ნაწარმოებები


შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ურაკელებო     * * *     შობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს

ავტორი: პილიგრიმი
ჟანრი: პროზა
18 დეკემბერი, 2020


წასვლა

შავი დედაბერი გზაზე მიჩინჩრიკობდა. გზა იყო უადამიანებო, ერთ დიდ და ბევრ მცირე ორმოიანი. დედაბერი შავი იმიტომ იყო რომ შავად ემოსა და თვალებშიც ბინდი ედგა. ის დიდი ორმო დანარჩენთაგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ წყალი ედგა სხეულში, გამჭირვალესფერი.
დედაბერი ცალი ფეხით კოჭლი იყო და მის დასაცავად მეორეთიც იკოჭლებდა თავს. წელში უსაშველოდ მოხრილს, თეძოზე მოგდებული სკამი ისე ეჭირა, აღნიშნული ნივთი პირველივე საჭიროებისთანავე რომ აღმოჩენილიყო დედამიწასა და საჯდომს შორის.
დიდი ორმოდან ტრიტონი ამოიზლაზნა - მწვანელაქებიანი და ოთხივე ფეხით საღი.
დედაბერს ეჭვით ახედა(გადაადგილების სისწრაფე შეუმოწმა სივრცის მიმართ) და მერე უშფოთველად გადაუჭრა გზა.
ჯერ ხასიათით მიამსგავსა ქმარს. ასეთი ჰყავდა - არასოდეს გამოეპარებოდა მის აღქმას ცოლის განწყობილება. ამის მიხედვით წარმართავდა ინიციატივებისა და მოქმედებების თანამშრომლობას.
ატირდა ქალი - ტრიტონი ცოცხალი იყო...
მერე კაბა შეისწორა და ამჯერად მეორე ფეხით კოჭლობა შეწყვიტა და ნაბიჯსაც აუჩქარა.
მალევე მიატანა სასაფლაოს ანჯამააგლეჯილ კარს რომელიც მეორე ფრთას მიყრდნობოდა და სწორედ მაგის მეოხებით ინარჩუნებდა წონასწორობას. ალუმინის მავთულიც შემოუხვევია ვიღაცას, ყოველგვარი ცუდი შემთხვევითობის ასარიდებლად.
უსიამოვნო ხმა გაისმა ბებერ ბეტონზე ჭიშკრის დაცემისას. სწორედ მაგ დროს, წინა დღით დანაწვიმი ნაძვის ტოტზე შემორჩენილმა წვეთმა მოიკრიბა ძალა მოსაწყვეტად და სასაფლაოს კიბეზე ამოსულ გვიმრას დაეცა, საფეხურებს შორის ირიბად რომ ამოზრდილიყო. გონჯსა და უდღეურს, სიმწრით ნაშოვნი ხავსისა და მტვრისგან ნიადაგის იმიტაცია მოეწყო ფესვების ირგვლივ და ახლა წვეთის მოულოდნელმა და მძიმედ დაცემამ, თავი დაახლევინა იმავე ხავსზე.
დედაბერმა საკუთარი სიკვდილის ნიშნად ინიშნა ეს. სულ ოდნავ გაიმართა წელში და სკამიც ამჯერად ისე წამოიღო, როგორც ამას ნებისმიერი ადამიანი აკეთებს.
ქოშინით აათავა კიბეები და მარცხნივ გაუხვია. თავისი მეზობლის საფლავის ქვას შეხედა ჯერ. ძალიან გაფერმკრთალებულიყო გამოსახულება.
ეამა.
არ უყვარდა ეს კაცი სიცოცხლის ჟამს, მიუხედავად იმისა, რომ შემდგარი ცხოვრება ჰქონდა და თავაზიანობაც რიგიანი.
მერე ქმრის საფლავს მიუახლოვდა და აღმოაჩინა, მხოლოდ აქ იზრდებოდა ბალახი ცოტა.
დაენანა ის ცოტა ბალახი მოსათხრელად - იყავითო, თქვე ვერნებოო - ჩაიჩიფჩიფა და სკამი მესერის შორიახლოს მდგომ ნაძვთან მიდგა.
სანამ ჩაეძინებოდა მოასწრო დანახვა, როგორ შემოჯდა აკაციის ნახევრადმომტვრეულ ტოტზე ჩხართვი, რომელსაც არ ესმოდა დედაბრის სევდა.
ზამთრის დღე იყო და რატომღაც არ ღამდებოდა ადრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები