ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2020


რანაირი შემოდგომა დასრულდა

რა არ ვიღონე, ოღონდ გავცლოდი სიყალბეს,
მაშინ მთის ქონდრის სუნი ჰქონდა ჩემს კანსა და თმას,
წლები ვიღიღინე წარსულზე,
ბევრ ცხვარში გავერიე,
ჩემთან ერთად ბღეჭელობდნენ და ვწიწკნიდით წმინდა ბალახს,
მოგვდევდნენ, გაჰყვიროდნენ წითური მწყემსები:
- ჰეი, ცხვრებო, თქვე აკუნტრუშებულებო, ათას მგელზე გადამხტრებო!

აწმყო უარესი გამოდგა,
მიწაც გაძვირდა,
დღეს ვერ მოგიკვდებით,
სად უნდა ამომბუდნოთ?!
ზემოთ დაგირჩებით, სუნი შეგაწუხებთ, საფიქრალს გაგიჩენთ, სად გცალიათ.

რანაირი შემოდგომა დასრულდა,
პატივაყრილ ციცქასაც ვერ შესვამ ქალი.
ეგეც რო დაენანებათ, ტფუი!
აგე, ჩემი კარალიოკის ჩირის ფარდები...
გადავწევ, გადავდგები დედიშობილა,
ვის დაგითარსავთ ზამთრის დილას?!
მოდგნენ წვიმები აივანზე, სამტრედეებზე,
გარშემო გაფცქვნილი ხეებია და მე რატო შევიმოსო?!

ცხვარზე ხომ ვიქადაგე, რა ღმერთის საკადრისია-მეთქი,
ვაზზეც ვქადაგებ, მდედრია ვაზი.
როგორ გინდა, კაცს ფიქრში ჩაუძვრე, როცა გაკრეფილ ვენახს გაჰყურებს,
ერთი ხელის მოსმით რო ამოხოცა,
თითქოს ომი მოეგოს და ჭურში ჩაეყაროს გვამები.
არადა, იმ ვენახსაც სტკივა უბიდან  შვილივით გამოგლეჯილი მტევანი.
რა გინდა რო ქნა, კაცია, ვერ ეტყვი აუგს,
ვერც ყანწში ჩაუძვრები,
ქინქლის გადარჩენა რო მაინც შეძლო, ვერც - გულში, გაოცებულს დაგტოვებს,
ისევ ღიღინში თუ აგიყოლიებს.

,,ჩემო კარგო ქვეყანავ,
რაზედ მოგიწყენია?!"

კარგი იქნებოდა,
დარდიც შემოდგომასავით სრულდებოდეს,
არაა ადვილი, თვალი აარიდო მეგობარს იღბალი ბატკანივით რო ჩაუკრავს მარცხენა მკერდში.
გადი-გამოდის პოეტია,
ვინ იცის, ღვთისმშობელთან რაზე ფუსფუსებს.
შვილი შეუსვამს მარჯვენა მხარზე, მღერიან ალილოს,
სადაცაა ინათლებს, გადავრჩებით.

არასოდეს მითხოვია უფლისთვის სასწაული,
მხოლოდ ჯადოსნური სალამური მქონოდა მთაში,
ვუკრავდი, რო ყვავილებს აეღერათ კისრები
და ემზირათ ცხვრისა და ბალახის სისუფთავისთვის.

გახედავ ზამთარს, არ შეშინდები.
გაზაფხულამდე შეგიძლია ტყეშიც იცხოვრო,
მოვა გზააბნეული დათვი, დაგყნოსავს, არ მოეწონები გაიქცევა.
გაურბიან ერთმანეთს შეყვარებულები, მეგობრები, მტრებიც.
ავადა ვართ,
ვეღარ ვმოქმედებთ,
განა შორი სიტყვით გულს დაანაყრებ.

დროც მოდგა ასეთი, სულ შვილებზე გეფიქრება,
ცხვირ-პირზეც ვეღარ გიკოცნია, თითქოს სხვა ქალს ეშობოს,
სხვა დედისკენ გაექნიოთ თავები,
ძნელია, ათრიო ჯანმრთელი ფეხებიც,
თუ გზის ბოლოს "მოდი გიშველი" არ გიქნევს ხელს...

,,ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის"!

რანაირი შემოდგომა დასრულდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები