ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2020


ეტიუდი წამებისათვის

ნინო დარბაისელი

ეტიუდი წამებისათვის
- - - -

იმ მამას ჰკითხეთ, სამსახურიდან დაბრუნებული უცებ ხელებს რომ გადაიბანს,
ჩვილს აიტატებს
და კისერზე რომ შემოისვამს,
უცებ  კისრიდან მთელი ხერხემლის ჩაყოლებაზე  რომ ჩაუთბება
და კისკისი  რომ გააცოფებს:
“უპამპერსოა!”

იმ ქალსა ჰკითხეთ,
ჯერ არ მოსული, მაგრამ უკვე მიმავალი
კაცი რომ  უცებ მოუბრუნდება,
მოუხერხებლად ჩაიხუტებს
და მოტკეცილი კაბის ფხრაწუნში მოესმება:
“მართლა მელოდი”?

ან ჰკითხეთ იმ მძღოლს,
ბავშვებით სავსე სკოლის ავტობუსს საჭე რომ ვეღარ დაუჭირა ერთ მოსახვევში,
სადაც ყოველდღე თითო მანქანა ჯებირსგადაღმა ვარდებოდა,
შემოუხვია,
გაჩერდა და მშრალი სასიდან
ტუჩისპირზე სამართებლად გადაუარა:
,, მგონი გადავრჩით!”

ესეც - ცხოვრება!
ვინც იცის, რა თქვას,
პასუხისთვის - არა სცალია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები