შენი ლექსი. წამოვა წვიმასავით წაუკითხავი ‘’ლაიქები’, გამოგაცხადებენ გენიოსად და  მეტი რა გინდა, მოიწყე ათდოლარიანი ვირტუალური ‘’ფართი’! ადამიანი ოცდაათ დოლარად საქართველოში ყველაზე პოპულარულ პოეტთა რიცხვს უცებ შეემატება თავისი ‘’იწილო-ბიწილოთი’,  კიდევ ათი დოლარი დ მთლად თავშიც მოექცევა და მიდი, საწყალო კრიტიკოსო და ხმა ამოიღე, თან - მუქთად, რომ არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რომ ეს ტექსტი ვერ უძლებს კრიტიკას. უმჯობესია, გაჩუმდე, შურიანისა და  ე.წ. ‘პართი ფუფერის’ სახელს მაინც გადაურჩები, სხვა თუ არაფერი. ამიტომაც დუმან ჩვენი კრიტიკოსები, თორემ განა მართლა საუკეთესონი არა გვყავს!

8. დაასახელეთ თემები, რომლებზეც დღეს ყველაზე სუსტი ლექსები იწერება.

იმის გათვალისწინებით, რომ მე ბოლო დროს პრობლემის უფრო “ინტერნეტული” ხედვა მაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე სუსტიც და ძლიერი ლექსებიც დღეს იწერება სიყვარულზე. ცალსახად სუსტია პატრიოტული თემატიკის ლექსები. ყველაზე ამაზრზენი მაინც უგემოვნო ეროტიკაა , პირადად ჩემთვის. საერთოდ, თემატური და შესაბამისად, ჟანრობრივი არეალი უკიდურესად შეზღუდულია ქართულ პოეზიაში. ამის თქმისკენ მიბიძგებს თემატურად ძალზე მრავალფეროვანი ინგლისურენოვანი პოეზიის რაღაც, მცირე სეგმენტის გაცნობა.
ერთი აუცილებელი  დაზუსტება: ყველაფერი, რასაც მე ვამბობ, შეეხება ქართული პოეზიის ფონს ,,ბექგრაუნდს” და არაფრით არ გულისხმობს იმ შესანიშნავ ავტორებს, ინდივიდებს, რომელთა სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის ქართული პოეზია და რომელთა ყოველ ახალ გამოჩენასაც თავად სულმოუთქმელად ველი.

9. რა თემებზე იწერება საუკეთესო ლექსები?
ნ.დ. ჩვეულებრივ საუკეთესო ლექსები იწერება, ეგრეთ წოდებულ მარადიულ თემებზე. ყოველ ახალ ეპოქაში მათში ახალი ხედვის შეტანაა შესაძლებელი. საერთოდ კი, ძალზე ძნელია, პოეზიაში შენი თემის “ჩავლება”.  მე ვწერ ვერლიბრებსაც და კონვენციურ ლექსებსაც, იმის მიხედვით, როდის რა მჭირდება, მაგრამ კონვენციური ლექსის ამ გაგანია, დაუსრულებელი კრიზისის პირობებში ერთი რამ შემიმჩნევია და დავრწმუნებულვარ კიდეც  -  საკმარისია, რაიმე ახალ სათქმელს, თემას წავავლო ხელი და სეტყვასავით მოდის  სულ ახალი რითმები და სახეები და ლექსიკა და რა ვიცი, რა აღარ!
მაგრამ წერით  გამოცდილებას რითმების შერჩევისას ერთი თვისება მოაქვს. ერთ ლექსს ორიოდე კარგ რითმაზე მეტი არ უნდა ,,გამოუჩინო’, არ უნდა დაეხარბო რითმის ორიგინალობასა  და ლექსის სხვა პლასტები არ უნდა გაიღო მსხვერპლად.  რამდენ კარგ რითმაზე მითქვამს უარი და რაიმე ნეიტრალურით შემიცვლია იმის გამო, რომ ლექსის „მონადურობას’, მთლიანობას უკეთ მომსახურებოდა.

10. რატომ დაკარგა პოეზიამ სოციალური სტატუსი? რატომ ჰყავს ლექსს ცოტა მკითხველი?

თუ ეს კითხვა სწორად გავიგე, სოციალური სტატუსის დაკარგვა - კარგიც კი უნდა იყოს პოეზიისთვის. ეს დაღლილზე, შინმოსულზე “დრესკოდით” გათვალსწინებული კოსტიუმის მოშორებასავით რაღაც ჩანს. მთავარი ისაა, თუ რით ჩაანაცვლებს ამ ნაჩვევ სტატუსს.
ეს ცოტა - ხუმრობით. სერიოზულად კი საკითხავია, რითი გააქვთ თავი პოეტებს საქართველოში? პოეზია რომ ლუკმა პურს არ მოუტანთ, ხომ ცხადზე ცხადია.
მკითხველთა სიმცირეს რაც შეეხება, ლექსს საქართველოში დღეს იმდენი მწერალი ჰყავს, თითო მათგანს ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა, ერთი მკითხველიც რომ მოეპოვებოდეს, ასე მგონია, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივ მაჩვენებელს გადაფარავს.
ზოგადად მკითხველი არ ჭირს დღეს. დღეს და ყოველთვისაც ჭირს კარგი მკითხველი და ‘მკითხველთა შორის უმკითხველესის’,  როგორც მე ვუწოდებ,  ანუ კრიტიკოსის ყურადღების ველში მოხვედრა.

11. ბოლო დროს ვისი ლექსები მოგეწონათ?
რაკი წლების მანძილზე მჭიდროდ ვთანამშრომლობ ქართულ ლიტერატურულ საიტებთან თუ გვერდებთან, დღეში საშუალოდ, სხვადასხვა დონის 30 ლექსს ვკითხულობ. დღე არ გავა, ვიღაცის რაღაც რომ არ მომეწონოს. როცა რაიმე მართლა ძალიან მომეწონება, ბეჭდურად გამოქვეყნებული წერილით ვეხმაურები.
დანარჩენი მოწონებულებისა კი, ვრცელი სია გამომივა და აუცილებლად გამომრჩება ვიღაც. ახალგაზრდები ამას მტკივნეულად განიცდიან. მათ მოფრთხილება უნდა.

12. დაასახელეთ ქართული პოეზიის `თქვენი~ ათეული.
ალბათ ძველი დროიდან დღემდე, არა?
თუ ასეა, თავიდან - არავის გაუჭირდება. მე - გალაკტიონის მერე მეწყება პრობლემა. სიყვარულით - იმდენი პოეტი მიყვარს!... თუმცა ვცდი:
რუსთაველი, ოღონდ მართლა; გურამიშვილი, ალ. ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი, ი.ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ვაჟა, გ. ტაბიძე, ა. კალანდაძე, ბ. ხარანაული.
დასასრულ მინდა ვთქვა, რომ ვერავითარი ათეული თუ  ვერ იარსებებს იმ კულტურულ-ლიტერატურულ-პოეტური ატმოსფეროს, იმ ფონის გარეშე, რომელსაც სხვა შემოქმედები ქმნიან.
    და იქნებ არც ისე ცუდია იმის გაცნობიერება, რომ შენი შემოქმედებით ნამდვილად ასეთი ფონის  ნაწილი ხარ. რა ვიცი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები