ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2020


ქარაფებზე მოსიარულე (I)

ატლანტის ოკეანეში ატეხილი ტროპიკული ციკლონი ღამის ნიუ-იორკის გაჩირაღდნებულ ქუჩებს გამძვინვარებული უვლიდა, რაც გზაზე ეღობებოდა, გულსაკლავი ღრიალით იტაცებდა და გასანადგურებლად განწირულებს ჰაერში ბორბალივით ატრიალებდა. მასში შერეული წვიმა ერთბაშად რეცხავდა შენობებს და გაბოროტებული დამნაშავესავით მიიწევდა ფანჯრებიდან მათში შესახეთქად.
ანას დუტის ქურთუკის კაპიუშონი ცალი ხელით ეჭირა და მეორეთი შემოდგომისფერ ფოთლებს და ხეებისგან ჩამოტეხილ პატარა ტოტებს იგერიებდა, რომლებიც წარამარა სახეში ხვდებოდნენ და გულს უწვრილებდნენ:
-წარღვნაა, თუ რა უბედურებაა?- თავისთვის ბუტბუტებდა სიცივისგან აკანკალებული და სირბილისგან წვივების დაჭიმულობის მიუხედავად, მაინც არ ეპუებოდა, კიდევ უფრო უჩქარებდა ფეხს, რომ დანიშნულების ადგილამდე დროულად მიეღწია.
შავად შეღებილ რკინის ჭიშკარს მიუახლოვდა, ჩანთის წინა ჯიბიდან სასწრაფოდ გასაღები ამოაძვრინა, საკეტი გახსნა და ეზოში შესვლა დააპირა, როდესაც მანქანიდან გადმოსული შავ პლაშებსა და ქუდებში გამოწყობილი ორი მაღალი, პირხმელი და გრძელწვერიანი მამაკაცი დაადგა თავს.
-მისტერ უნგერ?- ერთ-ერთი მაშინვე ამოიცნო და გაოგნებული სახით მიაჩერდა.
ნაცნობმა მამაკაცმა შუბლი შეჭმუხნა, წარბები შეკრა, ფირუზისფერი თვალები დაუჭყიტა და გაბრაზებით შეჰყვირა:
-ყველაფერი შენი ბრალია! სახლში არ უნდა შემომეშვი!
-რას გულისხმობთ? ვერაფერს მიგიხვდით.
-მეგონა, ჩემს მეუღლეს სახლის დალაგებაში და ბავშვების მოვლაში ეხმარებოდი, თურმე გონებას ათასი სიბინძურით უწამლავდი.
-ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება, ასე ხელაღებით რამეში დამადანაშაულოთ?
-ცხოველური წესებით და კანონებით ცხოვრობთ. აღარაფერში გაქვთ ზღვარი და ჩარჩოები. უზნეობას თავისუფლებას უწოდებთ და ამის შემდეგ კიდევ ღმერთს ახსენებთ. სირცხვილია! -საუბარში ჩაერთო თანმხლები პირი.
-თქვენ ვინღა ხართ? რამდენს ბედავთ?- ხმა გაიმკაცრა ანამ.
-მე დეივიდი ვარ, ნეითანის ბიძაშვილი, - მამიდაშვილივით არანაკლები წყრომით უყურებდა ბუდეებში ჩამჯდარი პატარა თვალებით და წარამარა დასველებულ სათვალეს იხსნიდა და წმენდდა, - შენი დამსახურებით მთელ სანათესაოში თავი მოიჭრა და ოჯახი შეარცხვინა.
- რატომ გამოუჭედე თავი სამყაროს მაცდუნებელი სიბილწეებით?- აგრესიას ვერ იცხრობდა ნეითანი.
-სწორედ რომ ასეა!- ეთანხმებოდა ბიძაშვილი.
-რას ეძახით სიბილწეს? ხელოვნებას? დავუშვათ, რომ ასეა. მისი შეცნობა სარას არჩევანი იყო, ჩემი- არა! მე არაფერი დამიძალებია და ვიდრე შეურაცხყოფას მომაყენებდეთ, კარგად დაფიქრდით, თითოეულ სიტყვაზე პასუხს გაგებინებთ! - გაწიწმატებულ ქალს სახეზე ალმურმა გადაუარა.
-მემუქრები კიდეც? - ხმას აუწია ნეითანმა.
-როგორც გინდათ, ისე მიიღეთ. არავის არაფერს ვპატიობ. ფრთხილად!
დეივიდმა თავი გააქნია და სიმწრისგან ჩაეცინა:
-სარდაფში ფუნჯები, საღებავები და სახატავი დაფები აღმოვაჩინეთ. ხატვის გაკვეთილებს უტარებდი? გამოტყდი!
-ვუტარებდი, მერე?!-თვალები მოწკურა ქალმა და მკლავები ერთმანეთზე გადააჭდო.
-ორივე უსირცხვილოები ხართ!
-მე არაფერს ვაკეთებდი სასირცხვილოს. მას მხატვრული ნიჭი აღმოაჩნდა და ვეხმარებოდი. რა არის ამაში მიუღებელი?
-შენ არაფერი იცი! ჩვენი რელიგიის მიხედვით, იგი საჯაროდ ვერასოდეს შეძლებს გამოსვლას და თავის ნიჭის აქეთ-იქით ფრქვევას.
-ის თქვენ აღარ გეკუთვნით! ჰასიდობაზე უარი თქვა!
-აგყვა და ამისთვის ძალიან ინანებს. სულ მალე დარწმუნდება იმაში, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა. შენც დაგანახებთ რა შეგვიძლია!
-კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არაფერ შუაში ვარ. თქვენმა მეუღლემ ყველა გადაწყვეტილება თავად მიიღო და არავის დაუძალებია.
-მან ყველაზე ძვირფასი - ოჯახი დაკარგა! ვიცი, მე არ განაღვლებ. ნუთუ ორი მცირეწლოვანი ბავშვი მაინც არ შეგეცოდა? ისინი ხომ შენს გამო ხვალ-ზეგ დედის გარეშე დარჩებიან?
-ძალიან ბევრის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, როდესაც საბაბის გარეშე მადანაშაულებთ.
-მას ბავშვებს ჩამოვაშორებთ! სატმარები არ დაუშვებენ, მსოფლიოში გამეფებული გარყვნილების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
-სარა იბრძოლებს. შვილებს ასე უბრალოდ არ დათმობს.
-შენ შეუწყე ხელი ჩვენი ოჯახის დაშლას. არაკეთილმოსურნე და ბოროტი ადამიანი ხარ!
-ვიდრე პოლიციისთვის დამირეკავს, დაუყოვნებლივ ორივე გამეცალეთ და მეორედ არც იფიქროთ ჩემთან მოახლოება!
ნეითანს და დეივიდს კიდევ ბევრის თქმა სურდათ ანასთვის, მაგრამ მისმა შეუვალობამ და ხასიათის ნამეტანმა წახდენამ მამაკაცები გააჩუმა. აღარაფერი უთქვამთ, ისედაც ნათელი იყო, რომ მასთან ასეთი საუბარი არ გაჭრიდა. ქალმა ზურგი შეაქცია და ორივე დაუმშვიდობებლად ჩამოიტოვა უკან.

***
სასამართლოს დადგენილება ხელში ეჭირა, ჩამქრალი თვალებით მისჩერებოდა ფურცელზე აღბეჭდილ სიტყვებს და ძარღვებში სისხლგაყინული გრძნობდა, როგორი უსწრაფესი რეაქციით იშლებოდა სილით შექმნილი ფიგურასავით. გამოტანილი განაჩენით თავი სვავების გასაძიძგნად გამზადებულ ლეშს მოაგონებდა, რომელსაც ბოროტი სახით თავს წამომდგრები მოშიებული სახეებით უმოწყალოდ ფატრავდნენ, ხორცებს ძვლებიდან აგლეჯდნენ და ჩონჩხს ამსგავსებდნენ. დარბაზიდან კმაყოფილი სახით გამოსულ მეუღლეს თვალი გაუსწორა, უხმოდ შეანთხია წარმოუდგენელი ბრაზი, რომელიც უსამართლობის შეგრძნებისგან გასჩენოდა და უმალ თვალი მოარიდა, აღარ უნდოდა, გამარჯვებისგან კმაყოფილი სახის მეხსიერებაში ჩაბეჭდვა, თავის უბედურებაც საკმარისად მიაჩნდა. მასზე გულმოსულმა დედამთილ-მამამთილმა და რამდენიმე ნათესავმა ალმაცერად შეხედეს და კეთროვანივით ჩაუარეს.
მარტოდ დარჩენილ ქალს მუხლებიდან ძალა სრულიად გამოეცალა. ატყობდა, შენობიდან გასვლა ვინმეს დაუხმარებლად გაუჭირდებოდა და კედელს მიეყრდნო. სასამართლოს დადგენილება სახეზე სიმწრით აიფარა, ხმამაღლა ამოიგმინა და უნებურად წამოუვიდა ცრემლები. ცოტა ხანს გაჩერდა და ოდნავ რომ დამშვიდდა, ლასლასით გაუყვა გასასვლელისკენ მიმავალ დერეფანს.

***
-დედიკო მოვიდა!- პატარა ესთერი სიხარულით გაიქცა ბინაში ახლადშესული ქალისკენ და მუხლებზე შემოეხვია.
-ჩემო ჭრიჭინა, იცი როგორ მომენატრე? დილის შემდეგ, არ მინახავხარ და შენი სურნელი რომ ვერ ჩავისუნთქე, ლამის ქუჩაში წავიქეცი. მოდი, მაგრად ჩამეხუტე და ისევ გამამრთელე,-თვალებს ხუჭავდა და გულში იკრავდა გოგონას სასამართლოდან დაბრუნებული სარა.
ბავშვი მთელი ძალით უჭერდა პატარა მკლავებს დედამისს და მის გულზე განაბული სიამოვნებისგან კატასავით კრუტუნებდა.
-იაკობი სად არის?- ქალმა თვალით ძებნა დაუწყო მეორე შვილს და მის მოსაკითხად ბავშვით გულზემიკრული შევიდა პატარა ოთახში.
ერთი წლის ბიჭუნას მარწყვივით წითელი ტუჩები გადმოებრუნებინა და ტკბილად ეძინა. დედა მისკენ გადაიხარა და თოვლივით თეთრ, მშვიდ სახეზე თითებით ფრთხილად მიუალერსა.
-არ გააღვიძოთ. ისედაც ძლივს დავაწყნარე. სულ შენ გკითხულობდა და ტიროდა,-ჩურჩულით უთხრა ანამ და ხელით ანიშნა, რომ სამზარეულოსკენ გასულიყვნენ. 
სარამ ესთერი ოთახიდან გაიყვანა, სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა და კალთაში ჩაისვა:
-დედას ტკბილო,-ლოყები დაუკოცნა და სევდიანი თვალები შეავლო.
-სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად ის მოხდა, რასაც ორივე ჩვენგანი ველოდით,- ნაღვლიანი სახით დაადგა ანა და მეგობარს დააცქერდა.
სარამ სასამართლო დადგენილების ფურცელი გაუწოდა, პატარა გოგონა მთელი მონდომებით ჩაიკრა და სიმწრისგან მოწოლილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
ანა ქაღალდზე დაბეჭდილ ტექსტს გაეცნო, ოთხად დაკეცა, იქვე მიაგდო და თვალებიდან წამოსული ცრემლები რომ მოეწმინდა, სასწრაფოდ ერთჯერადი ცხვირსახოცის ასაღებად წამოდგა. სარამ არ შეიმჩნია, გულზე მიკრულ ბავშვს თავზე აკოცა და იავნანის ჰანგით იდიშურ ენაზე ამღერდა.
ანა შესასვლელში კედელს ზურგით მიეყრდნო და ჩუმად აქვითინდა. არცერთი სიტყვა არ ესმოდა, მაგრამ ესმოდა როგორი ალერსით და სიყვარულით ჩაწნული ბგერებით უმღეროდა მეგობარი შვილს. გაუსაძლისი ტკივილი იყო განადგურებული სარას ყურება, რომელიც დედობას კვლავინდებური დატვირთვით ინარჩუნებდა. წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ ეს მის მიერ შესრულებული ბოლო იავნანა იყო და ხვალ ვეღარ ჩაეხუტებოდა და დააძინებდა.
პატარა გოგონამ დედის მკერდზე მილულა თვალები. სარამ მკლავზე გადაიწვინა, ვარდისფრად შეფაკლულ ლოყებზე ნაზად მიაკრო გაცხელებული ტუჩები და გაირინდა.
-დაიძინა?- თვალებდასიებულმა ანამ სამზარეულოში შესვლა გაბედა და კარებთან აიტუზა.
სარამ თანხმობის ნიშნად თავი სუსტად დაუქნია, ფეხზე წამოდგა და ჩაძინებული ესთერი საძინებელში გაიყვანა. ბავშვი საწოლზე დააწვინა, ორივე შვილს დიდხანს უყურა და გული რომ იჯერა, მეგობარს დაუბრუნდა.
-რას აპირებ?-დაბალი ხმით შეაპარა ანამ.
სარა იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და ხელები დახუჭულ თვალებზე აიფარა. თავსდამტყდარი მწუხარება ისევ დაუნდობლად აგრძელებდა მის ღრღნას, გაუსაძლის ტკივილს კივილამდე მიჰყავდა.
-მე წავაგე სასამართლოს წინაშე, მაგრამ განა იმიტომ, რომ მართალი არ ვარ, არამედ იმიტომ, რომ ნეითანს კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს და სწორედ ამ მიზეზით მისი ადვოკატი ისე ჭრიდა და კერავდა, როგორც მათ საქმეს აწყობდა.
-და შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
ქალმა თვალებს ხელები მოაშორა, სასამართლო განჩინებას საჩვენებელი თითი რამდენჯერმე დაარტყა და კბილებში გამოსცრა:
-არ დავნებდები.
-კი, მაგრამ ახლა არაფრის საშუალება გაქვს, დასუსტებული ხარ.
-დედა, რომელსაც შვილებს ართმევენ, ვერასოდეს იქნება დასუსტებული. მას არა აქვს უფლება, ხელებჩამოყრილმა იაროს. ის იბრძოლებს იქამდე, სანამ სამართალს არ იპოვის!
-რას აპირებ? აღარ იტყვი?
-ჯერ-ჯერობით არ ვიცი. ახლა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. მითხარი, იმ საშინელ წუთებს როგორ უნდა გავუძლო, როდესაც ჩემს პატარებს ხელიდან გამაგლიჯავენ?
ანამ თვალები დახარა და ამოიხვნეშა. გულს უჩიჩქნიდა მეგობრის ცხოვრებაში შხამად გაჟონილი ამბავი, თუმცა სჯეროდა, რომ მეამბოხე ხასიათის წყალობით, მძიმე რეალობას ახალი ძალებით შეერკინებოდა და სიცოცხლის გასაგრძელებლად ახალ რელსებზეც გადავიდოდა. აცნობიერებდა იმას, რომ სარა უკან არაფერზე დაიხევდა, მაგრამ ეშინოდა, რომ მისი ბრძოლები უშედეგო აღმოჩენილიყვნენ და საბოლოოდ არ გატეხილიყო. არც თუ ისე მარტივ საქმეს წარმოადგენდა ულტრა ორთოდოქსი ებრაელების წრის წინააღმდეგ წასვლა. მათი ადათ-წესები და ყოველდღიურობა საკმაოდ მკაცრ და განსაზღვრულ ჩარჩოებს მოიცავდნენ.
-რაც არ უნდა მოხდეს, შენს გვერდით ვარ,- ყელს მობჯენილი ნერწყვი გადააგორა ანამ.
-ვიცი,- ურვანარევი სახით გაუღიმა მეგობარს.
-ხვალ პირველ საათზე მოვლენ, არა?
-ჰო.
-მეც აქ ვიქნები.
-არა, არ არის საჭირო,-თავი გააქნია სარამ.
-როგორ თუ არა?-შეიცხადა ანამ.
-ნამდვილად არ არის საჭირო. მარტო ყოფნა და ფიქრი უფრო დამამშვიდებს და მომამზადებს რაღაცებისთვის.
-მაგას მერეც მოასწრებ.
-არა-მეთქი!
-გამოუსწორებელი ჯიუტი ხარ.
-მენდე, არაფერი დამიშავდება. რადგან ასეთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგი, მოსალოდნელი შედეგებისთვისაც მზად ვარ. ჩემს თავს მივხედავ.
-რაკი არ იშლი, ისე იყოს, როგორც თქვი,- მხრები აიჩეჩა მეგობარმა და წასასვლელად მოემზადა.
სარა გასაცილებლად გაჰყვა. როგორც კი წასული დაიგულა, საძინებელ ოთახში უღონოდ შევიდა, შვილებს გვერდით მიუწვა და მათ სუნთქვას დაუგდო ყური. თითოეულის ნაკვთებს რიგრიგობით აშტერდებოდა და მათგან მომდინარე სურნელს ხარბად ისუნთქავდა. როგორ უნდოდა, ახალი დღე არ დამდგარიყო. ყველაფერს გაიღებდა იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ძუძუს გადაუჩვეველი იაკობი მკერდიდან არ აეგლიჯათ, ან კიდევ მის კალთას გამოკერილი სამი წლის ესთერი არ დაეშორებინათ.

***
დღემ სევდიანად გაახილა თვალი და დილის ცას უღიმღამოდ შეხედა. სარა კრუხივით დაჰფოფინებდა თავის პატარებს და მათთან ყოფნის წუთებს იტკბობდა. საჭმელი მოუმზადა, აბანავა, ტანსაცმელი გამოუცვალა და დრო ისე გავიდა, ვერც კი მიხვდა როგორ მოადგა შუადღე. სულ რაღაც ნახევარი საათი რჩებოდა წყეულ ზარის დარეკვამდე, რომელსაც იმ ხალხის გამოჩენა მოჰყვებოდა, ვისაც სასამართლოსგან მინიჭებული უფლებით თანახმად, დედისთვის ბავშვები უნდა დაეცილებინათ. სარა შვილებს ეთამაშებოდა. დედას მიკრული იაკობი და ესთერი ხალისიან განწყობაზე იყვნენ და კისკისებდნენ.
როგორც კი პირველი საათი შესრულდა, კარზე ზარის ხმა გაისმა.
-ვინ არის?- ცნობისმოყვარეობამ სძლია ესთერს და კარებისკენ გაიქცა.
სარამ პატარა იაკობი ხელში აიყვანა და გოგონას გაეკიდა:
-ესთერ, დაბრუნდი!
-სტუმარი მოვიდა,- აღტაცებით წარმოთქვა ბავშვმა და კარებთან ჩამოდგა.
ნერვებს ატანილმა სარამ ესთერი ოთახში შეაბრუნა, დაბნეულობისგან სავარცხელს დაავლო ხელი და ჯერ იაკობს გადავარცხნა ქერა ქოჩორი, შემდეგ გოგონა გაალამაზა. კარზე ზარის ხმა არ წყდებოდა.
-დედიკო, იქ ვიღაცები არიან,- კარისკენ ანიშნებდა ესთერი.
ჭოჭმანის შემდეგ სარამ ძალა მოიკრიბა და სტუმრები ბინაში შეუშვა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ნეითანს ოფიციალური პირები ახლდნენ. ქალს მიესალმნენ და მათი იქ ყოფნის მიზეზი შეახსენეს. სარას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ის ითხოვა, რომ რამდენიმე წუთი მიეცათ, შვილებს გამოთხოვებოდა. თანხმობა მიიღო და ბავშვები გულში ძლიერად ჩაიკრა.
-დედიკო, მამა მოვიდა. სად მივდივართ? -პატარა ესთერი ვერაფერს ხვდებოდა და სტუმრებისკენ იწევდა.
-მე თქვენთან ვერ წამოვალ, ჩემო ტკბილო.
-რატომ?
სარამ თავზე ხელი გადაუსვა და სევდით ჩაქსოვილი სიყვარულით გაუღიმა:
- სხვა დროს გნახავ. უნდა დამპირდე, რომ კარგად მოიქცევი და უფროსებს არ გააბრაზებ.
-სად მივდივართ? შენ დებორა დეიდასთან, იაკობი კი რებეკასთან წავა.
გოგონა მიხვდა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა მის თავს, არ მოეწონა და ფეხების ბაკუნით წამოიტირა:
-არ მინდა მე დებორა დეიდასთან.
სარამ პატარა იაკობს შეხედა, რომელიც თავის დას ტირილში აჰყოლოდა და ორივეს დაწყნარებას შეეცადა, თუმცა თავადაც დასამშვიდებელს ამის ძალა აღარც შესწევდა. ნეითანმა ესთერს ხელი ჩასჭიდა:
-წამოდი, ესთერ!
-დედიკოც წამოვიდეს. არ მინდა დებორა დეიდასთან,-ტირილს უმატა ბავშვმა.
სარამ იაკობი გულზე მიიკრო და ატირებულ გოგონას უკან გაჰყვა, თუმცა განაჩენის აღსრულების მომლოდინე ოფიციალური პირები რომ დაინახა, ვეღარაფერი თქვა.
-ვწუხვართ, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით,- თანაგრძნობით შეხედეს დედას.
-მომეცი იაკობი!- ნეითანმა ატირებული ბავშვისკენ ხელები გაიშვირა. სარას ერთი მოძრაობაც არ გაუკეთებია, გახევებული იდგა და იაკობს დასცქეროდა.
მამამ ბავშვი ხელიდან გამოსტაცა. გულადუღებულმა ქალმა ვერც კი გააცნობიერა, როგორ შერჩა ბავშვის ცალი ფეხსაცმელი ხელში.
-არა!- ერთი აღმოხდა და მამა-შვილს სასოწარკვეთილმა გააყოლა თვალი. ახლა სადარბაზოში ტირილისგან გადარეულ ესთერს შეხედა, რომელიც ძალით ჩაჰყავდათ კიბეებზე. ვეღარ გაუძლო, უნებურად მათკენ გაიშვირა ხელები, მუხლებზე დაეცა და ცხელი ცრემლები ნიაღვარივით წამოუვიდა.
სარას აღარავინ აქცევდა ყურადღებას. ყველა ბავშვების იქაურობისგან გარიდებით იყო დაკავებული.

***
ასეთ მდგომარეობაში რომ გიყურებ, გული მიკვდება. წამოდექი, ჭამა და ფერზე მოსვლა გჭირდება,- მეგობრის მდგომარეობით შეძრული ანა მთელი ძალისხმევით ცდილობდა, სათამაშოებით გარშემორტყმული, იატაკზე მჯდომი და საწოლზე მკლავებჩამოდებული სარა წამოეყენებინა და როგორმე სამზარეულოსკენ გაეყვანა.
-მგონია, რომ თვალცრემლიანი შვილები განუწყვეტლივ მეძახიან. მე კი ვიღაც თოკებით მბოჭავს, რომ მათკენ ვერ წავიდე. უძრავად მყოფს არაფერი ძალმიძს და ეს მაგიჟებს.
-თავს ნუღარ იტანჯავ. უკვე რამდენიმე დღეა არ გძინავს და არც ჭამ. დასუსტებული ვერაფერს გახდები, წამოდგომა და ნაბიჯების გადადგმა გჭირდება. ვიცი, მარტივ რამეს არ გთხოვ, მაგრამ ასეა საჭირო, თავადაც იცი.
სარამ მწუხარებით ამოიქშინა, მკლავებზე ჩამოდებული თავი წამოსწია, მეგობარს ახედა და წამოდგომა დააპირა, თუმცა დაბუჟებული ფეხები ვეღარ იგრძნო, თვალთაც დაუბნელდა და გვარიანად შეტორტმანდა. ანამ ხელი შეაშველა და სკამზე ჩამოსვა. ცოტა ხანი აცალა, რომ უკეთ გამხდარიყო და შემდეგ ფრთხილად გაიყვანა სამზარეულოში.
-ვიდრე აქ მოვიდოდი, ქაშერული პროდუქტების მაღაზიაში შევედი და სალათა, ხბოს ხორცი, ბოსტნეული და ხილი წამოვიღე.
-მადლობა,- სარამ პროდუქტებს ცალი თვალით გახედა და ატკიებულ შუბლზე მიიჭირა ხელი.
ანამ პლასტმასის კონტეინერში მოთავსებული სალათა წინ დაუდგა, რამდენიმე სახეობის ხილი დაუჭრა და წინ ჩამოუჯდა.
-მელოდები, რომ რამდენიმე ლუკმა ჩავყლაპო?- ჩანგალი მოიმარჯვა და უხალისოდ დაუწყო კონტეინერში წვრილად დაჭრილ, ერთმანეთში არეულ ბოსტნეულს ქექვა.
-ამას ჰქვია უგემური ჭამა,- წყენა გამოხატა ანამ.
-ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. ვერ ვჭამ, გამიგე.
-რა გინდა? ისე დაძაბუნდე, ყველას ეცოდებოდე? ასე თუ გააგრძელე, მალე ისეთ მდგომარეობამდე მიხვალ, რომ თანაგრძნობის ნაცვლად, ხალხში ზიზღს გამოიწვევ.
-არავისი შესაცოდი და არც შესაძულებელი არაფერი მჭირს! არ გეგონოს, რომ ჩემს დღეში ყოფნა იოლია. საყრდენი გამომაცალეს და ჩამომშალეს. დრო მჭირდება, სულ ეს არის. -ფეხზე წამოდგა და პატარა სამზარეულოში ვოლიერში გამომწყვდეული ნადირივით აქეთ-იქით მოჰყვა სიარულს,- ბოლო დღეებია, ძალიან ბევრს ვფიქრობ. ჩემი გონება ერთ დიდ ბიბლიოთეკას დაემსგავსა, სადაც თაროზე შემოწყობილი წიგნების ფურცლები უამრავი მწერლის მოსაზრებებით არის გამოტენილი. ზოგის მიხედვით, საკრალური შეცდომა დავუშვი, ზოგსაც მზის ბილიკების სადარ აწმყომდე და მომავლამდე გავყავარ. სულ მთლად ავირიე.
-ძალიან რთულია შენს მდგომარეობაში ყოფნაც და რჩევის მოცემაც, მაგრამ იცი რაა? ორივემ ძალიან კარგად ვიცით, შენში ნამდვილად არის იმის პოტენციალი, რომ სწორ გზას დაადგე. ახლად დაბადებულ ჩიტს გამსგავსებ, რომელიც მალე ღრუბლებში ნავარდს და საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად შესწავლას დაიწყებს.
-ჰო, ახალი ცხოვრება თავის გზამკვლევებს მთავაზობს და უფლება არ მაქვს,  დაქსაქსული სამყარო იმ მინიმალურ ზომამდე მაინც არ გავიცნო, როგორც ვგეგმავდი.
-ყავაც მზად არის,- იმედიან განწყობაზე მოსულმა ანამ ყურებამდე გაიღიმა და მაგიდაზე საშუალო ზომის ფინჯანი დაუდგა.
სარამ ფინჯანი ხელში აიღო, ორივე ხელის გულში მოიქცია, შავი სითხისგან წამოსული სურნელი ღრმად შეისუნთქა და თვალები დახუჭა. გრძნობდა, რამდენიმე დღის ნაშიმშილარი ფიზიკურად როგორ იკრებდა ძალებს. ახლა საჭირო იყო, ათასგვარი აზრებისგან გადაჭედილი გონებაც გაეწმინდა, ერთი მიმართულება აერჩია და ცეცხლითა და მახვილით შევარდნილიყო საბრძოლო ველზე, საიდანაც მხოლოდ გამარჯვებული უნდა გამოსულიყო.

***
საღამო ხანი ახლოვდებოდა. ანა კერძო მოსწავლესთან წავიდა, მოწყენილობისგან მობეზრებულმა სარამ ბევრი ფორიაქის მერე გულის გადასაყოლებლად გარეთ გასვლა გადაწყვიტა. მეტროსადგურამდე ფეხით ჩავიდა. N მატარებლის მგზავრებით სავსე ვაგონს სწრაფად მიმოავლო თვალი და თავისუფალი ადგილი რომ ვერ ნახა, კარებთან დადგა. არ იცოდა რა ერქვა გაჩერებას, სადაც ყველაზე მეტად უნდოდა მოხვედრა. ფიქრებს შეყოლილი ქონი აილენდის სადგურში აღმოჩნდა. რკინის კიბეებს ჩაუყვა და გულმა სადაც გაუწია, იმ მიმართულებით გაეშურა. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე გავიდა. თითქმის არავინ იყო. ხალხი კანტიკუნტად დადიოდა. კესანისფერი ოკეანე მშვიდი იყო. ქაფით გათეთრებული დაბალი ტალღები ნაზი შეხებით ოქროსფერ ქვიშას წარამარა ალბობდნენ. სარა დიდხანს მიაშტერდა წყლის სილურჯეს, რომელიც სარკისებურად ირეკლავდა საღამოს ზეცას. თეთრ-რუხისფერმა თოლიებმა ფრთები გაშალეს, სანაპიროდან ჰაერში ჭყივილით აიჭრნენ, რამდენიმე წრე შემოხაზეს და უეცრად დააცხრნენ წყლის ზედაპირს. წყალში თევზი გასხლტა, მაგრამ ერთ-ერთმა მაინც მოასწრო და კვერცხისგულისფერი ნისკარტი მარდად ჩაავლო. ნადავლით დამშვენებულმა აგურისფრად დაფერილი მოფართხალე თევზი უმალ გადაყლაპა და მონადირის თვალებით განაგრძო წყლის სარბიელზე ნავარდი. უყურებდა ბუნებას და ტკივილისგან გაბერილს კივილი უნდოდა, რათა სხეულიდან წვეთ-წვეთობით მაინც გამოედევნა და ფსკერზე ჩაეძირა. წაბლისფერი თმის პარიკი მოიხსნა, იქვე დატოვა და ტანსაცმლითურთ წავიდა წყ*ლისკენ. ოკეანე გამყინავი სისველით შემოევლო ტანზე. უჰ, როგორ ესიამოვნა. თვალები დახუჭა და ხელის ცეცებით მიიწევდა სიღრმისკენ. წყლის ზედაპირი ყელამდე მიებჯინა. წარსულმა წამებში კადრებად გაირბინა. დროდადრო მშფოთვარე სახეს იღებდა. მხოლოდ მაშინ მოიწადინა თვალების გახელა, როდესაც გონება უსარგებლო ეპიზოდებისგან გაწმინდა. გამჭვირვალე წყლის დანახვაზე ოდნავ შეშინდა, თუმცა ოკეანის სივრცეში სეირნობა მისთვის სასიამოვნოც იყო. ორი გრძნობა ერთმანეთს ენაცვლებოდა და გაურკვეველ სიახლეში აგდებდა.
-„ყველაფერი ის, რაც უცხოა, საოცარი ჩანს“- რამდენიმე თვის წინ ჩუმად წაკითხული წიგნიდან პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის სიტყვები წარმოთქვა და ნერვიული სიცილი აუტყდა. მოულოდნელად სიცივე იგრძნო და წყლისგან დამძიმებულმა სასწრაფოდ უკან დაიხია. დიდი წინააღმდეგობა გაუწია კესანისფერ ოკეანეს. საბოლოოდ, რამდენიმეწუთიანი ბრძოლის შემდეგ მშვიდობიანად დაადგა ფეხი სანაპიროს.
-კარგი შეგრძნება ყოფილა მწუხარებისგან დაცლა და შენთვის ჩაბარება,-  აკანკალებულმა თეთრქაფიან წყალს სიცივისგან გაქვავებული ტერფი აჰკრა და კბილების კაწკაწით მკლავებზე რამდენჯერმე წაივლო ხელი. ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა, შემდეგ რაღაც აზრმა გაუელვა გონებაში და ელდანაკრავივით გაეცალა იქაურობას.

***
სახლში მისვლისთანავე ტანსაცმელი გამოიცვალა, სხეულში გამჯდარი სიცივე ცხელი ჩაით განდევნა, საგულდაგულოდ გადამალულ, გაცრეცილ ტყავის გარეკნიან რვეულს ხელი დაავლო და კარი გაიხურა. შიშნარევი და განერვიულებული მიაბიჯებდა მანჰეტენის აჭრელებულ ქუჩებში, მაგრამ რაც ჩაიფიქრა, ყოველ მიზეზ გარეშე უნდა შეესრულებინა.
-ვისთან მიბრძანდებით, ქალბატონო?- ძვირადღირებული ბინების კორპუსის ფოიეში დაბნეული თვალებით შეჭრილი სარა კონსიერჟეს ხმამ გამოაფხიზლა.
-მე... ვივიენ კარტერთან.
-ერთი წუთი მოითმინეთ, ახლავე დავუკავშირდები,-ტელეფონის ყურმილი მოიმარჯვა და მობინადრესთან სცადა დაკავშირება, მაგრამ ამაოდ, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მხრები აიჩეჩა:- სამწუხაროდ, ქალბატონი ვივიენი არ პასუხობს. ნამდვილად ამ დროს დაგიბარათ?
-არა, იცით? მე... ეს დაუგეგმავი შეხვედრაა. აუცილებლად უნდა ვნახო, ძალიან მნიშვნელოვანია.
-სჯობდა, წინასწარ შეთანხმებოდით. ვწუხვარ, რომ ტყუილად მოსვლამ მოგიწიათ.
-არ არის პრობლემა, რამდენი ხანიც არის საჭირო, დაველოდები.
-იქნებ დღეს საერთოდ არ ბრუნდება?
-არაუშავს. თქვენ ის მითხარით, შემიძლია, აქ მოვიცადო? გარეთ ძალიან ყინავს.
-როგორც გენებოთ.
ქალმა მადლობა გადაუხადა, სამეულის სავარძელზე მორიდებულად ჩამოჯდა და ფანჯრიდან გამვლელების თვალიერებას მოჰყვა. ადრე არ ჰქონდა უფლება, მათ თამამ ჩაცმულობას, ქცევებს, საუბრის მანერებს და მიმიკებს გასცნობოდა. ახლა, როდესაც დროც ჰქონდა და მის ზედმეტ მოკრძალებულობასაც ოდნავ მბჟუტავი სინათლის მსგავსად საბოლოოდ ჩაქრობა ემუქრებოდა, აღარაფერს ერიდებოდა და მისგან განსხვავებულ, შედარებით თავისუფალი ადამიანების გარეგნული დაკვირვება დაიწყო.
მიდიოდნენ და მოდიოდნენ ადამიანები... მიდიოდნენ და მოდიოდნენ... ერთმანეთში ირეოდნენ, განცალკევდებოდნენ, ქრებოდნენ და ისევ ჩნდებოდნენ. ზოგი იღიმოდა, ზოგიც კუშტად იმზირებოდა, უფრო მეტი კი ჩაფიქრებული მიუყვებოდა ტროტუარს. რამდენიც იყვნენ, მხრებით და ზურგით იმდენ ისტორიას დაატარებდნენ. შორიდან უყურებდა და სურვილი ეძალებოდა, ხელში ფუნჯები აეღო, საღებავებით მოთხუპნული პალიტრა აეტაცებინა, მათი ისტორიები მოესმინა და სხვადასხვა ფერის, რჯულის და ნირის პიროვნებების ზურგზე ამოწვერილი მთელი ცხოვრება სიურრეალისტური აღქმებით მოეხატა. საკუთარ აღქმებში ირწეოდა და წინ უამრავი ხელშეუხებელი, მაგრამ გაცოცხლებული სურათი ელანდებოდა.

***
დილის პირი იყო. იმედგადაწურული სარა შენობის გარეთ გავიდა და სახლში წასვლას აპირებდა, როდესაც ტაქსიდან გადმოსულ ვივიენ კარტერს შეეჩეხა. მისი სამოსით თუ ვიმსჯელებდით, აშკარა იყო, ქალი წვეულებიდან ან რაიმე ტიპის გასართობი ღონისძიებიდან ბრუნდებოდა. გრძელი, წითელი კაბა ფეხსაცმელზე რომ არ მოსდებოდა და თავისუფლად გადაადგილება შესძლებოდა, ხელს აშველებდა და ოდნავ ზევით სწევდა,  მაგრამ ალკოჰოლმორეულს ნორმალურად სიარული მაინც არ გამოსდიოდა, ალაგ-ალაგ ფეხს ურევდა.
-ქალბატონო ვივიენ, როგორც იქნა, შეგხვდით,- ხმაში სიხარული გაერია სარას.
ქალმა ქრიზოლითისფერი თვალებით თავმომწონედ გახედა და მყისვე აათვალიერ-ჩაათვალიერა:
-ვიცნობთ ერთმანეთს?
-არ ვიცნობთ, მაგრამ...
-ჰოდა, ნახვამდის, საქმეც არაფერი გვაქვს, -უხეშად უთხრა და ლიფტისკენ წავიდა.
-ქალბატონო ვივიენ, რომ იცოდეთ აქ რამდენი ხანი ვდგავარ და გელოდებით, მერწმუნეთ, ასეთი ტონით არ დამელაპარაკებოდით.
-ღმერთო ჩემო, იცი როგორი დაღლილი ვარ? ვინ ხართ, რას გადამეკიდეთ?-თვალები აატრიალა ქალმა და ლიფტი გამოიძახა.
სარა წინ გადაუდგა და ხელები ჰორიზონტალურად გაშალა, რომ ღია კაბინაში არ შეეშვა:
-მაპატიეთ, მაგრამ ვიდრე არ მომისმენთ, აქედან არ წავალ.
-თავხედიც ყოფილხართ,- ჩაეცინა და ხელით გაწევას შეეცადა, მაგრამ ქალი ადგილიდან არ იძვროდა.
-მე საქმეზე სალაპარაკოდ მოვედი და უნდა დამეხმაროთ.
-უნდა? მეტისმეტად ბევრის უფლებას აძლევთ თქვენს თავს.
-ჰო, თქვენი გადაცემის სტუმარი უნდა გავხდე.
-ჰმ, ესე იგი, ჩემი გადაცემის სტუმრობაც მოინდომეთ.
-მე დედა ვარ, რომელსაც ახლახანს შვილები ჩამოართვეს, ჰასიდთა ცხოვრების წესებს გავექეცი და ამისთვის ჩემმა მეუღლემ მკაცრად დამსაჯა. აღარც მშობლები, დედმამიშვილები და ნათესავები შემრჩნენ, ზურგი მაქციეს და სრულიად მარტო აღმოვჩნდი თანამედროვე სამყაროს წინაშე. თქვენ გგონიათ ეს იოლია?
-მე რით გიშველო?
-მინდა, იმ ხალხთა ცხოვრებაზე ავლაპარაკდე, რომელიც კარგა ხანია, აქაური საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. თქვენ არაფერი იცით დამარხულ გრძნობებზე, ნიჭზე და ადამიანებზე, რომლებიც ყოველ დღე რელიგიის გამო ღობით შემოვლებულ ტერიტორიაზე რჩებიან და არ აქვთ უფლება, ღია და თავისუფალი ცხოვრების წესებით იცხოვრონ.
-ახლა გიყურებ და საწოლად მეჩვენები. შენი ხმა კი სადღაც მოუსავლეთში იკარგება. ვერ მატყობ, რომ ფეხზე ძლივს ვდგავარ? რა დროს ჰასიდები და მათი ცხოვრების წესებია?
სარამ შეატყო, რომ ვივიენი ალკოჰოლისგან თანდათან ითიშებოდა და მასთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ჩანთა გახსნა, გაცრეცილი ტყავისზედაპირიანი ჩანაწერების რვეული ამოიღო და გაუწოდა:
-გაბარებთ, როგორც საკუთარ სულს. ამ ჩანაწერებს გაეცანით და შემდეგ ბოლო გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდით. თუ აქ ისეთს ვერაფერს იპოვით, რომელიც თქვენი გადაცემის სტუმრობის ღირსს გამხდის, მაშინ ჩავთვლი, რომ არაფრით გამორჩეული ცხოვრება მქონია.
ვივიენმა თვალების ქაჩვით დახედა რვეულს და თავი გაიქნია:
-ფიქრობ, რომ ისეთი მოცლილი ვარ, დავჯდები და სიტყვა-სიტყვით გავეცნობი?
-კი, მაგრამ ამ სტუმრებს ვიღაც ხომ არჩევს?- ნერვებმა უმტყუვნეს სარას და ხმას აუწია.
-ეს რვეული უკან წაიღე, შედი ინტერნეტში, ჩვენი გადაცემის წესებს დაწვრილებით გაეცანი, შენი ისტორიაც მეილზე მოგვწერე, ვინც საჭიროა წაიკითხავს და თუ ასეთი საინტერესო ადამიანი ხარ, აუცილებლად დაგიკავშირდებიან.
-მინდა, რომ ამ ჩანაწერებს უშუალოდ თქვენ გაეცნოთ.
-რა დავაშავე? - მხარზე ჩამოშლილი ჟღალი თმა უხალისოდ გვერდზე გადაიწია, რვეული გამოართვა და კაბინაში შეაჭრა.
სარამ ლიფტის კარები დაიჭირა და გახარებულმა გაუცინა:
-ვიცოდი, რომ ლოდინი ღირდა. იმედი მაქვს, ჩემს პრობლემას გულთან მიიტანთ და დამიკავშირდებით.
ქალი ფეხზე ძლივს იდგა. ახლა სარას პრობლემები ისე აინტერესებდა, როგორც ჰელოუინის დღესასწაულზე წასასვლელად მომზადებულ ბავშვს ნიუ-იორკის გუბერნატორის მოახლოებული არჩევნები.
ბინის კარს გასაღები ძლივს მოარგო და ოთახში წიხლის კვრით შევიდა. ფეხსაცმელი შესასვლელშივე დატოვა და ფეხშიშველი გაემართა საძინებლისკენ. საწოლზე ჩამოჯდა, პატარა ჩანთა და სარას ჩანაწერების რვეული იქვე მიაგდო და წაილუღლუღა:
-რამდენი იდიოტი ჰყავს დედამიწას შეფარებული. სულიერი რომ იყოს და აცნობიერებდეს,  საკუთარი გადაწყვეტილებით წაიჭერდა ხელს ყელში და ახლავე გაქრებოდა პლანეტათა რიგებიდან.- ძალაგამოცლილი ძლივს მიბობღდა ბალიშებამდე და გადასაფარებელში გაეხვია.

***
დათქმულ დროს, უილიამსბურგში, ბერის ქუჩის კუთხეში იდგა და შვილებთან შეხვედრის მოლოდინით გული გამალებით უცემდა. წინა ღამის უძილობა ვერაფერს აკლებდა, მხოლოდ საკუთარ სხეულში დატრიალებულ სიხარულს გრძნობდა, რომელიც ყველა დანარჩენ გრძნობას ამაოების ორმოში ულმობელად ჰყრიდა. დებორამ და რებეკამ ბავშვები ზუსტად იმ დროს მიუყვანეს, როგორც მოელაპარაკნენ.
-დედიკო,- წამოიყვირა ესთერმა. დებორამ ხელი გაუშვა და ბავშვი სარასკენ გაიქცა.
-საყვარელო,- სარა ჩაიმუხლა და მკლავები შეამზადა, რომ აღელვებული ბავშვი გულში ჩაეკრა. ერთი კვირა იყო გასული, რაც თავის გოგონა არ ენახა და ყოველი გასული წამი საუკუნედ ეჩვენებოდა,- ჩემო ტკბილო,- სახე დაუკოცნა და მჭიდროდ შემოჰხვია ხელები.
რებეკა ხელში აყვანილი ჩაძინებული იაკობით მიუახლოვდა და ესთერთან ჩახუტებულ სარას თანაგრძნობით შეხედა.
-იაკობ,- ქალმა მეორე შვილს ახედა და ხელები მისკენ გაიშვირა. რებეკა მიესალმა და პატარა ბიჭუნა ხელში გადასცა.
რასაც სარა იმ წამებში განიცდიდა, ბედნიერება არ ერქვა. სიცოცხლემ სხვაგვარად დაიწყო მასში გაგრძელება, სიყვარულმა უცებ გაიკვირტა სულის წიაღებში და ყველაფერი თავისფრად შეღება.
-დედიკო, ჩემზე და იაკობზე გაბრაზებული ხარ?- ესთერმა დაბალ ხმაზე ამოიბუტბუტა.
-არა, ეს რამ გაფიქრებინა? თქვენ ერთმანეთზე უკეთესები ხართ და ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი გიკავიათ.
-მაშინ რატომ არ გინდა ჩვენთან ყოფნა?
- მე სულ თქვენთან ვარ, ძალიან მიყვარხართ. არც შენ და არც შენი ძმა არ მიმიტოვებიხართ.
-აღარ წახვიდე, კარგი?
-სამწუხაროდ უნდა წავიდე, მაგრამ კიდევ მოვალ, ბევრს მოგეფერებით, ვითამაშებთ და ვიმხიარულებთ.
-მე შენთან მინდა, წამიყვანე.
-ახლა არ შეიძლება! გპირდები, რომ მალე შენ და იაკობი ჩემთან წამოხვალთ და ერთად ვიცხოვრებთ.
-აღარ მინდა დებორა დეიდასთან,- ესთერმა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიდო და პატარა მარგალიტების სიმსხო ცრემლები გადმოყარა.
სარას ატირებული ბავშვის დანახვაზე გული მოუკვდა. მოჭარბებულ ემოციებს ვაი-ვაგლახით უმკლავდებოდა და შეძლებისდაგვარად თავი მშვიდად ეჭირა. ესთერის ხმამ პატარა ძმა გააღვიძა და ჯერ კიდევ აზრზე მოუსვლელმა ლამაზი თვალების ბრიალი დაიწყო.
-ჩემო სიცოცხლე,- დედამ გულზე მიიკრო იაკობი.
დებორამ ესთერს ხელი მოკიდა და სარას აცალა, რომ ყურადღება მეორე შვილზე გადაეტანა. არც თუ იოლი ასატანი იყო შვილებს მონატრებული დედის ხილვა და დედას მონატრებული შვილების ასეთ მდგომარეობაში ყურება, მაგრამ ვერც რებეკა და ვერც დებორა ვერაფერს გააწყობდა.
სარამ შვილები მოისიყვარულა და მეუღლის ნათესავებს შეხედა:
-რთული მოსავლელები ხომ არ არიან?
-არა,- ცხვირი აიბზუა დებორამ.
-ღამე ძუძუს ითხოვს, ჯერ კიდევ ვერ გადაეჩვია,- მოკლედ მოუჭრა რებეკამაც.
სარამ შეატყო, რომ მასთან კომუნიკაციას ერიდებოდნენ და საუბარი აღარ გაუბამს. შვილებს საჩუქრები გადასცა და როგორც კი მისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, ცივად გაუშვა ხელი ორივეს, რკინის ქანდაკებად გადაიქცა, დამძიმებული თავთავივით დახარა თავი და გზას გაუყვა.
ტიროდნენ ბავშვები. სარას მათი ხმები ისე ადუღებდა, შიგნეულობას უწვავდა და გაღვიძებულ ვულკანს ამსგავსებდა, მაგრამ არ გაჩერებულა, არც მათკენ გაუხედავს...


გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები