ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2020


მოკლეზე

ნინო დარბაისელი

მოკლეზე
- -

ის იქნებ შვილი არის  ჩემი,
რომელიც უნდა გამეჩინა,
უნდა მყოლოდა
და სადღაც, ცაში ან მიწისქვეშ  გადაიფიქრეს,
ან იქნებ არის შეყვარებული, 
რომელიც უკვე აღარ მახსოვს და რომელთანაც არაფერი გამოვიდა,
ან  იქნებ სულაც უცნობია,
ერთხელ ერთმანეთს გვერდით ისე რომ ჩავუარეთ,
ვერც  შევეხეთ, ვერც დავინახეთ.

რას ეხეტება უგზოუკვლოდ ჩემს სიზმრებში,
როგორც  სკოლიდან დილაადრიან  მარტო,
უფულოდ გამოპარული უფროსკლასელი,
უაზრო წყურვილს ანდა შიმშილს რომ ვერა და ვეღარ იოკებს,
სიცივეშიც  ტალღა-ტალღა ბუღი რომ ასდის,
როგორც ნარბენ ცხენს.
რა წყალი ანდა რა  დეზოდორი მოერევა იმ მხურვალებას,
ყველაფერზე ნიშნად რომ ტოვებს,
თან არც ელევა,
ვითომ აქაც მე ვიყავი,
იქაც მე ვარო და
სადაც გინდა გააღწიო, მე დაგხვდებიო.
თვალს დახუჭავს  და ოცნებებში  რომ ქვეყნიერების საქალეთი ეცოტავება,
თვალს გაახელს და  - ერთი წამით შეხედვა ჰყოფნის,
ახლადნაპარსი ღაწვებიდან ბიბილოებზე რომ მოედოს და ხრტილებამდე გაუვარვარდეს
და აღარ იცის, რა მოუხერხოს ხმას,
რომელსაც ამოიღებს და  თითქოს სხვისია,
ან უადგილო
სულ უადგილო და უდროო  ამ რაღაცეებს...
რაღაცეებს...
რაა ეს  ერთად გამონასკვული დიდი შიში და უდარდელობა,
სად მიათრევს,
სად მიაქანებს?
და  ყოველ ჯერზე ჩემს სიზმარში თუ
ჩემს სიზმარზე, როგორც მოკლეზე
რატომ უნდა გადმოატაროს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები