ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეით გრინი
ჟანრი: პროზა
2 იანვარი, 2021


ქარაფებზე მოსიარულე (VIII)

***
„Art Space beneath Bridge” გალერეაში თორმეტი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. ფერწერა, გრაფიკა და კოლაჟი - ეს იყო ის ძირითადი დარგები, რომლებშიც ხელოვანები ლავირებდნენ.
დამთვალიერებლებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა მისულიყვნენ, ნიჭიერი მხატვრების შემოქმედებას გასცნობოდნენ და წარმოდგენა შეექმნათ ეპოქალური ბრუნვის მიერ მოტანილი სიახლეების შესახებ.
სარა ანას გვერდიდან არ შორდებოდა. წარამარა ეკითხებოდა, რამდენად თავდაჯერებულად ეჭირა თავი და შინაგან მღელვარებას მთელი ძალებით უტევდა. რამდენჯერაც მის ნახატებთან ჩამოდგებოდნენ, იმდენჯერ გული შეუფართხალდებოდა და ცეცხლის ალი ეკიდებოდა.
-საინტერესოა, რას ფიქრობენ? როგორ ესმით ჩემი მოხატული ფიგურების? ვინ იცის, იქნებ სხვა არსით ჩაწვდნენ? - ჩუმად იდგა და საკუთარ თავს უხმოდ ელაპარაკებოდა ფიქრებს შეყვარებული სარა.
მოულოდნელად ვივიენი და მისტერ სკოტი გამოჩნდნენ. როგორც კი სარამ მისთვის ნაცნობი მამაკაცი დაინახა, გაოგნება ვერ დამალა. უმალ მკლავი მიჰკრა ანას, რომ ეთქვა, ეს ის პიროვნებაა, რომელთანაც საჯინიბოში ჩხუბი მომივიდაო, მაგრამ სიტყვის წარმოთქმაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდნენ მისული სტუმრები მათთან ახლოს. ანა ორივე სტუმარს მიესალმა და გაეცალა.
-გილოცავ. იღბლიანი ყოფილიყოს შენი პირველი გამოფენა და ამის შემდეგ კიდევ მრავალში მიგეღოს მონაწილეობა,-გაუღიმა ვივიენმა.
-მადლობა. დიდი პატივია შენი აქ გამოჩენა ჩემთვის,- მიუგო სარამ და მის გვერდით მდგომი მამაკაცისკენ გააპარა თვალი.
-როგორც ვიცი, ერთმანეთს უკვე იცნობთ, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, ეს ჩემი მეგობარი ოლივერია. ოლივერ, ეს კი სარაა, ჩემი ნიჭიერი ვიზაჟისტი და ამავდროულად მხატვარი.
-პირველ გამოფენას გილოცავთ,- ხელი ჩამოართვა ოლივერმა.
-სად ვნახოთ შენი ნამუშევრები?- აქეთ-იქით იყურებოდა ვივიენი.
-აქეთ მობრძანდით,- თავის ნახატებთან მიიპატიჟა სარამ.
ვივიენმა სამივე ნამუშევარი დაათვალიერა, იქვე აღნიშნა, შთამბეჭდავი და არავის მსგავსი ნიშა გაქვსო და დანარჩენი ხელოვანების ნახატების სანახავად სხვა მხარეს გადაინაცვლა. მისტერ სკოტი იგივე ადგილას დარჩა და სერიოზული სახით მიაშტერდა „დაბადებას“, რომლის მონახაზიც სწორედ მაშინ შეიქმნა სარას გონებაში, როდესაც თემის დატოვება გადაწყვიტა.
-ეს ოვალური სივრცე კვერცხს წააგავს, ახალ სიცოცხლეს. შიგნით მოთავსებული ადამიანი კი ახალი ცხოვრებისთვის მზადებას იწყებს. დაქსაქსული სისხლძარღვები ახალი სისხლის გადასხმას ჰგავს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ნახატი ასე აღვიქვი,- სიტყვა დაასრულა და სარას გახედა ოლივერმა.
ქალს გააჟრჟოლა. საშინელი შეგრძნება იყო, როდესაც სულის სამოსი შემოძარცვეს. სიამოვნებით მიატოვებდა გალერეას და იქიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა, მაგრამ სად უნდა ეთქვა, ჩემი ნამუშევრების წინ მდგომი ხალხის მრცხვენიაო?
-ეს მაშინ დავხატე, როდესაც ჰასიდები დავტოვე,- როგორც იქნა, განმარტება გააკეთა და ერთ წინადადებაში მოაქცია ნახატის შექმნის მოტივი.
-ჰასიდი იყავი?- მამაკაცმა თავიდან ბოლომდე შეათვალიერა.
სარას ჰასიდი ქალისგან განსხვავებით თავისუფლად ეცვა და ოდნავ შეიშმუშნა. არ ესიამოვნა ოლივერისგან ზედმეტი ყურადღება.
მამაკაცმა შენიშნა, რომ ქალი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და მზერა კვლავ ნახატისკენ გადაიტანა:
-ამის შეძენა შეიძლება?
-არა,- მაშინვე მიუგო სარამ.
-რატომ? მყიდველებს არჩევ?
-არა, ეგ არაფერ შუაშია. ამ სამიდან არცერთი მეთმობა. სულ ეს არის.
-გასაგებია,- ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ახლა „მაგედარზე“ შეაჩერა მზერა.
სარას შინაგანი დაჭიმულობა გაეზარდა.
-ნეტა რა უნდა ამ კაცს? რას გადამეკიდა? ჩემი ნამუშევრების გარდა, სხვისას ვერ ამჩნევს? -გულში ფიქრობდა და თითზე მორგებულ ბეჭედს აწვალებდა.
მისტერ სკოტმა ნახატების თვალიერება დაასრულა და ქალს მიუბრუნდა:
-უნდა ვაღიარო, ხატვა ცხენით ჯირითზე უკეთ გამოგდით.
-არც ვამბობ, რომ ცხენის მართვა იდეალურად გამომდის. ჯერ სწავლის პროცესში ვარ.- სარას გულზე მოხვდა მისი სიტყვები.
-ხომ არ გეწყინათ?
-არა.- აშკარად იცრუა.
-ტერფი როგორ გაქვთ?
-აღარც მახსოვს, რომელი ფეხი დავიშავე,- ტყუილს ტყუილი დაამატა.
-ძალიან კარგი. ვივიენს მოვუყევი მომხდარის შესახებ და მითხრა, თავადაც შენსავით წუხსო. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ჩვენი შეხვედრა შენი ტირილით დასრულებულიყო.
-თქვენზე არ გავბრაზებულვარ.
-მაშინ რა მოხდა?
-რა გითხრათ? ალბათ, საკუთარ თავზე გავბრაზდი. არ მიყვარს უხერხული სიტუაციები, როდესაც საბოდიშოდ მიხდება საქმე.
-კარგად მესმის შენი.
-ოლივერ, სარა, აბა, ჩემს ახალ შენაძენს შეხედეთ. როგორ მოგწონთ?- საუბარი შეაწყვეტინა ვივიენმა.
სარამ და ოლივერმა ნახატი მოუწონეს და ურჩიეს, საძინებელ ოთახში დაეკიდა, რადგან მისი აბსტრაქტულობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად საწოლის თავს დაამშვენებდა.
-იცი? დღევანდელი საღამო აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. მე, შენ და შენი მეგობარი, ანა. რას იტყვი?- რაწამს ვივიენმა ოლივერი გვერდზე გასული დაიგულა, მაშინვე სარას მაცდუნებელი წინადადება შესთავაზა.
-ანაც?
-ჰო, რატომ გაგიკვირდა? არ იმსახურებს, თუ? ნუ გავიწყდება, რომ მთელი შენი დღიური გადაკითხული მაქვს და ვიცი, ანას დამსახურებაა, აქ რომ დგახარ, თავს იწონებ და ამდენ მნახველს შენს ნახატებთან მასპინძლობ.
-მართალი ხარ.
-ჰო, მგონი, ამ ყმაწვილთანაც შეგარიგე.
-ეგეც უნდა აღვნიშნოთ?- სასაცილოდ ნათქვამი გამოუვიდა სარას.
-თუ გინდა, რა პრობლემაა? აღვნიშნოთ,- თვალი ჩაუკრა ვივიენმა.
-არა, არ მინდა,- გაეცინა სარას,- შენ ის მითხარი, სად მივდივართ?
-ერთი გემოვნებიანი და დახვეწილი ადგილი ვიცი. ცოცხალი მუსიკა, გართობა და ცოტა ალკოჰოლი ისე მოგადუნებს, ემოციურ გადაღლილობას ჯანდაბაში გაუშვებს სამოგზაუროდ.
-თუ ასეა, თანახმა ვარ.
-გალერეა სანამ დაიკეტება, ნახევარი საათით ადრე მომწერე და აქ გავჩნდები,- ბოლო სიტყვები მიაძახა და ოლივერთან ერთად იქაურობა დატოვა.

***
გამოფენის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. სარა გალერეადან ანასთან ერთად გამოვიდა და შვებით ამოისუნთქა:
-არც ისეთი რთული ყოფილა გამოფენაში მონაწილეობა. მე კი ვფიქრობდი, საღამომდე სულს ვერ მივატანდი.
-კარგი რა, სხვა მხატვრებიც რომ ასე ნერვიულობდნენ, ნახევარს გალეერეებში უნდა დაელიათ სული.
-არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვისა და მეგობრობისთვის.
-გააგრძელე ხატვა. მე მეტი არაფერი მინდა შენგან. საკუთარ სურვილებზე უარი არ თქვა.
-ჩემი დიასახლისი ისეთი ქოფაკია, ბინის შეცვლა მომიწევს.
-რატომ?
- აიჩემა, ხატვის დროს სპეციფიკური სუნი დგება, რაც ჯანმრთელობას ვნებსო. ხატვას მიკრძალავს.
-ჯაჯღანა მოხუცი!- ცხვირი ასწია ანამ,- შენ მაგაზე არ იდარდო, ისედაც დრო იყო, რომ მაგ ბინიდან წამოსულიყავი და შენთვის ცალკე გექირავა რაღაც, თუნდაც სტუდიოს მსგავსი საცხოვრებელი.
-ჰო, მაგრამ ადვოკატის ფულს ვაგროვებ. ხომ იცი, როგორი ძვირია? ამიტომ ვიკავებ  თავს, თორემ ნამდვილად აღარ ღირს იქ გაჩერება.
-ნერვებს ხომ არ შეაჭმევინებ? ადრე კონდიციონერის ჩართვას გიკრძალავდა, დენის ფული მეტი მოდისო, ახლა ეს. მიზეზები არ ელევა.
-რამენაირად ცოტაც უნდა გავუძლო. სამაგიეროდ, ოთახის ქირაობა ბევრად იაფია, ვიდრე ბინის.
-ეგ ჰო,- ღრმად ამოისუნთქა და თვალი გამვლელს გააყოლა.
ამასობაში ვივიენის მანქანაც გამოჩნდა და მეგობრებს ხელი დაუქნია. სარამ ანიშნა, დაგინახეთო და შუქნიშნის წითლად ანთებისთანავე, ანასთან ერთად ქუჩა გადაკვეთა.
-დიდხანს ხომ არ გალოდინეთ? - შეწუხებული სახით იკითხა გვიან მისულმა და საცობებზე დაიწყო წუწუნი.
სარამ და ანამ დაამშვიდეს, შენობიდან ახალი გამოსულები ვართ და ასაღელვებელი არაფერიაო.
ვიდრე Greenwich Village-ში მაკდაგელის ქუჩაზე მდებარე პატარა მუსიკალურ კლუბს „Café Wha”-ს მიუახლოვდებოდნენ, გზაში ანამ და ვივიენმა ბევრი საერთო ინტერესის თემა გამოძებნეს და შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს. სხვადასხვაფრად აბრჭყვიალებულ კლუბს რომ მიადგნენ, იქიდან გამომავალი შესანიშნავი მუსიკის ხმა გაიგონეს. შესვლისთანავე გემრიელი მენიუდან ვახშამი შეუკვეთეს და საღამო კოქტეილების წრუპვით გახსნეს.
ცოტა ხანში მუსიკა შეწყდა და მუსიკოსები დროებით კომიკოსის გამოსვლამ ჩაანაცვლა. ლაღი საზოგადოება იუმორისტული ჩართვით კიდევ უფრო გამხიარულდა. იყო ხორხოცი და ცრემლებამდე მისული ხარხარი.
-იცი ეს კლუბი რატომ მიყვარს? თითოეული აქ გამომსვლელი იმდენად ნიჭიერია, ხვალ-ზეგ შესაძლოა უფრო დიდ სცენაზე ვიხილოთ. უამრავმა ცნობილმა პიროვნებამ სწორედ ამ კლუბიდან დაიწყო კარიერა. მაგალითად, ბობ დილანმა, ჯიმი ჰენდრიქსმა, ვუდი ალენმა, ლენი ბრიუსმა, ბილ ქოსბიმ და კიდევ უამრავმა მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წამიყვანს,- წამოიწყო ვივიენმა.
-უყურე შენ, რა ვარსკვლავთცვენაა,- გაიკვირვა ანამ.
-აი, ესენიც შესაძლოა, მომავალი ვარსკვლავები იყვნენ,- სცენის გვერდით მყოფ როკ-მუსიკოსებს გახედა და ჩაეცინა,- სასწაულ მუსიკას ქმნიან.
სარა კომიკოსის სიტყვას გაჰყვა და სხვებთან ერთად კისკისებდა. ისე გულიანად გამოსდიოდა, გვერდითმსხდომებსაც გადაედოთ და სამივე ერთად იცინოდა.
კომიკოსების სიტყვა კვლავ მუსიკამ ჩაანაცვლა. მუსიკას ალკოჰოლი მოჰყვა, ალკოჰოლს -ცეკვა, ცეკვას ისევ ალკოჰოლი... შესანიშნავმა წრებრუნვამ სამივე მათგანი გვარიანად დაქანცა, დაათრო და ბოლოს ერთადერთი, ვისაც მათ შორის ჭკუა მოეკითხებოდა, სარა იყო.
ღამის პირველი საათი დაწყებულიყო, როდესაც სამივე მათგანი ფეხის არევით გამოვიდნენ კლუბიდან. ანამ დაიჟინა, ჰაერზე გავლა მჭირდება, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავსო. ვივიენმა საჭესთან დაჯდომა ვერ გარისკა, არც ტაქსი გამოიძახა და ანასავით სეირნობა მოინდომა.
-ვივიენ, არც თუ ისე კარგად გამოიყურები. მთელი ქალაქი გცნობს და უმჯობესია, ქუჩაში სიარულს მოერიდო, ტაქსი გამოვიძახოთ,-არწმუნებდა სარა.
-მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც თავს უფლებას აძლევს, საღამოობით ამ ცხოვრებას მიაფურთხოს, ყველაფერი ფეხზე დაიკიდოს და დრო კარგად გაატაროს. რას ხედავ ამაში სასირცხვილოს? გინდა ვიყვირო და სხვებსაც იგივე ვურჩიო, რომ სევდის ბუკეტებიდან თავები ამოყონ და ბოლომდე აიწყვიტონ?
-წავიდეთ რა, გეხვეწები,- არ მოეშვა სარა.
რთული დასაყოლიებელი აღმოჩნდა ვივიენი. სარამ ანა სახლში გაუშვა და საბოლოოდ ტაქსით მიაცილა კორპუსამდე. ბოლოს გულმა ვერ მოუთმინა და ბინაშიც აჰყვა.
-მობრძანდი, -ხელები გაჭიმა ვივიენმა,- დღეს შენი დღეა და ბოლომდე დავიმხოთ თავზე ყველაფერი.
სარამ დიდ ბინას გახედა და შეჰყვა. ვივიენი კედელს გვერდულად მიეყრდნო, ფეხსაცმელი გაიხადა და რამდენიმე წამით უზარმაზარი საცხოვრებლის სიჩუმეს დაუგდო ყური. შემდეგ სტუმარს სევდიანად გაუღიმა: 
-მოწყენილობაა, არა? მოიცადე, მხიარულებით ჩავანაცვლებ, - ბარისკენ წავიდა და ვისკის ბოთლს ხელი წაატანა.
-ძალიან ბევრს სვამ, გეყოფა!
-ეს ერთადერთი საშუალებაა ეკალბარდიანი გზები ადვილად გავთელო და ერთი ალაგიდან მეორეზე გადავინაცვლო. ნახევარი ბოთლი ვისკი და შენ ისეთი მსუბუქი ხარ, ეკალ-ბარდები რა მოსატანია? ყველა მიუვალ გზას გადაივლი. კარგად ვიცი ჩემი დოზა, ჭკუას ნუ მასწავლი,-ბურბონის ვისკი ჭიქაში დაასხა და ერთიანად გამოცალა.
სარამ ბოთლი ხელში აიღო და ზურგს უკან დამალა:
-აღარ გინდა!
-შენ რა იცი მე რა მინდა და რა -არა? რატომ მიკრძალავ?- სახე შეჭმუხნა ვივიენმა.
-შენზე ვღელავ. ალკოჰოლს ცუდად ეტანები. როგორ არ გესმის? ჯანმრთელობას ზიანს აყენებ.
-ზედმეტი ხომ არ მოგდის?
-ვივიენ, დამიჯერე, აღარ დაამატო.
ქალმა ვისკის ბოთლი ხელიდან გამოსტაცა და კიდევ დაისხა:
-ვინ ხარ, რომ ამდენის უფლებას აძლევ თავს?!
-მიყვარხარ, გული შემტკივა შენზე, გაფასებ... საკმარისი არ არის?
ვივიენმა თავი გააქნია და თვალები დახუჭა:
-მე არავის სიყვარულს არ ვიმსახურებ და არც არავისგან ვითხოვ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ის ვივიენი, რომელიც ხალხს უყვარს და მათ შორის შენც, ჩემი გამოგონილია და სინამდვილეში არ არსებობს.
-რას გულისხმობ?
-კარგი, დაივიწყე,- ხელი ჩაიქნია და სმა განაგრძო.
-მოაშორე ეს ბოთლი აქედან და წესიერად მიპასუხე.
-მე რომ ვივიენ კარტერის ტყავი გავხიო და მის ქვეშ მცხოვრები ქალი დაგანახო, აღარ გეყვარები.
-მე შენ ყოველთვის მეყვარები.
-ტყუილია!-იღრიალა და ბოთლი მთელი ბრაზით ძირს დაახეთქა.
-რა გაწუხებს, ვივიენ? მითხარი. გეფიცები, შენს მიმართ არ შევიცვლები.
ვივიენი იატაკზე დაჯდა, ფეხები მუხლებში მოკეცა, თავი ჩაქინდრა და გაიმეორა:
-აღარ გეყვარები-მეთქი.
-რა იცი, რა როგორ იქნება? ცდები.
-არ ვცდები. სწორედ ასე იქნება. მე ერთი ცოდვილი ვარ, რომელიც ტკივილებისგან იმდენად არის დაშანთული, ყველა ადამიანური გრძნობა გადამებუგა.
სარა მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და მოსასმენად მოემზადა. ვივიენმა თვალი გაუსწორა და ტირილით აღმოხდა:
-მითხარი, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც წესიერად თავის გულის სწორის შერჩევაც არ შეუძლია და ერთ დროს, უთავმოყვარეო და ზნედაცემულივით გადაცემის წამყვანობისთვის ხელის გამოსაკრავად, მზად იყო მომავალ პროდიუსერს საწოლში ჩასწოლოდა? ან ეს იარა, რომელიც წარბთან მაქვს, მართლა ბავშვური სიცელქის შედეგი გგონია? არა, ეს ჩემი ფსიქოპათი ქმრის ნახელავია. მაშინ ჩაიდინა, როცა ცოლად ჩვიდმეტი წლის უსუსური ვივიენი ჰყავდა გვერდით. მითხარი, როგორ უნდა გიყვარდეს ქალი, რომელმაც ორი თვის შვილი უცხო ოჯახის კართან დატოვა და მერე უბადრუკმა წესიერად თავიც ვერ მოიკლა? ვერ გავაპარე ეს დამპალი გული სიკვდილისკენ და ვერ ჩავძაღლდი საფლავში, - ბოლო სიტყვებზე ქალმა ხმას აუწია და ღვართქაფად დაიღვარა.
-მოდი ჩემთან,-სარამ ატირებული ქალი გულზე მიიკრო და მაინც მეყვარებიო -აწყნარებდა.
ვივიენს აღარცერთი სიტყვა დაუძრავს, მხოლოდ გმინავდა...
არც სარას დასცდენია რამე. მოსმენილმა მთლიანად მოწყვიტა და დაადუმა...

***
ნაღველით შეზავებულმა ღამემ ცოცხალმკვდარი ვივიენი როგორც იქნა, ძილის საუფლოში გაისტუმრა, მაგრამ არ ეძინა სარას. სავარძელში იჯდა და მის გამუდმებულ ბორგვას ადევნებდა თვალს. დღეიდან იცოდა, მის წინ მძინარე, ცნობილი ტელესახე იმიტომ იყო ძლიერი, თავის წილ გულის ტკივილს ჩუმად დაატარებდა და დიდი ძალისხმევით თავადვე იყუჩებდა. კიდევ იმიტომ იყო ძლიერი, ამ ცხოვრების გოლგოთას ძლივს, მაგრამ მაინც შეუპოვრად მიუყვებოდა. მისი აღსარების შემდეგ თავისთავად გაუჩნდა კითხვები, მაგრამ რაც შვილთან დაკავშირებით მოისმინა, ვერაფერს ვეღარ ჰკითხავდა. გადაწყვიტა, როცა გაიღვიძებდა, მისთვის იარა მეტად არ გაეხლიჩა. არ უყვარდა, როდესაც ადამიანებში ქრონიკულ დაავადებასავით გამჯდარ კაეშანზე ხაზგასმას იწყებდა.
ცამ გამოიღვიძა და რუხი ღრუბლები გამოსახა - საწვიმრად ემზადებოდა. დღეც ზუსტად ისეთივე მოჟამული იყო, როგორც სარა.
-შეგიძლია, ყავა მომიდუღო? - ჩაფერფლილი ხმა გაისმა ოთახში.
-არ ვიცი, სად რას ინახავ, ან როგორი მოგწონს.
-ერთი კოვზი ყავა და სამი სუფრის კოვზი რძე. ყავის ქილა მადუღარას გვერდზე დგას, რძეს მაცივარში მოძებნი და ფინჯანს როგორმე მიაგნებ სადმე. ამოჩემებული არცერთი მაქვს, არ გამოგეკიდები.
სარა სამზარეულოში გავიდა და ყავის მოდუღება დაიწყო. ვივიენი საწოლიდან წამოდგა, ხალათი შემოიცვა და რამდენიმე წუთში სარას მიაკითხა:
-მაგიდაზე დადგი, მანდ დავჯდები.
უხმოდ დაუდგა წინ და მოხმარებული ჭურჭელი ონკანის ნიჟარაში ჩააწყო.
-შენთვის რატომ არ მოამზადე?
-წვენს დავლევ,- თამამად გამოაღო მაცივრის კარი და მაღალ, გამჭვირვალე ჭიქაში ვაშლის წვენი დაისხა.
ვივიენმა ყლუპი დალია, სარას თვალები გაუსწორა და დაიწყო:
-მე კრისტინა მილგა ვარ, ოცდაერთი წლის წინ ლატვიიდან ჩამოსული ემიგრანტი. აქ მას შემდეგ მოვხვდი, რაც მითხრეს, ჩემი ბიჭი უშვილო წყვილმა იშვილა და ამ ქვეყანაში ჩამოვიდა საცხოვრებლად. დღემდე უშედეგოდ ვეძებ...
ჩემი უდარდელი ცხოვრების დარდიანში გადაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დედ-მამის დაღუპვით დაიწყო. თექვსმეტი წლის ასაკში მარტო დავრჩი, უიმედოდ, ობლად. მამიდამ თავის სახლში წამიყვანა, თუმცა ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა და შვილების მოთხოვნილებებს ძლივს აუდიოდა. ზედმეტ ტვირთად დავაწექი. ამას ვხედავდი და ვცდილობდი, პირველივე შესაძლებლობისთანავე იქაურობას გავცლოდი. მალე ჩემი მეუღლე გავიცანი და ხანმოკლე ურთიერთობის მერე ცოლად გავყევი. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელმაც ცხოვრება რადიკალურად შემიცვალა. ტკბილი სამყარო, რომელსაც მანამდე გამუდმებით შევხაროდი, მწარედ დამანახა და სამუდამოდ შემაძულა. ჩხუბი, ცემა, ზიზღი, უპატივცემულობა, კრიმინალი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი  -სულ ეს იყო, რასაც ოჯახურ თანაცხოვრებაში ვხედავდი. თავს უბედურად ვგრძნობდი და მისი მიტოვება დავაპირე, მაგრამ სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ ორსულად ვიყავი. თავი შევიკავე. ალბათ, მეგონა, შვილი გააკეთილშობილებდა. მწარედ შევცდი. რამდენიმე თვე დაწყნარდა, მაგრამ ერთ ღამეს ჩვეული ზნე გამოავლინა. უფულობისგან გამწარებული ისევ მომადგა და ჯავრი ცემით იყარა. მიზეზი ის იყო, როცა ვიღაცის სახლებს ტეხდა და ქურდავდა, თანამზრახველად გვერდში არ ვედექი. ერთი სიტყვით, უქნარად და მუქთამჭამელად მთვლიდა. სახლიდან გამოვიქეცი, დედაქალაქში ჩავედი და საერთო საცხოვრებელში მივედი. მიმიღეს, მიპატრონეს. როდესაც შვილი გავაჩინე, ყველაზე მეტად მაშინ ვიგრძენი, რამდენად გაუკუღმართებული ცხოვრება მქონდა. ჩვიდმეტი წლის გოგოს ჩვილის შენახვა ძალიან გამიჭირდა. შვილისთვის საჭირო საკვებს და ყოველდღიურ ჰიგიენურ საშუალებებს ვერ ვყიდულობდი. ექიმთან მისაყვანი ფულიც არ მქონდა. კეთილი ადამიანები ერთხელ გაგიმართავენ ხელს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ სულ მათ იმედზე ვერ იქნები. ერთ ღამეს, როდესაც მშიერი და სიცხიანი შვილი ტირილისგან ვერ გავაჩუმე, გონება დამებინდა, ჩვილი მდიდარი ოჯახის კარებთან დავტოვე და თავად მდინარე დაუგავისკენ ავიღე გეზი. იმ დროს ვფიქრობდი, იგი სანდო ხელში რჩებოდა, მე კი სიკვდილისგან მონიჭებულ მოსვენებას მივიღებდი. ნაპირზე მისულს არ მიჭოჭმანია, მაშინვე გადავხტი. ვიღაცამ დამინახა, წყლიდან გონებადაკარგული ამომიყვანა და გადამარჩინა. საავადმყოფოში ღვთისნიერმა ექიმმა ჩემი პრობლემა გულთან მიიტანა და მისი დახმარებით სახელმწიფო პროგრამაში ჩამსვეს. იქიდან გაწერისთანავე უფასო სარეაბილიტაციო კურსი დამენიშნა, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. გამოჯანმრთელების შემდეგ დაშვებული შეცდომა გავაცნობიერე და იმ სახლისკენ წავედი, სადაც შვილი დავტოვე. იქ გავიგე, რომ ჩემი ბიჭი მათ არ დაუტოვებიათ, ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. მივაკითხე, მაგრამ არ დამიხვდა, უკვე გაეშვილებინათ. ჩემი ფინანსური მდგომარეობა სოციალურ მუშაკს ვერ არწმუნებდა, რომ შვილს მივხედავდი, ამიტომ ვერ დავიბრუნე. ერთ-ერთ კვების პუნქტში ხახვის გამრჩევად დავიწყე მუშაობა. ცრემლებს და დასიებულ თვალებს არავინ დაეძებდა, უკეთესი ფინანსური პირობების შესაქმელად და შვილის დასაბრუნებლად გამომუშავებულ ფულს ვაგროვებდი. საბოლოოდ მაინც ვერ დავიბრუნე -შევიტყვე, ოჯახი, რომელმაც ჩემი ბიჭი იშვილა, საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულიყო. ყველაფერი გავაკეთე, ერთ წელიწადში ამ ქვეყანაში ჩამოვსულიყავი. ჩამოსვლისთანავე მიმტანად დავიწყე მუშაობა. ფულს ვაგროვებდი, რომ დოკუმენტები მომეწესრიგებინა. ასეც მოვიქეცი. მერე ვისწავლე, ფეხზე დავდექი, უამრავი დეტექტივი დავიქირავე, მაგრამ ამაოდ...
ვივიენი საძინებელში გავიდა, კარადიდან ბავშვის ფაჩუჩები გამოიღო და სარას დაუბრუნდა:
-ეს მისი ფაჩუჩებია, მე მოვუქსოვე. ერთადერთი, რაც მისგან შემრჩა, ესენია.
ხშირად ვხედავ მკერდზე მოკრულს, ისევ ისეთივე ლამაზი და პატარა თვალებით შემომცქერის, ღუღუნებს, თავის დიდხალიანი ცერა თითი პირში უდევს და საწოვარასავით წოვს.
-ღმერთო, ეს რეები მესმის? ჩემს ბედს ვჩივი და შენ რა ბედზე ყოფილხარ გაჩენილი?
ვივიენს მწარედ ჩაეცინა:
-ჰმ, ბედი!.. ის არ არსებობს! ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ, ცხოვრებას ურჩხულად ვაქცევთ და ჩვენი ხორცის ფლეთას და ჭამას რომ იწყებს, მერე ან ღმერთს ვაგინებთ, ან ბედს.
-არც კი ვიცი, რა ვთქვა.
-არაფერი თქვა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც დამამშვიდებს. წარსულში გაჩენილი ბზარი მხოლოდ მაშინ შეიკვრება, როცა ჩემს ბიჭს, ადრიანს მივაგნებ.
-ეს სახელი შენ დაარქვი, თუ ოჯახმა, რომელმაც ბავშვთა სახლიდან გამოიყვანა?
-ადრიანი მე დავარქვი, ახლა სხვა სახელი -მარკუსი ჰქვია.
-იმ ოჯახის გვარი იცი?
-ოზოლა.
-მეტი ვერაფერი დაადგინე?
-სამწუხაროდ, ვერაფერი.
-მდაა... როგორ გინდა, ასეთ უზარმაზარ ქვეყანაში მოძებნო?- თავისთვის ჩაილაპარაკა სარამ.
-სანამ პირში სული მიდგას, არ შევწყვეტ მის ძებნას.
-არც უნდა შეწყვიტო.
-ყველაფერი შევცვალე, სახელი და გვარიც კი, რომ უკან აღარ მიმეხედა და ახალი ცხოვრება დამეწყო, მაგრამ ხანდახან, როცა შვილის გამო წარსულის კართან დადგომა და მისი გამოღება მიხდება, ჩემგან შექმნილი ურჩხული გამოვარდება ხოლმე და ისეთი სისასტიკით მისწორდება, საკუთარი ძვლების გამოხვრის ხმა ყურებში ჩამესმის.
-მაპატიე, რომ ამ კარების სახელურის ჩამოწევა ჩემს გამო მოგიწია,- სარამ თავი დამნაშავედ იგრძნო.
ვივიენი ადგილიდან წამოდგა, ფინჯანში დარჩენილი ყავა ონკანის ნიჟარაში გადაღვარა, თავი მოიწესრიგა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა:
-წავიდეთ ტელევიზიაში?- ისეთი სახით შეხედა, თითქოს არც წინა ღამით და არც იმ დილით მათ შორის მძიმე საუბარი საერთოდ არ შემდგარიყო.
ფოიეში როცა ჩავიდნენ, კონსიერჟე გააფრთხილა, სარა მისი მუდმივი მნახველების სიაში ჩაეწერა და სტატუსად მეგობარი მიეთითებინა.
იმ დღეს ვივიენმა სარა ოფიციალურ მეგობრად აღიარა!

***
ბევრი ძიების, გაკითხვისა და რეკომენდაციების შემდეგ სარა მანჰეტენზე, კერძოდ მეექვსე ავენიუზე მდებარე ერთ-ერთ საადვოკატო კომპანიას ეწვია. ცათამბჯენის შენობაში განთავსებული ოფისი უახლესი სტილის დიზაინით და ავეჯით იყო გაწყობილი. სწორედ ასეთი კომფორტი განსაზღვრავდა ბრუკლინელ ადვოკატებთან შედარებით ორმაგ ფასს, მაგრამ რას დაეძებდა, როცა იცოდა, არა მხოლოდ ძლიერ გუნდთან მოუწევდა თანამშრომლობა, არამედ ვივიენის მეგობრებთანაც, რომლებიც თავის საქმეს არაჩვეულებრივად ართმევდნენ თავს და პარალელურად ნაცნობებსაც უფრო მეტი  გულისხმიერებით ეპყრობოდნენ. პირველი შეხვედრისთვის საკონსულტაციოდ გადადებული სამასი დოლარი გადაიხადა და მოსაცდელში ადგილი დაიკავა. კლიენტები ბუზებივით ირეოდნენ, ზოგი ლოდინისგან დაღლილი უკანასკნელ მოთმინებას ებღაუჭებოდა. არც სარას მოუწია დათქმულ დროზე სასურველ ადვოკატთან შესვლა, თუმცა უღირდა და მაქსიმალურად მშვიდად უყურებდა შექმნილ ვითარებას. როდესაც რიგმა მოუწია, ხელთ არსებული ყველა საბუთი ჩანთიდან ამოიღო და ადვოკატთან საქმიანი სახით, ყოველმხრივ მომზადებული შევიდა.
მისტერ ანდერსონი შუახნის სანდომიანი მამაკაცი გახლდათ, რომელსაც პირველივე სიტყვის წარმოთქმისთანავე ეტყობოდა პროფესიონალიზმი და დროის ფასის ცოდნა. ამგვარი მიდგომა განაპირობებდა სასამართლოში მოგებული საქმეების რაოდენობას. ვინმე ძნელად თუ გაიხსენებდა მის მიერ ხელმოკიდებული შემთხვევის კრახით დამთავრებას. კმაყოფილი კლიენტების სიუხვეს ერთ-ერთ შეძლებულ პიროვნებად გადაექცია და ეგრეთწოდებულ VIP კლასის საზოგადოებაში საკმაოდ დიდი სახელით სარგებლობდა. სარას პრობლემა გულისყურით მოისმინა, მის მიერ მიტანილ დოკუმენტაციასაც გადახედა და მოახსენა, წინ ხანგრძლივი და ურთულესი პროცესები გველის, მაგრამ გადაუჭრელიც არ ჩანსო.
ამ სიტყვებმა სარას იმაზე მეტი სიხარული მოჰგვარა, ვიდრე თავადაც წარმოედგინა. მისტერ ანდერსონს ყველაფერზე თანხმობა განუცხადა, გადანაწილებული გრაფიკით თანხის გადახდაზეც მზაობა გამოთქვა და შენობიდან გამოსვლისას ისე მიფრინავდა, ლამის ქუჩის განათების ბოძს თავით შეასკდა.
-ასეც ვიცოდი, მე არაფერი დამიშავებია! ცუდი არ ვარ! ღირსი ვარ ესთერის და იაკობის დედა მერქვას! შვილებო, ცოტაც მოითმინეთ და ისევ ერთად ვიქნებით, ისევ, ისევ... - თავისთვის ბუტბუტებდა და ღმერთს მადლობას სწირავდა მინიჭებული სიხარულისთვის.

***
სარას ახალმა წამოწყებამ ნეითანს თავსატეხი გაუჩინა. სისხამ დილით, ვიდრე სამსახურში წავიდოდა, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან გაცოფებული დაუხვდა:
-რატომ არ ჩერდები? მაინც არ იშლი შენსას, არა?
-რატომ უნდა მოვიშალო? ამიხსენი!
-თავი დაგვანებე! ესთერი და იაკობი ჰასიდები არიან და არავის გვინდა, ჩვენგან უარყოფილ სამყაროსთან და საზოგადოებასთან ახლოს იყვნენ.
-სულ ის მესმის შენ და სხვას რა გინდათ, მაგრამ ვინმე კითხულობს, მე ან ჩემს შვილებს რა უნდათ?
-შენს შვილებსაც ის უნდათ, რაც თემის დანარჩენ წევრებს.
-ისევ თემი და მათი სურვილები!.. ესთერს და იაკობს დედა სჭირდებათ, დედას -მისი შვილები. გესმის?! დედა-შვილობას ვერავინ და ვერაფერი წაგვართმევს.
-შენი სამყარო ჩვენთვის უცხოა და ბინძური.
-სიბინძურე ყველგან არსებობს. მას ვერსად დავმალავთ. თუ დაინახე, გვერდის აქცევა უნდა ისწავლო, სულ ეს არის!
-სარა, იმდენს გააკეთებ, შვილებს თემს დააშორებ და მათ თავს დამაკარგვინებ. ამას არ გაპატიებ.
-შენგან განსხვავებით, არჩევანის საშუალებას მივცემ. როდესაც გაიზრდებიან, სადაც უნდათ, იმ გარემოში შეუძლიათ დარჩნენ.
-კარგად იცი, რომ შენი სამყარო ეშმაკივით მაცდუნებელია.
-რა იყო, გეშინია? იქნებ მათ ჰასიდიზმი ბევრად უფრო ეძვირფასებოდეთ? კარგად იცი, მე თემის შეძულებას არ დავუწყებ.
-აქვე მოგიღებდი ბოლოს და შენს უკანასკნელ ამოსუნთქვას სასიამოვნო მოგონებად გადავაქცევდი, მაგრამ ამისთვის ბოროტმოქმედად გახდომა და ციხეში წასვლა არ ღირს.
-გრცხვენოდეს მაგ სიტყვებისთვის, ნეითან. მე მაინც ღირსეული პიროვნება მეგონე. კარგად იცი, ჩემი შვილების მამაზე იგივეს არასოდეს ვიტყოდი. წადი და ამის შემდეგ აღარასოდეს დამენახო! სასამართლოში შევხვდებით,- გულდაწყვეტილი და გაბრაზებული სარა სალაპარაკოდ აღარ გაუჩერდა.
ნეითანი მკლავში წვდა და შეაჩერა.
-ხელი გამიშვი!- ქალმა ისეთ ხმაზე უღრიალა, ქუჩაში გამვლელების ყურადღება მიიქცია.
ასეთი ანთებული თვალებით ნეითანმა პირველად დაინახა ყოფილი მეუღლე და გაკვირვება ვერ დამალა:
-ყვირილი და სიგიჟის გამოვლენაც გისწავლია. ხედავ, რა შედეგები მოაქვს საყვარელი ადამიანებისგან ზურგშექცევას?
-ამაზრზენი ხარ! თურმე მარტო იმიტომ ღირდა ჰასიდების თემიდან წასვლა, რომ შენ ჩამოგშორებოდი. აი, ვინ მანადგურებდა.
-ფულის შოვნა დაიწყე და გაყოყოჩებული ხარ. დამოუკიდებლად ცხოვრებაც გისწავლია და მესმის, ამან ხმა აგამაღლებინა, მაგრამ ახლობლების დაკარგულ სიყვარულს ოდესმე დაიბრუნებ?
-ნეითან, მტკივნეულ ადგილას ფეხის დაჭერას თავი დაანებე და აქაურობას რაც შეიძლება სწრაფად მოწყდი, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ.
-რაო? სიმართლე მწარეა?
-ნეითან!- ყვირილს უმატა სარამ.
მამაკაცს ჩაეცინა:
-როგორ გამიმართლა, რომ ასეთი შეურაცხადი თავადვე ჩამომშორდა და მე ამ საკითხის მოსაგვარებლად ხელის განძრევაც არ დამჭირდა.
-წადი შენი!..
-გინებაც გასწავლეს? ყოველმხრივ გაველურებულხარ.
-ამის მოთმენას აღარ ვაპირებ! -აკანკალებულმა სარამ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და პოლიციის ნომერი აკრიფა, თუმცა ერთ-ერთ გამვლელს მასზე ადრე დაერეკა და პოლიციელები მოჩხუბრებს მალევე დაადგნენ თავზე.
სიტუაცია გართულებების გარეშე განიმუხტა. ნეითანს გაფრთხილება მიეცა.

***
ნიუ-იორკში ახალბედა დიზაინერთა მოდის კვირეული ახლოვდებოდა, რომელშიც ყველა ქვეყნის წარმომადგენელს ეძლეოდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო. სარა ნახევარი წლით ადრე ემზადებოდა ამ დღისთვის. საკმაოდ დიდი ხარჯი გაიღო, რომ ჯერ ათი ორიგინალური იდეით დატვირთული კაბა შეექმნა, შემდეგ რეგისტრაცია გაევლო. გაუმართლა, მოდელებში თანხის გადახდა არ მოუწია, რადგან ნაცნობებთა რიგებში მოძებნა. სიამოვნებით დათანხმდნენ ასეთ ღონისძიებაში ჩართულობას. რაც არ უნდა ყოფილიყო, უამრავი ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთი გააშუქებდათ -მათთვის ახალი გამოცდილება იყო.
ვიდრე ღონისძიება შედგებოდა, ორგანიზატორებმა წინამოსამზადებელი სამუშაოებისთვის, კასტინგისთვის და ფოტოგადაღებებისთვის დიზაინერები და მოდელები დაიბარეს. საჭირო იყო შინაურული გარემოს შექმნა, ერთმანეთის უკეთესად გაცნობა და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მაქსიმალურად თავისუფლად ეგრძნოთ თავი მონაწილეებს, რათა შემდგომში მოდის მოყვარულთა წინაშე გახსნილები და თავდაჯერებულები წარდგენილიყვნენ.
ერთ-ერთ ასეთ სამუშაო დღეს სარა დათქმულ დროს თავის მოდელებთან ერთად გამოცხადდა. კაბები მოარგო, დეტალები შეათანხმა და ვიდრე მის გოგონებს სიარულის დახვეწაში ეხმარებოდნენ, მთელი დღის მშიერმა ცოტა ხნით გარეთ გასვლა და სენდვიჩების მაღაზიიდან სალათის ყიდვა მოიწადინა. მოსაცდელ ოთახში მისტერ სკოტს მოჰკრა თვალი და გაოცდა, თუმცა ვიდრე თავადაც შეამჩნევდა, თვალი მოარიდა და ფეხს აუჩქარა. ოლივერმა სარა დაინახა, მაშინვე იცნო და უკან აედევნა. ქალმა კედლის სარკიდან მომენტალურად შენიშნა მის უკან მიმავალი მამაკაცი და ლიფტში შეასწრო. კარების დაკეტვისთანავე ამოისუნთქა და შეეცადა, აფორიაქება დაეცხრო:
-არა, მეც კარგი ვინმე ვარ. რატომ დავემალე? არც მისი ვალი მაქვს და არც მოსაკლავად დამდევს. ვინ იცის, ჩემთან მოსვლა და ადამიანური მოკითხვა უნდოდა. მე კი?.. ღმერთო, რამდენი კომპლექსი მაქვს,- საკუთარ თავზე ცხარობდა.
როგორც კი ლიფტის კარი გაიღო, მისტერ სკოტი იქ დაუხვდა. ლამის გული გაუსკდა, მიხვდა, ვეღარ გადაურჩებოდა მასთან შეხვედრას, თუმცა მაინც თავისი სცადა, სხვებს ოსტატურად გაერია და გასასვლელისკენ აიღო გეზი.
მამაკაცი მშვიდი ნაბიჯებით გაჰყვა. სარა ამას გრძნობდა და უფრო მეტი აღელვება დაეტყო:
-არ მაქვს ამის ნერვები და დამანებოს თავი, არ შეიძლება?-გულში ფიქრობდა და ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიისკენ მიიჩქაროდა.
ვიტრაჟული მაცივრიდან სალათა და გრეიფრუტის წვენი აიღო, ფული სალაროსთან გადაიხადა, თავისუფალ მაგიდასთან მოკალათდა და ის იყო, ჩანგალს მოკიდა ხელი, რომ მისტერ სკოტმა სენდვიჩების მაღაზიის კარი შეაღო და სარას თავაზიანი ტონით მიესალმა:
-რა სასიამოვნო შეხვედრაა, უკეთესს ვერც ვინატრებდი.
სარამ ძალით გაუღიმა და მიამიტი სახე მიიღო:
-ჩემთვისაც არანაკლებად სასიამოვნოა. როგორ გიკითხოთ, მისტერ სკოტ?
-კარგად, მადლობა. იცი, რამდენი ხანია, უკან დაგყვები?
-მართლა?- ისე გაიკვირვა, თითქოს ცოტა ხნის წინ მოჩვენებასავით არ გაურბოდა და მის ნაცვლად სხვა არიდებდა თვალს.
ოლივერმა ყავა შეუკვეთა და სარას დაუბრუნდა:
-პრობლემა ხომ არ იქნება, შენთან რომ ჩამოვჯდე?
-არა, რას ამბობ? - შეიცხადა სარამ. სხვა რა გზა ჰქონდა?
-თუ ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამითვლი, სასტუმრო „შერატონში“ რა გინდოდა?
-ორ დღეში მოდის კვირეული იწყება. ჩვენებაში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.
-ეგ როგორ? შენ ხომ მხატვარი ხარ?
-გადავწყვიტე, ბედი დიზაინერობაშიც ვცადო.
-რომელი ხაზით მიდიხარ?
-საღამოს სამოსით.
-ძალიან კარგი! მაშინ შეგვიძლია, საერთო ენაც გამოვნახოთ, კონკურენტები არ ვყოფილვართ,-იხუმრა მამაკაცმა.
-ვერ მიგიხვდი.
-ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების დიზაინერი ვარ. ტყავის დამუშავების ტექნიკა ჩემი ხაზია.
-მოდის კვირეულში შენც მონაწილეობ?
-დიახ.
-არ ვიცოდი შენი ხელოვნებით გატაცების ამბავი.
-გატაცება მსუბუქი ნათქვამია. საკუთარი საწარმო მაქვს. შეკვეთებს არ ვუჩივი. 
-ტყავზე მუშაობა საინტერესო იქნება.
-სურვილის შემთხვევაში, შემიძლია ჩემი საწარმო დაგათვალიერებინო.
-ჯერ მოდის კვირეული გადავაგოროთ და მერე ვნახოთ,- სარამ პლასტმასის კონტეინერი გახსნა და სალათას შეექცა.
-მართლა გამიხარდა შენი ნახვა. სხვათაშორის, ამ დღეებში შენზე ვფიქრობდი.
ქალს ბოლო სიტყვებზე საჭმელი გადასცდა და შეტევითი ხველა აუვარდა. ოლივერმა მაშინვე წვენის ჭიქა მიაწოდა:
-სითხე მიიღე, გაგივლის.
ოდნავ რომ დამშვიდდა, ბოდიში მოუხადა და ჰკითხა:
-ჩემზე რატომ ფიქრობდი?
-ორ კვირაში ვივიენის დაბადების დღეა და შენი დახმარება მჭირდება.
სარამ შვებით ამოისუნთქა:
-რა გინდა, რომ გავაკეთო?
-რამე განსხვავებული იდეა უნდა მომაშველო. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით კარგი გამოგვივა.
-თანახმა ვარ, მაგრამ დრო მჭირდება. ახლა ჩემი გონება მხოლოდ მოდის ჩვენებით არის გადაჭედილი.
-ნახევარი უკვე მოფიქრებული მაქვს. მინდა, ქავბოების მიერ მოწყობილ სანახაობაზე დავპატიჟო ორ საერთო მეგობართან და თუ წინააღმდეგი არ იქნები, შენთან ერთად.
-მე რატომ?
-იმიტომ, რომ მისთვის ახლადშეძენილი და ამავდროულად ძვირფასი მეგობარი ხარ. ასეთები თითებზე ჩამოსათვლელები ჰყავს.
-ასე გითხრა?-ესიამოვნა სარას.
-ვერ ატყობ, რომ ძალიან დაგიახლოვდა? ვივიენი საკმაოდ კარჩაკეტილი პიროვნებაა, ძნელად რომ ვინმეს ენდოს და გაეხსნას.
-მაგაში მართალი ხარ.
-ესე იგი, შევთანხმდით?
-რასაკვირველია, ოღონდ ერთ რაღაცაზე გამეცი პასუხი. ეს ქავბოების სანახაობა მოეწონება?
-ვივიენი მსგავსი ტიპის სანახაობებზე ჩემსავით გიჟდება.
-გასაგებია. მაშინ მეტი კითხვა აღარ მაქვს და ვიფიქრებ შენს წინადადებაზე.
-მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
სარა და ოლივერი ერთად ავიდნენ სასტუმროში. ორგანიზატორების მხრიდან სარასთვის და მისი მოდელებისთვის გამოყოფილი დრო დასასრულს უახლოვდებოდა. ახლა იგივე პროცედურების გასავლელად მისტერ სკოტის ჯგუფი ემზადებოდა.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს