ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშკინა
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2020


ამაო რბოლა

                                                                                                                          ამაო რბოლა
      „Make my coffee please!“ - გავძახე ცალთვალას, სწრაფად მოვიცვი გლამუსის პენუარი და თითის წვერებით გავირბინე მოხატულ მარმარილოს იატაკზე.  ცალთვალა ბრძანების მიღებისთანავე  აციმციმდა და  გამჭვირვალე სამზარეულო ყავის ღვთაებრივი სუნით აავსო.  სანამ ჩავიცვი „Home Control“-ის ახლმა ინოვაციამ  მანქანა სადგომიდან გამოიყვანა. ოცი  წუთიც არ იყო გასული უკვე  გზაში ვიყავი და  ჩემი სალონიდან კრისტიან დიორის ფრანგული არომატი უხვად იღვრებოდა.
      რა ტექნოლოგიაც არ უნდა დაიხმარო, თბილისში დილით საცობს მაინც ვერ გადაურჩები და ვერც ნერვულ შეტევას აუვლი გვერდს.  ამიტომ სწრაფად ამოვიღე მანქანაში საგულდაგულოდ შენახული ნერვოჰელი, ხელის შეჩვეული მოძრაობით ჩავიყარე პირში, სავარძელს მივეყრდენი და ვეცადე თვალი ამერიდებინა საცობში მდგომი მძღოლების ისტერიული ცქმუტვისთვის.
        სწორედ ამ დროს შევნიშე ჩემს მარცხნივ  პატარა შენობა, რომლის სარკმელთან მოშვებულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი იდგა და ცარიელ ქილებს ღაჟღაჟა ლოყებიან მზარეულს აწვდიდა, რომელიც უფასო სადილით უვსებდა ქილებს  და უკან უბრუნებდა.  სამი კატა კუდაწეული ეკონწიალებოდა ქილებით სავსე ჩანთებს, პატრონი ნაზად ტუქსავდა, მივიდეთ ჯერ სახლშიო, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ეუბნებოდა  სიყვარულით გაჟღენთილი ხმით. კატებიც თითქოს ემორჩილებოდნენ, მაგრამ მაინც კონწიალ-კონწიალით მიყვებოდნენ უკან.
      ალბათ აქვე ახლოს ცხოვრობდა. პატარა სახლში ექნებოდა, დივანი ტელევიზორთან ახლოს. ამდენი დროის მქონეს ალბათ  მსუბუქი რომანების კითხვაც ეყვარებოდა,  ყავას ისიც მოადუღებდა და თავის ოთხფეხა გულწრფელ მეგობრებთან ერთად მხიარულად მიირთმევდა ნაწყალობელ საჭმელს.  შიმშილი ხომ საუკეთესო სანელებელია და მასავით გემრიელად ნამდვილად ვერ შევჭამ მე, დღეისათვის გამოზომილ ავოკადოს და კვერცხს.
      წარმატებულ ქალს მეძახიან, თუმცა ვიგრძენი მთელი გულით რომ შემშურდა ამ  ქალის, რომელსაც თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები მოთუხთუხე საჭმლის სუნმა და ჩამოკონწიალებული კატების სიყვარულმა გაუჩინა. მისი თავისუფლებისაც შემშურდა, მისი უბრალოებისაც. გულწრფელ ღიმილზე შევატყე  ღმერთი მისკენ რომ იყო.
      გაღიზიანებული მძღოლის დაჟინებულმა სიგნალის ხმამ გამომაფხიზლა, ჩემივე ნაფიქრალზე გულიანად გამეცინა, დაიძრა საცობი და მეც ისევ ჩავები  ამ გრძელ და ამაო რბოლაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები